ტონირებული დღის კრემი – მაკიაჟის მსუბუქი და პრაქტიკული ალტერნატივა

Share:

დატენიანება კანის ყოველდღიური მოვლის ნაწილია, რომელიც, წესისამებრ, წინ უძღვის მაკიაჟს. ტონირებული დღის კრემი ორივე ამ ეტაპს აერთიანებს. მოდი, გავიგოთ, რა განსხვავებაა BB, CC, DD და EE კრემებს შორის, რა ფუნქციები აქვს თითოეულ მათგანს და როგორ შევუსაბამოთ ისინი სხვადასხვა ტიპის კანს.

ტონირებული კრემის უპირატესობა

ტონირებული დღის კრემი მრავალფუნქციური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელიც აერთიანებს სახის მოვლისა და მსუბუქი ტონირების ფუნქციებს ანუ უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, ფერის გათანაბრებას, ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას და, საჭიროებისამებრ, დამატებით მოვლას, რაც მას ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალურ პროდუქტად აქცევს.

კრემის ღირსებები

* შეიცავს დამატენიანებელ კომპონენტებს, რითაც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას მთელი დღით.

* ათანაბრებს კანის ფერს, სძენს მას ბუნებრივ, ჯანსაღ იერს.

* უმეტესად შეიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ფაქტორს.

* ხშირად შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს (აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის), ანტიოქსიდანტებსა და ანტიასაკობრივ კომპონენტებს (მოწიფული კანისთვის), სხვა აქტიურ ინგრედიენტებს.

გარდა ამისა:

* აქვს მსუბუქი ტექსტურა – არ ახშობს ფორებს, არ ტოვებს კანზე სიმძიმის შეგრძნებას, ადვილად ნაწილდება.

* სძენს კანს ბუნებრივ იერს – იდეალურია ყოველდღიური მაკიაჟისთვის, ვინაიდან ანიჭებს კანს მსუბუქ ბზინვარებასა და ბუნებრიობას.

* გვაზოგვინებს დროს – ერთ პროდუქტში გაერთიანებულია დამატენიანებელი, ტონალური და მზისგან დამცავი, რაც ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას. განსაკუთრებით მოხერხებულია მოგზაურობისას.

ვის გამოადგება

ტონირებულმა დღის კრემებმა მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც მწარმოებლებმა მათი ასორტიმენტი კიდევ უფრო გააფართოეს და კანის სხვადასხვა ტიპს – ცხიმიანს, მშრალს, მოწიფულს, ნორმალურსა და კომბინირებულს – მოარგეს.

დაფარვის დონე

ტონირებული დღის კრემის დაფარვის დონე მსუბუქიდან საშუალომდე მერყეობს, რადგან გაცილებით ნაკლებ პიგმენტს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ტონალური. მისი მთავარი მიზანი არა სრული დაფარვა, არამედ კანის ფერის გათანაბრება და ბუნებრივი, ჯანმრთელი იერის მინიჭებაა. კრემი კარგად მალავს მსუბუქ სიწითლესა და მცირე დეფექტებს, თუმცა ტონალური კრემივით ვერ ფარავს გამონაყარს, მკვეთრად გამოხატულ პიგმენტურ ლაქებს და ძლიერ შეწითლებულ ადგილებს.

როგორ შევარჩიოთ სასურველი ტონი

დღის კრემები ტონალობათა ფართო პალიტრით არ გამოირჩევა, თუმცა მათი ფორმულა ისეა შედგენილი, რომ კანის ბუნებრივ ფერთან მაქსიმალურად ადაპტირდეს და ბუნებრივი ეფექტი უზრუნველყოს.

ტონის არჩევისას თქვენი კანის ტონითა და ქვეტონით იხელმძღვანელეთ. საუკეთესო შედეგისთვის ცოტაოდენი კრემი ნიკაპის გასწვრივ წაისვით და შეშრობას დაელოდეთ. შესაძლოა, შეშრობის შემდეგ ტონი ოდნავ შეიცვალოს – გაბაცდეს ან გამუქდეს. შეადარეთ ის კანის სხვა უბნებს, მაგალითად, ყელს.

თუ არჩევანში ეჭვი შეგეპარათ, უმჯობესია, ნეიტრალური ტონი შეარჩიოთ. ის ადვილად მოერგება ნებისმიერი ფერის კანს.

თუ შერჩეული ტონი მცირედით განსხვავდება თქვენი ბუნებრივი ფერისგან, შეგიძლიათ მისი კორექტირება:

* თუ მეტისმეტად ბაცია, შეურიეთ ცოტაოდენი ტონალური კრემი სასურველი ფერის მისაღებად.

* თუ მეტისმეტად მუქია, დაამატეთ ცოტაოდენი დამატენიანებელი, რათა სასურველ დონემდე გააბაცოთ.

CC, BB, DD, EE

ტონირებული დღის კრემების მრავალფეროვანი არჩევანი კანის განსხვავებული საჭიროებებისთვის არის შექმნილი. BB და CC კრემებს ბევრი უკვე იცნობს, მაგრამ გაგიგონიათ DD და EE კრემების შესახებ? თითოეული აბრევიატურა კრემის თვისებებსა და დანიშნულებას გამოხატავს და სხვადასხვა ტიპის კანის მოთხოვნებს პასუხობს.  მოდი, გავიგოთ, რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ შევარჩიოთ ჩვენი კანისთვის იდეალური პროდუქტი.

BB კრემი

BB (Blemish Balm ან Beauty Balm) კრემი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე პოპულარული ტონირებული დღის კრემია, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა. ის გერმანელმა დერმატოლოგმა კრისტინე შრამეკმა (Christine Schrammek) შეიმუშავა სამედიცინო პროცედურების შემდეგ გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად, სიწითლის დასაფარავად და მზისგან დასაცავად.

BB კრემი რეკომენდებულია ნორმალური ან ოდნავ მშრალი კანისთვის. ის ატენიანებს კანს, მსუბუქად ათანაბრებს მის ფერს და მალავს მცირე დეფექტებს. არსებობს სპეციალური BB კრემები, რომლებიც ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტების სხვადასხვა კომბინაციას შეიცავს. ამასთან, მათი უმეტესობას  მზისგან დამცავი ფაქტორით არის გამდიდრებული, თუმცა მისი მაჩვენებელი იშვიათად არის 15-ზე მეტი, ამიტომ მზიან დღეებში დამატებითი დაცვა დაგჭირდებათ.

BB კრემი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მსუბუქი დაფარვა და კანის ჯანსაღი ფერი მინიმალური მაკიაჟით. BB კრემის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის ინგრედიენტებს, რათა პროდუქტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თქვენი კანის საჭიროებებს.

CC კრემი

CC (Color Correcting ან Complexion Correcting) კრემი სამხრეთ კორეაში შეიქმნა როგორც BB კრემის გაუმჯობესებული ვერსია. დღეს CC კრემი არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში პოპულარულია და მის წარმოებაში არაერთი დასავლური ბრენდიც აქტიურად არის ჩართული.

CC კრემს  უფრო მსუბუქი ტექსტურა აქვს, ვიდრე BB კრემს და უმთავრესად სახის ფერის გათანაბრებასა და კორექციაზეა ორიენტირებული. მისი მთავარი დანიშნულებაც სწორედ კოსმეტიკური დეფექტების – სიწითლეების, პიგმენტური ლაქების – ოპტიკური დაფარვა და უფერული კანის განათებაა, ამისთვის კი ის, კრემისფერსა და ყავისფერთან ერთად, ხშირად სხვა ფერის პიგმენტებსაც შეიცავს: მწვანეს, რომელიც ოპტიკურად აბალანსებს კანის სიწითლეს, იასამნისფერს – აცოცხლებს დაღლილ და  ფერმკრთალ კანს. CC კრემი შესაძლოა ასევე შეიცავდეს დამატენიანებელ და ასაკსაწინააღმდეგო კომპონენტებს, მზისგან დამცავ ფაქტორს.

თუ გაწუხებთ კანის სიწითლე, პიგმენტური ლაქები ან ფერმკრთალი კანი, CC კრემი იდეალური არჩევანია. ის გაცილებით მსუბუქი და ბუნებრივია, ვიდრე ტონალური კრემი, მაგრამ უკეთ ფარავს დეფექტებს, ვიდრე BB.

DD კრემი

DD (Daily Defense ან Dynamic Do-All) კრემი წარმოადგენს BB და CC კრემების კომბინაციას, რომელიც დამატებით ანტიოქსიდანტიური და დაბერების საწინააღმდეგო (anti-aging) თვისებებითაც გამოირჩევა. ის ატენიანებს კანს, იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ნიღბავს სიწითლესა და პიგმენტურ ლაქებს და ქმნის მსუბუქი მაკიაჟის ეფექტს, იმავდროულად კი მასში შემავალი დამატებითი ინგრედიენტების – ჰიალურონის მჟავას, ანტიოქსიდანტებისა და პოლიფენოლების წყალობით თავიდან გვარიდებს ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც კანის დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

DD კრემი რეკომენდებულია მოწიფული და გამოფიტული კანისთვის, ვინაიდან მისი ფორმულა უფრო მეტად კანის დაცვასა და რეგენერაციაზეა ფოკუსირებული, ვიდრე ფერის გათანაბრებასა და მსუბუქ დაფარვაზე. ის აქტიურად ებრძვის კანის დაბერების პირველ ნიშნებს და ამცირებს ნაოჭებს.

EE კრემი

EE კრემი შედარებით ახალი პროდუქტია, რომელიც აერთიანებს ექსფოლიაციისა (აქერცვლა) და  ბზინვარების (Even Effect) ფუნქციებს. ის განკუთვნილია კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ფერის გასათანაბრებლად და მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.

EE კრემი შესაძლოა შეიცავდეს მსუბუქი პილინგის ეფექტის მქონე ინგრედიენტებს, მაგალითად, AHA ან BHA მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას და კანის განახლებას, მისი ფერის გაუმჯობესებას და პიგმენტური ლაქების შემცირებას, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, დამცავი და მკვებავი ინგრედიენტების ნაზავი კი აძლიერებს კანის ბუნებრივ ბზინვარებას და სძენს მას ჯანმრთელ იერს.

მოკლედ, EE კრემი განკუთვნილია ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც აქვთ არათანაბარი სახის ფერი ან გაცრეცილი, გამომშრალი კანი, რომელიც მოითხოვს რეგულარულ განახლებას და ბუნებრივ ბზინვარებას.

წასმის წესები

ტონირებული დღის კრემის წასასმელად ფუნჯი და ღრუბელი არ არის აუცილებელი. მას მსუბუქი ტექსტურა აქვს და შეგიძლიათ, ის პირდაპირ თითებით გაინაწილოთ სახეზე როგორც ჩვეულებრივი დღის კრემი. თუმცა CC კრემს, რომელიც შედარებით მეტ პიგმენტს შეიცავს, კაბუკის ფუნჯით უფრო თანაბრად გაინაწილებთ კანზე.

კოსმეტიკური სპონჯის გამოყენება არ არის რეკომენდებული – ის დიდი ოდენობით კრემს შთანთქავს და დაფარვის ეფექტს ამცირებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ

* უპირველეს ყოვლისა, კანი კარგად გაიწმინდეთ, ისევე როგორც  ნებისმიერი სხვა კრემის წასმამდე.

* ტონირებული კრემი მსუბუქია, ამიტომ უმჯობესია, თავდაპირველად ცოტა წაისვათ და საჭიროების შემთხვევაში დაამატოთ. ზედმეტი რომ არ მოგივიდეთ, წასმის შემდეგ დაელოდეთ კრემის შეშრობას.

* მიუხედავად იმისა, რომ ტონირებული კრემი ტონალურზე ნაკლებ პიგმენტს შეიცავს, მისი ნაწილაკები ღრმად აღწევს კანში, ამიტომ დღის ბოლოს აუცილებლად კარგად ჩამოიბანეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: