კანიონები – ბუნების საოცარი ქმნილებები

Share:

კანიონები დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული სანახაობაა. ბუნების ეს საოცრებები მილიონობით წლის განმავლობაში იქმნებოდა მდინარეების მიერ კლდეების გამორეცხვის შედეგად.

კანიონი (ესპ. Cañon – ხეობა) მდინარის ღრმა ხეობაა ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც, ჩვეულებრივ, მდინარის კალაპოტს უკავია.

კანიონების მონახულება მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად მიიჩნევა. საქართველოშიც ბევრია სანახავი: მარტვილის, გვალაშარას, შურუბუმუს კანიონები სამეგრელოში, ოკაცეს, ცაშეკრულას კანიონები იმერეთში, დაშბაშის, წალკის, ბირთვისის, სამშვილდის კანიონები ქვემო ქართლში და სხვა.

მოდი, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კანიონების დიდებულებასა და სილამაზეს გადავავლოთ თვალი.

მაშ, ასე, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ:

დიდი კანიონი, აშშ

სიგრძე – 446 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 1857 მ

მდინარე კოლორადოს ხეობა, რომელსაც დიდი კანიონის (ინგლ. Gრანდ ჩანყონ) სახელით ვიცნობთ, მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კანიონია. მდებარეობს კოლორადოს პლატოზე, არიზონაში. მისი სიგანე პლატოს დონეზე 6-დან 29 კმ-მდეა, ხოლო ფსკერის დონეზე – 1 კმ-მდე. მნიშვნელოვანი ეროზიის გამო, რომელსაც ქარი, წყალი და მზე განაპირობებს, კანიონი განუწყვეტლივ ფართოვდება. 1979 წლიდან დიდი კანიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის.

კოლორადოს შენაკად მდინარე ჰავასუსთან მდებარე პატარა სოფელი დღემდე დასახლებულია ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომის აბორიგენებით – ჰავასუპაებით. იქ მოხვედრა და მათთან სტუმრობა ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

გრანდ-კანიონს ყოველწლიურად 5 მილიონზე (!) მეტი ტურისტი სტუმრობს.

ანტილოპას კანიონი, აშშ

ზედა კანიონის სიგრძე – 200 მ; ქვედა კანიონის სიგრძე – 407 მ

მაქსიმალური სიღრმე – 30 მ

მდებარეობს არიზონის ჩრდილოეთით, იუტის საზღვართან, ქალაქ პეიჯის მახლობლად, და რამდენიმე კანიონისგან შემდგარ გრანდიოზულ კომპლექსს წარმოადგენს. ანტილოპას კანიონი ნავახოს მიწაზეა და ინდიელთა საკუთრებაა. ნავახოს ტომის ინდიელები მას “ტსეს” უწოდებენ – “ადგილს, სადაც წყალი კლდეებს ამტვრევს”. ანტილოპადან კოლორადოს გრანდ-კანიონამდე დაახლოებით 240 კილომეტრია.

ანტილოპას კანიონი ორია – ზედა და ქვედა. ტურისტები ქვედა კანიონს ანიჭებენ უპირატესობას. ზაფხული აქ ცხელია: საშუალო ტემპერატურაა 30-35°ჩ, მაქსიმალური – 47°ჩ. ზამთარში ტემპერატურა ზოგჯერ 0°ჩ-მდე ეცემა, ხშირია თოვლი. კანიონის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდები მარტი-აპრილი და ოქტომბერ-ნოემბერია.

ხეობის ფერადი კლდეებიდან არეკლილი მზის სხივები იდეალური სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა, ამიტომ ანტილოპას კანიონში ხშირია ფოტოტურები როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ფოტოგრაფებისთვის. ამ ადგილს ხშირად ფოტოგრაფების მექადაც მოიხსენიებენ.

ბლაიდის კანიონი, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა

სიგრძე – 26 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 800 მ

სამხრეთი აფრიკის ეს მშვენება მსოფლიოს ყველაზე ღრმა კანიონების ათეულში შედის. მეტიც – საპატიო მესამე ადგილს იკავებს გრანდ-კანიონისა და ფიშ-რივერის შემდეგ.

ტურისტები სიამოვნებით სტუმრობენ მდინარე ბლაიდის ხეობას. იქ მათ ფანტასტიკური აფრიკული პეიზაჟები ელოდებათ.

მდინარის ნაპირები ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ანტილოპებთან, ბეჰემოთებსა და ნიანგებთან ერთად იქ სამხრეთ აფრიკაში მობინადრე ყველა სახეობის პრიმატსაც შეხვდებით, სუბტროპიკული მცენარეების სიუხვე კი ბლაიდის კანიონს პლანეტის უდიდეს “მწვანე კანიონად” აქცევს.

ჩარინის კანიონი, ყაზახეთი

სიგრძე – 154 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 200 მ

ხეობა ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ ალმათის აღმოსავლეთით, 195 კმ-ზე, მდინარე ჩარინზე მდებარეობს. მკვიდრი მოსახლეობა მას აშშ-ის დიდი კანიონის უმცროს ძმას უწოდებს.

კანიონი დანალექი ქანებისგან აგებული ბუნების ძეგლია, რომლის ასაკი 12 მილიონი წელია. ის 2004 წელს შექმნილი ჩარინის ეროვნული პარკის ნაწილია.

ტურისტების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს ე.წ. სასახლეების ველი, რომლის სიგრძე 2 კმ-ია, ხოლო სიგანე – 20-დან 80 მეტრამდე. აქაურ კლდეებსა და ქანობებს მრავალსაუკუნოვანი ეროზიის შედეგად უცნაური ფორმები აქვს მიღებული და ციხესიმაგრეებსა და კოშკებს მოგაგონებთ.

ჩარინის კანიონს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. დაახლოებით საუკუნის წინ აქ წითელი მგლების პოპულაცია ბინადრობდა. ნადირობისას ისინი მზაკვრულ ხერხს მიმართავდნენ – მსხვერპლს კლდის პირას მიმწყვდევდნენ ხოლმე და იქიდან აგდებდნენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, კანიონში ადამიანების გაუჩინარება სწორედ წითელი მგლების მოხეტიალე სულების დამსახურებაა.

კანიონში პოპულარული ამერიკული ისტორიული სერიალის “მარკო პოლოს” უამრავი ეპიზოდია გადაღებული.

კოლკას კანიონი, პერუ

სიგრძე – 90 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 3000-4000 კმ

კოლკას კანიონი პერუს ანდებში მდებარეობს. მისი სახელი “მარცვლეულის ბეღელს” ნიშნავს – ძველად ამ ტერიტორიაზე ინკებს ნათესები ჰქონდათ, რასაც დღემდე არსებული ტერასები მოწმობს.

კანიონი ორი ვულკანის, საბანკაიასა და ვალკას, აქტივობის შედეგად ჩამოყალიბდა.

მეოცე საუკუნის 80-იან წლებამდე კოლკას კანიონს თითქმის არ იცნობდნენ. ხეობაში მოსახვედრად უზარმაზარი უღელტეხილი უნდა გადაგევლო, რომლის პიკიც ზღვის დონიდან 4900 მეტრზეა. იქ ვერც ვერტმფრენით მოხვდებოდი და ვერც ავტომობილით. 1983 წელს ჟურნალმა “National Geografic-მა” კანიონის შესასწავლად საგანგებო ექსპედიცია მოაწყო, რის შემდეგაც ეს არაჩვეულებრივი ადგილი მსოფლიოს ტურისტულმა ინდუსტრიამ ხელახლა აღმოაჩინა.

დღეს ხეობა არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ რაფტერებსა და მთებში ველოსიპედით სეირნობის მოყვარულებსაც იზიდავს.

კოლკას კანიონში კონდორებზე დაკვირვებაც შეიძლება. ანდური კონდორი უდიდეს მტაცებელ ფრინველად მიიჩნევა. მისი სხეულის სიგრძე 115 სმ-ს აღწევს, ხოლო ფრთების შლილი – 275 სმ-ს. ფრინველს 7 კილომეტრ სიმაღლეზე შეუძლია ფრენა, ამიტომ თუ განსაკუთრებით იღბლიანთა რიცხვს არ ეკუთვნით, გადამფრენი კონდორების დასანახავად დიდი ხნის ლოდინი დაგჭირდებათ.

სპილენძის კანიონი, მექსიკა

სიგრძე – 655 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 1879 მ

სპილენძის კანიონი ექვსი ხეობის ერთობლიობას წარმოადგენს და დაახლოებით 30 მილიონი წლისაა. ის მექსიკაში, ამავე სახელწოდების ეროვნულ პარკში მდებარეობს. კანიონს ეს სახელი ესპანელებმა დაარქვეს, რომლებმაც მოწითალო-მომწვანო კლდეები სპილენძის საბადოდ მიიჩნიეს.

ახ. წ. 250-900 წლებში ეს ტერიტორია მაიას ტომებით იყო დასახლებული. იმდროინდელი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების კვალი დღემდეა შემორჩენილი.

ხეობათა კომპლექსი უნიკალურ ეკოსისტემას წარმოადგენს. იქ მრავალი იშვიათი ცხოველი და 290-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს.

გარდა სტანდარტულისა, დიდი პოპულარობით სარგებლობს სპილენძის კანიონში ველო– და ავტოტურები, ცხენებით გასეირნება, კრისტალურად სუფთა წყალში ცურვა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია სარკინიგზო მარშრუტი ელ-ჩეპე, რომელიც ზღვის დონიდან იწყება და 2500 მეტრ სიმაღლეზე ადის. ამ დაუვიწყარი მოგზაურობის განმავლობაში მატარებელი 39 ხიდსა და 86 გვირაბს გაივლის!

თუ გენდომებათ, კანიონში კარვის გაშლისა და ღამის გათენების უფლებასაც მოგცემენ.

მატკას კანიონი, მაკედონია

სიგრძე – 6 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 35 მ

1938 წელს მაკედონელებმა მდინარე ტრესკზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გადაწყვიტეს. ასე წარმოიქმნა ხელოვნური წყალსაცავი – მატკა. სახელწოდება შემდგომში მთელ კანიონზე გავრცელდა. “მატკა” ალბანურად საშვილოსნოს ნიშნავს.

კანიონი ცენტრალური სკოპიეს დასავლეთით, ჩრდილოეთ მაკედონიაში მდებარეობს და 5000 ჰექტარს მოიცავს. ამ ტერიტორიაზე შუა საუკუნეების რამდენიმე მონასტერი, ათი გამოქვაბული და ტბა მატკა მდებარეობს, რომელიც ქვეყნის უძველესი ხელოვნური ტბაა. მატკას კანიონი ყველაზე პოპულარული  ტურისტული მიმართულებაა ჩრდილოეთ მაკედონიაში.

მდინარე ტრესკას მრავალი მილიონი წლის ეროზიული ზემოქმედების შედეგად წარმოიშვა სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით უხვად მორთული გეოლოგიური საოცრება – წყალქვეშა გამოქვაბული ვრელო. სპელეოლოგები მას ერთ-ერთ ყველაზე ღრმა წყალქვეშა გამოქვაბულად მიიჩნევენ. ეს წყალქვეშა საუნჯე პირველად დაივერმა კირო ანგელესკიმ მოინახულა. “მე სხვა სამყაროში მოვხვდი! ეს დაუვიწყარი იყო, – თქვა მან და დასძინა: – აქ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, შეცდომის უფლება არ გაქვს”.

იტალიელმა დაივერმა ლუიჯი კასატიმ კი ვრელოში ახალი რეკორდი დაამყარა – მან 212 მეტრ სიღრმეზე ჩაყვინთა.

აქვე, საბერძნეთის საზღვართან, ტექტონიკური წარმოშობის ტბა დოირანია, რომელშიც 16 სახეობის თევზი ბინადრობს.

კანიონში პეპლების 77 ენდემურ სახეობასაც შეხვდებით.

იარლუნგ ცანგპოს კანიონი, ტიბეტი

სიგრძე – 505 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 6009 მ

ჰიმალაის მაღლობზე დედამიწის ყველაზე ღრმა კანიონი მდებარეობს. ის ბუნების ნამდვილი სასწაულია. იარლინგ ცანპოს ხეობის მაქსიმალური სიღრმე 6 კილომეტრზე მეტია, რის გამოც მას “კანიონების ევერესტად” მოიხსენიებენ. მდინარე ცანგპო მის ფსკერზე პატარა ნაკადულს ჰგავს.

კანიონის ეკოსისტემა უნიკალურია. ხეობის ძნელად მისადგომ ადგილებში ფლორა და ფაუნა პირვანდელი სახითაა შემონახული. 2023 წელს მკვლევართა ჯგუფმა იქ უნიკალურ კვიპაროსს მიაგნო. რეკორდსმენი ხე 102 მეტრი სიმაღლისაა და დღეს აზიაში ყველაზე მაღალ მცენარედ არის მიჩნეული.

რთული გეოგრაფიული პირობების გამო იარლუნგ ცანგპოს კანიონი სხვა ხეობებზე ნაკლებად იყო შესწავლილი. თანამედროვე ტექნოლოგიები (დრონი, ლაზერული სკანირება, სატელიტური ფოტოგრაფია) მისი უფრო დეტალური შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. ექსპედიცია იქ ძალზე იშვიათია.

წყალუხვი ცანგპო დიდი პოპულარობით სარგებლობს რაფტერებსა და ექსტრემალური წყალჯომარდობის მოყვარულებს შორის.

ტურისთვის საუკეთესო პერიოდებად აპრილი-მაისი და სექტემბერი-ოქტომბერი ითვლება.

იჰლარის კანიონი, თურქეთი

სიგრძე – 15 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 100-150 მ

ვულკანური წარმოშობის კანიონი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, კაპადოკიაში მდებარეობს. ის ქალაქ იჰლარასთან იწყება და ქალაქ სელიმესთან მთავრდება. ხეობაში ორმოცდაათამდე კლდეში ნაკვეთი ქრისტიანული ეკლესიაა.

იჰლარის ჩრდილოეთით 400-საფეხურიანი კიბეა, რომელიც 100 მეტრ სიღრმეზე ეშვება კანიონში.

ბიზანტიურ პერიოდში იჰლარის კანიონი ქრისტიანებისთვის იდეალურ ბუნებრივ თავშესაფარს წარმოადგენდა, რადგან ტუფის რბილი ვულკანური ქანი საკულტო დანიშნულების სათავსების პირდაპირ კლდეში ამოკვეთის შესაძლებლობას იძლეოდა. ასე შეიქმნა ნამდვილი სასულიერო ცენტრი. დღეს ის დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლია და უნიკალურ მასალას წარმოადგენს რელიგიის ისტორიის შემსწავლელთათვის.

კალი განდაკი, ნეპალი

სიგრძე – 630 კმ

მაქსიმალური სიღრმე – 6010 მ

განდაკის ხეობა მეორე ადგილს იკავებს დედამიწის ყველაზე ღრმა კანიონების ჩამონათვალში. განდაკი (კალი განდაკი) ნეპალის უდიდესი მდინარეა. ის სათავეს ტიბეტის საზღვართან, ზღვის დონიდან 6268 მეტრზე, მუსტანგის რეგიონში იღებს, იმავდროულად, განგის მარცხენა შენაკადს წარმოადგენს და უზარმაზარი ჰიდროელექტრული პოტენციალით გამოირჩევა.

ძველად განდაკის ხეობაზე გადიოდა ტიბეტისა და ინდოეთის დამაკავშირებელი სავაჭრო გზა. დღეს ის  ტიბეტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

“კალი განდაკი” “შავ მდინარეს” ნიშნავს. ქვიშის სიჭარბის გამო წყალი მართლაც მუქია. სხვა ვერსიით, მდინარის სახელი ინდუისტური პანთეონის ქალღმერთ კალისგან მომდინარეოს.

განდაკის ხეობის ზუსტი სიღრმე უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის, სულ მცირე, 6 კილომეტრს აღწევს.

ამ საოცარ ადგილებში მოხვედრისას მეყსეულად აცნობიერებ საკუთარ უსუსურობას ბუნების სიდიადის წინაშე და კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ სწორედ ეს ძალა მართავს ადამიანს და არა პირიქით.

ირაკლი კარტოზია

Share: