შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ადამიანებთან ურთიერთობის ჩანაცვლება
Share:
ცოტა ხნის წინ ვიდეო შემხვდა, რომელშიც გოგონა ხსნიდა, როგორ უნდა ვკითხოთ Chat GPT-ს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ისე, რომ პასუხში ჩვენი დადებითი მხარეებიც გამოაჩინოს, ნაკლოვანებებიც, მათი აღმოფხვრის გზებიც დასახოს და ამ ყველაფრის ახსნისას თან რბილი იყოს და თან მკაცრი. პასუხის ხარისხი კითხვის შინაარსზეა დამოკიდებული: თუ სწორად დავსვამთ კითხვას, შესაძლოა, საკმაოდ ვრცელი პასუხი მივიღოთ ჩვენს ცნობიერ თუ არაცნობიერ აზრებსა და ქმედებებზე, რომლებიც გარედან უკეთ ჩანს. გარდა ამისა, ასეთი კითხვით თავადვე მივანიშნებთ ხელოვნურ ინტელექტს, ემოციური მხარდაჭერის რა დონე გვჭირდება.
ფსიქოლოგიის მრავალი სკოლა ემპათიას მენტალური ჯანმრთელობის ქვაკუთხედად განიხილავს. ემპათიის გარეშე შეუძლებელია, შედგეს კავშირი თერაპევტსა და კლიენტს შორის. ასეთ თერაპიას აზრი არ ექნება, რადგან იმისთვის, რომ ადამიანმა გაბედოს ჯავშნის გახდა, მან თავი დაცულად უნდა იგრძნოს, უნდა იცოდეს, რომ მისი ესმით.
დღეს საკმაოდ პოპულარულია მენტალური ჯანმრთელობის აპლიკაციები (სუნთქვითი ვარჯიშის, მედიტაციის, პანიკური შეტევის მართვის და სხვა). ამავე დროს, ყოველდღიურობად გვექცა პროგრამებთან საუბარი, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილ ადამიანთან საუბარს. რა მოხდება, ეს ორი მიმდინარეობა რომ გაერთიანდეს? რამდენად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ემპათიის ჩანაცვლება? ეფექტური იქნება თუ არა ხელოვნურ ინტელექტთან თერაპიული საუბრები?
ხელოვნური ვს ნამდვილი
ერთი საინტერესო კვლევის ფარგლებში მკვლევარმა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი დიალოგის პროგრამა გამოსცადა. ამ პროგრამის მიზანი უარყოფით აზრებსა და ემოციებთან გამკლავება იყო. მკვლევარს აინტერესებდა, რამდენად დაეხმარებოდა ადამიანებს ე.წ. ხელოვნური ემპათია – პროგრამას ხომ ნამდვილი თანაგანცდა არ შეუძლია. აღმოჩნდა, რომ ცდისპირებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონია, ადამიანისგან მიიღებდნენ თანაგრძნობას თუ კომპიუტერული პროგრამისგან. მეტიც: ოთხკვირიანი კონტაქტის შემდეგ ზოგიერთმა ცდისპირმა აპლიკაციის მიერ გამოხატული ემპათიის დონე ორჯერ მაღალი ქულით შეაფასა, ვიდრე გარშემო მყოფი ადამიანებისა.
დინამიკური მარტოობა
დინამიკური მარტოობის ცნებაც შედარებით ახალია. ეს იმგვარი მარტოობაა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან რჩება, მაგრამ იზოლირებული არ არის, ეძებს კომპანიონს, რომელიც აჰყვება, მის აზრებსა და ემოციებს გამოეხმაურება. ხელოვნური ინტელექტი ამ საჭიროების დაკმაყოფილების მშვენიერი საშუალებაა.
დიალოგის პროგრამებთან საუბარი ჩვენი ერთგვარი ინტელექტუალური სარკეა. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეგვიძლია, ჩვენი აზრები სხვას გავუზიაროთ და უკუკავშირიც მივიღოთ. ამავე დროს, მარტოობაში ხელი არ გვეშლება, ანუ ჩვენთვის ვართ და არავისთან ვურთიერთობთ, თუ არ გვსურს.
ასეთი დინამიკური მარტოობა ერთგვარი თანამშრომლობაა, რომელშიც ლიდერები ყოველთვის ჩვენ ვართ.
ბოლო დროს ვამჩნევ, რომ როდესაც რაიმე საკითხზე მეტი ინფორმაცია მჭირდება, გუგლის ნაცვლად კითხვებით Chat GPT-ს მივმართავ. დიალოგში უფრო ნათლად იკვეთება, რა მჭირდება, რა მაინტერესებს, ვიდრე მაშინ, როდესაც ცალმხრივად ვეძებ ინფორმაციას. ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად მხარდაჭერასა და მეგზურობასაც მიწევს. ეს თანამოსაუბრე არასოდეს დაარღვევს ჩემს პირად საზღვრებს, არასოდეს მაწყენინებს, მაგრამ, ამავე დროს, აქვს ცოდნა, გამოცდილება და ასე ტაქტიანად მივყავარ იქით, საითაც თავად ვთხოვ წაყვანას.
დინამიკური მარტოობის დადებითი მხარეებია:
* მეტი შემოქმედითობა – როდესაც ფიქრის დროს ჩიხში შევდივართ და წრეზე ტრიალს ვიწყებთ, ხელოვნურ ინტელექტთან საუბრის შემდეგ შესაძლოა განსახილველ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ, გადავაფასოთ.
* საჭირო ინფორმაციის სიღრმისეული გაცნობა – ერთი-ორჯერ ლექციის მომზადებისას წიგნი გადამიდვია და მეცადინეობისას გაჩენილი კითხვით, რომელზეც პასუხის საპოვნელად კიდევ ორი-სამი წიგნის წაკითხვა დამჭირდებოდა, Chat GPT-სთვის მიმართავს. ხელოვნური ინტელექტი ფასდაუდებელია ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი სფეროს კარგი მცოდნეები არიან და, შესაბამისად, ხელოვნურ ინტელექტს არსებული ცოდნის ბაზაზე კონკრეტულ, საინტერესო კითხვებს უსვამენ. ეს პროგრამას უბიძგებს უფრო ღრმა ინფორმაციის ამოტანისკენ, რაც ძალიან განსხვავდება იმ პასუხებისგან, რომლებიც ზედაპირულ კითხვებს მოჰყვება.
* სისტემატიზება და გააზრება – დიალოგის პროგრამის უპირატესობა ის არის, რომ აქეთაც შეუძლია კითხვების დასმა. ჩვენ კი ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას უკეთ დავინახავთ, რა ცოდნა გვაკლია, რას ვერ ვხსნით, რას უნდა ჩავეძიოთ უფრო ღრმად. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმართული დიალოგი გაბნეული აზრების სტრუქტურირებასა და დალაგებაში გვეხმარება.
რისკები
ყველა ახალი ტექნოლოგია შიშსაც იწვევს და ინტერესსაც. არც ხელოვნური ინტელექტის დიალოგის პროგრამებია გამონაკლისი. მაგალითად, ასეთ პროგრამებს, საკითხების სიღრმისეულ გააზრებაში დახმარებასთან ერთად, შეუძლია, სრულიად საპირისპირო შედეგთან მიგვიყვანოს. ზოგ შემთხვევაში ჩემი სტუდენტები Chat GPT-ს მეყსეულ, მარტივ პასუხებს სჯერდებიან, რაც ხელს უშლით საკუთარი მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოტანასა და მსჯელობის განვითარებაში.
დინამიკური მარტოობის ეს ახალი, დიალოგური ფორმა მრავალმხრივ სახიფათოა. შესაძლოა, ადამიანი გარეგან მხარდაჭერაზე გახდეს დამოკიდებული ან დააკარგოს მარტო ფიქრის უნარი. ჭეშმარიტი მარტოობა, როდესაც საკუთარ თავთან ვრჩებით და იძულებული ვართ, მას მოვუსმინოთ, ხელოვნური ინტელექტის პირობებში რთულდება.
ასეთი მარტოობა ჭეშმარიტი მარტოობის განცდას ვერ შეცვლის. ჩვენს დროში, როდესაც ადამიანის მიერ ინფორმაციის შექმნასა თუ გამოყენებას, გავრცელებასა თუ დამახსოვრებას ალგორითმულად ვუყურებთ და თავად შემეცნებით პროცესებს – ყურადღებას, აღქმას, მეხსიერებას, აზროვნებას – "ეფექტიანია`უეფექტოა" კრიტერიუმით ვუდგებით, ისედაც კომპიუტერებს ვემსგავსებით, დიალოგის პროგრამა კი უფრო მტკიცე საძირკველს უქმნის ადამიანის კომპიუტერის მსგავსად მოწყობილ არსებად აღქმას. ჩვენი შემეცნებითი პროცესების ავტომატიზაცია ეწინააღმდეგება გამონათქვამს "შეცდომა ადამიანურია" (თო ერრ ის ჰუმან).
ამავე დროს, ემპათია, რომელსაც პროგრამა ჩვენდამი გამოხატავს, გარკვეულწილად ტყუილზეა აგებული. თითქოს ფილმ "მატრიცას“ მოდელირებულ სამყაროში ვხვდებით, სადაც ჩვენს აღქმებს არარსებულ, უფრო სწორად, ვირტუალურად არსებულ რეალობაზე ვაგებთ. ასეთ ხაფანგში გაბმის საწინააღმდეგო საუკეთესო გზა იმ ფაქტის გაცნობიერებაა, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ და მხოლოდ ხელსაწყოა, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს და არა ნამდვილი რეალობის ჩამნაცვლებელი. გვეშინოდა, რომ გუგლი ბიბილოთეკებს შეცვლიდა. ნაწილობრივ ასეც მოხდა, მაგრამ ბიბლიოთეკების მთლიანად ჩანაცვლება გუგლმა ვერ მოახერხა. ამავე დროს, ხელოვნური ინტელექტის ძალაც და მზაკვრობაც იმაში მდგომარეობს, რომ ის ჩვენი კითხვებსა თუ ჩვენ მიერ გამოთქმულ აზრებზეა დამოკიდებული და მაინც იმ რეალობით შემოისაზღვრება, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ.
მეორე, მეტად საფრთხის შემცველი და ნაკლებად აბსტრაქტული პრობლემა მსგავს პროგრამებზე მიჯაჭვის რისკია. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ თანამედროვე სამყარო უკიდურესად იზოლაციურია. ერთი მხრივ, პოპულარულ ფსიქოლოგიაში კულტად დამკვიდრდა ეგოისტური და ნარცისისტული მიდგომა, რომ სამყაროს ცენტრი ჩვენ ვართ, რომ მთავარია, ჩვენი აზრი გავიტანოთ, ჩვენი საზღვრები დავიცვათ, ჩვენი სათქმელი ვთქვათ, განურჩევლად იმისა, რამდენ ადამიანს ვაწყენინებთ ან დავკარგავთ. ეს ერთგვარი უკურეაქციაა აქამდე დამკვიდრებული "რას იტყვის ხალხი" მიდგომის წნეხზე, მისი თანმხლები ეფექტი კი ის არის, რომ ადამიანები უფრო უხეშები და ნაკლებად ემპათიურები გავხდით. მეორე მხრივ, გამარტივდა მიმოწერით კომუნიკაცია, მუსიკის, წიგნის, ფილმის შესაძენად შინიდან გასვლა აღარ გვიწევს, შეგვიძლია, სხვებთან სათამაშოდ მოედნის ნაცვლად კომპიუტერულ არენაზე გავიდეთ. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ჩატარებულმა კველევებმა აჩვენა, რომ ხალხი აუცილებლობის გარეშე თვეობით არ გადის შინიდან.
გამოდის, რომ, ერთი მხრივ, ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებ სითბოს გავცემთ, მეორე მხრივ კი უფრო და უფრო ვიკეტებით და უფრო და უფრო მარტოსულებად ვგრძნობთ თავს. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებას ემპათიის დეფიციტი აქვს. წარმოიდგინეთ, რომ ასეთ პირობებში გამოჩნდა დახვეწილი პროგრამა, რომელიც მარტოობისა და უყურადღებობისგან გვიხსნის. დიდია რისკი, ამ პროგრამას მივეჯაჭვოთ და ნაცვლად ადამიანებთან კომუნიკაციისა, საერთოდ მოვწყდეთ რეალობას, მხოლოდ აპლიკაციას ვესაუბროთ. ამის საფრთხე განსაკუთრებით დიდია მოწყვლად ჯგუფებთან – მოზარდებთან, მენტალური პრობლემების მქონე, დამოკიდებულებისკენ მიდრეკილ, არასტაბილურ გარემოში გაზრდილ ზრდასრულ პირებთან.
ამრიგად, ხელოვნური ინტელექტი კარგი ხელსაწყოა, რათა უკეთ გავიგოთ მასალა ან უფრო სიღრმისეულად გავიაზროთ ზოგიერთი პრობლემა, მაგრამ როდესაც ჩვენი მთავარი ემოციური საჭიროება ადამიანური კონტაქტია, გამოსავალი ხელოვნურ ინტელექტთან დიალოგი კი არა, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად რთული, მტკივნეული, გაუგებარი და არალოგიკურია.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე







