ხოხვის ფარული ძალა: რით უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას ადრეული მოძრაობა

Share:

მშობლები მოუთმენლად ელიან შვილის პირველ ნაბიჯებს, მაგრამ რა ხდება მანამდე? ხოხვა ხშირად განიხილება როგორც უბრალოდ სიარულის წინმსწრები ფაზა, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ტვინის ჩამოყალიბებისა და დასწავლის უნარის განვითარებისთვის.

ხოხვის დროს პატარა მხოლოდ გარემოს არ იკვლევს – ამ დროს მის განვითარებად ტვინში მყარდება მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც მომავალში კითხვაში, წერაში, კოორდინაციასა და პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. ყოველი უმცირესი მოძრაობა, სათამაშომდე მიღწევით დაწყებული, მუხლებსა და ხელებზე წონასწორობის დაცვით დამთავრებული, აძლიერებს მის ტვინსა და სხეულს.

რა ხდება, როცა ბავშვი საერთოდ ტოვებს ხოხვის ფაზას და პირდაპირ ნაბიჯებზე გადადის? რით შეუძლიათ მშობლებს, შეუწყონ ხელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დადგომას ბავშვის ცხოვრებაში? ამ სტატიაში გავაანალიზებთ ხოხვის ფარულ სარგებელს, განვიხილავთ უახლესი კვლევების შედეგებს და გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც თქვენს პატარას განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მაქსიმალური სარგებლობის მიღებაში დაეხმარება.

რითია ხოხვა ასეთი მნიშვნელოვანი

ხოხვა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. აი, რა სარგებლობა მოაქვს ამ პროცესს პატარებისთვის:

* აძლიერებს ტვინის კავშირებს

ხოხვის დროს ბავშვები ხელებისა და ფეხების კოორდინაციით ინარჩუნებენ წონასწორობას. ეს მოძრაობა ააქტიურებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს და აძლიერებს კორძიან სხეულს – ნერვული ბოჭკოების წყებას, რომელიც მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. კარგად განვითარებული კორძიანი სხეული უზრუნველყოფს კითხვის, წერის, პრობლემების გადაჭრის უნარების და, საზოგადოდ, ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

* ავითარებს კოორდინაციასა და წონასწორობას

როდესაც პატარა ხოხავს, ის სწავლობს სხეულის წონის გადანაწილებას, ბალანსირებას, კოორდინირებას. სწორედ ეს უნარები ეხმარება მას მომავალში სიარულში, სირბილში და წერაშიც კი. ბავშვებს, რომლებიც ხოხვის ფაზას ტოვებენ, ხშირად უჭირთ ისეთი აქტივობების შესრულება, როგორიცაა, მაგალითად, გადმოგდებული ბურთის დაჭერა ან ველოსიპედით სიარული, რადგან ორივე კოორდინაციასა და წონასწორობას მოითხოვს. ბავშვებს, რომლებიც ხოხავდნენ, მსგავსი აქტივობები გაცილებით ეადვილებათ.

* ხელს უწყობს მხედველობის განვითარებას

ხოხვა ბავშვს ბინოკულარული მხედველობის განვითარებაშიც ეხმარება, რაც იმას გულისხმობს, რომ ბავშვი სწავლობს საგნებზე ფოკუსირებისთვის ორივე თვალის ერთდროულად გამოყენებას. ხოხვისას პატარა ჯერ საკუთარ ხელებს უყურებს, გეგმავს, საით წავიდეს, მერე იმ ადგილისკენ იყურება, სადამდეც სურს მიხოხება, მერე კოორდინაციისთვის ისევ საკუთარ ხელებს უყურებს. ეს მოქმედებები აუმჯობესებს თვალების კოორდინაციას, რაც შემდგომ საჭირო იქნება სპორტული აქტივობების დროს დისტანციის განსაზღვრისთვის, კითხვის დროს სტრიქონებისთვის თვალის გასაყოლებლად და სხვა.

* ხელს უწყობს დამოუკიდებლობას და პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავებას

ხოხვისას პატარა თავად წყვეტს, საით წავიდეს, როგორ აუაროს გვერდი დაბრკოლებებს, რომელი გზით ჯობს დასახულ მიზნამდე მისვლა. პრობლემების გადაჭრის ეს ადრეული გამოცდილება საფუძველს უყრის კრიტიკულ აზროვნებას და დამოუკიდებლობას ზრდის პროცესში.

რაზე მიუთითებს კვლევები

ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ხოხვას ბავშვისთვის გრძელვადიანი სარგებელი მაოქვს:

* 2023 წელს ჩვილის ტვინის განვითარების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც აქტიურად ხოხავდნენ, დასწავლის პროცესში უფრო ძლიერ ნეირონულ კავშირებს ამყარებდნენ, ვიდრე ბავშვები, რომლებმაც ხოხვის ეტაპი გამოტოვეს.

* ადრეული მოტორული უნარების კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც აქტიურად ხოხავდნენ, სამი წლის ასაკში კოგნიტიური უნარების შესაფასებელ ტესტებში გაცილებით უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ, ვიდრე ბავშვები, რომლებმაც ხოხვის ეტაპი გამოტოვეს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი არ ხოხავს

ყველა ბავშვი ოთხზე არ ხოხავს; ზოგი დამჯდარი გადაადგილდება, ზოგი – ტრიალით, არის შემთხვევები, როცა პატარა ზურგზე წვება და ასე მიცოცავს ან პირდაპირ დგება და სიარულს იწყებს. ეს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ მოდი, ვნახოთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ხოხვის ეტაპის გამოტოვებამ:

  • ბავშვს შედარებით გვიან უვითარდება ტორსის კუნთები;
  • აქვს სხეულისა და თვალების შედარებით სუსტი კოორდინაცია, რაც გავლენას ახდენს როგორც კითხვის უნარის ჩამოყალიბებაზე, ისე ფიზიკურ აქტივობებზეც;
  • სუსტად აქვს განვითარებული წონასწორობის უნარი, რაც ართულებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ბალანსსა და კოორდინაციას მოითხოვს.

ამიტომ, თუ ბავშვმა ხოხვის ეტაპი გამოტოვა, კარგი იქნება, ისეთ აქტივობებში შეუწყოთ ხელი, რომლებიც ხოხვის მსგავს უნარებს ავითარებს:

  • ითამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც ხოხვას მოითხოვს. თამაშის ელემენტები უნდა იყოს დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა, მაგიდის ან თოკის ქვეშ გაძვრომა, ზურგზე გადატრიალება.
  • ეცადეთ, ბავშვმა გარკვეული დრო გაატაროს მუცელზე მწოლიარემ. ტორსის კუნთების განვითარება მას იმ უნარების კომპენსირებაში დაეხმარება, რომლებიც ხოხვისას ვითარდება.
  • შესთავაზეთ წონასწორობის განსავითარებელი სათამაშოები, მაგალითად, პიკლერის სამკუთხედი, ბალანს-დაფა.

იმისთვის, რომ პატარამ ხოხვა დაიწყოს და მერე ადვილად გაიაროს, დღეში რამდენიმე წუთით დააწვინეთ მუცელზე. მუცელზე წოლა ავითარებს კისრის, მხრის, ხელის, ზურგის კუნთებს და პატარას ხოხვისთვის ამზადებს. დაიწყეთ დაბადებიდანვე და ხანგრძლივობა ეტაპობრივად გაზარდეთ.

არ ააჩქაროთ ბავშვი, არ დააძალოთ ფეხის ადგმა. არ გეგონოთ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს სიარულს, მით უკეთესად განუვითარდება კუნთები და კოორდინაციის უნარი. გახსოვდეთ, ხოხვაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია. მიეცით ბავშვს საშუალება, თავისუფლად განვითარდეს.

ლიკა ქათამაძე

Share: