ჰორმონული ბალანსი

Share:

ჰორმონები ბუნებრივი ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ენდოკრინულ სისტემაში შემავალ ორგანოებსა და ქსოვილებში წარმოიქმნება, სისხლში ხვდება და სამიზნე ორგანოებსა და ორაგნოთა სისტემებზე ზემოქმედებს. ჰორმონებს ნელი მოქმედება ახასიათებს, თუმცა სხეულში მიმდინარე უამრავ მნიშვნელოვან პროცესზე ახდენს გავლენას. მათ მცირე რაოდენობასაც კი სერიოზული ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. ჰორმონების დონის მატებაც და კლებაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლში მათი შემცველობა ნორმალური იყოს და ერთმანეთს აბალანსებდეს.

ჰორმონები ენდოკრინულ ჯირკვლებში წარმოიქმნება. ეს ნივთიერებები უდიდეს გავლენას ახდენს:

  • ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე;
  • მეტაბოლიზმზე, ნივთიერებათა ცვლაზე – საჭმლის მონელებაზე, სხეულიდან მავნე ნარჩენების გამოდევნაზე, სუნთქვაზე, სისხლის მიმოქცევასა თუ სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაზე;
  • სქესობრივ ფუნქციაზე;
  • რეპროდუქციულ ფუნქციაზე;
  • გუნება-განწყობაზე.

ორგანიზმის საჭიროებებიდან გამომდინარე, ენდოკრინული სისტემა თვითონვე არეგულირებს თითოეული ჰორმონის წარმოქმნასა და სისხლში გამოთავისუფლებას.

რა ევალება

ჰორმონების გამომუშავებას არეგულირებს ჰიპოთალამუსი – თავის ტვინის ქვედა ცენტრალურ ნაწილში მდებარე მცირე ზომის სტრუქტურა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს. ჰიპოთალამუსი აგროვებს ინფორმაციას გარემოდან (მაგალითად, ტემპერატურის, სინათლისა და გრძნობის ორგანოებით აღსაქმელი სხვა მახასიათებლების შესახებ) და მას ჰიპოფიზში გზავნის. მიღებული მონაცემების საფუძველზე ჰიპოფიზი წარმოქმნის ჰორმონებს და აკონტროლებს სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას. თავისი ფუნქციის გამო ეს ორგანო ჯირკვალთა ჯირკვლად მიიჩნევა.

ჰიპოფიზში გამომუშავდება:

* ზრდის ჰორმონი (GH) – ასტიმულირებს ძვლებისა და სხვა ქსოვილების ზრდას, მონაწილეობს მეტაბოლიზმში;

* პროლაქტინი (PRL) – უზრუნველყოფს რძის წარმოქმნას ძუძუთი კვების პერიოდში;

* თირეოტროპინი (TSH) – ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყოფას;

* კორტიკოტროპინი (ACTH) – არეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების წარმოებას;

* ანტიდიურეზული ჰორმონი (ADH) – არეგულირებს სხეულში წყლის ბალანსს;

* ოქსიტოცინი – აძლიერებს საშვილოსნოს შეკუმშვას მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგ, აღდგენის პერიოდში;

* ენდორფინები, ე.წ. "ბედნიერების ჰორმონები" –ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და გავლენას ახდენს განწყობაზე.

ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ქვედა ნაწილში მდებარეობს და პეპლის ფორმა აქვს. ის წარმოქმნის ჰორმონებს თიროქსინსა (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც არეგულირებს უჯრედებში ენერგიის გამომუშავების სიჩქარეს, მეტაბოლიზმს და ზრდას.

პარათირეოიდული ჯირკვლები ფარისებრ ჯირკვალზე მიმაგრებული ოთხი პაწაწინა ჯირკვალია, რომლებიც გამოყოფს პარათირეოიდულ ჰორმონს (PTH). ეს უკანასკნელი არეგულირებს სისხლში კალციუმისა და ფოსფორის დონეს, რითაც ძვლების სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

თირკმელზედა ჯირკვალი ორია, თითოეული მათგანი თითო თირკმლის თავზე მდებარეობს და ორი ნაწილისგან შედგება:

* ქერქოვანი შრე – წარმოქმნის კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც არეგულირებს მარილისა და წყლის ბალანსს, მეტაბოლიზმს, იმუნურ პროცესებს და სტრესზე რეაქციას;

* ტვინოვანი შრე – გამოყოფს ადრენალინს (ეპინეფრინს) და ნორადრენალინს, რომლებიც სტრესის დროს აჩქარებს გულისცემას და მაღლა სწევს არტერიულ წნევას.

ეპიფიზი (ჯალღუზისებრი სხეული) თავის ტვინის შუა ნაწილში მდებარეობს და გამოყოფს მელატონინს, რომელიც არეგულირებს ძილისა და ღვიძილის ციკლს.

სასქესო ჯირკვლები ძირითად ორ ფუნქციას ასრულებს:

* აწარმოებს სასქესო უჯრედებს (კვერცხუჯრედებსა და სპერმატოზოიდებს);

* წარმოქმნის სასქესო ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებს მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას.

სათესლე ჯირკვლები გამოყოფს ტესტოსტერონს.

საკვერცხეები გამოყოფს ესტროგენსა და პროგესტერონს, რომლებიც არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს და მონაწილეობს ორსულობის პროცესში.

პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, წარმოქმნის ინსულინსა და გლუკაგონს, რომლებიც არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. ინსულინი უჯრედებს გლუკოზის შეწოვაში ეხმარება, ხოლო გლუკაგონი სხეულის საჭიროებისამებრ სწევს მაღლა სისხლში მის დონეს.

დაბერების თანმხლები ცვლილებები

ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად იცვლება ჰორმონების გავლენა სამიზნე ორგანოებზე. ზოგიერთი ქსოვილი ჰორმონების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, ხოლო ზოგიერთი ჰორმონის ოდენობამ შესაძლოა მოიმატოს, მოიკლოს ან უცვლელი დარჩეს. ამას ემატება ისიც, რომ ჰორმონების მეტაბოლიზმი ნელდება.

დისბალანსის ნიშნები

ჰორმონული დისბალანსის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, რომელი ჰორმონები ან ჯირკვლები ვერ ფუნქციობს სათანადოდ. ზოგიერთი ჰორმონული დარღვევა ორივე სქესის ადამიანებთან შეიძლება გამოვლინდეს და სხვადასხვა სახის ცვლილებები გამოიწვიოს.

ჰორმონული დისბალანსის ნიშნებია:

  • წონის აუხსნელი მომატება ან უეცარი კლება;
  • ცხიმის სხვაგვარი განაწილება – ზურგზე ცხიმოვანი კუზის წარმოქმნა;
  • ქრონიკული დაღლილობა, კუნთების სისუსტე;
  • კუნთების ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა და შებოჭილობა;
  • სახსრების ტკივილი, შებოჭილობა ან შეშუპება;
  • გულისცემის გახშირება ან გაიშვიათება;
  • თერმორეგულაციის დარღვევა – ოფლიანობა, სიცივის ან სიცხის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ყაბზობა`ნაწლავის ხშირი მოქმედება;
  • ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილი;
  • გაძლიერებული შიმშილი;
  • სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) შესუსტება;
  • უშვილობა;
  • დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანებადობა;
  • ბუნდოვანი ხედვა;
  • თმის გათხელება და მტვრევადობა, კანის სიმშრალე, სახის შეშუპება ან დამრგვალება;
  • იასამნისფერი ან ვარდისფერი სტრიები.

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან თუნდაც რამდენიმე სიმპტომის არსებობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაქვთ ჰორმონული დისბალანსი – ეს ნიშნები შესაძლოა სხვა მდგომარეობასთან იყოს დაკავშირებული. თუ სხეულში ან ენერგეტიკულ დონეზე მნიშვნელოვან ცვლილებებს ამჩნევთ, უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

სქესის მიხედვით

ზოგიერთი ცვლილება დამახასიათებელი მხოლოდ ერთი სქესისთვის. მაგალითად, ქალებთან ჰორმონული დისბალანსი შესაძლოა გამოვლინდეს განწყობის ცვალებადობით, ყაბზობით ან დიარეით, არარეგულარული მენსტრუაციით, უნაყოფობით, მენსტრუაციის დროს მუცლის ან წელის ტკივილით, სექსუალური ლტოლვის შემცირებით, უძილობით, წონის აუხსნელი მატებით ან კლებით, მოტეხილობათა მაღალი რისკით, ჰირსუტიზმით (ჭარბთმიანობით), კანზე გამონაყარით და სხვა.

მამაკაცებთან, განსაკუთრებით – ტესტოსტერონის დონის დაქვეითებისას, მოსალოდნელია სქესობრივი ლტოლვის შემცირება, ერექციული დისფუნქცია, კუნთოვანი მასის დაკარგვა, თმის გათხელება და ზრდის შენელება, მგრძნობელობის მომატება გულმკერდის არეში.

დიაგნოსტიკა

ენდოკრინული დარღვევების სიმპტომები ხშირად ნელა ვითარდება და არასპეციფიკურია, რის გამოც დიაგნოსტიკა გვიანდება, ამიტომ, როდესაც არსებობს ეჭვი ჰორმონული დისბალანსის თაობაზე, აუცილებელია სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრა.

ჰორმონების უმეტესობას ცირკადული (დღეღამური) რიტმი  ახასიათებს, რაც ნიშნავს, რომ დღე–ღამის სხვადასხვა მონაკვეთში მათი დონე სხვადასხვაა, ამიტომ განსაზღვრულ ჰორმონთა დონის შესაფასებლად მნიშვნელოვანია სისხლის აღება განსაზღვრულ დროს.

ზოგიერთი ჰორმონის (მაგალითად, მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH)) დონის შესაფასებლად საჭიროა სისხლის აღება დღეში რამდენჯერმე (1-2-საათიანი შუალედებით), რადგან მისი დონე ძლიერ მერყევია და შესაძლოა, მოკლე დროში შესამჩნევად შეიცვალოს.

ზოგი ჰორმონი (მაგალითად, ესტროგენი) კვირიდან კვირამდე იცვლება, ამიტომ მათი შეფასება მოითხოვს განმეორებით ანალიზს განსაზღვრული ინტერვალებით.

ქალებთან ზოგიერთი ჰორმონის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მენსტრუაციული ციკლის ფაზა.

ზოგიერთ შემთხვევაში ჰორმონების შეფასება სისხლის ნაცვლად შარდით ან ნერწყვით ხდება. მაგალითად, კორტიზოლის დონე კუშინგის სინდრომის გამოსავლენად ხშირად განისაზღვრება შარდში, ხოლო ზოგიერთი ჰორმონისა (მაგალითად, მელატონინისა) – ნერწყვში.

თუ არსებობს ეჭვი, რომ ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია, შესაძლოა, ჩატარდეს სტიმულაციის ტესტი (მაგალითად, ACTH სტიმულაციის ტესტი ადისონის დაავადების დიაგნოსტიკისთვის), ხოლო ფუნქციის გაძლიერებისას – სუპრესორული (დათრგუნვის) ტესტი (მაგალითად, დექსამეტაზონის სუპრესიის ტესტი კუშინგის სინდრომის დროს).

დარღვევების მიზეზის დასადგენად ხშირად დამატებით ინიშნება ენდოკრინული ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). ეს მეთოდები ეხმარება ექიმს ჯირკვლის ზომის, ფორმისა და სტრუქტურის შეფასებაში, ასევე – სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების გამოვლენაში.

ჭარბი წონა და ჰორმონები

ენდოკრინული დარღვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხეულის წონაზე. განსაზღვრული ჰორმონების დისბალანსმა შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანს ცხოვრების წესი არ შეუცვლია.

წონის მატებას უმეტესად იწვევს:

* ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (თიროქსინის (T4) და ტრიოდთირონინის (T3)) დეფიციტი. ამ დროს ნელდება მეტაბოლიზმი, მცირდება ენერგიის ხარჯვა, იწყება სხეულში სითხის შეკავება და წონა იმატებს, რასაც ხშირად თან ახლავს დაღლილობა და სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* კუშინგის სინდრომი – იშვიათი მდგომარეობა, რომელიც კორტიზოლის ჭარბ გამოყოფას უკავშირდება. მისთვის დამახასიათებელია ცხიმის სპეციფიკური გადანაწილება სხეულში: სწრაფი დაგროვება მუცელზე, გულმკერდზე და კისრის უკანა მხარეს (ე.წ. “კუზი”), სახის დამრგვალება (მთვარისებრი სახე). სხვა სიმპტომებია კანის გათხელება, სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტის მომატებული რისკი.

* მენოპაუზა – ესტროგენის დონის მკვეთრი დაქვეითება იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას, რის გამოც ბევრი ქალი წონას იმატებს, განსაკუთრებით – მუცლის არეში. ესტროგენის ნაკლებობა ასევე ზრდის ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას, რაც ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.

* ინსულინრეზისტენტობა (IR) და დიაბეტი ტიპი 2 – როდესაც ორგანიზმი ეფექტურად ვერ იყენებს ინსულინს (ინსულინრეზისტენტობა), სისხლში შაქრის დონე იმატებს და ენერგია ცხიმად გარდაიქმნება. ჰიპერინსულინემიის დროს პანკრეასი ცდილობს პრობლემის მოგვარებას და გამოყოფს უფრო მეტ ინსულინს, რომ გლუკოზა უჯრედებში მოხვდეს. ჰიპერინსულინემია ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, მუცლის არეში მის ჩალაგებას და მეტაბოლური სინდრომის განვითარებას. როცა პანკრეასს საკმარისი ინსულინის გამომუშავება აღარ შეუძლია, ვითარდება დიაბეტი ტიპი 2.

* პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) – ამ დროს ესტროგენის, პროგესტერონისა და ანდროგენების დისბალანსი იწვევს ციკლის დარღვევას, ჭარბთმიანობას, აკნეს და წონის მატებას, განსაკუთრებით – მუცლის არეში.  PCOS-ით გამოწვეული წონის მატება ხშირად დაკავშირებულია ინსულინრეზისტენტობასთან, რაც კიდევ უფრო ართულებს წონის კლებას.

* თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები:

  • ადისონის დაავადება – იწვევს წნევის დაქვეითებას, ენერგიის კარგვას და ზოგჯერ წონის კლებას, მაგრამ მკურნალობის პროცესში, განსაკუთრებით – სტეროიდული თერაპიის ფონზე, შესაძლოა განვითარდეს ჭარბი წონა;
  • ჰიპერალდოსტერონიზმი – ხელს უწყობს სითხისა და ნატრიუმის შეკავებას, რაც იწვევს შეშუპებას და წონის მატებას.

ჰორმონული დარღვევების ფონზე წონის მართვა მოითხოვს სწორ დიაგნოსტიკას და სამედიცინო მხარდაჭერას, რადგან კალორიების მკვეთრმა შეზღუდვამ ან თვითნებურმა დიეტამ შესაძლოა გაამწვაოს ჰორმონული დისბალანსი და ჯანმრთელობას უფრო მეტად ავნოს.

შფოთვა

ზოგიერთმა ჰორმონულმა დარღვევამ შესაძლოა შფოთვა გამოიწვიოს. ჰორმონები პირდაპირ გავლენას ახდენს ტვინის ქიმიაზე, ნეიროტრანსმიტერების ბალანსზე, ნერვული სისტემის ფუნქციობასა და სტრესზე ორგანიზმის რეაგირების უნარზე. ჰორმონული დისბალანსის შემთხვევაში შფოთვა შესაძლოა ერთ-ერთი გამოხატული სიმპტომი იყოს.

შფოთვას იწვევს:

* ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამოყოფა) – ამ დროს თიროქსინის (თ4) და ტრიოდთირონინის (თ3) სიჭარბე აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც იწვევს მღელვარებას, მოუსვენრობას, გულისცემის აჩქარებას, საფრთხის განცდას. ასევე მოსალოდნელია გაღიზიანებადობა, უძილობა, ხელების კანკალი.

* კუშინგის სინდრომი – ამ დროს ჭარბად გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც ნორმალურ პირობებში სტრესთან გამკლავებაში ეხმარება ორგანიზმს, სიჭარბისას კი სხეულს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. ეს იწვევს გაძლიერებულ შფოთვას, აგზნებადობას, დეპრესიას, უძილობას.

* ზრდის ჰორმონის დეფიციტი (GH-დეფიციტი) – ზრდასრულ ასაკში ხშირად იწვევს შფოთვას, ემოციურ მერყეობას, ენერგიის ნაკლებობას და დეპრესიას, ზოგჯერ – მოტივაციის დაქვეითებას, სოციალური იზოლაციის სურვილს და განწყობის მკვეთრი ცვლილებებს.

* მენოპაუზა და ესტროგენის დონის ცვლილებები – მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დონე მნიშვნელოვნად იკლებს, რაც ნერვული სისტემის მუშაობას უშლის ხელს. ეს იწვევს შფოთვას, მოუსვენრობას, ემოციურ ლაბილურობას, გაღიზიანებას, პანიკის შეტევებს და ძილის დარღვევებს.

* პროგესტერონის დეფიციტი ქალებთან – პროგესტერონს ხშირად ბუნებრივ დამამშვიდებელს უწოდებენ, რადგან ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილიზაციას. პროგესტერონის დონის დაქვეითება, განსაკუთრებით – მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში ან მენოპაუზის დროს, შესაძლოა გამოიხატოს შფოთვით, გაღიზიანებით, უძილობით, ემოციური სტრესის მატებით.

* ტესტოსტერონის დეფიციტი მამაკაცებთანაც და ქალებთანაც – ტესტოსტერონი არეგულირებს ენერგიის დონეს, მოტივაციასა და განწყობას. მისი დეფიციტი შესაძლოა გამოიხატოს შფოთვით, ემოციური მგრძნობელობის მომატებით, სტრესის მიმართ მომატებული მგრძნობელობით.

ძილი და ჰორმონები

ერთი ღამის უძილობაც კი ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ძილი და ჰორმონები უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ ერთთან პრობლემამ იჩინა თავი, დიდი შანსია, მეორესთანაც სირთულეებს წავაწყდეთ.

ქრონიკულად არარეგულარული, არასრულფასოვანი ძილი ზრდის ჰორმონული დისბალანსისა და მისი თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს. კერძოდ, შესაძლოა გამოიწვიოს:

  • იმუნური სისტემის დასუსტება და დაავადებებისადმი მეტი მოწყვლადობა;
  • მადის მკვეთრი გაძლიერება;
  • სიმსუქნე და წონის მატება;
  • ჭრილობებისა და ტრავმების შემდეგ თვითაღდგენის უნარის შემცირება;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • მაღალი წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

თუმცა ზედმეტი ძილიც საშიშია. ცხრა საათზე ხანგრძლივმა ძილმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • დღის განმავლობაში ძილიანობა;
  • მეტაბოლიზმის შენელება;
  • ძილის ციკლის დარღვევა;
  • კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითება.

7-9-საათიან ხარისხიან ღამის ძილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰორმონების სათანადო გამომუშავებისა და რეგულაციისთვის.

მელატონინი

მელატონინს ხშირად ძილის ჰორმონად მოიხსენიებენ. ის ჯალღუზისებრ სხეულში წარმოიქმნება და არეგულირებს ძილისა და ღვიძილის ციკლს. სხეულის ცირკადული რიტმი მზის ამოსვლა-ჩასვლაზეა დამოკიდებული. დილის სინათლე ამცირებს მელატონინის გამოყოფას, რის შედეგადაც ადამიანი სიფხიზლეს ინარჩუნებს, ხოლო საღამოს, შებინდებისას, მელატონინის დონე იმატებს და სხეულს ძილისთვის ამზადებს.

ხელოვნური ლურჯი სინათლე (LED განათება და ელექტრონული მოწყობილობები) არღვევს ცირკადულ რიტმს და აფერხებს მელატონინის გამოყოფას, რაც აყოვნებს ჩაძინებას და ძილის ეფექტიანობას ამცირებს.

ზრდის ჰორმონი (HGH)

ზრდის ჰორმონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისთვის, იმუნიტეტისთვის, კუნთოვანი ქსოვილის განვითარებისა და ცილოვანი სინთეზისთვის. ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, რის შედეგადაც აღდგენითი პროცესები ფერხდება, იმატებს სხეულის მასა და ხელი ეშლება გლუკოზის მეტაბოლიზმს.

შიმშილის მარეგულირებელი ჰორმონები

მეტაბოლიზმის სწორად წარმართვისთვის ორგანიზმი იყენებს შემდეგ ჰორმონებს:

* ლეპტინს – ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნების გაჩენას;

* გრელინს – ზრდის მადას;

* ინსულინს – არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

არარეგულარული ძილი ამ ჰორმონების გამომუშავებაზე უარყოფითად მოქმედებს, რაც მადის გაძლიერებას, ინსულინის მიმართ რეზისტენტობას და წონის მომატებას იწვევს.

კორტიზოლი

კარგი ძილი ხელს უწყობს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, დილის პიკს –  გაღვიძებიდან მოკლე ხანში მის მომატებას, რის შედეგადაც ორგანიზმის სხვა ჰორმონების ბალანსიც რეგულირდება. ძილის უკმარისობა ამ პროცესს აფერხებს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ამ დროს სხეული დღის განმავლობაში ზედმეტად ბევრ კორტიზოლს გამოყოფს, რათა უფრო ფხიზლად იყოს, რაც საბოლოოდ ისევ ძილის დარღვევებს (ინსომნიას, ზედაპირულ ძილს) განაპირობებს. 

ესტროგენი და პროგესტერონი

ესტროგენიც და პროგესტერონიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობაში,  მელატონინის გამომუშავებაში. ძილის დეფიციტი გავლენას ახდენს მათ წარმოქმნაზე, რასაც მენსტრუალური ციკლის დარღვევამდე, მეტაბოლიზმის დაქვეითებამდე, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამდე მივყავართ.

თავის მხრივ, ამ ჰორმონების რყევა (მენსტრუაციის წინ, ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდში) გავლენას ახდენს ძილის რეჟიმზე:

* ესტროგენების დონის დაქვეითება მენსტრუაციის წინ იწვევს ძილის დარღვევას;

* ჰორმონების დონის მატება ორსულობის პერიოდში ცვლის ძილ-ღვიძილის რეჟიმს: ზოგს უკეთესად სძინავს, ზოგს – უარესად;

* ესტროგენებისა და პროგესტერონის დონის დაქვეითება მენოპაუზის პერიოდში იწვევს ინსომნიას, ალებს, ღამის ოფლიანობასა და ძილის აპნოეს.

ძილის რეჟიმის მოწესრიგება ყოველთვის არ არის საკმარისი ჰორმონული დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რადგან შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს ძილის აპნოე ან ძილის სხვა დარღვევა, რომელიც მკურნალობას მოითხოვს.

ბუნებრივი გზები ჰორმონების დასაბალანსებლად

ჰორმონული ბალანსის ბუნებრივ რეგულაციას ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესი. ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, სრულფასოვანი ძილი და სხვა სასარგებლო ჩვევები აადვილებს ჰორმონული ბალანსის აღდგენას, მატებს ენერგიას და ორგანიზმს უკეთ ფუნქციობაში ეხმარება.

***

კვება

არ არსებობს საკვები, რომელიც მთლიანად აღადგენს ჰორმონულ ბალანსს, თუმცა სწორი კვებითი ჩვევები და ჰორმონული ბალანსის მხარდამჭერი საკვების მიღება ხელს უწყობს ჰორმონების ოპტიმალურ ფუნქციობას, წონის რეგულაციას და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ცილები

ცილები შეიცავს ესენციურ ამინმჟავებს (მათ თავად ვერ წარმოქმნის ორგანიზმი), რომლებიც აუცილებელია ჰორმონების სინთეზისთვის. როდესაც ადამიანი საკმარისი რაოდენობის ცილას იღებს, სწრაფადაც ნაყრდება. რეკომენდებულია ნაკლებცხიმიანი ცილოვანი პროდუქტები:

* თეთრი თევზი (ვირთევზა, ტილაპია, ბასი);

* თეთრი ხორცი (ქათმის ან ინდაურის ფილე);

* საქონლის მჭლე ხორცი;

* ღორის მჭლე ხორცი;

* კვერცხი;

* ბერძნული იოგურტი (შეიძლება ნაკლებცხიმიანი მაწონიც);

* ლობიო;

* ოსპი.

რთული ნახშირწყლები

ნახშირწყლები ორგანიზმისთვის ენერგიის მთავარი წყაროა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ენერგია რთული ნახშირწყლებისგან მივიღოთ. მარტივი ნახშირწყლების მოლეკულები შედარებით პატარაა, ისინი სწრაფად იშლება, რაც ენერგიის სწრაფ, მაგრამ ხანმოკლე მატებას იწვევს. რთული ნახშირწყლები ბევრი მოლეკულისგან შედგება, ამიტომ ნელა იშლება და ნელა შეიწოვება, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ენერგიას და სისხლში შაქრის დონის ბალანსს.

რითია ეს მნიშვნელოვანი?

როცა სისხლში შაქრის დონე ხშირ-ხშირად და მკვეთრად იმატებს, ორგანიზმი ჭარბად იწყებს ინსულინის გამოყოფას. ინსულინის დიდი რაოდენობით ან ხშირ-ხშირად გამოყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინრეზისტენტობა და დიაბეტი ტიპი 2.

რთულ ნახშირწყლებს შიცავს:

* ყავისფერი ბრინჯი;

* კინოა;

* შვრია;

* შავი ლობიო;

* ბარდა;

* კარტოფილი.

უნდა იცოდეთ, რომ  ზოგიერთ რთულ ნახშირწყალს მაღალი გლიკემიური ინდექსი (GI) აქვს, რაც ნიშნავს, რომ მათ მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონემ შესაძლოა სწრაფად მოიმატოს. თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, სასურველია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, რათა გაიგოთ, რომელი ნახშირწყლებია თქვენთვის უსაფრთხო.

პრობიოტიკები

ჩნდება უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ნაწლავების მიკრობიომა (ადამიანის სხეულში მობინადრე მიკროორგანიზმების ერთობლიობა) მჭიდრო კავშირშია ჰორმონულ ბალანსთან, განსაკუთრებით კი სასქესო ჰორმონებთან. ვარაუდობენ, რომ ჯანსაღი ნაწლავური ფლორა ხელს უწყობს როგორც ანდროგენების (ტესტოსტერონის), ისე ესტროგენისა და პროგესტერონის ბალანსს.

პრობიოტიკები, ცოცხალი სასარგებლო მიკროორგანიზმები, საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს.

პრობიოტიკებს შეიცავს:

* იოგურტი;

* მაწონი;

* კეფირი;

* კომბოსტოს მწნილი;

* კომბუჩა და სხვა.

თუ ადამიანი საკვებიდან ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის პრობიოტიკს, შეუძლია მათი მიღება დანამატის სახით. საუკეთესო შედეგისთვის სასურველია, დანამატი შეიცავდეს ლაქტობაცილებს (Lactobacillus) და ბიფიდობაქტერიებს (Bifidobacterium), Bacillus-ს, Saccharomyces boulardii-ს (საფუარი სოკოს ერთ-ერთი სახეობა).

სანამ რაციონს პრობიოტიკებით გაიმდიდრებთ, აუცილებელია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ.

პრებიოტიკები

ნაწლავების სასარგებლო და მავნე ბაქტერიების თანაფარდობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული კვებაზე. პრებიოტიკები ბოჭკოა, რომელიც ასაზრდოებს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას. მას უმთავრესად ხილი, ბოსტნეული და პარკოსნები შეიცავს: ლობიო, ბარდა, შვრია, ბანანი, კენკრა, ისპანახი, ნიორი, პრასი, ხახვი და სხვა.

რას უნდა ერიდოთ

ჰორმონული დისბალანსის რისკის შესამცირებლად სასურველია ზოგიერთი პროდუქტის შეზღუდვა ან მათზე საერთოდ უარის თქმა. ესენია:

ტკბილი საკვები

დიდი რაოდენობით შაქრისა და სხვა მარტივი ნახშირწყლების მიღებამ შესაძლოა დაარღვიოს ინსულინის ბალანსი. ფრუქტოზა ყველაზე ტკბილი ბუნებრივი ნახშირწყალია, რომელიც ჰორმონული ჯანმრთელობისთვის შესაძლოა განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდეს. მას შეიცავს თეთრი შაქარიც. დიდი რაოდენობით ფრუქტოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინრეზისტენტობა, წონის მატება და მეტაბოლური სინდრომი.  ფრუქტოზის შემცირების მიზნით სასურველია ერიდოთ საკვებს, რომელიც შეიცავს მაღალფრუქტოზიან სიმინდის სიროფს (High Fructose Corn Syrup – HFCS): ხილის წვენებს, ტკბილ გაზიან სასმელებს, კანფეტებს, ნამცხვრებს.

სოია

სოია სასარგებლო ცილის წყაროა, განსაკუთრებით ვეგეტარიანელებისთვის, მაგრამ მისმა ხშირმა და ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ჰორმონულ დისბალანსს. სოიის შემადგენლობაში შემავალი ფიტოესტროგენები სხეულში იშლება ისეთ ნივთიერებებად, რომლებიც ესტროგენების მსგავსად მოქმედებს, ეს კი ზოგიერთ შემთხვევაში ესტროგენების დისბალანსის მსგავს ეფექტს იწვევს.

კოფეინი

ბოლოდროინდელი კვლევები მიუთითებს, რომ დიდი დოზით კოფეინის მიღებამ ქალებში შესაძლოა ესტროგენის ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ჭარბ კოფეინს შეუძლია, გააძლიეროს შფოთვა და ნერვული დაძაბულობა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კორტიზოლის – სტრესზე პასუხისმგებელი ჰორმონის – გადაჭარბებული გამოყოფით.

ალკოჰოლი

ალკოჰოლის მოხმარება აზიანებს თითქმის ყველა ჰორმონული უკუკავშირის სისტემას როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ის განსაკუთრებით აყენებს ზიანს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემას, რომელიც ენდოკრინული და ნერვული სისტემების მთავარი დამაკავშირებელი და გადამრთველი ცენტრია. თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, სახიფათოდ მიიჩნევა: მამაკაცებისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის დღეში 5 და მეტი სტანდარტული ერთეული, ქალებისთვის – 4 და მეტი (ერთი ერთეულია: 150 მლ ღვინო; 350 მლ ლუდი; 45 მლ სპირტიანი მაგარი სპირტიანი სასმელი). ალკოჰოლის მიღების შემცირება კი ხელს შეუწყობს ჰორმონული ბალანსის გაუმჯობესებას როგორც მოკლე, ისე გრძელ პერიოდში.

ფიზიკური აქტიურობა

ფიზიკურ აქტიურობას ძლიერი გავლენა აქვს ჰორმონულ ჯანმრთელობაზე. ვარჯიში, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს კუნთებში სისხლის მიმოქცევას, ჰორმონული რეცეპტორების მგრძნობელობასაც ზრდის, რითაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებისა და ჰორმონული სიგნალების ეფექტურ გადაცემას.

ერთ-ერთი მთავარი სიკეთე, რაც მოაქვს ვარჯიშს, არის სისხლში ინსულინის დონის დაქვეითება და ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობის გაძლიერება. არსებობს მტკიცებულებები, რომ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, განურჩევლად იმისა, ცვლის თუ არა სხეულის წონას ან ცხიმოვან მასას, ინსულინრეზისტენტობის დაქვეითება შეუძლია. ამ კუთხით ეფექტურია ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (ძლიერ დატვირთულ ხანმოკლე პერიოდს მოჰყვება დაბალი ინტენსივობის ვარჯიშის ან სრული დასვენების ფაზა), ძალისმიერი ვარჯიში და კარდიოვარჯიში (აერობული ვარჯიში).

იოგა და პილატესი ამცირებს კორტიზოლის და სტრესის დონეს.

თუ ადამიანი ვერ ასრულებს ვარჯიშებს, ჰორმონების დაბალანსებაში შესაძლოა რეგულარული სიარულიც დაეხმაროს.

***

გავრცელებული ჰორმონული დარღვევები

ნებისმიერი ჰორმონის ჭარბმა ან შემცირებულმა გამოყოფამ, ასევე ჰორმონზე სამიზნე ორგანოს პასუხის დაქვეითებამ შესაძლოა შეცვალოს ჰორმონული ბალანსი და გამოიწვიოს დარღვევები. მიმოვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ ჰორმონულ დარღვევებს, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვის ორგანიზმის ფუნქციობაზე.

ინსულინრეზისტენტობა

ინსულინრეზისტენტობა ნიშნავს ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებას. ამ დროს ჰორმონი ეფექტურად ვეღარ მუშაობს და სისხლში გლუკოზის რეგულაცია ირღვევა. ამის საკომპენსაციოდ პანკრეასი მეტ ინსულინს გამოიმუშავებს, თუმცა სისხლში შაქრის დონე მაინც მაღალი რჩება. საბოლოოდ პანკრეასი ვეღარ უმკლავდება დატვირთვას და სისხლში შაქარი მუდმივად მომატებულია. ჭარბი გლუკოზა საზიანოა ორგანიზმისთვის, ამიტომ მის მოცილებას ცდილობს – საშიში არეებიდან გამოაქვს და ღვიძლსა და კუნთებში ინახავს. მას შემდეგ, რაც ეს საცავებიც შეივსება, ღვიძლი იწყებს შაქრის ცხიმად გარდაქმნას, რასაც წონის მატებამდე მივყავართ.

ინსულინის მიმართ რეზისტენტობა  პრედიაბეტისა და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების წინაპირობაა. 

დიაგნოსტიკა

მხოლოდ გარეგნული ნიშნების მიხედვით ინსულინრეზისტენტობის დადგენა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე მისი რისკფაქტორებია, ისინი ყოველთვის არ შეინიშნება.

ინსულინრეზისტენტობის რისკფაქტორებად ასევე მიიჩნევა:

  • სისხლში შაქრის მაღალი დონე;
  • ტრიგლიცერიდების (ცხიმის ერთ-ერთი სახეობა) მაღალი დონე;
  • მაღალი LDL (ცუდი ქოლესტეროლი);
  • დაბალი HDL (კარგი ქოლესტეროლი);
  • დიაბეტი ტიპი 2-ის ოჯახური ისტორია;
  • პასიური ცხოვრების წესი.

მკურნალობა

საბედნიეროდ, ინსულინრეზისტენტობა შექცევადი მდგომარეობაა. ინსულინის მიმართ მგრძნობელობის ამაღლებაში დაგეხმარებათ:

* ფიზიკური აქტიურობა – რაც უფრო ადრე დაიწყებთ აქტიურ ცხოვრებას, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ;

* წონის დაკლება (ჭარბი წონის ან სიმსუქნის შემთხვევაში);

* ბალანსირებული კვება, როდესაც რაციონი სწორი თანაფარდობით შეიცავს უჯრედისით მდიდარ ბოსტნეულს, ხილს, მთლიან მარცვლეულსა და ცილებს;

* სტრესის მართვა და საკმარისი ძილი.

დიაბეტი ტიპი 2

დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ აწარმოებს საკმარის ინსულინს ან მას ეფექტურად ვერ იყენებს. შედეგად სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე იმატებს, რაც დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს.

არსებობს დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი:

* ტიპი 1 – ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც პანკრეასი საერთოდ არ გამოიმუშავებს ინსულინს;

* ტიპი 2 – უფრო გავრცელებული ფორმა, რომლის დროსაც ორგანიზმი ან ეფექტურად ვერ იყენებს ინსულინს, ან მისი რაოდენობა არ არის საკმარისი სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად.

დიაბეტი ტიპი 2 ზოგჯერ წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობს და პროგრესირებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დროული გამოვლენა და მართვა. ის უმეტესად 45 წელზე უფროსი ასაკის პირებთან ვლინდება, თუმცა ბავშვებთან, მოზარდებსა და ახალგაზრდებთან უფრო და უფრო ხშირად გვხვდება.

დიაბეტი ტიპი 2-ის სიმპტომებია:

  • ძლიერი წყურვილი და პირის სიმშრალე;
  • შარდვის გახშირება (განსაკუთრებით ღამით);
  • მუდმივი დაღლილობა და სისუსტე;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • მოურჩენელი ჭრილობები და ინფექციები;
  • შიმშილის აუხსნელი შეგრძნება;
  • ხელ-ფეხის დაბუჟება ან ჩხვლეტა.

დიაბეტი ტიპი 2-ის რისკფაქტორებია:

  • პრედიაბეტი;
  • ჭარბი წონა`სიმსუქნე;
  • ასაკი 45 წლიდან;
  • დიაბეტის ოჯახური ისტორია (მშობელს, დას, ძმას აქვთ დიაბეტი ტიპი 2);
  • პასიური ცხოვრების წესი;
  • გესტაციური დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი ორსულობის დროს) ან 4 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფის გაჩენა;
  • არაალკოჰოლური ცხიმოვანი ჰეპატოზი (ღვიძლის გაცხიმოვნება).

პრევენცია და მართვა

დიაბეტი ტიპი 2-ის თავიდან აცილება ან გადავადება შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლით. დადასტურებულია, რომ წონის დაკლება (თუ ჭარბი წონა გაქვთ), ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რისკს.

სისხლში მუდმივად მაღალი შაქარი აზიანებს ორგანიზმს და შეუძლია, გამოიწვიოს მძიმე გართულებები: გულის დაავადება, მხედველობის დაკარგვა, თირკმელების დაზიანება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაბეტის დიაგნოზი სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას ეფუძნება. მისი მართვა შესაძლებელია:

* ჯანსაღი კვებითა და რეგულარული ფიზიკური აქტიურობით;

* ინსულინით ან დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებით (საჭიროებისამებრ და ექიმის დანიშნულებით).

მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაშიც კი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა აუცილებელია. ექიმი განსაზღვრავს, რამდენად ხშირად უნდა იზომოთ სისხლში შაქრის დონე და რა უნდა იყოს თქვენი სამიზნე მაჩვენებელი.

სისხლში შაქრის დონის კონტროლი ხელს უწყობს გართულებების თავიდან აცილებას ან გადავადებას.

 

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, ენერგიის ხარჯვას და სხეულში მიმდინარე მრავალ სხვა პროცესს. მისი ფუნქციობის ყველაზე გავრცელებული დარღვევებია ჰორმონების ჭარბი გამოყოფა და მათი გამოყოფის დაქვეითება.

ჰიპოთირეოზი მდგომარეობაა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს ვერ გამოიმუშავებს. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჰაშიმოტოს თირეოიდიტი – ავტოიმუნური დაავადება, რომელიც თანდათან აზიანებს ჯირკვალს და აუარესებს მის ფუნქციას.

ადრეულ სტადიაში ჰიპოთირეოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ მოგვიანებით შესაძლოა გამოვლინდეს:

  • დაღლილობით;
  • წონის მომატებით;
  • ყაბზობით;
  • კანის სიმშრალით;
  • კანისა და თმის გაუხეშებით;
  • კუნთების სისუსტით;
  • შენელებული გულისცემით.

ჰიპოთირეოზს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცვლელი პრეპარატებით მკურნალობენ. სწორი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტურია. მკურნალობის გარეშე ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქოლესტეროლის მომატება, გულის დაავადება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

ჰიპერთირეოზი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონებს, რის შედეგადაც ჩქარდება სხეულის მეტაბოლიზმი.

ჰიპერთირეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

* გრეივსის დაავადება – ავტოიმუნური დარღვევა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებას;

* ტოქსიკური კვანძოვანი ჩიყვი – ფარისებრ ჯირკვალში ჩნდება აქტიური კვანძები, რომლებიც დამოუკიდებლად წარმოქმნის ჰორმონებს;

* თირეოიდიტი – ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომლის დროსაც დროებით იმატებს ჰორმონების გამოყოფა.

ჰიპერთირეოზის სიმპტომებია:

  • წონის კლება (ჩვეულებრივი კვების პირობებშიც კი);
  • გულისცემის აჩქარება;
  • მომატებული ოფლიანობა;
  • დიარეა;
  • ნევროზულობა;
  • კუნთების სისუსტე;
  • კანის გათხელება და თმის სიმყიფე.

გრეივსის დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს გრეივსის ოფთალმოპათია, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალების შეშუპება და წინ წამოწევა, მხედველობის გაუარესება, თვალების ტკივილი და სიმშრალე.

ჰიპერთირეოზს მკურნალობენ:

* თირეოსტატიკური პრეპარატებით, რომლებიც ამცირებს ჰორმონების გამომუშავებას;

* რადიაქტიური იოდით – ეს უკანასკნელი ასუსტებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ფუნქციას, რამაც შესაძლოა ჰიპოთირეოზამდე მიგვიყვანოს;

* ფარისებრი ჯირკვლის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთით, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვანძები ან გადიდებული ჯირკვალი ხელს უშლის სუნთქვას ან ყლაპვას.

ქირურგიულ ჩარევას ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი სხვა დაავადებაც მოითხოვს. ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ პაციენტს შესაძლოა მთელი სიცოცხლის განმავლობაში დასჭირდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია.

საბედნიეროდ, ადრეული გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის თითქმის ყველა პრობლემის წარმატებით მართვა.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია ზრდასრულ მოსახლეობაში, თუმცა მათი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ამაღლებს ცხოვრების ხარისხს და ხელს უშლის მძიმე გართულებების განვითარებას.

 

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 6-13%-ს აღენიშნება, თუმცა მისი ათიდან შვიდი შემთხვევა დიაგნოზის გარეშე რჩება. ეს მდგომარეობა ანოვულაციის ყველაზე გავრცელებული მიზეზი და უნაყოფობის გამომწვევი მთავარი ფაქტორია. გარდა ამისა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც იწვევს, რომლებიც გავლენას ახდენს ქალის როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ კეთილდღეობაზე.

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის განვითარება, წესისამებრ, მოზარდ ასაკში იწყება და თანდათან მძიმდება. შეუძლია, გამოიწვიოს ჰორმონული დისბალანსი, არარეგულარული მენსტრუაცია, ანდროგენების სიჭარბე და საკვერცხეებში ცისტების ჩამოყალიბება. სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ უფრო მაღალი რისკი უდასტურდებათ ქალებს, რომლებსაც აქვთ დიაბეტი ტიპი 2 ან PCOS-ის ოჯახური ისტორია.

PCOS-ის ყველაზე ტიპობრივი სიმპტომებია:

  • მენსტრუაციული ციკლის დარღვევა: არარეგულარული, გახანგრძლივებული, ძლიერი სისხლდენით მიმდინარე მენსტრუაცია, მისი პერიოდული შეწყვეტა ან არარსებობა;
  • უშვილობა (ოვულაციის დარღვევის გამო);
  • აკნე ან ცხიმიანი კანი;
  • ჭარბი თმა სახეზე ან ტანზე (ჰირსუტიზმი);
  • მამაკაცური ტიპის თმის ცვენა ან თმის შეთხელება;
  • წონის მომატება, განსაკუთრებით მუცლის არეში.

PCOS-ის დროს უფრო მაღალია დიაბეტი ტიპი 2-ის, ჰიპერტენზიის, ქოლესტეროლის მომატების, გულის დაავადებისა და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი. გარდა ამისა, ამ სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია და სხეულის ნეგატიური აღქმა. უნაყოფობამ, ჭარბმა წონამ და ჭარბთმიანობამ შესაძლოა გააძლიეროს ასოციალური სტიგმა და გავლენა მოახდინოს პირად ურთიერთობებზე, პროფესიულ რეალიზაციაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

დიაგნოსტიკა

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი დიაგნოსტირდება, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან, სულ მცირე, ორს:

1. ანდროგენების სიჭარბის ნიშნები – ჭარბთმიანობა სახეზე ან სხეულზე, თმის ცვენა თავზე, აკნე ან სისხლში ტესტოსტერონის მომატება (სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვით);

2. არარეგულარული მენსტრუაცია ან მისი არარსებობა (სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვით);

3. პოლიცისტური საკვერცხეები – ულტრაბგერითი კვლევისას გამოვლენილი საკვერცხეების სტრუქტურული ცვლილებები.

PCOS-ის დროს სისხლში შესაძლოა მომატებული იყოს:

* ტესტოსტერონი – გავლენას ახდენს თმის ზრდაზე;

* ესტროგენი – ასტიმულირებს საშვილოსნოს ლორწოვანის (ენდომეტრიუმის) ზრდას;

* მალუთეინიზებელი ჰორმონი – გავლენას ახდენს საკვერცხეების ფუნქციობაზე;

* ინსულინი – მონაწილეობს ენერგიის რეგულაციაში;

* ანტიმიულერული ჰორმონი – განსაზღვრავს საკვერცხეების რეზერვს.

მკურნალობა

PCOS ქრონიკული მდგომარეობაა და არ იკურნება, თუმცა ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება შემცირდეს ცხოვრების წესის შეცვლით და მედიკამენტური მკურნალობით (რაც უნაყოფობის მკურნალობასაც მოიცავს). ჯანსაღი დიეტა და ვარჯიში ქალს ეხმარება წონის კლებასა და ტიპი 2 დიაბეტის რისკის შემცირებაში, ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეპტული) აბები – ციკლის რეგულირებაში. სხვა მედიკამენტები ამცირებს აკნეს და არასასურველი თმის ზრდას.

PCOS-ით გამოწვეული უნაყოფობის მართვა გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას, მედიკამენტურ მკურნალობას ან ქირურგიულ ჩარევას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგულარული ოვულაციის აღდგენას. შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერების გამოყენებაც, თუმცა მას გარკვეული რისკები ახლავს.

 

ჰიპერპროლაქტინემია

ჰიპერპროლაქტინემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში პროლაქტინის დონე ნორმაზე მაღალია. პროლაქტინს ჰიპოფიზი გამოიმუშავებს და მისი მთავარი ფუნქციაა ლაქტაციის (რძის გამომუშავების) სტიმულირება მშობიარობის შემდეგ, ამიტომ ორსულობის დროს მისი მომატება ნორმალურია.

პროლაქტინის გამომუშავებას უმთავრესად ორი ჰორმონი აკონტროლებს: დოფამინი, რომელიც თრგუნავს და ესტროგენი, რომელიც აძლიერებს.

პროლაქტინის მაღალი დონე ქალებში ესტროგენის, ხოლო მამაკაცებში ტესტოსტერონის შემცირებას იწვევს. ორივე ეს ცვლილება ამცირებს ნაყოფიერებას. ამასთან ერთად, ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონის დაქვეითება ძვლების სისუსტისა და ოსტეოპოროზის გამომწვევი ფაქტორია.

სიმპტომები

პროლაქტინემია ორივე სქესის პირებთან იწვევს უნაყოფობას, სექსუალური სურვილის დაქვეითებას და ძვლის მასის შემცირებას. გარდა ამისა,

* ქალები შესაძლოა უჩიოდნენ საშოს სიმშრალეს (რაც იწვევს ტკივილს სქესობრივი აქტის დროს), მენსტრუაციაული ციკლის არარეგულარულობას ან არარსებობას, ლაქტორეას – რძის გამოყოფას იმ დროს, როცა ქალი არც ორსულია და არც მეძუძური.

* მამაკაცებს აღენიშნებათ ერექციული დისფუნქცია, გინეკომასტია (მკერდის გადიდება), კუნთოვანი მასისა და სხეულის თმიანობის შემცირება.

მიზეზები

* ჰიპერპროლაქტინემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია პროლაქტინომა – ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც პროლაქტინს გამოიმუშავებს. დიდი ზომის სიმსივნემ შესაძლოა თავის ტკივილი და მხედველობის დარღვევაც გამოიწვიოს.

პროლაქტინომა ქალებთან უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე მამაკაცებთან. ბავშვებთან იშვიათად გვხვდება .

* პროლაქტინის დონეს მაღლა სწევს ზოგიერთი მედიკამენტი: ანტიფსიქოზური პრეპარატები (რისპერდალი, ჰალოპერიდოლი), გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები, ჰორმონები, მათ შორის – ესტროგენები მენოპაუზის ასაკის ქალებში, წნევის დამწევი პრეპარატები (კალციუმის არხის ბლოკატორები და მეთილდოპა), ანტიდეპრესანტები, ოპიატები.

* ჰიპერპროლაქტინემია ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზმა, ორსულობამ და ლაქტაციამ, გულმკერდის კედლის დაზიანებამ (მაგალითად, ჰერპეს ზოსტერით), ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკულმა დაავადებებმა, ჰიპოფიზის სხვა სიმსივნეებმა და დაავადებებმა, ჰიპოფიზის რადიაციულმა მკურნალობამ.

ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზი დაუდგენელი რჩება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჰიპერპროლაქტინემიის დიაგნოზს სისხლის ანალიზით შედეგების მიხედვით სვამენ. თუ პროლაქტინის დონე მომატებულია, დამატებით ტარდება: სისხლის გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებაზე, ორსულობის ტესტი, მაკროპროლაქტინის ტესტი (მაკროპროლაქტინი პროლაქტინის ბიოლოგიურად არააქტიური ფორმაა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს არ იწვევს). ჰიპოფიზის სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება თავის ტვინის ან ჰიპოფიზის MღI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).

მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც პროლაქტინის დონე მომატებული აქვს, მაგრამ სიმპტომები არ აწუხებს, მკურნალობა არ სჭირდება. პროლაქტინომის შემთხვევაში ინიშნება დოფამინის აგონისტები (ბრომოკრიპტინი და კაბერგოლინი), რომლებიც არა მხოლოდ  პროლაქტინის დონეს, არამედ სიმსივნის ზომასაც ამცირებს. ორსულობის დროს ამ მედიკამენტების მიღება, წესისამებრ, წყდება.

როცა წამლები უეფექტოა ან ბევრ თანმხლებ მოვლენას იწვევს, შესაძლოა ჩატარდეს ოპერაცია (ცხვირის გავლით), იშვიათად, როდესაც ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია ან შედეგი არ მოაქვს – სხივური თერაპია.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

Share: