როგორ მოვუაროთ ქერად შეღებილ თმას

Share:

გაუფერულება ძლიერი სტრესია თმისთვის. რაც უნდა დახვეწილი იყოს გაუფერულების ტექნიკა და ხარისხიანი – გასაუფერულებელი საშუალება, თმა მაინც ზიანდება, ამიტომ გაბაცებული თმა სათანადო მოვლას მოითხოვს.

რატომ არის გაბაცებული თმის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

წყალბადის ზეჟანგი, რომელსაც  გასაუფერულებელი საშუალებების უმეტესობა შეიცავს, არღვევს თმის დამცავ შრეს და  მთლიანად აშორებს ღერს ბუნებრივ პიგმენტს. ამ დროს თმის სტრუქტურა ზიანდება, ღერი სუსტდება და უფრო დაუცველი ხდება გარეგანი ფაქტორების მიმართ. გაუფერულებული თმა გამომშრალი და გაუხეშებულია, ბოლოები ეყოფა, აღარ ბზინავს, ხოლო უარეს შენთხვევაში ცვენასაც იწყებს.

როგორ შევინარჩუნოთ თმს სიჯანსაღე გაბაცების შემდეგ?

1. გამოიყენეთ შამპუნი, კონდიციონერი და მოვლის სხვა საშუალებები, რომლებიც თქვენი თმის სტრუქტურას მიესადაგება

ქერად შეღებილი თმისთვის შექმნილ მოვლის საშუალებებს მსუბუქი სტრუქტურა აქვს და თმას არ ამძიმებს; საჭირო ნივთიერებებით კვებავს, ატენიანებს, აძლიერებს და ბზინვარებას ანიჭებს ღერებს.

შამპუნი: არ უნდა შეიცავდეს თმისთვის აგრესიულ ნივთიერებებს. რაც უფრო ნაკლებად ქაფდება შამპუნი, მით უფრო ნაკლებია მასში აგრესიული კომპონენტი. ის ნაზად უნდა ასუფთავებდეს და, იმავდროულად, ატენიანებდეს თმას. კერატინი და ბიოტინი აძლიერებს თმის ღერებს, ალოე-ვერა და არგანის ზეთი ტენით ავსებს, გვირილის ექსტრაქტი კი ბზინვარებას ანიჭებს. თუ თმამ მოყვითალო ელფერი მიიღო, სიყვითლის საწინააღმდეგო სპეციალური შამპუნით დაიბანეთ.

კონდიციონერი: გაბაცებული თმისთვის იდეალურია მსუბუქი ტექსტურის მქონე კონდიციონერი, რომელიც არ შეიცავს სილიკონს და ზედმეტად არ ამძიმებს თმას, მაგრამ ინტენსიურად კვებავს და იცავს. კიდევ უფრო მსუბუქი ტექსტურა აქვს Leave-in ანუ თმაზე დასატოვებელ კონდიციონერს, რომელიც ჩამობანას არ მოითხოვს. ის ოდნავ შემშრალ თმაზე უნდა გადაისვათ.

ნიღაბი: ინტენსიური მოვლის ნაწილია გამაჯანსაღებელი ნიღაბიც. ის უნდა შეიცავდეს როგორც დამატენიანებელ, ისე მკვებავ და აღმდგენ ინგრედიენტებს.

2. დაიბანეთ სწორად

ნუ დაიბანთ თმას ყოველდღე. ყოველი დაბანა თმას უფრო მეტად გამოაშრობს. საკმარისია, ჩამოიბანოთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ეცადეთ, შამპუნი მხოლოდ თავის კანში შეიზილოთ, რომ ფორები კარგად გაისუფთაოთ. კონდიციონერი მხოლოდ ბოლოებზე წაისვით. აკონტროლეთ წყლის ტემპერატურაც. თმას ყველაზე მეტად უხდება ნელთბილი წყალი. ცხელი მას უფრო მეტად გამოაშრობს.

3. დაინოტივეთ

მშრალი თმა, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა იყოს დატენიანებული. ამას უზრუნველყოფს ინტენსიურად დამატენიანებელი შამპუნი და კონდიციონერი, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მოვლის საშუალებებში ტენიანობის მიმნიჭებელი კომპონენტების შემცველობას.

დაზიანებულ თმაზე კვირაში ერთხელ მაინც დაიდეთ ნიღაბი. ის დატენიანებასთან ერთად რეგენერაციასაც შეუწყობს ხელს. ოღონდ აუცილებლად გაუფერულებული თმის საჭიროებებს მორგებული ნიღაბი შეარჩიეთ. ის აქტიურად დაიცავს თმას გამოშრობისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

დაბოლოს, გამომშრალი და დაზიანებული ბოლოების დასატენიანებლად და გასაჯანსაღებლად საუკეთესოა თმის ზეთი. სპეციალისტები ყველაზე მეტად არგანის, ქოქოსის, ავოკადოს, კამელიას ზეთებს გვირჩევენ.

4. ნუ მოისრესთ

თმის ღერები რომ არ დაგემტვრეთ, გაშრობისას პირსახოცით ნუ მოისრესთ. საკმარისია, პირსახოცი თავზე შემოიხვიოთ და რამდენიმე წუთით დაიტოვოთ, რომ ტენი შეიწოვოს. გრძელი თმა ძილის წინ უმჯობესია ნაზად შეიკრათ, რომ ბალიშს არ გაეხახუნოს.

ნუ დაივარცხნით სველ თმას – ღერები უფრო ადვილად დაწყდება. თუ მაინცდამაინც, დავარცხნამდე კონდიციონერი წაისვით. გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი.

5. სიყვითლის წინააღმდეგ

გაუფერულებულმა თმამ დროთა განმავლობაში შესაძლოა მოყვითალო ელფერი მიიღოს. ამის მიზეზია თმის ბუნებრივი მოწითალო პიგმენტი, რომელიც გაბაცებისას ყოველთვის ბოლომდე არ იშლება – ნაწილობრივ რჩება და  ყვითელ ან ნარინჯისფერ ტონს აძლევს თმას.

როგორ ვებრძოლოთ ყვითელ ფერს? არსებობს სიყვითლის საწინააღმდეგო თმის მოვლის საშუალებების კომპლექტი: შამპუნი, კონდიციონერი და ნიღაბი. ის გამდიდრებულია იისფერი ან ლურჯი პიგმენტებით, რომლებიც ყვითელს ანეიტრალებს. შედეგად ვიღებთ გრილ, ფერფლისფერ ქერას.

მოვლის საშუალებებში შემავალი პიგმენტი გარედან ეკვრის თმის ღერს და ღრმად ვერ აღწევს მის სტრუქტურაში, ამიტომ თანდათან ჩამოირეცხება და თმა ისევ მოყვითალო ელფერს იბრუნებს. მიუხედავად ამისა, იისფერი შამპუნის ხშირად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ის ხელს უწყობს თმის გამოშრობას. სავსებით საკმარისია, ყოველ მესამე ან მეოთხე დაბანაზე წაისვათ. ბოლოს ყოველთვის დაიდეთ თმაზე კონდიციონერი ან ნიღაბი.

იისფერი შამპუნის წასმისას მიზანშეწონილია ხელთათმანების გამოყენებაც, რადგან პიგმენტმა შესაძლოა ოდნავ შეგიღებოთ ხელები. აუცილებლად გაითვალისწინეთ მწარმოებლის რეკომენდაციები.

6. მოერიდეთ სტაილინგის საშუალებების გამოყენებას

ფენი, თმის გასასწორებელი უთო, თმის დასახვევი – ყველაფერი, რაც მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს, მავნეა გაუფერულებული თმისთვის: უფრო მეტად წვავს, აშრობს და აზიანებს ისედაც გაუხეშებულ ღერებს, – ამიტომ ერიდეთ ამ ხელსაწყოების ყოველდღიურ გამოყენებას, მოხმარებისას კი სიფრთხილე გამოიჩინეთ. მაგალითად, ნუ გაიშრობთ თმას ბოლომდე ან ფენი შედარებით გრილი ნაკადის რეჟიმში ჩართეთ.

ფენით ან უთოთი თმის ჩამოსწორებამდე უმჯობესია, წაისვათ თერმოდამცავი სპრეი. ის, გარდა იმისა, რომ სტაილინგის დროს დაზიანებისაგან იცავს თმას, კვებავს კიდეც და ბზინვარებასაც სძენს.

7. მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს

გაბაცების შედეგად გამომშრალ თმას უფრო მეტად აშრობს მზის ულტრაიისფერი სხივები. შესაძლოა, ოდნავ ფერიც კი შეუცვალოს, მაგალითად, გააყვითლოს. ამის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია, დილით, შინიდან გასვლამდე, ოდნავ ნოტიო თმაზე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სპრეი ისხუროთ, ხოლო ზაფხულობით, განსაკუთრებით გარუჯვისას, ქუდი დაიხუროთ ან თხელი შარფი მოიხვიოთ.

8. წყალში ჩასვლისას

* ზღვის მლაშე და აუზის ქლორიანი წყალი უფრო ადვილად აშრობს გაუფერულებულ თმას. გარდა ამისა, თმის ღერებზე შერჩენილი მარილის კრისტალები ლინზებივით მოქმედებს და მზის სხივების ზემოქმედებას აძლიერებს. აუზზე რამდენიმე ვიზიტის შემდეგ კი ქერა თმამ შესაძლოა მომწვანო ელფერი მიიღოს, თუმცა ეს არა ქლორის, არამედ სპილენძის იონების ბრალია, რომლებსაც წყალმცენარეების გაჩენის თავიდან ასაცილებლად ამატებენ აუზის წყალს.

* მშრალი თმა ღრუბელივით იწოვს წყალს, ამიტომ ზღვასა და აუზში ჩასვლამდე საშხაპეში თმა კარგად დაისველეთ, რომ ქლორიანი და მარილიანი წყალი ნაკლებად შეიწოვოს.

* შეგიძლიათ, წაისვათ კონდიციონერიც – ისიც შეუშლის ხელს თმის ბოჭკოებში ქლორის შეღწევას.

* დაიხურეთ საცურაო ქუდი.

* ზღვიდან და აუზიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ თმა გამდინარე წყლით.

9. დროდადრო შეიჭერით

თუ თმის ბოლოები გაიყო, ვეღარ უშველით. ეს უსიამოვნება თავიდან რომ აიცილოთ, ბოლოები რეგულარულად მოიჭერით, მაგალითად, 4-6 კვირაში ერთხელ.

ღერები რომ არ დაგემტვრეთ, თმას მჭიდროდ ნუ შეიკრავთ. უმჯობესია, გაშლილი ატაროთ ან ოდნავ მოშვებული დაიმაგროთ.

10. გამოიყენეთ შინაური საშუალებები

ზეითუნის ზეთის ნიღაბი

ზეითუნის ზეთი თმას ტენიანობის შეინარჩუნებაში ეხმარება და აღმდგენი ეფექტიც აქვს.

4-5 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთს დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი ან იოგურტი, კარგად აურიეთ. დაბანილი თმა პირსახოცით შეიმშრალეთ და ზეითუნის ნარევი თმაში შეიზილეთ. დაიტოვეთ 20-30 წუთით, მერე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ავოკადოს ნიღაბი

ავოკადოში შემავალი ცხიმები კვებავს გამომშრალ თმას და ბზინვარებას ანიჭებს. გახეხეთ ავოკადო და მშრალ თმაში შეიზილეთ.  დაიტოვეთ ნახევარი საათით. კარგად ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ავოკადოს ცოტაოდენი ზეითუნის ზეთიც შეურიოთ.

კვერცხის ნიღაბი

კვერცხის ნიღაბი მშრალ და დაზიანებულ თმას უხდება. ერთი კვერცხის გულს შეურიეთ 100 გრამი ნატურალური იოგურტი. წაისვით თმაზე, ყველაზე მეტად – ბოლოებზე, და  20 წუთით დაიტოვეთ. ჩამოიბანეთ შამპუნითა და გამდინარე წყლით.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: