აფრიკული საფარის მაგია

Share:

აფრიკას, განსაკუთრებით – მის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს, ანთროპოლოგები ადამიანის წარმოშობის ადგილად მიიჩნევენ. როგორც ამბობენ, ადამიანი აქ დაახლოებით 200 000 წლის წინ დასახლდა.

აფრიკაში მრავალი უნიკალური მცენარე ხარობს. ეკვატორული ტყეების ცხოველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია.

პირველი, რაც სიტყვა “აფრიკის” ხსენებისას მომდის თავში, საფარია, მეორე ასოციაცია კი თოვლიანი კილიმანჯაროს ძირას მარადიულ კითხვებზე მოფიქრალი, სიკვდილთან მებრძოლი ჰარი.

მოდი, დღეს აფრიკულ საფარიზე ვისაუბროთ.

მოკლე ისტორიული ცნობა

სიტყვა “საფარი” კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მცხოვრებ ნახევრად მომთაბარე ხალხს – მასაებს – ეკუთვნის და სუაჰილის ენაზე “ჩვენ მოვდივართ”-ს ნიშნავს.

თავდაპირველად ამ სახელით მოიხსენიებდნენ აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოგზაურობასა და ნადირობას, რომლის ყველაზე სასურველ ალაფს “დიდი ხუთეული” – ლომი, ლეოპარდი, მარტორქა, აფრიკული კამეჩი და სპილო – წარმოადგენდა: ეს ცხოველები განსაკუთრებით საშიშებად და ძნელად მოსანადირებლებად მიიჩნეოდნენ.

თანამედროვე საფარი კი შემეცნებითი ექსკურსიაა – კონტინენტური აფრიკის ველური ბუნების ყველგანმავალი მანქანებით თვალიერება, ცხოველების ძებნა და მათზე დაკვირვება. დაკვირვება და არა ნადირობა!

საფარი-ტურები მთელი წლის განმავლობაში ტარდება. აპრილი-მაისი აფრიკის კონტინენტზე წვიმიანი პერიოდია, ამიტომ ტურისტების რაოდენობა იკლებს და მოგზაურობაც ნაკლებად გადატვირთული, შესაბამისად, კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.

საფარი უმთავრესად ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების ტერიტორიაზე იმართება. იქვე კომფორტული კემპინგები და კერძო ოტელებია განთავსებული.

საფარის სამი ნაირსახეობა არსებობს:

  • ქვეითად გასეირნება გიდის თანხლებით;
  • გეიმ-დრაივი – გასეირნება უსახურავო ყველგანმავლით;
  • წყლისპირა ცხოველებზე დაკვირვება.

სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა, ტანზანია, ბოტსვანა, ნამიბია, და ზიმბაბვე – ასე გამოიყურება იმ ქვეყნების ტოპხუთეული, რომელსაც საფარისთვის ყველაზე ხშირად სტუმრობენ.

სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა

იქ, აფრიკის სამხრეთში, ჩასვლაც შედარებით ადვილია და ტურისტული ინფრასტრუქტურაც გამართული, ამიტომ სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა საფარით დაინტერესებული ახალბედა ტურისტებისთვის საუკეთესო არჩევანია. ის კონტინენტის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ ეგზოტიკის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ცალკე აღნიშვნის ღირსია კრიუგერის ნაციონალური პარკი, რომელიც რესპუბლიკის უძველეს პარკად მიიჩნევა და ტრანსვაალის (სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკას ხშირად ამ სახელითაც მოიხსენიებენ) პრეზიდენტის პაულ კრიუგერის (1883-1900) სახელს ატარებს.

ჟირაფებს, სპილოებს, ანტილოპებს, ჰიპოპოტამებს, მარტორქებს, ლეოპარდებსა და ლომებს სავანაში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. კრიუგერის პარკში ნებადართულია ღამის საფარიც, რაც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.

დიდი ხანია, არსებობს დიდი ლიმპოპოს პარკის შექმნის იდეა. პარკი გააერთიანებს უზარმაზარ ტერიტორიას – კრიუგერის ნაკრძალს, მოზამბიკისა და ზიმბაბვეს პარკების ნაწილს. ეს ცხოველთა უსაფრთხო მიგრაციას უზრუნველყოფს – ისინი პარკების საზღვრების გადაკვეთისთანავე ბრაკონიერების მსხვერპლნი ხდებიან.

სეზონის პიკი: ივნისი-ნოემბერი

ტურისტების დაბალი  აქტივობა: აპრილი-მაისი

ტანზანია

თუ გსურთ, საკუთარი თვალით ნახოთ ანტილოპა გნუების დიდი მიგრაცია, დალაშქროთ თოვლიანი კილიმანჯარო ან ზანზიბარის თეთრქვიშიან პლაჟზე წამოწვეთ, მიაშურეთ ტანზანიას!

ტარანგირეს ეროვნულ პარკში სპილოების, კამეჩებისა და ჟირაფების დიდ ჯოგებს გადააწყდებით. აქვეა ტბა მანიარა, რომლის შემოგარენში უნიკალური ლომები ბინადრობენ – მათ, სავანის ლომებისგან განსხვავებით, ხეზე ცოცვა შეუძლიათ. მანიარას მახლობლად, დაცულ ტერიტორიაზე, ნგორონგოროს კრატერის პანორამით დატკბებით. კრატერში 25 000-მდე დიდი ცხოველი ბინადრობს: გაზელები, ზებრები, ბეჰემოთები... აქ მათი კონცენტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროა მთელ აფრიკაში. მათ შორისაა შავი მარტორქაც, რომლის პოპულაცია 1964-1966 წლებში 108 ერთეულს შეადგენდა, 1995 წლისთვის კი ადგილობრივი მოსახლეობის დამსახურებით 11-მდე შემცირდა.

ტურისტებისთვის ნგორონგოროს კრატერი ცხოველებზე დაკვირვების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია.

სეზონის პიკი: ივლისი-ოქტომბერი

ტურისტების დაბალი აქტივობა: აპრილი-მაისი

ბოტსვანა

ზღვაზე გასასვლელის არმქონე ეს პატარა ქვეყანა კუნძულებისა და ლაგუნების ნამდვილი ლაბირინთია. ის სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს. ტერიტორიის 70% კალაჰარის უდაბნოს უკავია. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად მდინარე ოკავანგოს დელტა მიიჩნევა. ოკავანგო არ უერთდება არც ზღვას და არც ტბას, მისი მრავალრიცხოვანი არხი ლაბირინთივით იკლაკნება, აორთქლებისას წყლის 95%-ს კარგავს და კალაჰარის უდაბნოს ჩრდილო-დასავლეთის ჭაობებში იკარგება.

ცხოველთა და ფრინველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. ჩობეს ეროვნულ პარკში სავანის სპილოების მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს. აქვე შეხვდებით ლომებს, ჯიქებს, ავაზებს, აფთრებსა და ნიანგებს, აფრიკულ სირაქლემას, ქოჩრიან სავათს.

საფარის მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია როგორც გეიმ-დრაივი, ისე წყლისპირა ცხოველებზე დაკვირვებაც. ეს გარემოება განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს.

საფარი ბოტსვანაში ძვირად ღირებული სიამოვნებაა. ტურებზე დიდი მოთხოვნაა და თუ იქ ჩასვლას დააპირებთ, თადარიგი ერთი წლით ადრე მაინც უნდა დაიჭიროთ.

სეზონის პიკი: აპრილი-აგვისტო (ამ დროს წყალუხვი ოკავანგოს ნაპირებთან ცხოველები იკრიბებიან)

ტურისტების დაბალი აქტივობა: სექტემბერი-მარტი

ნამიბია

ჰეპარდების ყველაზე დიდი პოპულაცია სწორედ ამ ქვეყანაში ბინადრობს. მრავლად არიან ასევე ლეოპარდები, შავი მარტორქები, ზებრები და, რაც მთავარია, ენდემები – მცენარეები და ცხოველები, რომლებიც დედამიწის მხოლოდ ამ ნაწილში გვხვდებიან.

ნამიბიისა და ნაწილობრივ ანგოლის ტერიტორიაზე მდებარე ნამიბის უდაბნო დედამიწის უძველეს უდაბნოდ არის მიჩნეული. მისი სახელი ნამას ენიდან მომდინარეობს და “ვრცელ ადგილს” ნიშნავს. აქაურობა გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანია. სწორედ აქ არის აღმოჩენილი მცენარეთა და ცხოველთა რამდენიმე ენდემური სახეობა, რომლებსაც სპეციფიკური კლიმატისადმი მაღალი შემგუებლობა აქვთ.

დაუვიწყარი სანახაობაა ჩონჩხების სანაპირო, სადაც რთული კლიმატური პირობების გამო ხშირად იძირება ხომალდები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სანაპიროს მთის ქანები ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე – მათი ასაკი 1.5 მილიარდ წელს აღემატება.

სეზონის პიკი: მაისი-ოქტომბერი.

ტურისტების დაბალი აქტივობა: იანვარი-თებერვალი

ზიმბაბვე

არც ამ ქვეყანას აქვს ზღვაზე გასასვლელი. ის აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ჩრდილოეთით მდინარე ზამბეზი ესაზღვრება, სამხრეთით – მდინარე ლიმპოპო.

ხვანგე ზიმბაბვეს ყველაზე ცნობილი ეროვნული პარკია. აქ ასზე მეტი ძუძუმწოვარი და ოთხასზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს.

პარკის მახლობლად, მდინარე ზამბეზიზე, ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე, ბუნების სასწაული – ჩანჩქერი ვიქტორია – მდებარეობს. მისი სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე — 128 მეტრი. შოტლანდიელმა მოგზაურმა დეივიდ ლივინგსტონმა ის 1855 წელს აღმოაჩინა და სახელი დიდი ბრიტანეთის დედოფლის პატივსაცემად დაარქვა. ადგილობრივები ჩანჩქერს მოზი-ოა-ტუნიას უწოდებენ, რაც შონაზე (ამ ენაზე ლაპარაკობს ზიმბაბვეს მოსახლეობის 70%) “მგრგვინავ კვამლს” ნიშნავს.

კარიბა დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ტბაა. ის მდინარე ზამბეზიზე ენერგეტიკული, საირიგაციო და თევზჭერის მიზნებისთვის შეიქმნა. მისი ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია მრვალრიცხოვანი ყურითა და უბით, თვით ტბაში კი პატარ-პატარა კუნძულებია მიმობნეული. წყალსაცავს ხშირად სტუმრობენ სპილოები, მის ირგვლივ კი სასტუმროები და ტურბაზებია გაშენებული.

ტბის მახლობლად არის შავი მარტორქების ხშირი მასპინძელი – მატუსადონის პარკი.

ზიმბაბველი გიდების პროფესიონალიზმი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ისინი ერთ-ერთი საუკეთესო ექსკურსიამძღოლები არიან მსოფლიოში: ექვსწლიანი სპეციალური განათლების წყალობით არა მხოლოდ ოსტატურად მართავენ ავტომობილს და ფლობენ იარაღს, არამედ ყველა მცენარისა თუ ცხოველის ლათინური სახელებიც იციან.

სეზონის პიკი: მაისი-ოქტომბერი (განსაკუთრებით – მაისი)

ტურისტების დაბალი აქტივობა: ნოემბერი-დეკემბერი

რჩევები აფრიკაში გამგზავრების წინ:

  • გახსოვდეთ, აფრიკული საფარი ველურ ბუნებაში მოგზაურობაა და არა ზოოპარკის მონახულება! ლომები, ლეოპარდები და სხვა მტაცებლები აქ საკვებს ნადირობით მოიპოვებენ. იყავით ფრთხილად, რომ მათი რაციონის ნაწილი არ გახდეთ! ყურადღება გმართებთ სპილოებთანაც – აზიელი თანამოძმეებისგან განსხვავებით, ისინი ადამიანთან ურთიერთობას მიჩვეულნი არ არიან.
  • გამგზავრების წინ გაიარეთ კონსულტაცია ინფექციონისტთან. ის გაგაცნობთ აუცილებლად ჩასატარებელი ვაქცინაციის ვადებსა და დეტალებს.
  • სვით გაფილტრული ბოთლის წყალი!
  • ნუ შეჭამთ გაურეცხავ ხილსა და ბოსტნეულს!
  • ყოველთვის თან იქონიეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და მზისგან დამცავი კრემი!

აფრიკა ორად იყოფა

დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, პალეოზოურ და მეზოზოურ ეპოქებში, არსებობდა სუპერკონტინენტი პანგეა. თანდათან ის ამჟამად არსებულ კონტინენტებად დაიყო.

ბოლო რამდენიმე წელია, გეოლოგები აკვირდებიან აღმოსავლეთ აფრიკაში უმსხვილეს რღვევის ხაზს. დღეს ის თითქმის 6 000 კმ-ს სიგრძისაა და  ჩრდილოეთი სირიიდან ცენტრალურ მოზამბიკამდეა გადაჭიმული, სიგანე 30-100 კმ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო სიღრმე – რამდენიმე ასეულიდან ათას მეტრამდე. აფრიკის კონტინენტის ორ ნაწილად გაყოფა დიდი ხანია მიმდინარეობს და მისი მიზეზი ტექტონიკური ფილების დაშორებაა. ცნობილია, რომ საპირისპირო პროცესი, ანუ ფილების ერთმანეთთან მიახლოება, მთების წარმოქმნას იწვევს.

სამხრეთ-დასავლეთ კენიაში გიგანტური ნაპრალები უკვე თვალნათლივ შეიმჩნევა. ზიანდება გზები, იცვლება ლანდშაფტი.

ამ კონტინენტური რღვევის შედეგად მეცნიერები კიდევ ერთი – მეექვსე – ოკეანის წარმოქმნას ვარაუდობენ.

პროცესის დინამიკა წელიწადში 6-7 მილიმეტრს შეადგენს და მის დასრულებას, სავარაუდოდ, 1-დან 5 მილიონ წლამდე დასჭირდება.

ამიტომ შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ და არ ვიჩქაროთ – საფარიზე გამგზავრებას ნამდვილად მოვასწრებთ!

ირაკლი კარტოზია

Share: