როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი სხვადასხვა ასაკის შვილებთან

Share:

ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლები უამრავ სირთულეს ეჯახებიან. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბავშვთან ურთიერთობისას მეგობრობასა და ავტორიტეტს შორის ბალანსის შენარჩუნებაა.

ვითარება კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ოჯახში რამდენიმე სხვადასხვა ასაკის ბავშვია და თითოეულ მათგანს განსხვავებული მიდგომა სჭირდება სიახლოვის, დისციპლინისა და ემოციური კავშირის შესანარჩუნებლად.

მშობლობა და მეგობრობა

მშობელი პასუხისმგებელია ოჯახში სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, ბავშვის წინამძღოლობასა და დისციპლინაზე, მაშინ როდესაც მეგობარმა ის უნდა უზრუნველყოს ნდობით, გაგებითა და ემოციური მხარდაჭერით. სწორედ ამ ორ როლს შორის უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი და ეცადოთ, არცერთ მხარეს არ გადაიხაროთ. შვილთან უნდა შეინარჩუნოთ ავტორიტეტი, რათა შეუქმნათ სტაბილურობის განცდა, მაგრამ არ გაწყვიტოთ მასთან მეგობრული ურთიერთობა, რადგან სწორედ ეს არის ემოციური სიახლოვის საწინდარი.

სხვადასხვა ასაკის შვილები

სხვადასხვა ასაკის ბავშვებს სხვადასხვანაირი ყურადღება და კომუნიკაცია სჭირდებათ:

* სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან უნდა გვქონდეს მხიარული, მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ, იმავდროულად, ვეცადოთ ჩამოვუყალიბოთ თავისი და სხვების პირადი სივრცის პატივისცემა.

* სასკოლო ასაკის ბავშვებს უნდა დავეხმაროთ სწავლაში და ერთობლივი აქტივობებისთვისაც მოვიტოვოთ დრო.

* თინეიჯერები ნდობას, გაგებას, ნაკლებ კრიტიკას და მეტ დამოუკიდებლობას მოითხოვენ.

იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი შვილების ურთიერთობისგან საუკეთესო შედეგი მიიღოთ, უნდა ეცადოთ, მოარგოთ თქვენი მიდგომები თითოეული მათგანის განვითარების ეტაპს, იმავდროულად, შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და არ გადაუხვიოთ ოჯახის საერთო წესებს.

რა საჭიროა წესები

ოჯახში მიღებული წესები ბავშვს ეხმარება, ისწავლოს რეალური მიზნების დასახვა, პატარაობიდანვე აჩვევს, რომ რაღაც მიღებულია, მაგრამ არსებობს მიუღებელი ქცევაც.

წესები თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველა ბავშვს, მაგრამ მიესადაგებოდეს მათ ასაკს. მაგალითად, 3 წლის და 10 წლის ბავშვებს ერთსა და იმავე დროს ვერ დააძინებთ, მაგრამ ორივე მათგანის ძილის დრო იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ძილის ჯანსაღი რეჟიმი შეინარჩუნოთ.

ორივე ბავშვს აუხსენით, რისთვის არსებობს ეს წესები, რატომ არის ისინი მათთვის განსხვავებული, რატომ შეუძლია უფროსს, ერთი საათით მეტი დრო გაატაროს ტელევიზორთან. ამის გაცნობიერება ბავშვებს დაეხმარება, მომავალში ადვილად გაუსწორონ თვალი რეალობას, მშობელს კი წარმოაჩენს არა უბრალოდ მკაცრ, არამედ რაციონალურ ადამიანად, რომელიც ყოველთვის პასუხობს კითხვებს და ხსნის თითოეულ წესს.

ხუთი წლის ბავშვს შეიძლება აუხსნათ, რომ კედლებზე არ ვხატავთ, რადგან გვინდა, სახლი სუფთა და ლამაზი იყოს, მისი პატარა ძამიკო კი ამ წესს არ ემორჩილება, რადგან არ ესმის, ამიტომ, მოდი, ერთად ვაჩვენოთ, როგორ არ მოგვწონს მისი საქციელი და ისიც უფრო მალე ისწავლის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

თინეიჯერს აუხსენით, რომ მისი ადგილსამყოფლის ცოდნა მისი კონტროლისთვის კი არა, უსაფრთხოებისთვის გჭირდებათ, მას კი ნამდვილად არ გაუჭირდება, თუნდაც ორი სიტყვით მოგწეროთ, სად არის და ვისთან ერთად.

აგრძნობინეთ, რომ გესმით მათი და ეცადეთ, მათაც ესმოდეთ თქვენი

ყველა ასაკის ბავშვს სჭირდება იმის ცოდნა, რომ მშობელს ესმის მისი და პატივს სცემს მის აზრს, მაგრამ თავადაც უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს სიტყვებს ფასი აქვს და ბავშვმა ნამდვილად გაიგო, რასაც უხსნით.

პატარა ბავშვს დაუჯექით პირისპირ, უყურეთ თვალებში, შეგიძლიათ, ხელიც ჩაჰკიდოთ მზრუნველად და ისე აუხსნათ საქმის არსი. აუცილებლად გაეცით პასუხი მის კითხვებს და დარწმუნდით, რომ უბრალოდ კი არ გეთანხმებათ, მართლა მიხვდა, რისი თქმაც გსურდათ.

მოზრდილს საუბრისას სიტყვა არ შეაწყვეტინოთ და არ აგრძნობინოთ, რომ მისი არგუმენტები უმნიშვნელოა. მოუსმინეთ, უთხარით, რომ კარგად გესმით მისი, მერე კი აუხსენით, სად ცდება, რატომ არის ასე და როგორ ჯობია მოქცევა ამ ვითარებაში.

ერთად გაატარეთ დრო

კარგი ურთიერთობის დამყარების საუკეთესო გზა დროის ერთად გატარებაა.

მცირე ასაკის ბავშვებთან ერთად ჩაებით მათ საყვარელ თამაშში. ეცადეთ, უფროსმა ბავშვებმაც გაატარონ პატარებთან დრო. მოიფიქრეთ და შესთავაზეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ყველას გაახალისებს.

უფროს ბავშვებთან საკომუნიკაციოდ შეარჩიეთ მათთვის კომფორტული აქტივობა: სამაგიდო თამაში, სადილის მომზადებაში დახმარება, ფილმის ყურება ან უბრალოდ წამოწოლა და გულახდილად საუბარი.

პატარამ თავი დაჩაგრულად რომ არ იგრძნოს

ოჯახში, სადაც ბავშვებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, შესაძლოა, თავი იჩინოს სიტუაციებმა, როდესაც პატარა ჩათვლის, რომ უფროსს მასზე მეტი უფლება აქვს, პრივილეგირებულია. მაგალითად, მაშინ, როდესაც პატარას დასაძინებლად გზავნით, უფროსი კი მეცადინეობის შემდეგ ისვენებს და შეუძლია, კიდევ ცოტა ხანს იჯდეს ტელევიზორთან.

აუხსენით პატარას, რომ მის უფროს ძმას`დას დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე აქვს, რომ სკოლა ძალიან დამღლელია, ამიტომ დასასვენებლადაც ცოტა მეტი დრო უნდა მივცეთ.

შეგიძლიათ, უფროსსაც სთხოვოთ, ჩაერთოს უმცროსის ძილის რუტინაში, კბილების გამოხეხვაში დაეხმაროს, ზღაპარი წაუკითხოს, ძილი ნებისა უსურვოს.

შეგიძლიათ, პატარას უთხრათ, რომ როდესაც გაიზრდება, ეკრანთან მასაც იმდენივე დროის გატარების უფლება ექნება, რამდენიც მის უფროს ძმას`დას აქვს. ეცადეთ, ყოველთვის მშვიდად, დიალოგით მოაგვაროთ ბავშვების კონფლიქტი.

ლიკა ქათამაძე

Share: