როგორ ვუპასუხოთ ბავშვის პირველ კითხვებს: რა? რატომ? როგორ?

Share:

პერიოდი, როდესაც ბავშვი კითხვების დასმას იწყებს: "რატომ არის ცა ლურჯი?", "როგორ ანათებს მზე?" და ა.შ. – მისი კოგნიტიური და ემოციური განვითარების ძალიან მნიშვნელოვან საფეხურად მიიჩნევა. ბავშვის ცნობისმოყვარეობა ასახავს მის მზარდ უნარს, შეიცნოს სამყარო, მიიღოს მეტი ცოდნა და განივითაროს კომუნიკაციური უნარ-ჩვევები. ეს პერიოდი ძალიან სახალისო და, იმავდროულად, ამაღელვებელიცაა, რადგან მშობელს, გარდა იმისა, რომ თვალნათლივ ხედავს, როგორ ვითარდება მისი პატარა, უწევს, პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, რომლებზეც შესაძლოა არასოდეს დაფიქრებულა.

როგორ ვუპასუხოთ ბავშვს ისე, რომ უფრო მეტად გავუღვივოთ სამყაროს შეცნობის სურვილი, გავაძლიეროთ კავშირი მასთან და სოციალური უნარებიც განვუვითაროთ?

დააფასეთ და წაახალისეთ მისი ცნობისმოყვარეობა

როდესაც ბავშვი კითხვების დასმას იწყებს, მას მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის მიღება კი არ სურს, არამედ თქვენთან კომუნიკაციის ახალ გზებსაც ეძებს. ნუ უპასუხებთ ნაჩქარევად და გაღიზიანებული კილოთი – ამით დაანახებთ, რომ მისი ცნობისმოყვარეობა თქვენთვის შემაწუხებელია და ბავშვიც მომავალში არა თქვენ, არამედ სხვა, უფრო სანდო ადამიანს მიმართავს ან თავის თავში ჩაიკეტება და შეწყვეტს კითხვების დასმას, რაც ძალზე არასასურველია მისი განვითარებისთვის.

თუნდაც იმავე წამს პასუხი არ გქონდეთ, გამოიჩინეთ ინტერესი: "ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, ყოჩაღ, ამაზე რომ დაფიქრდი! მოდი, ერთად მოვიძიოთ პასუხი“.

აუხსენით მისთვის გასაგები ენით, მაგრამ პასუხებს ზედმეტად ნუ გაამარტივებთ.

2-3 წლის ბავშვებისთვის: ეცადეთ, პასუხები იყოს მოკლე და კონკრეტული. მაგალითად, თუ ბავშვი გეკითხებათ, რატომ ფრენენ ჩიტები, შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ჩიტებს ფრთები აქვთ, რომელთა მეშვეობითაც ჰაერში გადაადგილდებიან.

4-5 წლის ბავშვებისთვის: შეგიძლიათ, უფრო ვრცლად უპასუხოთ. მაგალითად, უთხრათ, რომ ჩიტებს ბუმბულით დაფარული სხეული და ძლიერი კუნთები აქვთ, რაც მათ ეხმარება, ფრთების მეშვეობით ჰაერში თავი შეიმაგრონ.

პასუხის გაცემისას ფოკუსირდით ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან დეტალზე. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ახალი სიტყვა, რათა ბავშვი არ დააბნიოთ და თქვენთვისაც უფრო მეტად დამაბნეველი ახალი კითხვები არ გაუჩინოთ.

წაახალისეთ მისი წარმოსახვა

უშრეტი წარმოსახვის უნარი ბავშვს საშუალებას აძლევს, კრეატიულად და არასტანდარტულად იაზროვნოს. ეცადეთ, თქვენი პასუხებიც მრავალფეროვანი და მის ფანტაზიას მორგებული იყოს – ამგვარად მას უფრო მეტად დააინტერესებთ.

კითხვა: "რატომ ანათებს მთვარე?"

პასუხი: "მთვარე ცაში გამოკიდებულ დიდ სარკესავითაა. ის მზის სხივებს ირეკლავს და ჩვენკენ უშვებს".

ანალოგიებისა და მხატვრული შედარებების მეშვეობით ბავშვი მცირე ასაკიდანვე ეჩვევა კომპლექსურად აზროვნებას და ყურადღების კონცენტრაციის უნარიც უვითარდება.

თავადაც დაუსვით კითხვები

მისი პასუხების მეშვეობით გაიგებთ, რა მიმართულებით აზროვნებს თქვენი შვილი, რა ინტერესები აქვს, განუვითარებთ კრეატიული აზროვნების უნარს.

კითხვა: "რატომ აქვთ ხეებს ფოთლები?"

პასუხი: "რა საინტერესო კითხვაა! ფოთლები ხეებისთვის პატარა სამზარეულოებივითაა, რომლებშიც ის მზის სხივებისგან საკვებს იმზადებს. შენ რას შეადარებდი ფოთლებს?"

აჩვენეთ პრაქტიკული მაგალითები

თუ ბავშვის კითხვა ისეთ საკითხს ეხება, რომ პასუხად მაგალითის ჩვენებაც შეგიძლიათ, აუცილებლად მიმართეთ ამ ხერხს.

მაგალითად, თუ ბავშვმა გკითხათ, როგორ იზრდებიან მცენარეები, შეგიძლიათ, ერთად ჩარგოთ მცენარის თესლი ქოთანში და ყოველდღე დააკვირდეთ მის ზრდას.

როდესაც პასუხი ხელშესახები ხდება, ბავშვი უკეთ გაიაზრებს მის არსს.

ასევე შეგიძლიათ ჩრდილების ჩვენება ფარნის მეშვეობით, საღებავების ერთმანეთში არევა და დაკვირვება, რომელი ფერების შერევით რა ფერი მიიღება; შეგიძლიათ, ერთად უყუროთ მისი ასაკისთვის განკუთვნილ ვიდეოებს, რომლებშიც ხსნიან, რა, როგორ და რატომ.

აღიარეთ, როდესაც პასუხი არ იცით

აუცილებელია, ბავშვმა იცოდეს, რომ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი მშობელსაც არ აქვს. უთხარით: "ეს მართლა საინტერესოა, მეც დავინტერესდი. მოდი, ერთად მოვიძიოთ პასუხი, მეც ვისწავლი შენთან ერთად“.

ამგვარი მიდგომა ბავშვს დაანახებს, რომ სწავლა ცხოვრების ყველა ეტაპზე გრძელდება და, ამასთანავე, ინფორმაციის მოძიებასაც შეეჩვევა.

ყველა კითხვას ერთი პასუხი არ აქვს

ასწავლეთ, რომ არსებობს კითხვები, რომლებზეც სხვადასხვა ადამიანს შესაძლოა სხვადასხვა პასუხი ჰქონდეს.

მაგალითად, თუ ბავშვი გეკითხებათ, რა არის სიყვარული, შეგიძლიათ უპასუხოთ: "ჩემთვის სიყვარულია, როდესაც სხვა ადამიანზე ზრუნავ და გინდა, ის ძალიან ბედნიერი იყოს. შენ როგორ აღწერდი ამ გრძნობას?“

ეს მიდგომა ბავშვს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ნუ გადატვირთავთ უცნობი ტერმინებით

თუ ბავშვი გეკითხებათ, რატომ ციმციმებენ ვარსკვლავები, შეგიძლიათ, მარტივად უპასუხოთ: "ჩვენ გვგონია, რომ ვარსკვლავები ციმციმებენ, რადგან ცაში ჰაერი მოძრაობს და შუქი ხან ეცემა მათზე, ხან – არა“.

ერიდეთ მსგავს პასუხებს: "ატმოსფერული რეფრაქცია იწვევს ციური სხეულების ნათებისა და მდებარეობის ცვალებადობას".

ამ პასუხში იმდენი მისთვის უცნობი ტერმინია, რომ ბავშვი დაიბნევა და დაიძაბება.

მზად იყავით თანმხლები კითხვებისთვის

კითხვა: "როგორ ცხოვრობენ და სუნთქავენ თევზები წყალში?"

პასუხი: "თევზებს აქვთ ლაყუჩები, რომელთა მეშვეობითაც წყლის ქვეშ სუნთქვა შეუძლიათ".

კითხვა: "რა არის ლაყუჩი?"

პასუხი: "ლაყუჩი თევზის სხეულის ნაწილია, რომლითაც ის წყლიდან ჟანგბადს ითვისებს".

ლიკა ქათამაძე

Share: