ცისტიტი ბავშვებთან

Share:

ცისტიტი, შარდის ბუშტის ანთება, საკმაოდ ხშირად ემართებათ ბავშვებს. მართალია, უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ დროულ ყურადღებას მოითხოვს, რომ არ გართულდეს.

ცისტიტი საშარდე გზების ინფექციაა (სგი) და მას ბაქტერიები იწვევენ. სგი-მ შესაძლოა მოიცვას საშარდე გზების ნებისმიერი ნაწილი:

* შარდსადენი (ურეთრა) – მილი, რომლითაც შარდი შარდის ბუშტიდან გარეთ გადმოდის. მის ანთებას ურეთრიტი ჰქვია.

* შარდის ბუშტი – ბუშტის მსგავსი ელასტიკური ორგანო, რომელშიც თირკმელებიდან ჩამოსული შარდი გროვდება. მის ანთებას ცისტიტი ეწოდება.

* თირკმელი –ორგანო, რომელიც სისხლს ფილტრავს და შარდს წარმოქმნის. თირკმლის ანთებას პიელონეფრიტი ეწოდება. ის ცისტიტის შედარებით მძიმე გართულებაა.

შარდის ბუშტში მოსახვედრად მიკრობებმა ჯერ შარდსადენი უნდა გაიარონ, ამიტომ ყველა ის ფაქტორი, რომელიც შარდსადენში ბაქტერიების მოხვედრას უწყობს ხელს, ცისტიტის განვითარების რისკფაქტორია. ჩვილ ასაკში სგი უფრო ხშირად აღირიცხება ბიჭებთან, განსაკუთრებით – წინადაუცვეთელებთან, რადგან ბაქტერიები ადვილად გროვდებიან ჩუჩაში, მერე კი გოგონებთან უფრო ხშირდება, რადგან მათ მოკლე შარდსადენი აქვთ და მიკრობები უფრო ადვილად აღწევენ შარდის ბუშტს.

ბავშვებთან ცისტიტის მიზეზებად ასევე განიხილება ძლიერი შეკრულობა და ნაწლავების ფუნქციის დარღვევა.

საზოგადოდ, მცირე ასაკში სგი-ს ხელს უწყობს საშარდე სისტემის ანომალიები, მაგალითად, ვეზიკოურეთერული (შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის) რეფლუქსი (VUR). ამ დროს შარდის ბუშტიდან შარდი უკან, შარდსაწვეთში ბრუნდება და ზოგჯერ თირკმელშიც კი შედის. შეგუბებული შარდი ხელს უწყობს შარდის ბუშტსა და თირკმელებში ბაქტერიების დაგროვებას და ანთების განვითარებას.

მოზარდებთან სგი-ის განვითარების რისკი იმატებს შაქრიანი დიაბეტის, ტრავმების, გოგონებთან – სქესობრივი აქტივობის ფონზე.

სიმპტომები

ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ცისტიტის დროს აწუხებთ შარდვის თანმხლები ტკივილი ან წვა, ხშირი და გადაუდებელი მოშარდვის სურვილი, ტკივილი შარდის ბუშტის არეში. შესაძლოა, გაუძნელდეთ მოშარდვა ან ჰქონდეთ შარდის შეუკავებლობა. ხშირად შარდს აქვს არასასიამოვნო სუნი. თუ ცისტიტი პიელონეფრიტით გართულდა, ბავშვებს აღენიშნებათ წელის ან ზურგის ტკივილი დაზიანებული თირკმლის პროექციაზე, მაღალი სიცხე, შემცივნება და საერთო სისუსტე.

5-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად ერთდროულად ემართებათ შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთება. ასეთი რამ განსაკუთრებით მაშინ არის საეჭვო, როცა ავადმყოფობა ცხელებით მიმდინარეობს.

2 წლამდე ასაკის ბავშვებთან სგი-ის ზოგადი სიმპტომებია სიცხე, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, უსიამოვნოსუნიანი შარდი. ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ სიცხე სხვა სიმპტომების გარეშე. ამავე ასაკში სგი-ს დროს შეინიშნება უმადობა, ზრდაში ჩამორჩენა, ლეთარგია (ძილად მივარდნა), ღებინება ან დიარეა. მკურნალობის გარეშე ახალშობილებს აქვთ სეფსისის (სისხლში ბაქტერიების გავრცელება) განვითარების საფრთხე.

დიაგნოსტიკა

იმისთვის, რომ ცისტიტის დიაგნოზი დაისვას, უპირველეს ყოვლისა, ტარდება:

* შარდის საერთო ანალიზი – წესისამებრ, მომატებულია ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) დონე;

* შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (კულტურა) ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების დასადგენად.

როგორ ავიღოთ შარდი: თუ ბავშვს უკვე შეუძლია შარდვის კონტროლი, ცოტა ტუალეტში მოაშარდინეთ, რათა შარდსადენი გაიწმინდოს, მერე კი მოშარდვა სტერილურ ჭიქაში გააგრძელებინეთ.

ჩვილებთან შარდის ასაღებად კათეტერს იყენებენ. თუ ბიჭს ჩუჩა კარგად არ ეწევა და კათეტერი არ იდგმება, შეიძლება ნიმუშის კანგავლით ნემსით აღება შარდის ბუშტიდან.

მეორე მეთოდია შარდის შესაგროვებელი სპეციალური პარკის მიკვრა სასქესო ორგანოებსა და ანუსს შორის, მაგრამ ამგვარად მიღებული შარდი სუფთა არ არის – მასში ხვდება კანზე არსებული ბაქტერიები და ჭუჭყის ნაწილაკები.

სისხლის ანალიზი – უტარდებათ ბავშვებს, რომელთა შარდის ანალიზი არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას ავადმყოფობის მიზეზზე ან რომლებთანაც ექიმი ვარაუდობს პიელონეფრიტს. ანთებით პროცესზე მიუთითებს ჩ-რეაქტიული ცილისა და ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევასაც (კულტურა) ატარებენ.

საშარდე სისტემის სტრუქტურული ანომალიების უმეტესობა ჯერ კიდევ დაბადებამდე დიაგნოსტირდება პრენატალური ულტრაბგერითი კვლევის დროს. იმ ანომალიების დასადგენად, რომლებიც პრენატალურ კვლევაზე არ გამოჩნდა, ყველა ბიჭს და სამ წლამდე ასაკის გოგონას, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონდათ სგი, ასევე უფროსი ასაკის გოგონებს, რომლებსაც განმეორებით აქვთ სგი, უნდა ჩაუტარდეთ დამატებითი გამოკვლევა:

* თირკმელებისა და შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა – მისი მეშვეობით შეიძლება გამოვლინდეს თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანომალიები და შარდის ბლოკირების ადგილები.

* კონტრასტული ცისტოურეთროგრაფია (VCUG) – ამ გზით ადგენენ თირკმელების, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის ანომალიებს და შარდის ნაკადის უკუსვლას (რეფლუქსს). პროცედურის დროს შარდსადენში დგამენ კათეტერს და შარდის ბუშტში შეჰყავთ საღებავი, რის შემდეგაც იღებენ რენტგენოლოგიურ სურათებს მოშარდვამდე და მის შემდეგ. ინიშნება, როცა ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგები ანომალიას აჩვენებს ან ბავშვს განმეორებითი სგი აქვს.

* რადიონუკლიდური ცისტოგრაფია (RNC) –ტარდება კონტრასტული ცისტოურეთროგრაფიის მსგავსად, იმ განსხვავებით, რომ ამ დროს შარდის ბუშტში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერება და გამოსახულებას სპეციალური სკანერის მეშვეობით იღებენ. ეს პროცედურა ნაკლებად ასხივებს საკვერცხეებსა და სათესლე ჯირკვლებს, ვიდრე VCUG, თუმცა მეთოდი უფრო მეტად რეფლუქსის მკურნალობის მონიტორინგისთვის გამოიყენება, ვიდრე მისი დიაგნოსტირებისთვის, რადგან სტრუქტურები ისე კარგად არ ჩანს, როგორც VჩUG-ის დროს.

* თირკმლის რადიონუკლიდური სკანირება –ვენაში შეჰყავთ რადიოაქტიური ნივთიერება (DMSA), რომელიც სისხლის ნაკადთან ერთად თირკმლებში ხვდება. ნივთიერება აღიქმება სპეციალური აპარატით, რომელიც თირკმლის შიგნითა სტრუქტურების სურათებს იღებს. DMშA გამოიყენება პიელონეფრიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად და თირკმლის ნაწიბურების გამოსავლენად.

მკურნალობა

სგი-ს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ექიმმა შესაძლოა ხელახლა დანიშნოს შარდის ანალიზი, რათა დარწმუნდეს, რომ ინფექცია აღმოფხვრილია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაუსრულებელი მკურნალობის შემდეგ ინფექცია შესაძლოა გამეორდეს ან სხვა ორგანოებში გავრცელდეს. ბავშვებს, რომლებსაც ძლიერი სიმპტომები აქვთ ან რომელთა შარდის პირველადი ანალიზი სგი-ზე მიუთითებს, ანტიბიოტიკები ენიშნებათ მანამდე, სანამ ცნობილი გახდება კულტურის შედეგები.

ძლიერად გამოხატული სგი-ს შემთხვევაში და ახალშობილებთან ანტიბიოტიკები კუნთში ან ვენაში შეჰყავთ. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ბავშვებს ანტიბიოტიკებს აძლევენ პერორალურად, ტაბლეტების ან სიროფის სახით. მკურნალობა, წესისამებრ, 7-10 დღეს გრძელდება. ზოგიერთ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკების მცირე, პროფილაქტიკური დოზა, რომლის მიცემაც დამატებითი გამოკვლევების ჩატარებამდე გრძელდება.

თუ ბავშვს შარდვისას ძლიერი ტკივილი აწუხებს, ექიმმა შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელი გამოუწეროს.

მნიშვნელოვანია, ანტიბიოტიკები მიეცეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით, დაცულ იქნეს მიღების დრო და ხანგრძლივობა.

დააკვირდით შარდვის სიხშირეს, ჰკითხეთ ბავშვს, ხომ არ გრძნობს ტკივილს ან წვას შარდვის დროს. ეს შეგრძნებები, წესისამებრ, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 2-3 დღეში ქრება.

ასვით ბავშვს ბევრი სითხე – ეს ხელს შეუწყობს შარდის ნაკადის გაძლიერებას და შარდის ბუშტის გაწმენდას, ოღონდ მოარიდეთ კოფეინის შემცველ სასმელებს (კოკა–კოლას, პეპსის, ცივ ჩაის), რადგან მათ შესაძლოა შარდის ბუშტის გაღიზიანება გამოიწვიონ.

საშარდე გზების მძიმე ინფექციის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია, რათა პაციენტს ანტიბიოტიკების ინექციები ჩაუტარდეს – კუნთსა და ვენაში შეყვანილი წამალი უფრო სწრაფად ხვდება სისხლში და ეფექტურად მოქმედებს. ჰოსპიტალიზაციის საფუძველია მაღალი ტემპერატურა, 6 თვეზე ნაკლები ასაკი, დეჰიდრატაცია და სეფსისიც.

საშარდე გზების სტრუქტურული ანომალიების მქონე ბავშვებს შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეთ. ზომიერი და მსუბუქი ვეზიკოურეთერული რეფლუქსი ზოგჯერ თავისთავად იკურნება.

პროგნოზი

სათანადო მკურნალობის პირობებში თირკმლის უკმარისობა ნაკლებმოსალოდნელია. მისი განვითარების ალბათობას ზრდის საშარდე გზების ისეთი ანომალიები, რომელთა გამოსწორება ვერ ხერხდება.

პრევენცია

სგი-ს პრევენცია ძნელია, მაგრამ მისი განვითარების რისკს ამცირებს სათანადო ჰიგიენა:

  • პატარას ხშირად გამოუცვალეთ საფენი.
  • გოგონებს ასწავლეთ წინიდან უკან გაწმენდა მოშარდვის ან ნაწლავთა მოქმედების შემდეგ – ეს შეამცირებს შარდსადენში ბაქტერიების მოხვედრის რისკს.
  • არ გამოიყენოთ ძლიერმოქმედი დასაბანი საშუალებები და აბაზანის ქაფი – შესაძლოა, გააღიზიანოს კანი შარდსადენის ირგვლივ.
  • ბავშვებს ჩააცვით ბამბის ქვედა საცვლები.
  • ასწავლეთ, შარდი არ შეიკავონ, როცა მოშარდვა უნდათ – დიდი ხნით შეკავება ხელს უწყობს შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ რეგულარული დეფეკაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეკრულობის პრევენცია ან მკურნალობა. ამითაც შეამცირებთ სგი-ის განვითარების რისკს.
  • წაახალისეთ ბავშვები, სვან ბევრი სითხე.

მარი აშუღაშვილი

Share: