როგორ შევარჩიოთ თერმომეტრი - პრაქტიკული რჩევები

Share:

რას ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, როდესაც სხეულის ტემპერატურის მატებას ვეჭვობთ? ავადმყოფს შუბლზე ხელს ან ტუჩებს ვადებთ. ასე იქცეოდა ჰიპოკრატეც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წლის წინ, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ბერძენ ექიმს თერმომეტრი არ ჰქონდა. ტემპერატურის საზომი პირველი ხელსაწყო XVI საუკუნეში შეიქმნა. გარდა სამედიცინოსი, არსებობს სამრეწველო და ლაბორატორიული თერმომეტრებიც, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკის აუცილებელი ნაწილია.

სად გავზომოთ

იდეალური იქნებოდა ტემპერატურის გაზომვა იქ, სადაც თერმორეგულაციის ცენტრია – ჰიპოთალამუსში. ცენტრალური ტემპერატურა საუკეთესოდ იზომება ფილტვის არტერიის დონეზე. არსებობს ინვაზიური მეთოდები, რომლებიც ფილტვის არტერიაში გამავალი სისხლის ტემპერატურას ზომავს და ყველაზე ღირებულად მიიჩნევა, მაგრამ, ცხადია, მათ მხოლოდ რეანიმაციისა და ქირურგიული ჩარევის დროს იყენებენ, ჩვეულებრივ კი მიღებულია ტემპერატურის გაზომვა პირის ღრუში, სწორ ნაწლავსა და იღლიაში.

* პირის ღრუ: მოითავსეთ თერმომეტრი ენის ქვეშ, მოკუმეთ პირი, ისუნთქეთ ცხვირით. თერმომეტრი ტუჩებით მყარად დააფიქსირეთ ერთ ადგილას. დაიცადეთ 3-5 წუთი ან მანამდე, სანამ ხელსაწყო ხმოვან სიგნალს გამოსცემს. პირის ღრუში ტემპერატურის გაზომვა რეკომენდებულია 3 წლიდან.

* სწორი ნაწლავი: ტემპერატურის გაზომვის ამ მეთოდის გამოყენება ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან არის რეკომენდებული – პირის ღრუში სიცხის გაზომვა მათთვის სახიფათოა. თერმომეტრს წვერზე წაუსვით ვაზელინი და ნაზად შეაცურეთ სწორ ნაწლავში. ფრთხილად იყავით, მეტისმეტად ღრმად არ მოათავსოთ. თუ ბავშვი წინააღმდეგობას გიწევთ, შესაძლოა, თერმომეტრი გატყდეს, ამიტომ ასეთ ვითარებაში სხვა მეთოდის გამოყენება ჯობია. შედეგი ნახეთ 3 წუთის ან ხმოვანი სიგნალის შემდეგ.

* იღლია: თერმომეტრი მოათავსეთ მშრალ იღლიის ფოსოში ისე, რომ ვერცხლისწყლის საცავი ფოსოს ცენტრში მოხვდეს და ხელით მჭიდროდ დააფიქსირეთ. თუ ელექტრონული თერმომეტრით იზომავთ, დაიცადეთ 5 წუთი, თუ ვერცხლისწყლიანით – 7-10.

კონტაქტური თუ არაკონტაქტური?

რატომ ან რისთვის უნდა გავიზომოთ ტემპერატურა, ყველამ იცის. საკითხი დღეს ასე დაისმის: რით უნდა გავიზომოთ? ამჟამად ბაზარზე ორი ტიპის თერმომეტრს შეხვდებით: კონტაქტურს (რომელიც ტემპერატურის გასაზომავად სხეულს უნდა შეეხოს) და დისტანციურს (რომელსაც ტემპერატურის გაზომვა კანთან შეხების გარეშე შეუძლია). თითოეულ მათგანს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

თავდაპირველად კონტაქტური თერმომეტრები განვიხილოთ:

1. ტრადიციული ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი მრავალ ქვეყანაში ხმარებიდან ამოიღეს: ჯერ ერთი, ხშირად ტყდება და საცხოვრებელ გარემოს მომწამვლელი ნივთიერებით აბინძურებს; მეორე – ასეთი თერმომეტრით ტემპერატურის გაზომვას შედარებით მეტი ხანი – 6-8 წუთი სჭირდება; ფორმის გამო ასეთი თერმომეტრი სწორ ნაწლავში მოთავსებისას შეიძლება "დაგვეკარგოს"; საშიშია პატარებთან მისი ორალურად გამოყენება. თუმცა საქართველოში ამ ტიპის თერმომეტრს ჯერაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს, რასაც თავისი მიზეზები აქვს:

  • გვაწვდის ზუსტ მონაცემებს (ცდომილება – 0,1 გრადუსამდე);
  • მისი მოთავსება შეიძლება როგორც რექტალურად, ისე ორალურად და იღლიის ფოსოში;
  • აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა (არ ზიანდება, თუ არ დავარდა);
  • ადვილად დეზინფიცირდება;
  • იაფია.

თუ ვერცხლისწყლიან თერმომეტრს იყენებთ, გამოყენების შემდეგ აუცილებლად მოათავსეთ ბუდეში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.

2. ყველაზე უსაფრთხოდ და, იმავდროულად, სანდოდ ელექტრონული თერმომეტრი მიიჩნევა. მას გაზომვის მონაცემები ციფრულ ეკრანზე გამოაქვს, აქვს მეხსიერება, ხმოვანი სიგნალი, წყალგაუმტარია, ადვილად არ ტყდება, არ შეიცავს ვერცხლისწყალს და სწრაფია (იღლიაში გასაზომავად საკმარისია 1,5-3 წუთი). მისი ნაკლოვანებებია სიძვირე და ის, რომ ყველა მოდელი არ ირეცხება და არ დეზინფიცირდება. თუ ელექტრონული თერომეტრის შეძენას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ერთჯერადი მოდელებიც, რომლებსაც აკუმულატორი არ ეცვლება. ისინი დაახლოებით 2000 გაზომვაზე გეყოფათ.

ელექტრონული თერმომეტრის სახესხვაობაა საწოვარა, რომელიც ძალზე მოხერხებულია ჩვილის პატრონებისთვის.

ასეთი თერმომეტრების ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ ელემენტების შეცვლის საჭიროება. აუცილებლად უნდა იქონიოთ შინ სათადარიგო ელემენტი, რადგან მისი შეცვლა შესაძლოა ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაგჭირდეთ.

COVID-19-ის პანდემიის დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინფიცირებულთა გამოსავლენად  უკონტაქტო თერმომეტრებს იყენებდნენ. მათი მეშვეობით შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის განსაზღვრა შუბლისა და ყურის მიდამოში ინფრაწითელი გამოსხივების დახმარებით. თერმომეტრი ობიექტის ინფრაწითელი გამოსხივების მონაცემებს იღებს  და მას ჩვენთვის გასაგებ ტემპერატურულ მაჩვენებლებად გარდაქმნის.

პლუსები:

  • აქვს დამატებითი ფუნქციები (მეხსიერება, ბგერითი სიგნალი, ავტომატური გამორთვა);
  • ძალიან სწრაფად (5-30 წამში) ზომავს ტემპერატურას;
  • ცვლადი დაბოლოებების წყალობით ჰიგიენურად უსაფრთხოა და  არ მოითხოვს დეზინფექციას;
  • უკონტაქტო მოდელების წყალობით ტემპერატურას ჭირვეულ ბავშვებსა და მძინარე ავადმყოფებსაც მარტივად გაუზომავთ.

მინუსები:

  • ხშირად იძლევა ცდომილებას, რომელიც ზოგჯერ 0,3-0,5 გრადუსის ფარგლებში მერყეობს;
  • გამოიყენება მხოლოდ სხეულის მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში (შუბლი, საფეთქელი, ყურები);
  • არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეუძლია დაფის აპკის დაზიანება;
  • ყურის მოდელები ცდომილებას იძლევა შუა ყურის ანთების დროს;
  • არასანდოა მონაცემები, თუ ბავშვი სიცხის გაზომვისას ტირის ან ყვირის. 

თერმოპლასტირი

ეს არის თერმომგრძნობიარე აპკი, რომლის გარეგანი სახე ტემპერატურის შესაბამისად იცვლება. თერმოპლასტირი ხშირად იძლევა დიდ ცდომილებებს, ამიტომ უმთავრესად იმის გასაგებად იყენებენ, საჭიროა თუ არა ტემპერატურის გაზომვა სხვა, უფრო ზუსტი მეთოდით. მოხერხებულია მოგზაურობისას.

ტემპერატურის გაზომვის წესები

გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ თერმომეტრი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ცივი წყლით ან სპირტით. თბილი წყლით გაწმენდა არ შეიძლება. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თერმომეტრის მაჩვენებელი (ვერცხლისწყლის სვეტი, ციფრული გამოსახულება) საწყის პოზიციაზეა. მონაცემები ვალიდური რომ იყოს, მძიმე ვარჯიშიდან ან ცხელი აბაზანის მიღებიდან ტემპერატურის გაზომვამდე, სულ მცირე, ერთი საათი უნდა გავიდეს, მოწევიდან, ჭამიდან, ცხელი სასმლის დალევიდან – 20-30 წუთი (განსაკუთრებით – პირის ღრუში გაზომვისას). არ შეიძლება ერთი და იმავე თერმომეტრის გამოყენება სხვადასხვა ადგილზე; იქონიეთ ორი, ერთი – რექტალური, მეორე კი ორალური გამოყენებისთვის.

სხეულის ნორმალური ტემპერატურა ნაწილობრივ დამოკიდებულია:

* ასაკზე – 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების ტემპერატურა 1-2 გრადუსით ვარირებს;

* დღე-ღამის მონაკვეთზე – სადღეღამისო ტემპერატურა მერყეობს 1 გრადუსის ფარგლებში, ეცემა ღამით, მინიმალურია დილის 5 საათისთვის, პიკს აღწევს 17-18 საათზე;

* გაზომვის ტიპზე – ორალურად იზომება, ანალურად, შუბლზე თუ იღლიაში. ამ ადგილებზე ტემპერატურის მაჩვენებლების ზუსტი კორელაცია უცნობია, თუმცა მიღებულია შემდეგი რეკომენდაციები:

* აქსილარული (იღლიის ფოსოში გაზომილი) ტემპერატურისთვის – 35.8⁰ც – 37.0⁰ც;

* რექტალური (სწორ ნაწლავში გაზომილი) ტემპერატურისთვის – 36.1⁰ც – 37.8⁰ც;

* ორალური (პირის ღრუში გაზომილი) ტემპერატურისთვის – 35.8⁰ც -37.3⁰ც.

ისტორიული ფაქტები

პირველი თერმომეტრის შემქმნელად ხშირად იტალიელ ფიზიკოსს, ასტრონომსა და ფილოსოფოსს გალილეო გალილეის მიიჩნევენ. სინამდვილეში მან 1596 წელს თერმოსკოპი – ტემპერატურის ცვლილებაზე დასაკვირვებელი ხელსაწყო გამოიგონა. გალილეოს ქმნილება შუშის ბურთისა და მასზე  დამაგრებული შუშის მილისგან შედგებოდა. ბურთს აცხელებდნენ, ხოლო მილის ბოლოს წყალში დებდნენ. ბურთი რომ ცივდებოდა, მასში წნევა მცირდებოდა, ხოლო წყალში ჩადებული, ატმოსფერული წნევის ქვეშ არსებული მილი გარკვეულ სიმაღლეზე იწევდა მაღლა. გათბობის შემთხვევაში წყლის დონე მილში ქვემოთ ეშვებოდა. გამოგონების ნაკლი ის გახლდათ, რომ თერმოსკოპი ტემპერატურის ცვლილების ზუსტ მონაცემებს ვერ აღრიცხავდა.

პირველი ილუსტრაცია სკალიანი თერმოსკოპისა, რომელიც თანამედროვე თერმომეტრის წინამორბედად მიიჩნევა, 1638 წელს ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ ფლადმა შემოგვთავაზა, თუმცა მანამდე, 26 წლით ადრე, იტალიელმა მეცნიერმა სანტორიო სანტორიომ თერმოსკოპის მილს დანაყოფები გაუკეთა და თავისი განახლებული თერმოსკოპით ადამიანის ტემპერატურის გაზომვა პირის ღრუდან სცადა. სწორედ სანტორიოს მოწყობილობა მიიჩნევა პირველ თერმომეტრად.

1654 წელს ფერდინანდ II დე მედიჩიმ, ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა, დაამზადა დალუქული მილები ბოლქვითა და ღეროებით, რომლებიც ნაწილობრივ სპირტით აავსო. ეს გახლდათ პირველი თერმომეტრი, რომლის ჩვენებები მხოლოდ სითხის გაფართოებასა და შეკუმშვაზე იყო დამოკიდებული –  ატმოსფერული წნევა მათზე გავლენას არ ახდენდა.

1724 წელს ხელსაწყოების მწარმოებელმა გერმანელმა დანიელ გაბრიელ ფარენჰაიტმა პირველი ვერცხლისწყლის თერმომეტრი შექმნა. მან სკალაზე სამი წერტილი მონიშნა: ქვედა 32 °F – ზღვის წყლის გაყინვის ტემპერატურა, 96 °F – ადამიანის სხეულის ტემპერატურა, ზედა 212 °F – წყლის დუღილის ტემპერატურა. ინგლისურენოვან ქვეყნებში მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე სარგებლობდნენ ფარენჰაიტის თერმოეტრით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მას დღესაც იყენებენ.

1742 წელს შვედმა მეცნიერმა ანდერს ცელსიუსმა დაამზადა ვერცხლისწყლის თერმომეტრის ახალი სკალა, რომელზეც წყლის დუღილის ტემპერატურად 0 გრადუსი მონიშნა, ხოლო გაყინვის წერტილად – 100. ერთი წლის შემდეგ ფრანგმა მეცნიერმა ჟან პიერ კრისტინმა ცელსიუსის სკალა ამოაყირავა და დღევანდელი სახე მისცა (გაყინვის წერტილი – 0°ჩ, დუღილის წერტილი – 100°ჩ). 1948 წლის საერთაშორისო შეთანხმებით, კრისტინის ადაპტირებულ სკალას ცელსიუსის სახელი მიენიჭა და ის დღესაც წარმატებით გამოიყენება.

სამედიცინო თერმომეტრი კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა ინგლისელი ექიმის სერ ტომას ალბოტის წყალობით. 15 სმ სიგრძის ინსტრუმენტში ვერცხლისწყლის სვეტი და ფარენჰაიტის სკალა იყო მოთავსებული (32-43.3°ჩ). მოგვიანებით ეს უკანასკნელი ცელსიუსის სკალით ჩაანაცვლეს. ალბოტის სახელს უკავშირდება ოფთალმოსკოპის შექმნაც. მედიცინაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მას რაინდის წოდება მიანიჭეს, ხოლო 1920 წელს ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

მარი მარღანია

 

Share: