ეკატერინე ბერიძე: ჩემს თოჯინებს მამსგავსებენ

Share:

ეკატერინე ბერიძე მეთოჯინეა. მეშვიდე წელია, გატაცება ერთგვარ ბიზნესად აქცია. თოჯინები მთელი გულით შევიყვარე და ალბათ ეს საქმე ჩემთვის რუტინად არასოდეს იქცევაო, ამბობს. თოჯინის სამოსზე, თითოეულ დეტალზე, მაქმანზე, ყელსაბამზე, წინდასა თუ მინიატურულ აქსესუარზე სკრუპულოზურად მუშაობს.

– როდესაც საინტერესო წიგნს კითხულობ, წარმოიდგენ სიუჟეტის გმირებს, წარმოსახვით ხატავ თითოეულ სცენას... არ გინდა, ვინმემ დაგიძახოს, მოგწყვიტოს იმ საოცარ სამყაროს, რომელშიც წიგნი გამოგზაურებს. იმავეს ვგრძნობ, როდესაც თოჯინას ვაკეთებ, ვძერწავ მის ნაკვთებს, ვუკერავ კაბას, ფეხსაცმელს... ბევრს ვფიქრობ, როდესაც მანერას ვურჩევ, ხასიათს ვაძლევ. თქვენ წარმოიდგინეთ, თავს რა კუთხით დავახრევინებ, ამასაც კი მნიშვნელობა აქვს. ყველა თოჯინა თავის ისტორიას ჰყვება. ხშირად მეუბნებიან, შენი თოჯინები გგვანანო. ასეც არის, თითოეულ მათგანში ჩემს ემოციას და ხასიათს ვდებ, ამიტომაც მემსგავსებიან.

ხატვა და ხელსაქმე ბავშვობიდან ეხერხებოდა (ფერწერა დღემდე მისი დიდი გატაცებაა). კერვა დედამ ასწავლა. თოჯინებს ნაირ-ნაირ კაბებს უკერავდა. მერე ქორეოგრაფიით დაინტერესდა. წლების განმავლობაში სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა, მერე "ერისიონში" გადავიდა. თვითონაც ასწავლიდა ცეკვას. სულხან-საბას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოგრაფიისა და უცხო ენების ფაკულტეტზე ჩააბარა. არასოდეს უფიქრია, რომ ბავშვობის დროინდელ გატაცებას ოდესმე დაუბრუნდებოდა.

წლები გავიდა, დაოჯახდა, მრავალშვილიანი დედა გახდა. მერვე შვილზე იყო ორსულად, როდესაც თავის შესაქცევად თოჯინების კეთება მოინდომა. საფუძვლები მეთოჯინე იულია სოროკინამ შეასწავლა. თანდათან თოჯინების კეთებამ ისე გაიტაცა, რომ თავი ვეღარ დაანება.

– პირველივე ჯერზე პრინცესას, რა თქმა უნდა, ვერ შეკერავ, ჯერ ტექნიკა უნდა აითვისო: ძერწვა, სახის მოხატვა... მერე იშრომო და დაიხვეწო, რაღაც შენიც აღმოაჩინო და უკვე არსებულ ცოდნას შემატო. პრაქტიკასთან ერთად საქმეც გიადვილდება.

საქართველოში მეთოჯინეების ყველა გამოფენაში ვმონაწილეობ. რამდენჯერმე პრაღაშიც მიმიწვიეს ხელნაკეთი თოჯინების გამოფენაზე. ჩემი ნამუშევრებით კულტურის იმდროინდელი მინისტრი თეა წულუკიანი დაინტერესდა, დამიბარა – მინდა, გვერდით დაგიდგეთო და იჯარით გადმომცა ფართი. მოვიწვიე ჩემი მასწავლებელი იულია სოროკინა და გავხსენით სახელოსნო. ვასწავლით მსურველებს თოჯინების კერვას, ხატვას, თიხაზე, ტყავზე მუშაობას, ყველაფერს, რასაც მეთოჯინეობა გულისხმობს. კიდევ ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა გვაქვს. ვემზადებით გალერეის გასახსნელად: მნახველები დაათვალიერებენ ნაკეთობებს და იქვე, სახელოსნოში, თოჯინების შექმნის პროცესსაც გაეცნობიან. ექსპოზიციისთვის ვყიდულობთ უცხოელი ოსტატების ძვირად ღირებულ ნამუშევრებს. ვცდილობთ, ჩვენს სივრცეში წარმოდგენილი ნიმუშები მრავალფეროვანი იყოს, ამიტომ სხვადასხვა ხელწერის, სტილისა და გემოვნების მეთოჯინეებთან ვთანამშრომლობთ.

ეკას ნამუშევრებს უმეტესად კოლექციონერები ყიდულობენ. მყიდველების უმრავლესობა შეძლებული ადამიანია, რადგან ხელნაკეთი თოჯინა ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

– ჩემს თოჯინებს ხშირად არჩევენ საჩუქრად. უცხოელებიც ყიდულობენ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ამჟამად მხოლოდ ერთი თოჯინა მყავს შინ. ყველა სხვა გაიყიდა, საგამოფენო ეგზემპლარებიც კი აღარ დამრჩა. რამდენჯერმე ფოტოს მიხედვით მთხოვეს თოჯინის გაკეთება, მაგრამ უარი ვუთხარი – როგორც კი ჩარჩოებს გიწესებენ, ფანტაზია კვდება.

თოჯინას დასრულებული სახე რომ მივცე, ერთი თვე მაინც მჭირდებაო, გვითხრა. მისი ნამუშევრების პირველი შემფასებლები შვილები არიან:

–  შვილებს, ყველაზე პატარებსაც კი, ხშირად ვეკითხები აზრს. მაინტერესებს, რა მოსწონთ, რა – არა. ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან და როცა რამე ნაკლს ხედავენ, დაუფარავად ამბობენ.

ეკას უფროსი ვაჟი ოცდაერთი წლისაა, ნაბოლარა გოგონა კი – ექვსის.

– სამი ყველაზე ძვირფასი რამ ჩემს ცხოვრებაში არის რწმენა, ჩემი შვილები და საქმე, რომელიც მიყვარს. ოჯახშიც უამრავი საქმე მაქვს – ბავშვებს სულ ყურადღება სჭირდებათ. მსიამოვნებს მათთან დროის გატარება, ფილმის ერთად ყურება, საუბარი... მინდა, ახალგაზრდა თაობამაც იცოდეს, რომ მრავალშვილიანობა, მართალია, დიდი პასუხისმგებლობა და საზრუნავია, მაგრამ დიდი ძალა და ბედნიერებაც არის.

დაუჯერებელია, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესისთვისაც ახერხებს დროის გამონახვას:

– ზოგჯერ ძალიან მეზარება, მაგრამ მაინც ვვარჯიშობ,  რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგალითი ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს შვილებს. მიყვარს ფეხით სიარულიც, ბავშვებს სკოლაში რომ მივიყვან, მერე  ვსეირნობ ხოლმე.

ჩემი მთავარი ნატვრაც შვილებს უკავშირდება – მინდა, მათ და მათმა თანატოლებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ მშვიდ და ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ.

თამარ ციბალაშვილი

Share: