როგორ გავუფრთხილდეთ ბავშვის ფსიქიკას სტრესულ გარემოში

Share:

დაძაბულობა საზოგადოებაში, დაპირისპირება საყვარელ ადამიანებს შორის, ძალადობის ამსახველი კადრები, ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ... რა მოცემულობასთან უწევთ ბავშვებს გამკლავება და რა ვიღონოთ, რომ თავიდან ავაცილოთ სულიერი ტრავმა? ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილი გვესაუბრა:

– გეშტალტფსიქოლოგიის მიხედვით, ადამიანი სხეულის, ინტელექტის, ემოციების ერთობლიობაა. ყველა ამ კომპონენტის ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელია, ბავშვი გრძნობდეს უსაფრთხოებას, დაცულობას, ნდობით იყოს განწყობილი გარემოს მიმართ. სწორედ უსაფრთხოების შეგრძნების მორღვევის შედეგად წარმოიშობა პრობლემები, მაგრამ მათი მეყსეულად ამოცნობა ყოველთვის ვერ ხერხდება და მოგვიანებით ისინი სხვადასხვანაირად იჩენს თავს – შიშით, შფოთვით, განვითარების შეფერხებით, დასწავლის უნარის დაქვეითებით, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემებით, დაბალი თვითშეფასებით, თანატოლებთან ადეკვატური კონტაქტის გაძნელებით...

საფრთხის შეგრძნება ბავშვს შესაძლოა გაუჩინოს ზრდასრულისთვის გაუგებარმა მიზეზმაც, მაგალითად, უფროსების ერთმანეთთან ხმამაღალმა საუბარმა, კამათმა, მისდმი არაკორექტულმა მიმართვამ... თუ ბავშვი ამ დროს თავის განცდებთან მარტო დარჩა, განგაშმა და გამოუვალობის შეგრძნებამ შესაძლოა კარი გაუღოს ფსიქიკურ დარღვევებს.

რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო გამჭვირვალე და დაუცველია მისი ფსიქიკა, მით მეტად ირეკლავს გარემოს და ნაკლებად ფილტრავს ინფორმაციას. ბავშვის ძირითადი გარემოა ოჯახი. ემოციები, რომლებიც ამ გარემოში იფრქვევა, პირდაპირ აისახება მასზე და მის ფსიქოემოციურ ფონზე. ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვების ერთ-ერთი სანუკვარი სურვილია, მშობლები კარგ განწყობაზე იყვნენ. ისინი ბედნიერ მშობლებს ნატრობენ, რადგან, განსაზღვრულ ეტაპამდე, თავადაც მშობლების განწყობით ცხოვრობენ.

არაჯანსაღი გარემო – მუდმივი კამათი, დაძაბულობა, ხმამაღალი საუბარი – უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. მას შესაძლოა დააგვიანდეს ამეტყველება, გაუჭირდეს კითხვის სწავლა, დაუქვეითდეს დასწავლის უნარი, მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია და სხვა. ამგვარ ვითარებაში იმატებს სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკიც. ბავშვმა შესაძლოა ვირტუალურ რეალობას შეაფაროს თავი, რაც მას გადარჩენაში ეხმარება, მაგრამ, იმავდროულად, არასასურველ შედეგებსაც იწვევს.

მოსალოდნელია ფსიქოემოციური ფონის გაუარესებაც: როცა ბავშვი მარტო რჩება საკუთარ ემოციებთან, რომლებიც შესაძლოა საკმაოდ ინტენსიური იყოს, ის ვერ უმკლავდება მათ და ბლოკავს, უარს ამბობს მათზე ან ქცევით გამოხატავს თავის შინაგან მდგომარეობას, გაღიზიანებულია, აღგზნებული, აქვს დესტრუქციული ქცევა და სხვა. ხშირია ისეთი სიმპტომების აღმოცენებაც, როგორიც არის ღამის ენურეზი, ტიკები, შიშები.

– რა  ასაკია ყველაზე საფრთხილო ამ კუთხით?

– დაბადებიდან სამ წლამდე თავის ტვინი განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპებს გადის. ამ პერიოდში ნერვული კავშირები ყველაზე ინტენსიურად ყალიბდება. თუ საბაზისო უნარები ამ ასაკში არ განვითარდა, მერე შესაძლოა ვეღარ განვითარდეს. ასეთი შეფერხება შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა სტრესმა, ტრავმამ, დიდი დოზით ეკრანთან ყოფნამ, ამიტომ ეს ასაკი ძალიან ყურადსაღებია, თუმცა ნებისმიერი ასაკის ბავშვი თუ მოზარდი შეიძლება აღმოჩნდეს იმდენად ფაქიზი და მგრძნობიარე, რომ ერთმა ყურმოკრულმა ფრაზამაც კი ძლიერი ტრავმა მიაყენოს.

გულწრფელობის წუთები

– როგორ მივხვდეთ, რამე ხომ არ აწუხებს ბავშვს?

– ამისთვის უნდა ვაკონტროლოთ მისი მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, დღის ბოლოს გამოვნახოთ დრო მასთან ურთიერთობისთვის, გამოვხატოთ გულწრფელი ინტერსი, მოვუსმინოთ, დავუსვათ კითხვები და ვეცადოთ, მისი რეაქციით ამოვიცნოთ, ხომ არ მომხდარა დღის განმავლობაში რამე ისეთი, რასაც ბავშვი ვერ გაუმკლავდა და რაზეც დარდობს, ნერვიულობს.

თუ შევატყვეთ, რომ ბავშვი პასუხისთვის მზად არ არის, არ გამოხატავს საუბრის სურვილის, ჩვენ თვითონ მოვუყვეთ, რა უსიამოვნო ამბავი გადაგვხდა თავს იმ დღეს, რა გვეწყინა, რისი გვეშინია ან გვრცხვენია. ამგვარად ვაგრძნობინებთ ბავშვს, რომ მას მოუსმენენ, გაუგებენ, მიიღებენ, არ გააკრიტიკებენ.

ინტუაცია გვიკარნახებს, რა ვქნათ ამის შემდეგ: ვესაუბროთ, ვეთამაშოთ თუ სხვა.

უშეცდომო მშობელი არ არსებობს, მაგრამ წრფელი სურვილი, ვიყოთ შვილის გვერდით, გავიგოთ და მივიღოთ მისი ნებისმიერი ემოცია, ჩვენს შეცდომებს აკომპენსირებს.

შეცდომებზე მითითება

– რამდენად მართებულია, გულწრფელი საუბრის დროს ბავშვს შეცდომებზე მივუთითოთ?

– დანაშაულისა და სირცხვილის განცდით ცხოვრება ძალიან მტკივნეულია. როდესაც ბავშვს თავისი დანაშაულისთვის თვალის გასწორებას ვაიძულებთ, ამას კეთილი განზრახვით ვაკეთებთ – იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომა მეორედ აღარ დაუშვას, მაგრამ შესაძლოა, საპირისპირო შედეგი მივიღოთ: ბავშვი საკუთარ თავში ჩაიკეტოს, რათა საყვედურები, სინდისის ქენჯნა და დანაშაულისა თუ სირცხვილის განცდა თავიდან აიცილოს. ამგვარად, ის კვლავ მარტო დარჩება.

– როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

– როდესაც მშობელი არ უფრთხის საკუთარი შეცდომების აღიარებას, ბავშვი აცნობიერებს, რომ შეცდომა გარდაუვალია, რომ ის უფროსებსაც მოსდით. კარგი იქნება, მოვუყვეთ იმაზეც, როგორ ვცდილობთ ჩვენი შეცდომების გამოსწორებას.

როცა ჩვენ არ გვრცხვენია იმის აღიარების, რომ შეგვეშალა, ამით ჩვენც ვსწავლობთ და ბავშვსაც ვასწავლით შეცდომის მიღებას. სწორედ შეცდომის მიმღებლობა გვეხმარება, დავიწყოთ გონივრული გზის ძებნა მომავალში მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ბავშვს სჭირდება უფროსი, ვისთანაც თამამად აღიარებს შეცდომას და თავს დამცირებულად, შერცხვენილად არ იგრძნობს, უფროსი, ვისთან ერთადაც მოძებნის ამ შეცდომის გამოსწორების გზას.

საუბარი სტრესულ გარემოში

– რა გავლენას ახდენს ბავშვზე მშობლების მიერ ნეგატიური ემოციების თავშეუკავებელი გამოხატვა?

– ძალიან მნიშვნელოვანია, აღშფოთება, შიში, ბრაზი ბავშვების თანდასწრებით იმპულსურად კი არ გადმოვანთხიოთ, არამედ ვესაუბროთ იმაზე, რას განვიცდით. ამგვარად, ბავშვს კი არ დავაზიანებთ, არამედ გზას გავკვალავთ იმისკენ, რაც კი არ დაგვაშორებს, არამედ გაგვაერთიანებს. თუმცა აქაც ფილტრია საჭირო. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა ინფორმაციას ფლობს ბავშვი. დავუსვათ კითხვები: რა იცი ამის შესახებ? რა  ნახე? რა მოისმინე? ჩვენც, ჩვენი მხრივ, ინფორმაცია ასაკის შესაბამისად  უნდა მივაწოდოთ.

თუ შევიტყვეთ, რომ ბავშვმა დამთრგუნველი რამ ნახა,  ეს არ უნდა უგულებელვყოთ, ბავშვი მარტო არ უნდა დავტოვოთ ამ ინფორმაციასთან. პირიქით, უნდა დავეხმაროთ, რომ გაგვიზიაროს თავისი აზრები, შეგრძნებები, ემოციები. დავიწყოთ საუბარი, მაგალითად, ასე: "ვგრძნობ, რომ უგუნებოდ ხარ. რა იცი იმის შესახებ, რაც ხდება?" ოღონდ ეს არ უნდა ჰგავდეს დაკითხვას, ეს უნდა იყოს მხარდაჭერის შეთავაზება; ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მის ნებისმიერ პასუხს მივიღებთ.

ვუთხრათ, რომ ასეთ ვითარებაში ასეთი განცდები ნორმალური და გასაგებია, რომ ნამდვილად არ არის კარგი, რაც ხდება, რომ ჩვენც განვიცდით. შემდეგ ავუხსნათ, რომ უსამართლობა ყოველთვის არსებობდა და არსებობს, მაგრამ მის პირისპირ მარტოს არ დავრტოვებთ, ძალიან ბევრი ადამიანი ვართ ერთად და ერთად ყოფნას დიდი ძალა აქვს. 

საყურადღებო სიმპტომები

– როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს უჭირს?

– იმის მიხედვით, რამდენად გულღიაა ბავშვი, თავის განცდებსაც სხვადასხვანაირად გამოხატავს. თუ ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობს, უფრო ფხიზლად უნდა დავაკვირდეთ სიმპტომებს:

  • ბავშვი ჩუმადაა, ერთი შეხედვით, თავისთვისაა (ამ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ თავის თავთან მარტო დარჩენის საშუალება, მით უმეტეს, თუ, საზოგადოდ, ასეთი ტიპი არ არის);
  • ვატყობთ, რომ აგზნებულია, დაბნეულია, ვეღარ მეცადინეობს, უჭირს ყურადღების მოკრება;
  • არ სურს სკოლაში სიარული, მშობლებს ეხვეწება, არ წავიდნენ სამსახურში და შინ დარჩნენ;
  • დაკარგა მადა, იმასაც კი აღარ ჭამს, რასაც ყოველთვის სიამოვნებით შეექცეოდა;
  • დაეწყო ენურეზი, ფრჩხილების კვნეტა, ტიკები (თვალების ხშირი ხამხამი და სხვა);
  • დაეწყო მისთვის უჩვეულო შიშები.

ოჯახში უნდა შევუქმნათ შეძლებისდაგვარად მშვიდი გარემო, ვესაუბროთ რეალობაზე, მაგრამ ვეცადოთ, საკუთარმა ემოციებმა არ წაგვლეკოს. ბავშვებს ჩვენი სიმშვიდე სჭირდებათ და აძლიერებთ.

როგორ გავუფრთხილდეთ

– ბავშვი მარტო არ უნდა დარჩეს თავის განცდებთან, მით უმეტეს დიდხანს. დღეს ინფორმაციის უამრავი წყაროა, ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ჩვენი ერთადერთი იარაღია ჯანსაღი დიალოგი, ბავშვის მოსმენისთვის მზაობა და სიმშვიდე.

უფროსები ეცადეთ, ბავშვების თვალწინ არ იკამათოთ, არ გაუზიაროთ ერთმანეთს უსიამოვნო ინფორმაცია, არ უყუროთ მათი თანდასწრებით ახალ ამბებს ტელევიზორში (შეგიძლიათ, ყურსასმენებით მოუსმინოთ გაჯეტში ან წაიკითხოთ). როდესაც ბავშვები აღელვებულებს, შეშფოთებულებს გვხედავენ, თავადაც განიცდიან, იწყებენ ჩვენზე ზრუნვას, თითქოს ჩვენი მშობლები ხდებიან. ჩვენი შვილები ამ როლში არ უნდა აღმოვაჩინოთ.

თუ ოჯახის წევრებს რაიმე საკითხის თაობაზე ურთიერთსაპირისპირო პოზიცია აქვთ, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე მართებთ. მათი კამათის დროს ბავშვი იხლიჩება. ის ხედავს მშობლების ერთობის დარღვევის საფრთხეს.

– როგორ აისახება კონფლიქტური გარემო თანატოლებთან, მეგობრებთან ბავშვების ურთიერთობაზე?

– ბავშვს ოჯახის გავლენით უყალიბდება პოზიცია ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. თუ მეგობრების ოჯახებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ, შესაძლოა, ამან ბავშვების ურთიერთობაზეც უარყოფითად იმოქმედოს.

საუკეთესო გამოსავალია თამაში. ის გადაარჩენს ბავშვის ფსიქიკას ტრავმული რეალობის დროს.

კარგი იქნება, დრო გამოვნახოთ და ბავშვები წავიყვანოთ იქ, სადაც განიტვირთებიან: საცურაოდ, სკვერში, საბავშვო მოედანზე. ვეთამაშოთ, უბრალოდ ერთად ვიყოთ.

– რით შეუძლია დახმარება მასწავლებელს?

– როდესაც ბავშვი სტრესშია, სწავლა უჭირს და ამის გამო შესაძლოა თვითშეფასება დაუქვეითდეს, სკოლაში სიარულის მოტივაცია შეუსუსტდეს. მასწავლებელს შეუძლია, ამის თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს. ჯერ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ბავშვს, რომ მერე თავადაც მოისურვოს ჩვენი მოსმენა, ამიტომ კარგი იქნება, მასწავლებელმა გაკვეთილი დაიწყოს მოსწავლეების მოკითხვით: "აბა, როგორ ხართ?", – მისცეს მათ თავიანთ განცდებზე საუბრის საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს სასწავლო პროცესზე.

მნიშვნელოვანია სხეულის გააქტიურებაც: ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, თამაში.

– მოზარდები ემოციურობით გამოირჩევიან. რა შეიძლება დაუპირისპირონ ამას მშობლებმა?

– მოზარდს ემოცია მართავს. მოზარდობის პერიოდი იმპულსურობით გამოირჩევა. ზრდასრულებს უფრო მეტად შეგვიძლია გონებით განსჯა. მოზარდებს მშობლებმა უნდა მივცეთ გონიერების მაგალითი ისე, რომ არც მათი ინიციატივა ჩავახშოთ და საზღვრებიც დავანახოთ. შევუქოთ სულისკვეთება, რა პოზიციაც არ უნდა ეკავოთ, დავუფასოთ, რომ იდეისთვის გული შესტკივათ, მაგრამ ისიც ვუთხრათ, რომ სიცოცხლე უზენაესია და ვასწავლოთ სიფრთხილის ზომების დაცვა.

– რა ტიპის ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ ბავშვებს, რომლებსაც ასეთი სიტუაციების გადალახვა უჭირთ?

– ძალიან კარგი იქნება ვიზიტი ფსიქოთერაპევტთან, რომელიც ზუსტად შეაფასებს სიტუაციას და რეკომენდაციას მოგვცემს. თუ ფსიქოთერაპევტთან მისვლას ვერ ვახერხებთ, ვკითხოთ თავად ბავშვს, რა გაუხარდება – მეგობრებთან ურთიერთობა, მშობლებთან მეტი დროის გატარება თუ სხვა რამ. თუ ბავშვი საკუთარ თავშია ჩაკეტილი და არ ან ვერ გამოხატავს თავის ემოციებს, აზრებს, სურვილებს, აუცილებლად უნდა მივმართოთ პროფესიონალს.

მარი აშუღაშვილი

Share: