მწეველის ხველა

Share:

ხველას ბევრი მწეველი უჩივის. მოწევისას სასუნთქ გზებში მრავალი ქიმიური ნივთიერება ხვდება, ხველა კი მათ გასაწმენდად გამიზნული თავდაცვითი რეაქციაა. თუ მწეველს დიდი ხანია ახველებს, მწეველის ხველაზე საუბრობენ.

მწეველის ხველა უმეტესად ნახველიანია. რეგულარული მოწევა აზიანებს სასუნთქ გზებს და ხველაც ქრონიკული ხდება.

განვითარების მექანიზმი

ბრონქები ამოფენილია ცილიებით – მიკროსკოპული ბუსუსებით. ისინი მოძრაობენ და ლორწოსთან ერთად გარეთ გამოდევნიან მიკრობებსა და მავნე ნაწილაკებს. სიგარეტის კვამლი (ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში შემავალი ქიმიკატები საკმაოდ ტოქსიკურია, სულ მცირე, 70 მათგანი კიბოს იწვევს) აზიანებს ცილიებს. ბუსუსები პარალიზდება და კარგავს უცხო ნივთიერებებისგან ფილტვების გაწმენდის უნარს. შედეგად ტოქსინები მწეველის ფილტვებში გაცილებით მეტხანს რჩება.

ამასთან ერთად, სიგარეტის კვამლი აღიზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარს და ხელს უწყობს ბრონქებსა და ბრონქიოლებში ლორწოს ჭარბ გამოყოფას. როდესაც ცილიები არ ფუნქციობს, ლორწო მავნე ნივთიერებებთან ერთად სასუნთქ გზებში გროვდება. სხეულიდან მათ გამოსადევნად ადამიანი მეტს ახველებს.

მწეველის ხველა დილაობით ძლიერდება. ეს იმიტომ, რომ ადამიანს ღამით სძინავს და ფილტვები თამბაქოს კვამლისგან ისვენებს. ამ რამდენიმე საათის განმავლობაში წამწამები აღიდგენს ქიმიკატების გამოდევნის უნარს და გაღვიძებისას ინტენსიურად იწყებს ფილტვების წმენდას.

მწეველის ხველას შესაძლოა თან ახლდეს პოსტნაზალური წვეთვაც: ცხვირიდან ლორწოს ყელში გადასვლა. ეს მდგომარეობა იწვევს ყელის ჩაწმენდის მოთხოვნილებას, რამაც შესაძლოა ხველა გააძლიეროს.

თამბაქოს ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ქრონიკული ანთება და საბოლოოდ – ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) ჩამოყალიბება. მისი ერთ-ერთი ფორმაა ქრონიკული ბრონქიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივი ხველა ლორწოს გამოყოფით.

ფაქტები

  • მოწევა იწვევს მწეველის ხველას.
  • მწეველის ხველა ყველა მწეველს არ უვითარდება.
  • მოწევა იწვევს ბრონქიტს და სხვა გართულებებს.
  • მწეველის ხველისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური გზა მოწევისთვის თავის დანებებაა.

18-დან 21 წლამდე ასაკის სამხედრო პერსონალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღე მწეველთა 40%-ზე მეტი და არარეგულარულ მწეველთა 27% ქრონიკულ ხველას და ნახველს უჩივის. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ უფრო დიდი ასაკისა და გამოცდილების მქონე მწეველებში მაჩვენებელი უფრო მაღალია.

როგორ ამოვიცნოთ

ადრეულ სტადიაზე მწეველის ხველა, როგორც წესი, მშრალია. მოგვიანებით იწყება უფერო, სისხლნარევი, მოყვითალო-მომწვანო ან თეთრი ნახველის გამოყოფა.

ხველას ხშირად თან ახლავს:

  • ტკაცუნი სუნთქვისას;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • ქოშინი;
  • ყელის ტკივილი;
  • ხიხინი.

მწეველის ხველა, როგორც ვთქვით, დილაობით ძლიერდება, მერე კი, დღის განმავლობაში, თანდათან იკლებს. თუ ადამიანმა მოწევას თავი არ დაანება, სიმპტომები თანდათან დამძიმდება.

მწეველის ხველისთვის ტიპობრივია ისეთი ნიშნები, როგორიცაა ნახველის წარმოქმნა, მკერდში ტკაცუნი და ხიხინი, რაც მის ამოცნობას აადვილებს, თუმცა ძნელია მისი გარჩევა კიბოთი ან ფქოდ-ით გამოწვეული ხველისგან, ამიტომ მწეველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულარული სამედიცინო გამოკვლევა.

გართულებები

მწეველის ხველის დროს მოსალოდნელია:

  • სასუნთქი გზების ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების რისკის მატება;
  • ყელის გაღიზიანება`დაზიანება
  • ხმის ჩახრინწვა და ჩახლეჩა;
  • სასუნთქი გზების გაღიზიანება.

ცილიების დაზიანების შედეგად ფილტვებსა და სასუნთქ გზებში ქიმიური ნივთიერებების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს:

* ბრონქიტი – ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. მისი სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება და ნახველის დაგროვება სასუნთქ გზებში. თუ ბრონქიტი 3 თვეზე მეტია გრძელდება ან სულ მცირე, ორი წელია რეგულარულად მწვავდება, ქრონიკულ ბრონქიტზე საუბრობენ. ბრონქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მოწევაა.

* ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ). აშშ-ის გულის, ფილტვისა და სისხლის ინსტიტუტის მონაცემებით, ფქოდ, რომლის ძირითადი მიზეზი მოწევაა, სიკვდილიანობის მიზეზთა ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.  ფქოდ  შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული ბრონქიტით, ემფიზემით ან ერთდროულად ორივეთი. ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომებია ნახველიანი ხველა, ხიხინი, გულმკერდის შებოჭილობა, ემფიზემისა – სუნთქვის გაძნელება და ქრონიკული ხველა. ამ დროს ფილტვის ალვეოლები დაზიანებულია და სხეული ვეღარ იღებს საკმარის ჟანგბადს.

* შარდის შეუკავებლობა. ქალებში მწეველის ხველამ შესაძლოა შარდის სტრესული შეუკავებლობა გამოიწვიოს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც დიდი ხანია ეწევიან, უფრო ხშირად განიცდიან შარდვის უეცარ და ძლიერ მოთხოვნილებას, ვიდრე არამწეველები.

* ფილტვის კიბო. ეს დაავადება, რომლის მთავარ მიზეზად მიჩნეულია თამბაქოს წევა, აშშ-ში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირად გამომწვევი სიმსივნეა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, აშშ-ში ფილტვის კიბოს შემთხვევათა 90% მწეველობასთან არის დაკავშირებული. არარეგულარული მოწევაც კი ზრდის მისი განვითარების რისკს.

* პნევმონია. მწეველებთან იმატებს ფილტვის ბაქტერიული ინფექციური დაავადებების, მათ შორის – პნევმონიის, განვითარების რისკი. ფილტვების ანთების სიმპტომებია ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება.

* სოციალური და ემოციური ზიანი. მაგალითად, მუდმივი ხველა არღვევს ძილს და სხვებსაც აწუხებს. ის ხელს უშლის სოციალურ ურთიერთობებს და შესაძლოა, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის დისკომფორტის წყაროდ იქცეს.

მიმართეთ ექიმს

ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ:

* ხველა 2-3 კვირაზე მეტია გრძელდება – ქრონიკული ხველა ფილტვის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია;

* გაქვთ მოყვითალო-მომწვანო ნახველი;

* გაქვთ ჩივილები, რომლებიც ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, კერძოდ:

  • უძილობა;
  • ყელის ან გულმკერდის არეში მუდმივი ტკივილი;
  • წონის მკვეთრი კლება;
  • თავის ტკივილი.

სამედიცინო დახმარებაა საჭირო, თუ უჩივით:

  • შარდის შეუკავებლობას ხველების დროს;
  • სისხლიან ნახველს;
  • ხველების შემდეგ გონების დაკარგვას;
  • ნეკნების ტკივილს.

შვების მოსაგვრელად

მწეველის ხველა მანამდე გაგრძელდება, სანამ ადამიანი ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სიმპტომების შესამსუბუქებელი საშუალებები, ხველას ისინი ვერ აღმოფხვრიან. მწეველის ხველასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა, როგორც ვთქვით, მოწევაზე უარის თქმა, თუმცა ისიც შესაძლოა, მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ ხველა არ შეწყდეს, გაძლიერდეს კიდეც.  საქმე ის არის, რომ:

* როდესაც მოწევას თავს ანებებთ, თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შედეგად პარალიზებული ცილიები აღდგება, აქტიურდება და სასუნთქ გზებში დაგროვილი ლორწოსა და ტოქსინების გამოძევებას იწყებს. ხველა გრძელდება სამ თვემდე, ზოგჯერ – წლამდეც, მაგრამ უმეტესად თავისთავად გაივლის. მოწევის ხელახლა დაწყება ამცირებს ხველას, მაგრამ აუარესებს ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

* თუ თვეზე მეტია, მოწევას თავი დაანებეთ, მაგრამ ხველამ არ გაიარა, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს, რათა გამოკვლევა ჩაგიტარონ სხვა სამედიცინო პრობლემების გამოსარიცხად.

მდგომარეობას ამსუბუქებს შემდეგი რეკომენდაციების შესრულება:

* მიიღეთ ბევრი სითხე, ოღონდ უკოფეინო. ყველაფერს სჯობია დღეში 6-8 ჭიქა წყალი. ის ათხელებს ლორწოს და აადვილებს მის გამოძევებას. თბილი სითხეები (მაგალითად, ლიმონიანი და თაფლიანი ჩაი) ამშვიდებს ყელს და ამცირებს ხველას.

* იზრუნეთ სასუნთქი გზების დატენიანებაზე. გამოიყენეთ ამისთვის ინჰალატორი ან ცხელი შხაპი. ტენიანობა ამცირებს სასუნთქი გზის გაღიზიანებას, ამცირებს ხველას და აადვილებს დაგროვილი ლორწოს გამოდევნას.

* გამოიყენეთ ნახველის გამათხელებელი საშუალებები.

* ყელის დასამშვიდებლად წუწნეთ სპეციალური აბები ან ჩვეულებრივი საწუწნი კანფეტები. მიირთვით 1-2 ჩაის კოვზი თაფლი ძილის წინ. ლიმონიანი წყლის დალევა და ყელში მარილიანი წყლის გამოვლება (ნახევარი ჩაის კოვზი ერთ ჭიქაზე) ასევე უწყობს ხელს ანთების შემცირებას.

* ეცადეთ, წოლისას თავი წამოწეული გქონდეთ, რათა ლორწო ყელში არ დაგროვდეს.

* რეგულარულად ივარჯიშეთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა, დღეში 30 წუთი მაინც, ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის გაძლიერებას. ამასთან. ვარჯიში ლორწოს ამოღებასაც აადვილებს.

* იკვებეთ დაბალანსებულად. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი დიეტა აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენას.

* ერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლს. ისინი აშრობენ ორგანიზმს და შესაძლოა, გაღიზიანონ ყელი და სასუნთქი გზები.

ხველა ხელს უწყობს ფილტვებიდან ტოქსინების ამოღებას, ამიტომ მისი დათრგუნვა არ არის სასარგებლო. მწეველის ხველის დროს ხველის დამთრგუნველი საშუალებების მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მარი აშუღაშვილი

Share: