საბელი და ძაღლი

Share:

სცენა: პატრონი საბლით ხელში მისდევს ძაღლს და ცდილობს, საყელურზე მოარგოს. ძაღლი უკანმოუხედავად გარბის. პატრონიც მისდევს და ბრაზობს. ძაღლმა იცის, რომ საყელურზე საბლის გამობმისთანავე თავისუფალ გადაადგილებას ბოლო მოეღება. ნებით ვინ დათანხმდება ამაზე?!

მცდარი გამოსავალი: პატრონი ითვალისწინებს მწარე გამოცდილებას და ძაღლს საბელს აღარ ხსნის – იცის, რომ მისი ხელახლა გამობმა ხანგრძლივი და მტანჯველი პროცესი იქნება. ჯობია, საერთოდ არ აუშვას.

შეცდომის მიზეზი: პატრონის მიერ ძაღლის აღზრდისას დაშვებული შეცდომების საფასურს ცუგა იხდის. მარტივი, ხუთ-რვაწუთიანი თამაშით ეს პრობლემა შესაძლოა საერთოდ არ წარმოშობილიყო, მაგრამ რაც ვერ მოხდა, წარსულშივე დარჩა. ახლა ისღა დაგვრჩენია, შედეგებს ვებრძოლოთ.

ლეკვობისას პატრონმა აუცილებლად უნდა ათამაშოს ცუგა და თამაშ-თამაშით მიაჩვიოს საბლის დამაგრებას. სისტემატური დასწავლისას ძაღლებს პირობითი რეფლექსი უვითარდებათ, ხოლო საბლის გართობასა და ხალისთან დაკავშირება ის პირობითი რეფლექსია, რომელიც სტატიის დასაწყისში აღწერილ პრობლემას თავიდან აგაცილებთ.

საინტერესო ის არის, რომ სასეირნოდ წასვლისას ძაღლი საერთოდ არ აპროტესტებს საბელს, რადგან იცის, რომ მის დამაგრებას გარეთ გასვლა და თავგადასავალი მოჰყვება. ვითარება იცვლება თამაშის დასასრულის მანიშნებელ დაძახილთან ერთად, როცა პატრონი საბლით ხელში ძაღლისკენ მიემართება.

როგორ მოვიქცეთ: თუ ქცევა უკვე ჩამოყალიბებულია, მეტი ვარჯიში დაგჭირდებათ, მაგრამ თუ არ დანებდებით და ყოველდღე ავარჯიშებთ ცუგას, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

იღებთ გემრიელ და სასარგებლო სასუსნავს (საუკეთესოა მოხარშული და დანაკუწებული ქათმის ფილე) და იწყებთ თამაშს: უხმობთ ძაღლს, სთხოვთ, დაჯდეს (ეს ბრძანება უკვე დასწავლილი უნდა ჰქონდეს), დამჯდარს აჩვენებთ საბელს, ყელთან მიუახლოებთ და თუ სიმშვიდე შეინარჩუნა, სწრაფად აჯილდოებთ სასუსნავით. სასუსნავის  მიცემას წინ უნდა უძღოდეს საქებარი სიტყვა (“ყოჩაღ!”, “კარგი ბიჭი`გოგო ხარ” ან ნებისმიერი სხვა, რაზეც ძაღლია მიჩვეული). ამ თამაშს რამდენიმე დღე იმეორებთ და ნელ-ნელა ამატებთ ახალ-ახალ ელემენტებს: ამჯერად ქებასა და სასუსნავს ცუგა მიიღებს, თუ საბლის მშვიდად მორგების საშუალებას მოგცემთ.

თამაში დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს – დღეში ხუთი წუთი სავსებით საკმარისია.

მნიშვნელოვანი დეტალი: საბელი ისე უნდა გეჭიროთ, რომ ძაღლი ხედავდეს.

როდესაც შინ ეს სავარჯიშო სრულყოფილად შესრულდება, გარეთ გადაინაცვლებთ. არჩევთ ისეთ ადგილს, სადაც ძაღლის ყურადღებას არაფერი მიიქცევს. იმეორებთ იმავეს: დაძახება, “დაჯექი”, საბლის საყელურთან მიტანა, შექება, სასუსნავის მიცემა; თანდათან ვარჯიში გართულდება: დაძახება, “დაჯექი”, საბლის მორგება, შექება, სასუსნავის მიცემა, საბლის მოხსნა და კვლავ ნებაზე მიშვება სათამაშოდ. ასე გააგრძელეთ, სანამ გარეთ მოთამაშე ძაღლი დაძახებისთანავე არ მოირბენს და საბელს მშვიდად არ დაგამაგრებინებთ. დროდადრო დაუძახეთ. დაძახებისას ძაღლმა უნდა შეწყვიტოს თავისუფალი თამაში, მოგიახლოვდეთ, დაჯდეს. გაუკეთეთ საბელი, დააჯილდოეთ და ისევ აუშვით.

ეს სავარჯიშო რამდენიმე პრობლემას ერთდროულად აგვარებს: მტკიცდება კავშირი ძაღლსა და პატრონს შორის, იმატებს ერთმანეთის ნდობა, გარეთ სეირნობისა და თამაშის დროს საბლის დანახვა ძაღლისთვის უსიამოვნებასთან აღარ ასოცირდება და თქვენც გარანტირებული გაქვთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი დაძახებისთანავე თქვენთან გაჩნდება – ეს მისი უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია.

სცენა: პატრონი და ძაღლი სეირნობენ. ძაღლი ბუჩქისკენ იწევს. პატრონი მძლავრად ქაჩავს საბელზე და თავის "სამოძრაო ტრაექტორიაზე“ აბრუნებს. “სეირნობა” გრძელდება. ძაღლი ამჯერად ხისკენ იწევს. სურს, დაყნოსოს ხის ძირი – იქ ხომ ცოტა ხნის წინ რაღაც საინტერესო მოხდა. პატრონი ისევ ქაჩავს. ძაღლი სევდიანი თვალებით ახედავს პატრონს, რომელიც ვერაფერს ამჩნევს და წინ მიიწევს. გზად სხვა ცუგა ხვდებათ. კუდს შორიდანვე აქიცინებს, მისალმება და გაცნობა სურს. ძაღლები ჯერ ცხვირებით უახლოვდებიან ერთმანეთს, მერე კი კუდქვეშ დასაყნოსავად მიიწევენ – მათთვის ეს გაცნობის რიტუალის აუცილებელი ეტაპია. “რას შვრები!” – შეუღრენს პატრონი ცუგას და უკან გამოსწევს.

ამას პატრონი “სეირნობას” ეძახის და ვერ ხვდება, რომ ძაღლისთვის ეს თავისუფლების შეზღუდვა უფროა და დაახლოებით იმას უტოლდება, ბავშვი რომ გარეთ გავიყვანოთ, ოღონდ ისე, რომ თვალებიც ავუკრათ, ყურებიც დავუხშოთ და არაფერთან შეხების უფლება არ მივცეთ.

სად ცდება პატრონი?

მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, როგორ იკვლევენ გარე სამყაროს ძაღლები. არადა, თუ ძაღლის აყვანის პასუხისმგებლობა ვიტვირთეთ, იმისთვისაც უნდა შევიწუხოთ თავი, რომ მეტი შევიტყოთ მის შესახებ: როგორ არის მოწყობილი ძაღლის ორგანიზმი? რა სჭირდება მას სწორი, ჯანსაღი განვითარებისთვის?

ძაღლებისთვის ყნოსვა ერთ-ერთი უმთავრესი შეგრძნებაა. ყნოსვით ისინი ისევე იღებენ ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ, როგორც ჩვენ საინფორმაციო გამოშვებების მოსმენით ან ჟურნალ-გაზეთების კითხვით. ბუჩქები, ხეები, გაშლილი მინდორი, შენობების კუთხეები – ეს ყველაფერი ძაღლებისთვის საინფორმაციო რეზერვუარებია. როცა ძაღლი სასეირნოდ გაგყავთ, პრიორიტეტი სწორედ მისი კეთილდღეობა უნდა იყოს და არა “მაღაზიის დაკეტვამდე მისწრება” ან 10 000 ნაბიჯის შეუსვენებლად გავლა.

ამასთან, ძაღლები სწორედ ყნოსვის მეშვეობით ამოიცნობენ ნაცნობებს. მაგალითად, ერთი და იმავე ჯიშის, ფერის, ზომის ორი ძაღლის ერთმანეთისგან გარჩევა ადამიანს გაუჭირდება, ძაღლი კი უშეცდომოდ ამოიცნობს ორიდან იმ ერთს, რომელთანაც ადრეც ჰქონია ურთიერთობა, თუ მისი დაყნოსვის საშუალება მიეცა.

საბელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სადამსჯელო, თავისუფლების შემზღუდველი საგანი. მისი უპირველესი დანიშნულება ძაღლის უსაფრთხოდ გადაადგილებაა.

დააკვირდით, რამდენად ხშირად გჭირდებათ საბლის მოქაჩვა. საზოგადოდ, საბლის მოქაჩვა პატრონს არ უნდა სჭირდებოდეს.

რასაკვირველია, არის გამონაკლისი შემთხვევები, მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი სიტუაციები, როდესაც ამის გაკეთება აუცილებელია, მაგრამ სეირნობისას თუ საბელს წამდაუწუმ ქაჩავთ, ეს პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ დროა, სპეციალისტს მიმართოთ.

ნინო ლომიძე

Share: