რა არის ბედნიერება? ჰკითხეთ ძაღლებს!
Share:
ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ცხოველებზე, მათი ცხოვრების წესზე, გადარჩენისთვის მათ ბრძოლაზე დაკვირვება, დასკვნების გამოტანა, საჭირო დროს მეხსიერებიდან გამოხმობა და პრაქტიკულად გამოყენება.
წინა ნომერში იმაზე გესაუბრეთ, რისი სწავლა შეიძლება კატებისგან, როგორია მათი ცხოვრებისეული პრიორიტეტები, რას აკეთებენ ეს მომაჯადოებელი არსებები საკუთარი კეთილდღეობისთვის.
ამჯერად ძაღლების ცხოვრებისეულ ფილოსოფიას გაგაცნობთ.
სამყარო როგორც შეცნობის, ინტერესის, თამაშის ადგილი
ძაღლებს აქვთ დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა და უშრეტი ენერგია მის დასაკმაყოფილებლად. მთელი სამყარო საკვლევი, საყნოსავი, შესასწავლი და სათამაშო არეალია მათთვის.
თუ დიდი ხანია ეძებთ პასუხს კითხვაზე: რა არის ბედნიერება? რას შეუძლია მისი მონიჭება? – ჰკითხეთ ძაღლებს. ამ მარადიულ კითხვაზე მათი პასუხი ასეთი იქნება:
ბედნიერებაა აქ და ახლა სამყაროს შეცნობა, თამაში და თავისუფლების განცდა.
თუ შეგიმჩნევიათ, რა ლაღი, ხალისიანი, უდარდელი და ენერგიულია საბლიდან აშვებული ძაღლი, თქვენთვის ნათელი იქნება ის, რაზეც ამ ქვეთავში ვსაუბრობთ.
ორი წლის განმავლობაში ძაღლების თავშესაფარში მოხალისედ დავდიოდი, ვოლიერებიდან ძაღლები სასეირნოდ გამყავდა ხოლმე. რამდენიმე ისე დავიმეგობრე, რომ მდელოზე უსაბლოდ ვუშვებდი. ისინი მე მენდობოდნენ, მე - მათ. არ გარბოდნენ და დაძახებისთანავე მოდიოდნენ. როგორც კი ავუშვებდი, შურდულივით გაცვივდებოდნენ ხოლმე. ვხედავდი, როგორ მიაპობდნენ ეს სიხარულით და თავისუფლების განცდით დატენილი არსებები მაღალ ბალახს, სირბილისას ზიგზაგებს აკეთებდნენ, ზოგჯერ ყურცქვიტებივით სკუპ-სკუპზეც გადადიოდნენ. მათი სხეული სავსე იყო სიცოცხლით. სიცოცხლე გამოსჭვიოდა ყოველი ქმედებიდან. იდგა ყეფა და ძაღლური ჟრიამული და მეც ვხარობდი ჩემი ოთხფეხა მეგობრების ბედნიერებით.
ზოგჯერ, როცა დარდი შემოგვაწვება ან ყოველდღიურობის თანამდევი სევდიანი ფიქრები მოგვეჯარება, ხსნა შეიძლება იყოს სადმე, სიახლოვეს, ბუნების თუნდაც მცირე ნაგლეჯის პოვნა, სკვერში ან ახლომდებარე პარკში გასეირნება, მდელოზე ან პატარა ბორცვზე ჩამოჯდომა, სწრაფი ნაბიჯით სიარული და გარშემო ნაცნობი თუ უცნობი ადგილების "წარმოსახვითად დაყნოსვა" ახალი შეგრძნებების საპოვნელად, განსაცდელად.
გაიხსენეთ, ბოლოს როდის მოგეცათ შესაძლებლობა, გრძნობის ორგანოებით აღგექვათ სამყარო, სხვადასხვა გამღიზიანებლის მეშვეობით გაგეაქტიურებინათ ყნოსვა, შეხება, სმენა. თუ ჩვენი ხედვის არეალი მუდამ ერთი და იგივეა (სამსახური-სახლი, საოჯახო საქმეები-ტელევიზორი, სწავლა-მუშაობა-გაჯეტი), ძალიან ბევრს ვიკლებთ. ჩვენს გრძნობის ორგანოებს სჭირდებათ ახალი სანახავი, შესაგრძნობი, მოსასმენი, ახალი გემო ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს ყოველდღიურობას. შეგრძნებათა მრავალფეროვნება ფასდაუდებელი რამაა. ძაღლებმა ეს შესანიშნავად იციან და ცდილობენ, რაც შეიძლება სრულად შეიგრძნონ გარემო. ამიტომ არის, რომ ყველაფერს გემოს უსინჯავენ, ყნოსავენ, ბალახში კოტრიალობენ, ტალახში იგანგლებიან, მიილტვიან ახალი და ახალი შეგრძნებების აღმოსაჩენად!
ძაღლებისთვის ყნოსვა იგივეა, რაც ჩვენთვის – მხედველობა. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე სეირნობისას ისინი ყნოსვის საშუალებით ყოველ ჯერზე ახლებურად "კითხულობენ" სამყაროს, აღმოაჩენენ რაიმე ახალს. აკვირდებიან. "აქ და ახლა", ამ მომენტში შეყოვნდებიან და ბოლომდე "ისრუტავენ" ყოფიერების ამ მშვენიერ, განუმეორებელ მონაკვეთს. მერე აუცილებლად დგება თავისუფლებით ტკბობის, თამაშის, კუნტრუშის დრო. ძაღლს შეუძლია, მარტოც გაერთოს, ხეს წრეები არტყას, მინდორზე წაღმა-უკუღმა ირბინოს, იკოტრიალოს. თუ იქვე ოთხფეხა თანამოძმე დასუნსულებს, მასაც გამოიწვევს სათამაშოდ. ძაღლს შეუძლია, შეირგოს და მოირგოს გარემო, აქციოს სამყარო ერთ დიდ "სათამაშო და საკვლევ მოედნად". მათგან ამის გადმოღება ბევრს შეგვძენს.
სოციალიზაცია და ახალი მეგობრები
ჩემი ძაღლის ურთიერთობას სხვა ძაღლებთან ყოველთვის ინტერესით ვაკვირდები. ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ძაღლი არასდროს გაიწევს აგრესიით სხვა ცოცხალი არსებისკენ. თუ ძაღლი არ გრძნობს საფრთხეს, თუ მას არ ერთვება საკუთარი ან პატრონის დაცვის ინსტინქტი, თუ ის სოციალიზაციას ლეკვობიდან ეჩვევა და პატრონიც მისი მშვიდი, თავდაჯერებული პარტნიორია, მაშინ ძაღლი თავის თანამოძმეს ყოველთვის ისე აღიქვამს, როგორც საინტერესო ინტერაქციის ობიექტს.
აუცილებელია, ძაღლებს პირველი შეხვედრისას მივცეთ უფლება, დაყნოსონ და გაიცნონ ერთმანეთი. ძაღლები იწევენ ერთმანეთისკენ, მათ სურთ ახალი ნაცნობების შეძენა, დამეგობრება, ერთად თამაში და სოციალიზაციის ეს დაუოკებელი სურვილი მართლაც რომ მომხიბვლელია.
ბავშვებსაც აქვთ ეს უნარი ადრეულ ბავშვობაში. სათამაშო მოედნებზე, სკვერებში პატარებს შეუძლიათ უშუალო კონტაქტის დამყარება ერთმანეთთან, ისევე როგორც ძაღლებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აი, "დიდები" კი ვკარგავთ ამ უნარს და ხშირად მარტოსულობის განცდა გვიპყრობს. საინტერესო ადამიანების გაცნობა, მეგობრების შეძენა, საკუთარი თავისთვის სახალისო გარემოცვის შექმნა ის უნარია, რომელიც არასოდეს უნდა დავკარგოთ. ყოველი ახალი ადამიანი ახალი სამყაროა. ახლო მეგობრად ყველა ვერ იქცევა, რასაკვირველია, მაგრამ ადამიანთა ერთობა, საერთო ინტერესების მქონე ხალხის გაცნობა, მათთან შეხვედრა, ჩვენთვის საინტერესო საკითხების ერთობლივი მიმოხილვა ამრავალფეროვნებს ჩვენს ცხოვრებას. ეს სიამოვნება არ უნდა მოვიკლოთ.
ასე რომ, ძაღლის ყოლა დიდი ბედნიერება და ძვირფასი გამოცდილებაა.
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს შეუძლიათ, აამაღლონ ჩვენი ცხოვრების ხარისხი და ბევრი სასარგებლო, საჭირო "გაკვეთილი" ჩაგვიტარონ.
სასიამოვნო შემეცნებით თავგადასავლებს გისურვებთ თქვენს ცუგრუმელებთან ერთად!
ნინო ლომიძე







