პეტრე სარაჯიშვილი – ქართული ნევროლოგიის პატრიარქი

Share:

სარაჯიშვილების გვარმა არაერთხელ გაიბრწყინა საქართველოს ისტორიაში: დავით სარაჯიშვილმა სახელი გაითქვა როგორც ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, მრეწველმა და ქველმოქმედმა, ვანო სარაჯიშვილი, “საქართველოს ბულბული”, სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ჩვენი რუბრიკით ცნობილი გვარის კიდევ ერთ წარმომადგენელს,  ნევროლოგიის პატრიარქს, აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილს გავიხსენებთ.

დიდი ექიმისა და მეცნიერის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ბატონი პეტრეს ღირსეულ მოსწავლეებს.

პეტრე სარაჯიშვილი 1894 წლის 9 მაისს ქუთაისში დაიბადა. იზრდებოდა გარემოში, სადაც სამშობლოს კეთილდღეობისთვის ზრუნვა უპირველეს მოვალეობად მიიჩნეოდა. მამამისი, მიხეილ სარაჯიშვილი, თავისი დროის ცნობილი იურისტი და საზოგადო მოღვაწე იყო, დედა, პელაგია სულხანიშვილი, პედაგოგი გახლდათ და აქტიურად იყო ჩართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. სარაჯიშვილების მაღალზნეობრივ ოჯახურ ტრადიციებს ნაწილობრივ პეტრე სარაჯიშვილის მოწაფეებიც ეზიარნენ, რომლებსაც დღემდე ახსოვთ მისი მშობლების გამონათქვამები, ბატონი პეტრე შესაფერის ვითარებაში რომ იმოწმებდა ხოლმე.

შინ და უცხოეთში

1912 წელს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, პეტრე სარაჯიშვილი ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა, სადაც ფსიქიატრიულ კლინიკაში სტაჟიორად მიიღეს. პროფესიული საქმიანობის გარიჟრაჟზე ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა ახალგაზრდა თაობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოში უმაღლესი განათლების ახალი კერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამკურნალო ფაკულტეტის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მეცნიერული მედიცინის წინსვლასა და განვითარებაში.

1920 წლიდან პეტრე სარაჯიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკის ჯერ ორდინატორად, მერე კი ასისტენტად მუშაობდა. სწორედ იქ დაეუფლა კლინიკური ნევროლოგიის საფუძვლებს პროფესორ იაკობ ანფიმოვის ხელმძღვანელობით.

1923 წელს პეტრე სარაჯიშვილს მიანდეს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ახალშექმნილი თორმეტსაწოლიანი ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც შემდგომში გააფართოვა, შესაბამისი აპარატურით აღჭურვა და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ნევროლოგიურ კლინიკად და ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრის ბაზად აქცია.

ცოდნის სრულყოფის დაუოკებელმა სურვილმა 1925 წელს ჯერ მოსკოვში, ცნობილი ნევროპათოლოგის გრიგორი როსოლიმოს კლინიკაში ჩაიყვანა, მერე კი ევროპისკენ უბიძგა გამოცდილების გასამდიდრებლად. პეტრე სარაჯიშვილის როგორც ნევროლოგის, მკვლევრისა და პედაგოგის ფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მისმა ნაყოფიერმა მუშაობამ საფრანგეთის კლინიკებსა და ლაბორატორიებში, სადაც წამყვანი ნევროლოგების (ბაბინსკი, ბურგინიონი, გილენი, ლაპიკი, ალაჟუანინი) გვერდით ორ წელიწადზე მეტი გაატარა.

1936 წელს პეტრე სარაჯიშვილმა მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ნერვული სისტემის ტრიკრეზილფოსფატით მოწამვლა”. ავტორმა, პირველმა  მსოფლიოში, აღწერა და დაასაბუთა, რომ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის სინდრომი შესაძლოა ქიმიური ინტოქსიკაციით ყოფილიყო გამოწვეული.

ნევროლოგიის მექა

პეტრე სარაჯიშვილის ინიციატივით, 1958 წელს თბილისში კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა. ამ პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა მისი პროფესიული კონტაქტები ქართველ ნეიროქირურგებთან, რაც მალე ნეიროქირურგიის სასწავლო კურსის შექმნით დაგვირგვინდა. ნევროლოგიის ინსტიტუტის დაარსებით ხორცი შეესხა მეცნიერის დიდი ხნის ოცნებას – შეიქმნა ნეიროქირურგიის მძლავრი კერა ბრწყინვალე დასტაქრის კონსტანტინე (ბონდო) ჩიქოვანის ხელმძღვანელობით.

ნანა კვირკველია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეირომიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის პრეზიდენტი:

– სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოდნის ამაღლება ნევროლოგიის მიმართულებით გადავწყვიტე. ინსტიტუტის დამაარსებელსა და ხელმძღვანელთან, ბატონ პეტრე სარაჯიშვილთან გასაუბრება ამ დაწესებულებაში მოხვედრის აუცილებელი პირობა იყო. ის თითოეულ კანდიდატს უამრავი კრიტერიუმით აფასებდა: ზოგადი განათლებით, ინტელექტით, საუბრისა და ქცევის მანერით...  ვინაიდან ბატონი პეტრე მსოფლიოს საუკეთესო ნევროლოგთა სიაში შედიოდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც  მისი გუნდის წევრი გავხდი. კლინიკური ნევროლოგიის განყოფილებას უძღვებოდა ბატონი ვლადიმერ გაბაშვილი, რომელიც პეტრე სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ინსტიტუტს. დღეს დაწესებულებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რომან შაქარიშვილი ხელმძღვანელობს.

ეპილეფსიურ მიმართულებას და ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიას განაგებდა ბატონი პეტრეს ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე, ამიერკავკასიაში პირველი ელექტროფიზოლოგიური ლაბორატორიის უფროსი, ეპილეფსიისა და ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი, ქალბატონი თინა გელაძე, ექსპერიმენტულ ნაწილს – ნეიროფიზიოლოგი, აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა. პათომორფოლოგიური განყოფილება ალექსანდრე ჩუბინიძეს ებარა. ბიოქიმიური განყოფილების ხელმძღვანელი ფრიდა ვეტროგონი იყო.

ინსტიტუტს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა. იმდროინდელი შეზღუდვების მიუხედავად, ბატონი პეტრეს ავტორიტეტის წყალობით ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი იყო როგორც საბჭოთა კავშირში, ისე საზღვარგარეთ გამოცემული სამედიცინო ჟურნალები.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ინსტიტუტი საერთაშორისო დონის დაწესებულება იყო, სადაც საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ექიმები და მეცნიერები იმაღლებდნენ პროფესიულ დონეს.

ერთწლიანი ინტერნატურის დასრულების შემდეგ ნერვკუნთოვანი დაავადებების შესწავლისკენ ავიღე გეზი. იმხანად ნევროლოგიის ამ დარგს სათავეში ედგა ნათელა ბარათაშვილი, რომელიც თავის დროზე, ბატონი პეტრეს შორსმჭვრეტელობის წყალობით, პოლონეთში, ირენა ჰაუსმანოვა-პეტროვიჩთან იქნა მივლინებული ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევის შესასწავლად. შესაბამისი სამედიცინო აპარატურის შეძენის შემდეგ სწორედ ქალბატონი ნათელას ხელმძღვანელობით დაიწყო საქართველოში ნერვკუნთოვანი დაავადებების სიღრმისეული შესწავლა. მერგო პატივი, ამ სახელოვანი ექიმისა და მეცნიერის პირველი მოსწავლე გავმხდარიყავი. მალე ინსტიტუტის ბაზაზე ნერვკუნთოვანი დაავადებების ცენტრიც შეიქმნა – პირველი მთელ ამიერკავკასიაში.

ბატონი პეტრეს ინტერესი ეხებოდა როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ახალგაზრდა ექიმების აღზრდის საუკეთესო საშუალებად მას ე.წ. დიდი შემოვლები და გარჩევები მიაჩნდა. კვირაში ორი დღე შემოვლებისთვის იყო გამოყოფილი, ხოლო ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა იშვიათი კლინიკური შემთხვევების გარჩევა: მკურნალი ექიმი წარმოადგენდა პაციენტის ანამნეზს, ჩივილებს, სიმპტომატიკას და სავარაუდო დიაგნოზს, რომელიც ლიტერატურულ წყაროებზე საფუძვლიანი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებულ ანალიზს ეფუძნებოდა. შთამბეჭდავი სანახაობა იყო, როცა დერეფანში ასაკისა და დამსახურების მიხედვით, მწყობრად მიმავალ თეთრხალათიანთა ქარავანს წინ მიუძღვოდა გამოცდილებით დამძიმებული თავკაცი – პეტრე სარაჯიშვილი. ბატონი პეტრეს შემოვლები და გარჩევები თითოეული თანამშრომლისთვის დიდი სკოლა იყო.

ნანა ტატიშვილი, ბავშვთა ნევროლოგი, დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი:

– ბატონი პეტრე 1977 წელს გავიცანი, როდესაც ორწლიანი პროფესიული განათლების (ორდინატურის) დასრულების შემდეგ გამოსაცდელი ვადით თავის ინსტიტუტში მიმიღო. სამთვიანი პერიოდი საკმარისი იყო იმისთვის, რომ დიდი ექიმი და პედაგოგი მიხვედრილიყო, ღირდა თუ არა ახალი კადრის სამსახურში აყვანა. ძირითად უნარ-ჩვევებთან ერთად ბატონი პეტრე ყველა თანამშრომლისგან მოითხოვდა ინგლისური ენის ცოდნას. რა წარმოუდგენლადაც უნდა ჟღერდეს, 60-70-იან წლებში მისი ექიმები ინგლისურ სამედიცინო ლიტერატურას კითხულობდნენ და ქართულად თარგმნიდნენ.

პირველივე დღეს ჟურნალიდან სტატია მომცა, დაამუშავე და კონფერენციაზე წარმოადგინეო.  ასეთი შეკრებები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით იმართებოდა და მთელი ინსტიტუტი ესწრებოდა. თანამშრომლები რთულ შემთხვევებს და ახალ ინფორმაციას უზიარებდნენ ერთმანეთს.

ბატონი პეტრე სამსახურში ქალების მიღებას ერიდებოდა – შიშობდა, დაოჯახების შემდეგ საქმეს სათანადო დროსა და ყურადღებას ვეღარ დაუთმობენო. როდესაც გასაუბრებაზე მივედი, ცხადია, ჩემი ოჯახური მდგომარეობითაც დაინტერესდა, რომ გაიგო, ორწლინახევრის შვილი მყავდა, გაუხარდა, გადაწყვიტა, რომ ორსულობა ჩემს კარიერას აღარ “ემუქრებოდა”. მთელი სამი თვე საგულდაგულოდ ვმალავდი ფეხმძიმობას. როცა გამოსაცდელი ვადა დასრულდა და სამსახურში ამიყვანა, შვებით ამოვისუნთქე.

მშობიარობამდე რამდენიმეჯერ დავკარგე გონება. კონფერენციაზე ცუდად რომ გავხდებოდი, გამომიყვანდა დარბაზიდან, მომასულიერებდა, მეტყოდა, დროა, საქმეს  დავუბრუნდეთო და მუშაობას ვაგრძელებდით.

თამამად შემიძლია ვთქვა (რადგან მანამდე სხვაგან მუშაობის გამოცდილებაც მქონდა), რომ პეტრე სარაჯიშვილის ინსტიტუტი სრულიად გამოირჩეოდა მსგავსი დაწესებულებებისგან. მისი გავლენით, უფროსი თაობის ექიმები პატივისცემით გვეპყრობოდნენ 24-25 წლის გამოუცდელ ახალგაზრდებს, თანატოლებივით გვესაუბრებოდნენ და პაციენტებს ჩვენდამი უნდობლობა რომ არ გასჩენოდათ, მათი თანდასწრებით შენიშვნას არასდროს გვაძლევდნენ. თავად ბატონი პეტრე ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი გახლდათ. უნდა გენახათ, როგორ აქებდა ახალბედა ექიმს, როცა ის კარგ მოხსენებას წაიკითხავდა, ჭკვიანურ მოსაზრებას გამოთქვამდა ან სრულფასოვნად გაარჩევდა კლინიკურ შემთხვევას. მისი ქება დიდი სტიმული იყო და თავის უფრო მეტად გამოჩენის სურვილს გვიღვივებდა.

ბატონი პეტრე გამოირჩეოდა იმითაც, რომ ხშირად ამსხვრევდა სტერეოტიპებს. საბჭოთა კავშირში ფესვგადგმული იყო აზრი, რომ პროფესორს ყველაფერი უნდა სცოდნოდა. მაშინაც კი, როცა რამე არ იცოდა, უნდა ეთქვა, ვიციო... მახსოვს, ერთხელ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე  ვკითხეთ რაღაც, მან კი გულწრფელად გვიპასუხა, არ ვიცი, მოდი, ერთად დავფიქრდეთ, თუ პასუხს ვერ ვიპოვით, ინფორმაცია მოვიძიოთო. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ რაღაცის არცოდნა სულაც არ არის სათაკილო და ამის აღიარება სჯობია თავის ან პაციენტის მოტყუებას.

ბატონ პეტრეს არასდროს შინებია კონკურენციის. მისი მოწაფეებიც ვცდილობთ, მას ვგავდეთ. გვიხარია და გვეამაყება ჩვენი აღზრდილი ახალგაზრდების წარმატება.

მარინა ჯანელიძე, ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პროფესორი:

– უაღრესად ფართო დიაპაზონისა და უშრეტი ენერგიის პატრონი გახლდათ. შეუძლებელია მისი უკიდეგანო სამეცნიერო ინტერესების ჩამოთვლა. მან ადრევე განჭვრიტა, რომ ნერვული სისტემის სრულფასოვანი შესწავლა შეუძლებელი იქნებოდა ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, მორფოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სხვა ფუნდამენტური მეცნიერებების გარეშე, ამიტომ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ივანე ბერიტაშვილისა და დიმიტრი უზნაძის სახელოვან სამეცნიერო სკოლებთან. ბატონი პეტრეს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ნევროლოგიის არცერთი დარგი: ნაშრომები უძღვნა ქორეას, ნერვკუნთოვან დაავადებებს, პოლიომიელიტს, ეპილეფსიას. დაინტერესდა პროფესიული დაავადებებითაც – სიღრმისეულად შეისწავლა პარკინსონული სინდრომი ჭიათურის მანგანუმის საბადოს მუშათა შორის, რისთვისაც პროფპათოლოგიების პრაქტიკაში პირველად ელექტრომიოგრაფიული კვლევის მეთოდი გამოიყენა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში დიდ დახმარებას უწევდა ევაკოჰოსპიტლებს. სწორედ იმ პერიოდში შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით საბჭოთა კავშირში საბაზისო კვლევებად აღიარეს.

იმხანად  საბჭოთა კავშირში მედიცინის ამ დარგს ნევროპათოლოგიას უწოდებდნენ, ექიმებს კი ნევროპათოლოგებს. პეტრე სარაჯიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპული ტერმინის – ნევროლოგიის (neurology) დამკვიდრებაში.

ელექტროენცეფალოგრაფიული მეთოდის მსოფლიო აღიარების შემდეგ ბატონ პეტრეს მოსვენებას არ აძლევდა ინსტიტუტში მისი დანერგვის იდეა, რასაც დიდი ძალისხმევით მიაღწია კიდეც. პირველი გამოკვლევა მის კლინიკაში 1947 წელს ჩატარდა და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ფართო რეზონანსი გამოიწვია. ელექტროენცეფალოგრაფიისა და ელექტრომიოგრაფიის დანერგვით ქართულ კლინიკურ და ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში დაიწყო ახალი ერა, რომელმაც კლინიკურ ნეიროფიზიოლოგიას მისცა დასაბამი.

საბჭოთა კავშირში ეპილეფსია ფსიქიატრიის დარგად მიიჩნეოდა, მაშინ როცა ის ევროპული ნევროლოგიის განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ ბატონი პეტრეს ძალისხმევით მოხდა, რომ ეპილეფსია საქართველოშიც ნევროლოგიას  მიაკუთვნეს, ინსტიტუტს კი დარგის წამყვანი დაწესებულების სტატუსი ერგო. იმავე პერიოდში დაარსდა ეპილეფსიის საკავშირო კომისია, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი პეტრე სარაჯიშვილი  გახლდათ.  მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ გარდაცვალების შემდეგ ამ თანამდებობაზე რუსი მეცნიერი ვეღარ დანიშნეს და დიდი პეტრეს დაწყებული საქმე მისმა მოწაფემ, ვლადიმერ გაბაშვილმა გააგრძელა.

1963 წელს საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბატონი პეტრე იქნა მიწვეული ევროპაში, ეპილეფსიის ტერმინოლოგიური ლექსიკონის შემქმნელთა კომისიაში, რომელსაც დიდი ფრანგი ნევროლოგი და ეპილეპტოლოგი ანრი გასტო ხელმძღვანელობდა. ეპილეფსიის პირველი მსოფლიო კლასიფიკაცია 1981 წელს შეიქმნა. მალევე ბატონი პეტრეს თაოსნობით ჯერ რუსულ, მერე კი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ეპილეფსიურ გულყრათა საერთაშორისო კლასიფიკაცია.

რამდენიმე დამატებითი შტრიხი პორტრეტისთვის

მოსწავლეები პეტრე სარაჯიშვილს იხსენებენ როგორც მკაცრ და პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერს და ხელმძღვანელს. მათი თქმით, ბატონი პეტრე ყოველთვის დიდი ყურადღებით უსმენდა ახალბედა ექიმებს და მათთან ერთად მსჯელობდა რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად.

პაციენტებთან მშვიდი და მზრუნველი იყო. ამბობენ, რომ ისევე ფლობდა ნევროლოგის ჩაქუჩს, როგორც ვირტუოზი პიანისტი – ინსტრუმენტს.

ფეთქებადი ხასიათი ჰქონია. ერთხელ ინსტიტუტში ფინანსური კომისია მისულა, ბატონი პეტრე ისე გაუბრაზებია დაუმსახურებელ შემოწმებას, რომ კომისიის წევრები ლამის კიბეზე დაუგორებია.

მუდამ მოხდენილად, გემოვნებით იმოსებოდა. საყვარელი მეუღლე, ქალბატონი ზინაიდა, დაუღალავად ზრუნავდა მასზე.

პერსპექტიული და საინტერესო იდეების უშრეტი წყარო იყო. იშვიათი ალღოს წყალობით ყოველთვის უსწრებდა დროს. ახალგაზრდული სული და შემართება ბოლომდე გაჰყვა, სიცოცხლის უკანასკნელ დღესაც კი სამომავლო გეგმებს სახავდა.

გარდაიცვალა 1984 წლის  22 თებერვალს, 89 წლისა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში, მეუღლის გვერდით.

მარი მარღანია

Share: