მზის სათვალე – დახვეწილი აქსესუარი, რომელიც თვალებს იცავს
Share:
მზის სათვალესაც ისევე სჭირდება შერჩევა, როგორც ტანსაცმელს ან ნებისმიერ სხვა აქსესუარს. თუმცა სათვალე უბრალო აქსესუარი არ არის – ის თვალებს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
მოდი, გავიგოთ, როგორ უნდა შევარჩიოთ სათვალე, რომ მოვიხდინოთ კიდეც და მავნე გამოსხივებისგანაც მაქსიმალურად დავიცვათ თავი.
სახის ფორმა
მზის სათვალის შეძენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სახის ფორმა.
სახის ექვსი ძირითადი ტიპი არსებობს: კვადრატული, მრგვალი, გულის ფორმისა, სამკუთხა, ოვალური და რომბის. იმის ცოდნა, რომელთან უფრო ახლოსაა თქვენი სახე, შესაძლოა თქვენთვის საუკეთესო ფორმის სათვალის პოვნაში დაგეხმაროთ.
სახის ფორმის დასაბალანსებლად აირჩიეთ საპირისპირო ფორმის ჩარჩო.
კვადრატულ სახეს განსაკუთრებით უხდება მრგვალი სათვალე. განზომილებას მატებს რეიბანებიც. ერიდეთ კვადრატულ და მართკუთხა ფორმებს.
მრგვალ სახეს უხდება სწორი ხაზები, მკვეთრი კუთხეები და მსხვილი ჩარჩოები. ასეთი სათვალეები სახეს კუთხეებს და განზომილებას მატებს. შესანიშნავი არჩევანია მართკუთხა სათვალე. შეგიძლიათ, მოსინჯოთ კვადრატული და წარბის სტილისაც (სათვალე, რომელსაც ჩარჩოს ზედა ნახევარი უფრო სქელი აქვს, ვიდრე ქვედა). ერიდეთ მრგვალ და პატარა სათვალეებს, რადგან შესაძლოა, მრგვალ სახეზე დაიკარგოს და ის უფრო ფართო გამოაჩინოს.
გულის ფორმის სახისთვის ისეთი ჩარჩო უნდა შეარჩიოთ, რომ სახის ფართო ზედა და ვიწრო ქვედა ნახევარი დააბალანსოს. მოერიდეთ სათვალეს, რომლის ლინზა ქვემოთ ვიწროვდება ან აქცენტირებულია ჩარჩოს ზედა ხაზი (წარბის სტილი). გულის ფორმის სახეს უხდება მრგვალი სათვალეები, რეიბანები.
თუ სამკუთხა სახე გაქვთ, უნდა ეცადოთ, გააფართოოთ სახის ზედა ნაწილი, რათა დააბალანსოთ ყბის ხაზი. შეგიძლიათ, მოსინჯოთ წარბის სტილის სათვალე – მას თვალების ხაზი ზევით და გარეთ გააქვს, ასევე – კატის თვალების ფორმის სათვალე, რომელიც ზედა კუთხეებთან აზიდულია. ამ ფორმის სახე მართკუთხა სათვალესაც იხდენს, უბრალოდ, მოერიდეთ ვიწრო ჩარჩოს, რომელმაც შეიძლება ყბა უფრო ფართო გამოაჩინოს.
ოვალურ სახეზე ნებისმიერი ფორმის სათვალის მორგებაა შესაძლებელი, რადგან სახის ეს ფორმა ბუნებრივად დაბალანსებულია. უბრალოდ ეცადეთ, არ აირჩიოთ სათვალე, რომელიც უფრო ვიწროა, ვიდრე თქვენი სახის ყველაზე ფართო წერტილი – ის სახეს ფართოს გამოაჩენს.
რომბის ფორმის სახისთვის გამოიყენეთ სათვალე, რომელიც გააფართოებს ვიწრო შუბლსა და ნიკაპს. მართკუთხა ან კუთხეებთან აზიდული (კატის თვალების ფორმის) ჩარჩო ლამაზად გამოაჩენს ყვრიმალებს. შესაძლოა, მრგვალი სათვალეც მოგიხდეთ. უარი თქვით ვიწრო ჩარჩოებზე, რომლებიც ლოყებს უფრო ფართოს გამოგიჩენთ.
კანის ფერი
თბილი შეფერილობის (ყვითელი და ოქროსფერი ტონების მქონე) კანს ყველაზე მეტად უხდება ყვითელზე დაფუძნებული ფერები: ოქროსფერი, ყავისფერი, წითელი, ასევე – კუს ბაკნისებრი მოხატულობა.
ცივი შეფერილობის (ვარდისფერი და ლურჯი ტონების მქონე) კანს უხდება ვერცხლისფერი, ლურჯი, ბზინვარე ნაცრისფერი, შავი და მოოქროსფრო ვარდისფერი.
ცხოვრების სტილი
თუ სათვალეს მთელი დღის განმავლობაში ატარებთ, მსუბუქი, რეგულირებადი ჩარჩო შეარჩიეთ. მნიშვნელოვანია, რა ტიპის აქტივობებს ეწევით მზის სათვალით. მაგალითად, თოვლსა და წყალში პოლარიზებული ლინზები უნდა გამოიყენოთ.
ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა
ულტრაიისფერი სხივები, მათ შორის UVA და განსაკუთრებით UVB, აზიანებს თვალის ზედაპირულ ქსოვილებს, რქოვანას და ლინზებს. დროთა განმავლობაში ამ დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს კატარაქტა, მაკულის დეგენერაცია და თვალის სხვა დაავადებები. ამიტომ:
* სათვალის ყიდვისას შეამოწმეთ ეტიკეტი ან სტიკერი – იქ უნდა ეწეროს, რომ ლინზები 100 პროცენტით იცავს ყველა სახის ულტრაიისფერი სხივებისგან. ზოგიერთი მწარმოებლის ეტიკეტზე წერია: “UV შთანთქმა 400 ნმ-მდე". ეს იგივეა, რაც ულტრაიისფერი სხივების 100-პროცენტიანი შთანთქმა.
* მუქი ლინზები ყოველთვის არ იცავს ბაცზე უკეთესად. მხოლოდ 100%-იანი UV დაცვის მქონე სათვალეები უზრუნველყოფს საჭირო უსაფრთხოებას.
* პოლარიზებული ლინზები შექმნილია ამრეკლავი ზედაპირებიდან (წყალი, გზა) არეკლილი შუქის შესამცირებლად. თავად პოლარიზაცია არ უზრუნველყოფს UV დაცვას. ასეთი ლინზები კარგია ავტომობილის, ველოსიპედის, მოტოციკლეტის მართვის, ნაოსნობის, გოლფის თამაშის დროს. თუმცა არსებობს პოლარიზებული ლინზები, რომლებსაც UV დაცვაც აქვს.
ლინზის ხარისხი
როგორ შევამოწმოთ, ურეცეპტოდ გაცემული სათვალეების ლინზები სწორად არის თუ არა დამზადებული?
* შეხედეთ მართკუთხა საგანს, მაგალითად, იატაკის ფილას.
* დაიჭირეთ სათვალე კომფორტულ მანძილზე და ცალ თვალზე ხელი აიფარეთ.
* ნელა ამოძრავეთ სათვალე ჯერ მარჯვნივ-მარცნივ, შემდეგ ზევით-ქვევით. თუ ხაზები სწორი დარჩა, ლინზა კარგია. თუ ხაზები მოძრაობს, განსაკუთრებით – ლინზის ცენტრში, მოსინჯეთ სხვა.
სხვა კრიტერიუმები
კარგი იქნება, სათვალეს მაქსიმალურად დიდი ლინზები ჰქონდეს, რათა თვალები კარგად დაიცვას მზისგან. ფერს მნიშვნელობა არ აქვს.
არცერთი ტიპის ლინზა არ არის გატეხვისგან ბოლომდე დაზღვეული, მაგრამ პლასტმასის ლინზები უფრო ნაკლებად იმსხვრევა, ვიდრე მინისა, ამიტომ ურეცეპტოდ გასაცემი მზის სათვალეების უმეტესობა დამზადებულია განსაზღვრული ტიპის პლასტმასისგან. ვინაიდან პლასტმასა ადვილად იკაწრება, შეამოწმეთ, აქვს თუ არა ლინზებს დაკაწვრის საწინააღმდეგო ფენა.
არ არის აუცილებელი, მზის სათვალე ძვირი იყოს – იაფიც შეიძლება აღმოჩნდეს უსაფრთხო და ეფექტური. იაფფასიანი სათვალე, რომელიც 100 პროცენტით იცავს UV-გამოსხივებისგან, უკეთესი არჩევანია, ვიდრე ბრენდული ნივთი UV დაცვის გარეშე.
მარი აშუღაშვილი







