კბილის ელექტროჯაგრისი – ჰიგიენური პროცედურების ევოლუცია

Share:

კბილის ელექტროჯაგრისმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩვენს ყოველდღიურობაში, თუმცა ყველამ არ იცის, რით სჯობია ის მექანიკურს ან, საერთოდ, სჯობია თუ არა.

სწორი არჩევანის გასაკეთებლად უნდა ვიცოდეთ, რა ღირსება და ნაკლი აქვს ელექტროჯაგრისს, რას მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას, როგორ გავიხეხოთ კბილები, რომ ელექტროჯაგრისის უპირატესობით მაქსიმალურად ვისარგებლოთ.

ელექტროჯაგრისი ორი ტიპისაა – მბრუნავი და ბგერითი ან ულტრაბგერითი. რა განსხვავებაა მათ შორის?

მბრუნავი ელექტროჯაგრისი

ამ ტიპის ჯაგრისს პატარა მრგვალი თავი აქვს, რომელიც  წუთში 3000-5000 ბრუნს ასრულებს (ზოგიერთი მოდელი – მეტსაც), მაგრამ ბორბალივით კი არ ბრუნავს, არამედ განსაზღვრული კუთხით მოძრაობს წინ და უკან. ზოგიერთი მოდელი პულსირებს კიდეც – მსუბუქად ურტყამს კბილს, რაც ნადების მოცილებას აადვილებს.

კომპლექტაცია

აღჭურვილია ელემენტით ან აკუმულატორით, მოჰყვება სატენი სადგამი და აქვს რამდენიმე რეჟიმი, მაგალითად:

* ყოველდღიური წმენდის;

* ღრძილების დაცვის;

* კბილების გათეთრების;

* მგრძნობიარე კბილებისთვის ფაქიზი წმენდის;

* ინტენსიური წმენდის.

ყველაზე ძვირად ღირებული მოდელები აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც აკონტროლებს კბილებზე ზეწოლას და გადაჭარბების შემთხვევაში გვაფრთხილებს. ზოგიერთ მოდელს აქვს ტაიმერიც, რომელიც სტომატოლოგების მიერ რეკომენდებული დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად თიშავს მოწყობილობას.

არსებობს მოდელები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ჯაგრისიც მოყვება, მაგალითად, კბილებს შორის არსებული სივრცის გასაწმენდად.

ბგერითი ელექტროჯაგრისი

ბგერითი და ულტრაბგერითი ჯაგრისები კიდევ უფრო ახალი ტექნოლოგიაა. მბრუნავი ელექტროჯაგრისისგან განსხვავებით, მათ წაგრძელებული,  ხელის ჯაგრისის მსგავსი თავი აქვთ. ბგერითი ეფექტის შესაქმნელად ისინი იყენებენ მაღალი – 250-დან 300 ჰერცამდე – სიხშირის ვიბრაციას, რომელიც ჯაგრისის ღერების სწრაფ რხევას იწვევს. ბგერითი ტალღები წუთში რამდენიმე ათას მოძრაობას აღძრავს, რაც უზრუნველყოფს კბილებისა და ღრძილების საფუძვლიან წმენდას, თანაც ნაზად, ყოველგვარი დაზიანების გარეშე. ამ ტექნიკით კბილებს შორის ძნელად მისადგომი ადგილებიც კი შეიძლება საფუძვლიანად გაიწმინდოს.

ულტრაბგერითი ჯაგრისი  ბგერითის მსგავსად მუშაობს, მაგრამ გაცილებით სწრაფია. მისი სისწრაფე წუთში რამდენიმე მილიონ იმპულსს აღწევს. ვიბრაციის წარმოქმნისთვის ის ულტრაბგერით ტექნოლოგიას იყენებს.

ჯაგრისის ეს ტიპი სხვებთან შედარებით ოდნავ განსხვავებული და რთული სამართავია. გარდა ამისა, სჭირდება სპეციალური კბილის პასტა.

კომპლექტაცია

ბგერითი კბილის ჯაგრისი აღჭურვილია ელემენტით ან აკუმულატორით, რომელიც შეიძლება დაიმუხტოს სადგამის, კაბელის ან ინდუქციური სატენის საშუალებით. გარდა ყოველდღიური რეჟიმისა, რომელიც პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისთვის არის განკუთვნილი, სხვადასხვა მოდელს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა რეჟიმი:

* ფაქიზი წმენდის რეჟიმი მგრძნობიარე კბილებისა და ღრძილებისთვის;

* კბილების გათეთრების;

* ღრძილების მოვლის (ღრძილების მსუბუქი მასაჟისთვის);

* ინტენსიური წმენდის.

მოდელების უმრავლესობა აღჭურვილია ზეწოლისადმი მგრძნობიარე სენსორითა და ტაიმერით.

ვის შეეფერება ელექტროჯაგრისი?

მცირე ზომის მრგვალი ჯაგრისი პრაქტიკულად ყველასთვის იდეალური არჩევანია, განსაკუთრებით – პატარებისთვის. რეკომენდებულია სამი წლიდან. ამ ასაკში ბავშვს მანუალური უნარები ბოლომდე ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული, ამიტომ მექანიკური ჯაგრისით კბილები შესაძლოა საკმარისად კარგად ვერ გაიხეხოს. ჭკვიანი ელექტროჯაგრისი ბლუთუზით უკავშირდება სმარტფონს, ხოლო სპეციალური აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ წმენდის პროცესი. მაშასადამე, მშობლებს შეუძლიათ შეამოწმონ, როგორ იხეხავს მათი პატარა კბილებს.

ელექტროჯაგრისი მოხერხებულია მათთვისაც, ვისაც მოტორული უნარები შეზღუდული აქვს, მაგალითად, ინვალიდებისთვის, ხანდაზმულებისთვის.

პატარა ჯაგრისით განსაკუთრებით ადვილია შორს მდებარე კბილებამდე მიღწევა. ის კარგი არჩევანია მათთვისაც, ვისაც გამოხატული ღებინების რეფლექსი აქვს, მაგალითად, ორსულებისთვის.

მგრძნობიარე კბილებისა და ღრძილების, ასევე ღრძილების ანთების მქონე პაციენტებისთვის ყველაზე მეტად ბგერითი კბილის ჯაგრისებია რეკომენდებული.

დამუხტვის ხანგრძლივობა

როგორც ბგერითი, ისე მბრუნავი ელექტროჯაგრისის დამუხტვას თითქმის ერთი და იგივე დრო – დაახლოებით 12-24 საათი სჭირდება.

ექსპლუატაციის ხანგრძლივობა

თუ კბილებს დღეში ორჯერ გაიხეხავთ, ბოლომდე დამუხტული აკუმულატორი 1-2 კვირა გეყოფათ.

ჯაგრისის მოძრაობა

ბგერითი ჯაგრისი: დაახლოებით 30,000 – 62000 რხევა.

ულტრაბგერითი ჯაგრისი: მილიონობით იმპულსი წუთში

მბრუნავი ელექტროჯაგრისი: 3000-10000-მდე რხევა/ბრუნვა და 48,000-მდე პულსაცია.

მნიშვნელოვანი კრიტერიუმები

შეძენისას ყურადღება მიაქციეთ:

* ტაიმერს და ზეწოლის სენსორს – ეს მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომელთა არსებობა კბილების წმენდას აადვილებს;

* ელემენტის გამძლეობას – რაც უფრო მეტხანს ძლებს ელემენტი, მით უფრო ხარისხიანია მოწყობილობა;

* ჯაგრისის თავაკს – ზოგიერთ მოდელს სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების დამატებითი თავაკები მოჰყვება. იაფ მოდელებს, როგორც წესი, თავაკი არ ეცვლება.

კბილის გახეხვის ტექნიკა

უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ ჯაგრისი დამუხტულია. ბევრ მოდელს სპეციალური ინდიკატორი აქვს, რომელიც  დამუხტვის ხარისხს აჩვენებს.

მბრუნავი ელექტროჯაგრისით კბილები სათითაოდ უნდა გაიხეხოთ. დამატებითი მოძრაობები საჭირო არ არის. ნუ გადაიტარებთ ჯაგრისს კბილებზე, უბრალოდ მიიდეთ კბილზე და 2-3 წამის შემდეგ გადაიტანეთ მომდევნოზე. კბილზე ჯაგრისს ზომაზე მეტხანს ნუ გააჩერებთ. ამგვარადვე გაიწმინდეთ კბილის შიგნითა მხარე და საღეჭი ზედაპირი. არ გამოგრჩეთ  ღრძილების ხაზი და კბილთაშორისი სივრცე.

ბგერითი ჯაგრისით ხეხვის ტექნიკა ტრადიციული ჯაგრისით ხეხვისას ჰგავს, თუმცა ბგერითი ჯაგრისი დაახლოებით ათასჯერ მეტ მოძრაობას ასრულებს. მაშასადამე, თუ მბრუნავი ელექტროჯაგრისი მხოლოდ უნდა დაიდო კბილზე, ბგერითი ჯაგრისით ხეხვისას აუცილებელია დამატებითი მოძრაობები, ისევე როგორც მექანიკური ჯაგრისით ხეხვის შემთხვევაში. ეს ზრდის ჯაგრისის ეფექტიანობას და სრულყოფილად ასუფთავებს კბილის მთელ ზედაპირს. წაგრძელებული ჯაგრისის თავი საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე კბილი ერთდროულად გაიხეხოთ. დროის გასვლას კი ტაიმერი გამცნობთ.

რომელი ელექტროჯაგრისითაც არ უნდა გაიხეხოთ, მთავარია, ჯაგრისი ძლიერ არ დააჭიროთ კბილის ზედაპირს – ზედმეტი დაჭერით შესაძლოა კბილის დამცავი მინანქარი დააზიანოთ.

ჩართეთ ჯაგრისი მოკუმულ პირში, თორემ ძლიერი ვიბრაციის გამო კბილის პასტა მთელ აბაზანაში მიმოიფანტება.

როგორ მოვუაროთ

კბილის ჯაგრისი ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლით და კარგად მოაცილეთ პასტის ნარჩენები.

ტენიან გარემოს შეუძლია ხელი შეუწყოს ბაქტერიების გამრავლებას, ამიტომ ნუ შეინახავთ ჯაგრისს დახურულ სივრცეში. კარგად გააშრეთ ჰაერზე.

შეინახეთ სუფთად, რათა თავად არ დაბინძურდეს ბაქტერიებით.

კბილებზე ჯაგრისის ძლიერი ზეწოლა არა მხოლოდ კბილის მინანქარს აზიანებს, არამედ ჯაგრისის თავსაც, სწრაფად ცვდება ჯაგრისის ღერები და ჯაგრისიც თავის საქმეს ნაკლებეფექტურად ასრულებს. თავაკი სამ თვეში ერთხელ ცვალეთ.

ნუ დამუხტავთ ელექტროჯაგრისს ყოველი გამოყენების შემდეგ – ელემენტი ასე უფრო მეტხანს გაგიძლებთ. პირველ გამოყენებამდე მოწყობილობა ბოლომდე დამუხტეთ და აღარ დამუხტოთ, ვიდრე ელემენტი მთლიანად არ დაიცლება.

შეგიძლიათ, კბილის ჯაგრისის დეზინფექციისთვის ანტიბაქტერიული პირის ღრუს სავლები საშუალება გამოიყენოთ. შესაძლოა ბაზარზე შეგხვდეთ კბილის ჯაგრისის სადეზინფექციო საშუალებებიც, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი რეალურად ასრულებენ დანაპირებს.

ჯაგრისმა დიდხანს რომ გაგიძლოთ, აუცილებლად გაეცანით და შეასრულეთ მწარმოებლის რეკომენდაციები.

ელექტრო თუ მექანიკური

კბილების საფუძვლიანი გაწმენდა ნებისმიერი ჯაგრისით შესაძლებელია, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ერთი ტექნოლოგია მეორეზე უკეთესია. მთავარი მაინც წმენდის სწორი ტექნიკაა. თუმცა ელექტროჯაგრისის უპირატესობა ის არის, რომ ის ყველაფერს ავტომატურად აკეთებს სწორად, თანაც გაცილებით სწრაფად და კომფორტულად. ელექტროჯაგრისით კბილების გახეხვა  უფრო ადვილია – კბილები სუფთავდება ნაზად, ფაქიზად და საფუძვლიანად, თანაც ამისთვის მცირე ძალისხმევაც საკმარისია. უახლესი კვლევების თანახმად, ელექტროჯაგრისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღრძილების ანთებისა და პაროდონტიტის პროფილაქტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ სწორი ჯაგრისის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, პირის ღრუს ჯანმრთელობა სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული. კარიესის  პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, კბილები ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხოთ, რეგულარულად გამოიყენოთ ფლოსი კბილებს შორის სივრცის გასასუფთავებლად,  კბილები დღეში, სულ ცოტა, ორჯერ გაიხეხოთ, არ დაგავიწყდეთ ძნელად მისადგომი ადგილების, ღრძილების, ენის გასუფთავება სტომატოლოგების მიერ რეკომენდებული 2-3 წუთის განმავლობაში.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: