ყაბზობა - რა იწვევს შეკრულობას
Share:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალ დაავადებას თან ახლავს შეკრულობა. ბევრი ამ დროს უხერხულობას გრძნობს და ექიმთან მხოლოდ მას შემდეგ მიდის, რაც მდგომარეობა გაურთულდება.
კლინიკა “მედკაპიტალის” ოჯახის ექიმი ლია მამასახლისი ყაბზობის მიზეზებსა და მასთან გამკლავების გზებზე გვესაუბრა:
რა არის
– დეფეკაცია, ნაწლავთა მოქმედება, ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავების ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. განავლოვანი მასა უნდა იყოს ფორმირებული, საშუალო სიმკვრივის.
ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ამ დროს დეფეკაციას ჭინთვები და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ახლავს თან. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა კვირაში სამზე ნაკლები ნაწლავთა მოქმედება.
– რა სიმპტომები ახასიათებს ყაბზობას?
– დეფეკაციის გაიშვიათებასთან ერთად ადამიანი უჩივის სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნებას. ზოგჯერ განავლოვანი მასა მცირე მოცულობისაა და სწორი ნაწლავიდან მისი გამოდევნა გაძნელებულია. ხშირია მუცლის ტკივილი, შებერვა და ყურყური. ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, უმადობა, ბოყინი და გულისრევაც.
რა იწვევს
– შეკრულობას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ უმთავრესი მაინც ცხოვრების უმოძრაო წესი (ადინამია) და არასწორი კვებაა. ჩვენს დროში ორივე ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია, ამიტომ ყაბზობას ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებად მიიჩნევენ. მეოცე საუკუნეში დაგროვილი მეცნიერული კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვენი დროის არაგადამდები დაავადებები, მათ შორის – შეკრულობა, უმთავრესად იმ ქვეყნებში გვხვდება, სადაც მოსახლეობა მასობრივად ეტანება მაღალკალორიულ, რაფინირებულ, ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარ და მცენარეული ბოჭკოთი ღარიბ საკვებს, თანაც ფიზიკურად არააქტიურ ცხოვრების წესს მისდევს.
ახალგაზრდებში ხშირია ეგრეთ წოდებული ფუნქციური შეკრულობა, რომელიც შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. მას ჩვეულ შეკრულობასაც უწოდებენ. მას დეფეკაციის რეფლექსის შესუსტება იწვევს. ფუნქციურ შეკრულობას ხელს უწყობს დეფეკაციისგან თავის შეკავება – ამ შემთხვევაში რეფლექსი ვეღარ რეალიზდება, ითრგუნება, ნაწლავის შიგთავსი ანტიპერისტალტიკური ტალღით უკან ბრუნდება, ნაწლავი კვლავ იწოვს მასში დარჩენილ სითხეს, მასა შრება, მკვრივდება და ეს უფრო მეტად აძნელებს მის გადაადგილებას.
შესაძლოა, დეფეკაციის მოთხოვნის დიდხანს იგნორირებამ ნაწლავის რეცეპტორების მგრძნობელობა დააქვეითოს, რაც, თავის მხრივ, განავლის ხანგრძლივ დაყოვნებას გამოიწვევს.
პირველადი ყაბზობა
– ნაწლავის გლუვი კუნთების პირველადმა ან მეორეულმა დისფუნქციამ, ინერვაციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავებში შიგთავსის გადაადგილების სიჩქარის დაქვეითება ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით. ნივთიერებათა შეწოვის დარღვევა, ფერმენტების სეკრეციის დაქვეითება, ნაწლავური მიკროფლორის ცვლილებაც შეიძლება ქრონიკული ყაბზობის მიზეზად იქცეს.
ცნობილია, რომ დეფეკაციის პროცესი მრავალი კუნთის კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. იმისთვის, რომ შეიქმნას საკმარისი წნევა სწორ ნაწლავში, მოდუნდეს შიდა და გარე ანალური სფინქტერი და ა.შ., საჭიროა მენჯის, მუცლისა და რექტალური კუნთების თანმიმდევრული მოქმედება. მენჯის კუნთების შეთანხმებული მუშაობის დარღვევისას დეფეკაცია რთულდება და ყაბზობა ვითარდება.
მეორეული შეკრულობა
– როდის ვითარდება მეორეული შეკრულობა?
– მეორეული შეკრულობის მიზეზებია ნაწლავისა და ნაწლავგარე დაავადებები. მექანიკური ობსტრუქციის გამომწვევი დაავადებებიდან მეტად საყურადღებოა კოლინჯის კიბო, სტრიქტურა და ანალური ნაპრალი. შეკრულობის მიღმა ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის კიბო იმალება. თუ ადამიანს არც ისე დიდი ხანია დაეწყო ყაბზობა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შესაძლოა, შეკრულობა კიბოს პირველი სიმპტომი აღმოჩნდეს.
მეორეული შეკრულობის მიზეზებს შორის მეტად საყურადღებოა ნაწლავის ანთებითი დაავადებები, რომელთა ნებაზე მიშვების შემთხვევაში ნაწლავის სანათურში ვითარდება სტრიქტურები (შეხორცებები) და განავლოვანი მასების ნორმალურ გადაადგილებას აფერხებს.
ანალური ნაპრალი სწორი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის ლორწოვანი შრის მცირე ზომის დეფექტია. მის განვითარებას ხელს უწყობს შეკრულობა და იშვიათი დეფეკაცია, თუმცა ანალური ნაპრალი თავადაც შეიძლება იქცეს მეორეული შეკრულობის მიზეზად, რადგან დეფეკაციის აქტის დროს ტკივილი ანალური სფინქტერის სპაზმს აძლიერებს, სპაზმი კი უფრო მეტად ართულებს ნაწლავთა დაცლის პროცესს და ნაპრალის შეხორცებასაც უშლის ხელს. გარდა ამისა, ტკივილის მოლოდინი დეფეკაციის შეკავებას იწვევს. შედეგად განავლოვანი მასები უფრო მეტად მაგრდება და მდგომარეობა უარესდება.
სხვა მიზეზები
– ხშირად პირველად სწორედ ყაბზობით ვლინდება ისეთი მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერკალცემია, ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია და სხვა.
ყაბზობა შეიძლება განვითარდეს ენდოკრინული სისტემის დისფუნქციის შემთხვევაშიც. მაგალითად, ჰიპოთირეოზი მეტაბოლიზმის შენელებას, ნაწლავის გლუვი კუნთების შეკუმშვის დაქვეითებას, წყალმარილოვანი ცვლის დისბალანსს იწვევს და, ამგვარად, მეორეული ყაბზობის განვითარებას უწყობს ხელს.
არცთუ იშვიათად შეკრულობა ვითარდება კლიმაქსურ პერიოდში ან საკვერცხეების დისფუნქციით მიმდინარე დაავადების დროს, რაც უმთავრესად ჰორმონული დისბალანსის ბრალია.
შეკრულობას ზოგიერთი მედიკამენტიც იწვევს, მათ შორის – ანტიდეპრესანტები, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები, შარდმდენები, რკინის პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, არტერიული წნევის დამწევი საშუალებები, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, ოპიოიდები.
ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული დაავადებების თანმხლებ ყაბზობას ექიმები ნევროგენულ შეკრულობას უწოდებენ. ის ვლინდება თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობების, პარკინსონის და ჰირშპრუნგის დაავადებების, გაფანტული სკლეროზის დროს.
ყაბზობა ორსულობის დროს
– რა იწვევს ყაბზობას ორსულობის დროს?
– ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში იმატებს სასქესო ჰორმონ პროგესტერონის დონე. შედეგად დუნდება საშვილოსნოს გლუვი კუნთები, რაც ხელს უშლის ამ ორგანოს შეკუმშვას და ნაყოფის ნაადრევად გამოძევებას. პროგესტერონი საშვილოსნოსთან ერთად ნაწლავის გლუვი კუნთების მოდუნებასაც იწვევს, რის გამოც სუსტდება პერისტალტიკა და ვითარდება ყაბზობა. ნაყოფის ზრდასთან ერთად დიდდება საშვილოსნოც, რომელიც, ერთი მხრივ, ნაწლავებს აწვება, მეორე მხრივ კი – მცირე მენჯის ღრუს სისხლძარღვებს. ვითარდება ვენური სტაზი, რაც მსხვილი ნაწლავის მოტორულ-ევაკუაციურ ფუნქციას აქვეითებს და პერისტალტიკას აუარესებს.
ორსულობის დროს შეკრულობის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია რკინის პრეპარატების მიღება – მომავალ დედებს ამ პრეპარატებს რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ ან თავიდან ასაცილებლად უნიშნავენ.
დიაგნოზი
– როგორ ხდება ყაბზობის დიაგნოსტირება?
– ყაბზობის დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია, პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს ე.წ სასიგნალო ნიშნები: წონის სწრაფი კლება და რექტალური (უკანა ტანიდან) სისხლდენა. მომდევნო ეტაპი პაციენტის კვების რაციონისა და ცხოვრების წესის შესწავლაა. ჩივილებისა და ანამნეზის საფუძველზე შესაძლოა დაინიშნოს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად, მუცლის ღრუს რენტგენოსკოპია ბარიუმით ან მუცლის ღრუს ექოსკოპია. ზოგჯერ მიზანშეწონილია მსხვილი ნაწლავის კვლევების, მათ შორის – კოლონოსკოპიის, ირიგოსკოპიის, კაფსულური ენდოსკოპიის, მსხვილი ნაწლავის მანომეტრიის, ჩატარება. ანორექტალური პრობლემების გამოსავლენად აუცილებელია პროქტოლოგის კონსულტაცია, რექტალური მანომეტრია და დეფეკოგრაფია.
მკურნალობა
– ყაბზობის მკურნალობა კვების კორექციით, ნორმალური რაოდენობის წყლის მიღებით და ფიზიკური აქტიურობის დონის ამაღლებით იწყება. შეკრულობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის, უპირველესად, აუცილებელია ჯანსაღი, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვები: ხილი (ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი), ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი, თალგამი), მწვანილი და სხვა, ასევე – ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი, კარგად მოხარშული საქონლის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები. საჭმელი, უმჯობესია, მიირთვათ დღეში 3-4-ჯერ, ერთსა და იმავე დროს. კვების კორექციასთან ერთად საჭიროა დღეში 1,5-2 ლ წყლის მიღებაც. საზოგადოდ, სვით ბევრი სითხე, მაგრამ ერიდეთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, ცხოველურ ქონს. მის ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლება უმჯობესია ქვედა კიდურების დატვირთვით (ფეხით სიარული, მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერება).
როცა ჩამოთვლილი მეთოდები უეფექტოა, საფაღარათო საშუალებების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.
თუ ყაბზობა რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული, უპირველესად სწორედ ამ დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ. სხვაგვარად ნაწლავთა მოქმედება, საუკეთესო შემთხვევაში, დროებით თუ გამოსწორდება.
– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ყაბზობას?
– ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა შესაძლოა გართულდეს ბუასილით (ჰემოროე), ანალური ნაპრალით ან რექტალური პროლაფსით (სწორი ნაწლავის ნაწილობრივი გამოსვლა ანუსის გარეთ). ზოგჯერ განავლოვანი მასები ისე ავსებს ნაწლავების სანათურს, რომ ბუნებრივად მათი წინ გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ფეკალური გაუვალობა ზრდის ნაწლავის პერფორაციის (გახვრეტის) რისკს.
მარი მარღანია







