ბიოლოგიური სითხეები
Share:
ძველმა ბერძნებმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ "სისხლი, ყვითელი ნაღველი, შავი ნაღველი და ლორწო ორგანიზმში ბუნებრივი თანაფარდობითაა გადანაწილებული, ამ ბალანსის დარღვევა კი სხვადასხვა ავადმყოფობის მიზეზი ხდება". ჰიპოკრატე პაციენტებს წამლებით და იმ პროცედურებით მკურნალობდა, რომლებიც ორგანიზმის ჰუმორულ (სითხეების) სისტემას აწონასწორებს (დიეტა, სისხლის გამოშვება, ნაწლავთა მოქმედება, პირღებინება).
მიუხედავად იმისა რომ ჰიპოკრატეს შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მედიცინა დღესაც წარმატებით იყენებს ბიოლოგიურ სითხეებს დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის მიზნით.
ოფლი
ეს გამჭვირვალე სითხე, რომელიც კანში არსებული სპეციალური საოფლე ჯირკვლებიდან გამოიყოფა, ძირითადად წყლისგან, ცოტაოდენი შარდოვანასგან, მარილებისგან, ცხიმებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან შედგება. ადამიანს დაახლოებით 4 მლნ საოფლე ჯირკვალი აქვს. ისინი ორი ტიპისაა და სხვადასხვანაირ ოფლს წარმოქმნის. ეკრინული ჯირკვლები (4 მლნ-დან 3 მლნ მათ წილად მოდის) მთელ სხეულზეა განლაგებული და მათი სადინარები პირდაპირ კანზე იხსნება, აპოკრინული ჯირკვლები კი – თმის ფოლიკულებით სავსე ადგილას: იღლიაში, საზარდულში... კანზე მოხვედრამდე ამ ჯირკვლების სეკრეტი ფოლიკულში იცლება. სუნი არც ერთ ოფლს არ აქვს. ის მაშინ წარმოიშობა, როდესაც ოფლს კანზე მობინადრე ბაქტერიები ერევა. ბაქტერიების მიზიდვის უნარით კი აპოკრინული ჯირკვლების გამონაყოფი გამოირჩევა, ამიტომ უსიამოვნო სუნი უმთავრესად იმ ადგილებში ჩნდება, სადაც ეს ჯირკვლებია ლოკალიზებული. ამრიგად, ოფლის უსიამოვნო სუნი მიკრობების ბრალია და არა თავად ოფლის. გამომწვევი მიზეზის ცოდნა კი პრევენციის საუკეთესო საფუძველია. სუნის თავიდან ასაცილებლად შხაპის ხშირად მიღებაა საჭირო, განსაკუთრებული ყურადღებით კი ის ადგილები უნდა ჩამოიბანოს, სადაც აპოკრინული ჯირკვლები იყრის თავს.
ოფლის გამოყოფა აუცილებელია, რადგან მასთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები გამოიდევნება. ოფლი კანის ზედაპირიდან ორთქლდება და ორგანიზმს აგრილებს. ზრდასრული ადამიანი დღე-ღამეში საშუალოდ 700-900 გრამ ოფლს გამოყოფს. საოფლე ჯირკვლების არაპროპორციული განლაგების გამო ადამიანის კანის სხვადასხვა უბანი სხვადასხვანაირად ოფლიანდება. ყველაზე მეტად სველდება ხელისგულები, ტერფები, იღლიები, შუბლი, ლოყები, მკერდი. ადამიანების უმრავლესობას სხეულის მარჯვენა ნახევარი უფრო მეტად უოფლიანდება, ვიდრე მარცხენა. მამაკაცები ქალებზე 4-ჯერ მეტ ოფლს გამოყოფენ, თუმცა ორივე სქესს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის საოფლე ჯირკვალი აქვს. საქმე ის არის, რომ მამაკაცები ქალებზე დიდი ტანისანი არიან, ამიტომ, სხეულის ზედაპირიც, რომელსაც გაგრილება სჭირდება, უფრო დიდი აქვთ. ოფლის გამოყოფას აძლიერებს მამაკაცური ჰორმონებიც.
ოფლიანობის ინტენსივობის ცვლილება ზოგჯერ ავადმყოფობაზე მიუთითებს და ექიმის კონსულტაციას მოითხოვს. ჭარბ ოფლიანობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება. თუ ჭარბ ოფლიანობას აშკარა მიზეზი არ აქვს, მას პირველად ანუ ესენციურ ჰიპერჰიდროზს უწოდებენ. ამ შემთხვევაში საოფლე ჯირკვლების მუშაობაზე პასუხისმგებელი ნერვები ზედმეტად აქტიურობენ. ჰიპერჰიდროზის ეს ტიპი, როგორც წესი, ადგილობრივია – ხელების, ფეხების და ზოგჯერ სახის ოფლიანობით გამოიხატება. სხეულის ამა თუ იმ უბნის ოფლიანობა ჰიპერჰიდროზად რომ ჩაითვალის, ეპიზოდი უნდა გამეორდეს კვირაში, სულ მცირე, ერთხელ და გაოფლიანდეს სხეულის ორივე მხარე. პირველადი ჰიპერჰიდროზი ნაწილობრივ მემკვიდრეობითია. ზოგჯერ ის ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება.
თუ ჭარბ ოფლიანობას განსაზღვრული სამედიცინო მდგომარეობა განაპირობებს, მას მეორეული ჰიპერჰიდროზი ეწოდება. მას მრავალი მიზეზი აქვს – ორსულობით დაწყებული, მედიკამენტების თანმხლები მოვლენებით დამთავრებული.
ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს ანჰიდროზიც – ოფლის ნაკლებობა. ამ დროს იმატებს ორგანიზმის გადახურების რისკი. ანჰიდროზი შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოებამ, დამწვრობამ, კანისა და ნერვული სისტემის ზოგიერთმა დაავადებამ.
ზოგი ადამიანი ბუნებრივად უფრო მეტად ოფლიანობს, ზოგი კი ნაკლებად, ამიტომ ის, რაც ერთისთვის ნორმაა, მეორისთვის შესაძლოა საგანგაშო ნიშანი იყოს.
ექიმს მიმართეთ, თუ:
* უეცრად დაგეწყოთ ჩვეულებრივზე ძლიერი ოფლიანობა, – იმდენად ძლიერი, რომ თქვენს ყოველდღიურ რუტინას არღვევს, – ღამღამობით უმიზეზოდ ოფლიანდებით ან ოფლიანობა იწვევს ემოციურ დისტრესსა და სოციალურ იზოლაციას;
* ძლიერ ოფლიანობას თან ახლავს თავბრუხვევა, გულმკერდის ტკივილი ან გულისრევა, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
შარდი
ეს ყვითელი სითხე თირკმელებში სისხლის ფილტრაციის შედეგად წარმოიქმნება. შარდი ერთგვარი ხსნარია, რომელშიც მარილები და ორგანული ნივთიერებებია გახსნილი. მისი უდიდესი ნაწილი წყალია, 5%-ს კი მყარი ნაშთი შეადგენს.
შარდის წარმოქმნა ფიზიოლოგიური პროცესია. გორგლის კაფსულაში უწვრილესი წვეთების სახით წარმოიქმნება ძალიან დაბალი კონცენტრაციის შარდი. ეს პირველადი შარდია და შემადგენლობით ძალიან განსხვავდება იმ სითხისგან, რომელიც საბოლოოდ გამოიყოფა ორგანიზმიდან. ერთი ნეფრონი (თირკმლის ძირითადი ფუნქციური ერთეული) დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის, სულ კი 24 საათში ორგანიზმში 60-90 ლიტრი პირველადი შარდი გამომუშავდება. გორგალი ამ სითხეს ხელახლა გადაამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-ს და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს. სწორედ ამის შემდეგ წარმოიქმნება მეორეული შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გადადის, იქიდან კი შარდსადინარის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება.
ადამიანი დღე-ღამეში საშუალოდ 1,5-2 ლიტრ შარდს გამოყოფს. გამოყოფილი შარდის დღეღამური რაოდენობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – მიღებული სითხის რაოდენობაზე, თირკმელების მდგომარეობაზე, შარდის წარმოქმნის პროცესის სარეგულაციო მექანიზმებზე, თუმცა მასზე გავლენას ახდენს პათოლოგიებიც. შარდის რაოდენობის მომატებას პოლიურიას ვუწოდებთ. ის უმთავრესად შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. შარდის რაოდენობის შემცირება (ოლიგურია) ან მისი გამოყოფის შეწყვეტა (ანურია) თირკმლის მძიმე პათოლოგიაზე მეტყველებს და საგანგაშო ნიშანია.
შარდის ანალიზი (საერთო, მიკროსკოპული ან ორივე ერთად) შარდის ვიზუალური, ქიმიური და მიკროსკოპული მახასიათებლების შესწავლას გულისხმობს. ის ხშირად ტარდება საშარდე გზების ინფექციის, თირკმლის პრობლემების დიაგნოსტიკის ან დიაბეტის მონიტორინგისთვის. ასევე შეიძლება ჩატარდეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების მიზნით, ჰოსპიტალიზაციის დროს, ოპერაციამდე ან ორსულობის დროს. ტესტები გამოიყენება თირკმლის დაავადებების სკრინინგისა და შეფასებისთვის, ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის პროგრესირების მონიტორინგისთვის.
ანალიზისთვის მომზადებისას:
- 48 საათის განმავლობაში არ მიიღოთ დიურეზული (შარდმდენი) მედიკამენტები;
- 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი, ცხარე, მლაშე საკვები, საკვები, რომელიც ფერს უცვლის შარდს;
- 12 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან;
- არ ჩაიტაროთ ანალიზი მენსტრუაციის დროს და მენსტრუაციის დასრულებიდან 2 დღე;
- არ ჩაიტაროთ ანალიზი ცისტოსკოპიის შემდეგ 5-7 დღის განმავლობაში.
ცრემლი
კონიუნქტივა, თვალის ლორწოვანი გარსი, ყოველთვის ნოტიო უნდა იყოს. ცრემლი ხელს უშლის მის გამოშრობას და დაავადების გამომწვევი მიკრობების გამრავლებას. ამ გამჭვირვალე სითხეს ზედა ქუთუთოს გარეთა კუთხეში მდებარე საცრემლე ჯირკვალი გამოიმუშავებს და გამოყოფს. მხედველობის ორგანოს დანოტივებისა და გამორეცხვის შემდეგ ცრემლი თვალის შიგნითა კუთხეში გროვდება. აქ ზედა და ქვედა ქუთუთოზე საცრემლე წერტილებია განლაგებული. მათ იოლად დაინახავთ, თუ სარკის წინ ქვედა ქუთუთოს ჩამოიწევთ და მის შიგნითა კუთხეს დააკვირდებით. სწორედ ამ პატარა ნახვრეტებიდან იწყება საცრემლე არხი. სიღრმეში არხი ფართოვდება და საცრემლე პარკს ქმნის. ეს უკანასკნელი ცხვირ-ხახაში იხსნება. ცრემლმა თავისი გზა დაუბრკოლებლად რომ გაიაროს, ბუნებრივია, ყველა ჩამოთვლილი სტრუქტურა გამავალი უნდა იყოს.
ადამიანის ცრემლი ერთი შეხედვით წყალს ჰგავს, სინამდვილეში კი მას რთული შედგენილობა აქვს. ის ნახშირწყლებს, ლიპიდებს, ელექტროლიტებს, ლიზოციმს, ლაქტოფერონს, სავალდებულო ცილებსა და ვიტამინებს შეიცავს. ლიზოციმი სპეციალური ფერმენტია, რომელიც ბაქტერიებსა და ვირუსებს ანადგურებს. ლაქტოფერონი კი ცილაა, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას.
ტექნოლოგიების განვითარებამ, კომპიუტერთან მუშაობამ და გაჯეტების მუდმივმა მოხმარებამ მშრალი თვალის სინდრომით ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა.
თვალების წვა, ქავილი, ქარიან ამინდსა და ყინვაში ცრემლდენა, ტკივილი ძლიერი განათებისას, ქვიშის ჩაცვენის შეგრძნება, დაჭიმულობა, მხედველობის საგრძნობი დაქვეითება – თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ალბათ ერთხელ მაინც გირჩევდნენ ხელოვნური ცრემლის გამოიყენებას.
ხელოვნური ცრემლები, რომლებსაც სააფთიაქო ბაზარი გვთავაზობს, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ დამოუკიდებლად მათი არჩევა არ არის რეკომენდებული. თვალის ექიმი დაავადების სიმძიმის მიხედვით შეგირჩევთ, რომელი ხელოვნური ცრემლი გამოიყენოთ. მანამდე კი გაითვალისწინეთ, რომ:
* ზოგიერთი ხელოვნური ცრემლი წყლის მსგავსია, ზოგი კი სქელია, როგორც გელი. ასეთი ცრემლები ჰიდროგელს შეიცავს და ამის წყალობით უკეთესად ატენიანებს თვალს.
* ერიდეთ კონსერვანტების შემცველ თვალის წვეთებს. მათ ხშირ გამოყენებას შესაძლოა ტოქსიკური ეფექტი აღმოაჩნდეს და გაზარდოს თვალის მგრძნობელობა ამა თუ იმ გარე ფაქტორის ზემოქმედების მიმართ. თვალის წვეთებს კონსერვანტებს ვარგისობის ვადის გასახანგრძლივებლად უმატებენ. ერთ-ერთი ცნობილი კონსერვანტია BAK (ბენზალკონიუმის ქლორიდი), რომელსაც შეუძლია, რქოვანას უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს.
მარი მარღანია







