ლეგენდად ქცეული ექიმი

Share:

 “მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს,

ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს – ტოგა.

ჯგლეთა... ყვირილი... ჩოჩქოლი... და განწირულთა შიში

ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.

ისვრის შტურმანი ბრძანებებს... მაშველ რგოლივით ისვრის,

ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.

კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ,

ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.

და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით,

ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.

უბილეთოა გოგონა და, უპირველეს ყოვლის,

არც ჟილეტი აქვს საბრალოს და არც მაშველი რგოლი.

ვიღაცამ რგოლი მოიხსნა, თავი გადადო მსხვერპლად

და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა”.

 

მისი სახელი ყველას გაგვიგონია, თუმცა ხალხი, ვისაც იოსებ ჟორდანიასთან პირადი ნაცნობობის ბედნიერება რგებია წილად, დღეს უკვე თითებზე ჩამოსათვლელია. პროფესორ არჩილ ხომასურიძეს საამაყო ნამდვილად აქვს – მართალია, დიდ ექიმს პირისპირ არასოდეს შეხვედრია, მაგრამ მის მიერ დაარსებულ საავადმყოფოს ოცდაათი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. კარგად იცნობს მის ოჯახს, შვილს – იგი რუსეთიდან სტუმრადაც სწვევია ბატონ არჩილს.

იოსებ ჟორდანიას შესახებ სასაუბროდ პირველად სწორედ პროფესორ არჩილ ხომასურიძეს ვესტუმრეთ.

1895 წელს გორში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, თედო ჟორდანიას ოჯახში, ვაჟი დაიბადა. გორის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იოსებმა სწავლა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში განაგრძო. მოგვიანებით მან მეანობა-გინეკოლოგიის შესწავლა დაიწყო და კლინიკური ორდინატორი გახდა. ახალგაზრდა ქართველმა ექიმმა მალე მიაღწია წარმატებას მეზობელ ქვეყანაში. სხვადასხვა დროს იგი ხელმძღვანელობდა კუიბიშევისა და მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებს.

ბატონი არჩილი იხსენებს, რამოდენა ავტორიტეტით სარგებლობდა გარდაცვალების შემდეგაც კი იოსებ ჟორდანია. საქმე ის არის, რომ ჩვენმა მასპინძელმაც, წინამორბედის მსგავსად, სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო და კარგად ახსოვს, რომ ჟორდანიას ნაშრომები ყველა ექიმის სამაგიდო წიგნები იყო.

იოსებ ჟორდანიას კარიერამ პიკს მიაღწია 1942 წელს, როდესაც იგი პოლკოვნიკის რანგში წითელი არმიის მთავარ გინეკოლოგად დაინიშნა. ეს იყო ისტორიაში ერთადერთი გინეკოლოგიური სამსახური არმიაში, სადაც 8000 ქალი ირიცხებოდა.

ამ თანამდებობაზე ქართველი ექიმი 1947 წლამდე დარჩა, თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის სულ სხვა რამ იყო მთავარი. “სურდა, თავისი ქვეყნისთვის რამე ღირებული გაეკეთებინაო”, – გვიამბობს ჩვენი მეორე რესპონდენტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო მაისურაძე იოსებ ჟორდანიას პირადად იცნობდა. მასთან ერთად რამდენიმე წელიწადი იმუშავა. ჟორდანიასთან პირველი შეხვედრაც კარგად ახსოვს. მაშინ ნინო მაისურაძე ახალგაზრდა ასპირანტი იყო, ბატონი იოსები კი – უკვე სახელმოხვეჭილი ექიმი. მიაჩნია, რომ ჟორდანიას დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია:

– პროფესორი ჟორდანია ჯერ კიდევ მოსკოვში, მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე მოღვაწეობისას, ბევრ დროს უთმობდა უშვილობის პრობლემას, მის პათოგენეზსა და მკურნალობის საკითხებს. გასაკვირი არ არის, რომ თავისი იდეების განსახორციელებლად სამშობლო აირჩია. 1958 წელს მისი თაოსნობით თბილისში დაარსდა ევროპაში და, შესაძლოა, მსოფლიოშიც პირველი ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი გახდა. იოსებ ჟორდანიამ საფუძველი ჩაუყარა უნაყოფობის კვლევის თეორიულ-პრაქტიკულ იდეებს, დასახა უშვილობასთან ბრძოლის გეგმა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში მოსახლეობის გამრავლების პრობლემის გადაწყვეტა. ამ ასპექტში გამოიკვეთა მამაკაცის უშვილობის პრობლემა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სწორედ იოსებ ჟორდანიამ ჩაუყარა საფუძველი ანდროლოგიის დარგს. იგი განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ხელოვნურ აბორტს, მიაჩნდა, რომ ის დიდ ზიანს აყენებს ქალის ჯანმთელობას. ასევე არ იყო გვიანი ქორწინების მომხრე. სამწუხაროა, რომ მას არ დასცალდა ამ საშვილიშვილო საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა მის მიერ ჩაყრილი საძირკველი მყარი აღმოჩნდა, მისმა შრომამ შედეგი გამოიღო და უამრავ ქალს განაცდევინა დედობის შეუდარებელი გრძნობა. ამ კუთხით, ცხადია, დიდი ამაგი მიუძღვით ჟორდანიას მემკვიდრეებსაც, მათ შორის – პროფესორ არჩილ ხომასურიძეს”.

ერთხელ იოსებ ჟორდანიასთან როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეცნიერსა და ექიმთან ჟურნალისტი მისულა ინტერვიუს ჩასაწერად, ბატონ იოსებს კი, უპირველეს ყოვლისა, უკითხავს: “ათავსებთ თუ არა თქვენს ჟურნალში წერილებს იმის შესახებ, რა უდიდესი ზიანი მოაქვს ქალისთვის აბორტს? და განა მარტო ქალისთვის – მთელი ერისთვის? ამაზე ხშირად უნდა ვწეროთ, და განა მარტო ვწეროთ – ყველგან ვილაპარაკოთ, ყველა გზაჯვარედინზე ვიყვიროთ, რომ ყველა ქალმა გაიგოს, რას უმზადებს ზოგჯერ თავის თავს”.

ბატონი არჩილი აღნიშნავს, რომ იოსებ ჟორდანია მუდამ ნოვატორული იდეებით გამოირჩეოდა, რომ აზროვნებით იგი წინ უსწრებდა მსოფლიო მედიცინას. ამას ჯერ კიდევ 1961 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ მოწმობს. ჟორდანია წერდა: “ძველი მიდის, ახალი რჩება. ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა, მაგრამ როცა შეიძლება, ჩვენი სიცოცხლე იყოს უფრო ხანგრძლივი და მდიდარი, რატომ არ შევუწყოთ ხელი ბუნებას? თუ მას ადამიანი ისე გაუჩენია, რომ 150 წელიწადი მაინც იცოცხლოს, უნდა მეთქვა –  იცხოვროს ჯან-ღონით სავსემ, იშრომოს, დრო გაატაროს... ეს, რა თქმა უნდა, მომავლის საქმეა და იქნებ არც ისე შორეული მომავლის, ჯერ კი სიბერესთან საბრძოლველად მეცნიერება სინჯავს, ეძიებს ახალ გზებს, წყვეტს დიდ და პატარა პრობლემებს... რაც შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, ის უმთავრესად ქალებს ემსახურება. უშვილობასთან, უშვილო ქორწინებასთან ბრძოლა, ქალის ახალგაზრდობის გახანგრძლივება და მოხუცებულობით გამოწვეული ცვლილებების შეჩერება – აი, რა საკითხებზე მუშაობენ ჩვენი მეცნიერი თანამშრომლები კლინიკურ და ექსპერიმენტულ ნაწილში”.

იოსებ ჟორდანიას კალამს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე ფუნდამენტური მონოგრაფია ეკუთვნის, რომლებიც მან ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიის შესწავლის პრობლემებს, ენდოკრინული სისტემების მდგომარეობას და დედობის შენარჩუნების საკითხებს მიუძღვნა. იგი საუცხოო პედაგოგი და სასწავლო პროცესის ორგანიზატორიც ყოფილა. ჟორდანიას ხელმძღვანელობით მომზადდა 37 დისერტაცია, 12 სადოქტორო და 25 საკანდიდატო ნაშრომი. მდიდარმა კლინიკურმა და პედაგოგიურმა გამოცდილებამ ასახვა პოვა მის მიერ დაწერილ ორ სახელმძღვანელოში, რომლებიც მეანობისა და გინეკოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. ეს წიგნები რამდენჯერმე გამოიცა რუსულ ენაზე. ისინი თარგმნილა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების, ასევე – პოლონურ, ჩეხურ, ჩინურ და იაპონურ ენებზეც. ჟორდანია აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში. იგი ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციის საერთაშორისო სამედიცინო ნომენკლატურის კომისიის წევრად აირჩიეს. ასევე იყო მსოფლიო მეანობა-გინეკოლოგიის ასოციაციის წევრი. საბჭოთა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ღვაწლისთვის იგი ლენინის ორდენით დააჯილდოვა.

ქალბატონი ნუნუს აზრით, იოსებ ჟორდანია იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა შესახებ საუბარი უსასრულოდ შეიძლება, თუმცა იმასაც იხსენებს, თავად ძალზე თავმდაბალი იყო, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდაო.

 

...ალბათ გეცნოთ ჩვენი სტატიის ეპიგრაფად გამოტანილი სტრიქონები. ეს ლექსი შოთა ნიშნიანიძემ იოსებ ჟორდანიას მიუძღვნა. 1962 წელს რიო დე ჟანეიროს მახლობლად, ოკეანის თავზე, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ატყდა პანიკა, ხალხმა მაშველი ჟილეტების ჩაცმა დაიწყო. პატარა ბრაზილიელ გოგონას, რომელსაც ბილეთი არ ჰქონდა და მაშველი ჟილეტი არ ეკუთვნოდა (მათი რაოდენობა ხომ ადგილების მიხედვით იყო განსაზღვრული), იოსებ ჟორდანიამ თავისი ჩააცვა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაინახეს, როგორ ეკიდა ჟორდანია ხელებით თვითმფრინავის ფრთაზე, მერე კი ოკეანის ტალღებში ჩაიძირა.

არჩილ ხომასურიძე მოგვითხრობს, რომ იოსებ ჟორდანიას რამდენიმე კოლეგამ ეჭვი შეიტანა ფაქტის სისწორეში და სტატიებიც გამოაქვეყნა, რომ ამბავი შეთხზული იყო:

– მაშინ ვეღარ მოვითმინე, თვითმფრინავის ამბავი გამოვიკითხე და გავიგე, რომ მხოლოდ ოცი მგზავრი დაღუპულა, მოვიძიე გადარჩენილთა პერსონალური ინფორმაცია და სამი მათგანის სანახავად საგანგებოდ წავედი რუსეთში. მათ ზუსტად ამიწერეს მთელი ამბავი და იოსების გმირობის შესახებაც მიამბეს. სხვათა შორის, ორი მათგანი დღესაც ცოცხალია, ასე რომ, ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია გადაამოწმოს. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ იოსებ ჟორდანიასაც ჰქონდა გადარჩენის შანსი. სამწუხაროდ, მან ცურვა არ იცოდა და დაუყოვნებლივ ჩაიძირა; რამდენიმე წუთი წყლის ზედაპირზე რომ დარჩენილიყო, მაშველები მის ამოყვანას შეძლებდნენ...

 

სამშაბათია, სამუშაო დღე, და პროფესორ არჩილ ხომასურიძეს კართან პაციენტები ელოდებიან. იძულებული ვართ, საუბარი დავასრულოთ, თუმცა ბატონ არჩილს კიდევ ბევრი რამ აქვს მოსაყოლი და ძალიან უხარია, რომ დავინტერესდით იოსებ ჟორდანიათი – “ექიმით, რომელმაც ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობას არა მხოლოდ მთელი სიცოცხლე, არამედ სიკვდილიც კი მიუძღვნა”.

თამარ არქანია

ნინია მაჭარაშვილი

Share: