ზამთარი მშვიდად რომ გავატაროთ

გააზიარე:

უკვე მეორე თვეა, ჩემი გოგონა ყოველ დილით იმ იმედით იღვიძებს, რომ ფანჯრიდან განსხვავებული ფერის პეიზაჟს დაინახავს, მერე კი გულდაწყვეტილი მოგვიბრუნდება ხოლმე: ხომ დამპირდით, ზამთარში თოვლი მოვა, რატომ მომატყუეთო. მშობლებს, ბუნებრივია, სითბო და ნაკლები ყინვა გვირჩევნია, მაგრამ ნათქვამია, ვიდრე მარტი წინ გიდევსო... ჩვენ კი არამცთუ მარტი, ნახევარი ზამთარიც გასავლელი გვაქვს. ამიტომ მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი რჩევებს, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ (American Academy of Pediatrics – AAP) საგანგებოდ ამ ზამთრისთვის რომ შეიმუშავა.

რა ჩავაცვათ
. სუფთა ჰაერი, გართობა და მოძრაობა ბავშვებს წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდებათ, ასე რომ, ზამთარში მათი შინ გამოკეტვა შეუძლებელიც არის და გარკვეული თვალსაზრისით დანაშაულიც, მაგრამ როცა გარეთ სათამაშოდ ვუშვებთ, შესაფერის სამოსზეც უნდა ვიზრუნოთ. ერთ მეტისმეტად თბილსა და ღუნღულა ჯემპერსა თუ პულოვერს თხელი სამოსის რამდენიმე ფენა სჯობს – ასე ტანი უფრო იოლად შეინარჩუნებს სითბოსა და სიმშრალეს. არ 
დაგავიწყდეთ თბილი ჩექმები, ხელთათმანები და ქუდი.
. თქვენს შვილის რა გაათბობს, თქვენზე უკეთ ვის ეცოდინება, თუმცა ექიმებს შედარებით გვიანი ასაკის ჩვილებისა და პატარა ბავშვებისთვის ზოგადი წესი აქვთ შემუშავებული: იმაზე ერთი ფენით მეტი ჩააცვით, ვიდრე იმავე პირობებში თავად შეიმოსებოდით, თავი კომფორტულად რომ გეგრძნოთ.
. ჩვილებს, ცხადია, თბილად უნდა ეძინოთ, მაგრამ საბანი, პლედი, ბალიში სჯობს მათ საწოლს მოვარიდოთ – დამტკიცებულია, რომ ისინი ჩვილთა უეცარი სიკვდილის ალბათობას ზრდის. საუკეთესო ვარიანტია სპეციალური ტომარა. თუ მაინც საბანს დააფარებთ, კიდეები ლეიბის ქვეშ ისე უნდა ამოუკეცოთ, რომ თავისუფალი კიდე ბავშვს მხოლოდ მკერდამდე სწვდებოდეს. ამ შემთხვევაში ნაკლებმოსალოდნელია, საბანი პატარას სახეზე დაეფაროს.

არ გაცივდე, პაწაწინა
გაციებაზე ანუ იმაზე, რასაც ამ სიტყვის წარმოთქმისას ვგულისხმობთ, ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ჰიპოთერმია ანუ გადაცივება სხეულის ტემპერატურის 35ºC-ამდე ან უფრო მეტად დაქვეითებას ნიშნავს. მიზეზი შეიძლება იყოს ძალზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება (განსაკუთრებით მაშინ, თუ ტანსაცმელი დასველდა – ამ შემთხვევაში სითბო ბევრად უფრო სწრაფად იკარგება). ბავშვებს საადაპტაციო მექანიზმები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, სიცივესაც ნაკლებად გრძნობენ, ამიტომ ჰიპოთერმია მათ შეიძლება მოზრდილებზე სწრაფად განუვითარდეთ.
ჰიპოთერმიის პირველი ნიშნებია კანკალი, მოთენთილობა, რულის მოკიდება, გაბრუება. ამას მოსდევს მეტყველების გაძნელება, ცნობიერების აბნევა და სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.
თუ ჰიპოთერმიის ეჭვი გაგიჩნდათ, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო, მანამდე კი ბავშვი თბილ ოთახში შეიყვანეთ, სველი ტანსაცმელი გახადეთ და საბანში გაახვიეთ. თუ საღ გონებაზეა, თბილი ჩაი დაალევინეთ.

ცხვირი, ყურები, თითები
მოყინვას დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით კანისა და სხვა ზედაპირული სტრუქტურების დაზიანებას ვუწოდებთ. ყველაზე ხშირად ასეთი რამ სხეულის წარზიდულ ნაწილებს: ხელისა და ფეხის თითებს, ყურებს, ცხვირს – ემართება. თავდაპირველად ისინი ფითრდება, მერე კი შესაძლოა ნაცრისფერი მიიღოს და სითხით სავსე ბუშტუკებით დაიფაროს. ამავე დროს ბავშვი ამ არეში კანის წვას ან დაბუჟებას უჩივის.
თუ მოყინვა იეჭვეთ, ბავშვი სასწრაფოდ შინ შეიყვანეთ და მოყინული ხელ-ფეხები თბილ (არავითარ შემთხვევაში ცხელ!) წყალში ჩააყოფინეთ. ამერიკის პედიატრთა აკადემია 40ºC ტემპერატურის აბაზანას გვირჩევს, ანუ დაახლოებით ისეთს, როგორიც სასიამოვნოდ ცხელი შხაპია. ასეთივე ტემპერატურის წყალში დასველებული პირსახოცი შეგიძლიათ დააფაროთ მოყინულ ცხვირზე, ყურებსა და ტუჩებზე.
არ დაუზილოთ მოყინული ადგილები!
რამდენიმე წუთის შემდეგ გაამშრალეთ და თბილი ტანსაცმელი ჩააცვით ან თბილ საბანში გაახვიეთ. თუ დაბუჟებამ რამდენიმე წუთში არ გაიარა, მიმართეთ ექიმს.

ავად არ გამიხდე
. გამათბობლებით ზედმეტად გამომშრალი ჰაერი ზოგ ბავშვს ცხვირიდან სისხლდენისადმი მიდრეკილებას უძლიერებს. გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებელი ან გამათბობელთან წყლით სავსე თასი დადგით, ბავშვს კი ცხვირში დღეში 4-5-ჯერ ჩააწვეთეთ ფიზიოლოგიური ხსნარი. ამ უკანასკნელის აფთიაქში შეძენაც შეიძლება და შინ მომზადებაც: ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში 1 ჩაის კოვზი (გადასწორებული) მარილი გახსენით, გააცივეთ და ოთხფა დოლბანდში გაწურეთ. თუ სისხლდენა მეტისმეტად ძლიერია ან ხშირად მეორდება, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.
. ბევრ ამერიკელ პედიატრს მიაჩნია, რომ წლამდე ასაკის ჩვილისთვის კვირაში 2-3-ჯერ ბანაობა საკმარისია, განსაკუთრებით – ზამთარში. უფრო ხშირმა აბაზანებმა შესაძლოა კანი გამოუშროსო.
. სიცივე გრიპსა და გაციებას არ იწვევს, თუმცა მათი გამომწვევი ვირუსები უფრო მეტად ზამთარში აქტიურობენ – მაშინ, როცა ბავშვები სკოლასა და ბაღში დადიან და ერთმანეთთან უფრო ახლო კონტაქტი უწევთ. თუ ბავშვს ხელების ხშირ ბანას და ხველისა თუ ცემინებისას ცხვირ-პირზე იდაყვის აფარებას ვასწავლით, ვირუსების გავრცელება შესაძლოა შევამციროთ.
. 6 თვის ასაკს გადაცილებული ბავშვები, განსაკუთრებით – ბაღისა და სკოლის მოსწავლეები, სასურველია გრიპის საწინააღმდეგოდ ავცრათ. ამჯერად ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, მაგრამ მომდევნო შემოდგომისთვის აუცილებლად გაითვალისწინეთ. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სკოლისა და ბაღის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაავადების ალბათობას 66%-ით ამცირებს.

საბაკურიანო-საგუდაურო
. გადაცივებისა და მოყინვის თავიდან ასაცილებლად ბავშვებს გარეთ თამაშისთვის დროის გონივრული ლიმიტი დაუწესეთ. მოსთხოვეთ, დროდადრო შინ შემოვიდნენ და გათბნენ.
. ციგაობის უფლება მხოლოდ სამანქანო გზებიდან მოშორებით მიეცით. მიაქციეთ ყურადღება, რომ დიდმა და პატარა ბავშვებმა ცალ-ცალკე იციგაონ. სჯობს, საჭიანი ციგა შეურჩიოთ. თუ ციგაზე პირქვე დაწოლის ნებას არ დართავთ, თავის ტრავმის ალბათობა საგრძნობლად შემცირდება. უმჯობესია, იჯდეს ან ისე იწვეს, რომ ფეხები ქვემოთ ჰქონდეს მიმართული. ციგა აუცილებლად მთელი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდა წვეტიანი კიდეები და შვერილები, სრიალა ნაწილები კი კარგად უნდა იყოს გაპოხილი. საციგაო ფერდობი თოვლით უნდა იყოს დაფარული და არა ყინულით, დახრილობა 300-ს არ უნდა აღემატებოდეს, ქვემოთ კი აუცილებლად ვაკე მოჰყვებოდეს. ჩაფხუტის გამოყენება AAP-ს სავალდებულოდ არ მიაჩნია, თუმცა მშობლებს ურჩევს, ამ საკითხზეც დაფიქრდნენ.
. თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალი ბავშვებს კვალიფიციურმა ინსტრუქტორმა ასაკის შესაბამისი პროგრამით უნდა ასწავლოს. მარტო გაშვება არ შეიძლება – პატარებს თან აუცილებლად უნდა ახლდეთ უფროსი, შედარებით დიდებს კი – იმისდა მიხედვით, რამდენად გამოცდილი მოთხილამურეები თუ სნოუბორდისტები არიან. ყოველ შემთხვევაში, გვერდით თანატოლი მაინც უნდა ჰყავდეთ. აღჭურვილობა სათანადოდ უნდა იყოს შემოწმებული და არც სპეციალური დამცავი მოწყობილობები დაგავიწყდეთ. სამაგრები წელიწადში ერთხელ მაინც თავიდან უნდა მოარგოთ. ნუ დართავთ ნებას, ხეებსა და სხვა დაბრკოლებებს შორის ისრიალონ.
ჩაფხუტის გამოყენება AAP-ს არც ამჯერად მიაჩნია სავალდებულოდ, თუმცა მშობლებს ურჩევს, ამაზეც დაფიქრდნენ – თხილამურით სრიალისას სიჩქარემ შესაძლოა რამდენიმე ათეულსაც კი მიაღწიოს. სათვალის გამოყენება კი ულტრაიისფერი სხივებისა და სრიალისას წარმოქმნილი ყინულის უწვრილესი კრისტალებისგან თვალების დასაცავად აუცილებელია.
. AAP-ის რეკომენდაციით, 16 წლამდე ასაკის ბავშვებს უმჯობესია არ მივცეთ თოვლმავალის მართვის უფლება, ხოლო 6 წლამდე არც კი დავსვათ. არასოდეს გამოიყენოთ თოვლმავალი ციგის ან თხილამურების გასაწევად. იმოძრავეთ მხოლოდ უსაფრთხო სიჩქარით, არასოდეს იმგზავროთ მარტო ან ღამით. გაიკეთეთ სათვალე და დაიხურეთ მოტოციკლისტის ჩაფხუტი.
. მზის სხივებმა დამწვრობა შეიძლება ზამთარშიც გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოვლისგან არის არეკლილ-გაძლიერებული. ასე რომ, ტანსაცმლით დაუფარავი ადგილები ულტრაიისფერი სხივების ფილტრის შემცველი კრემით უნდა დაიფაროთ.

გააზიარე: