გარდატეხის ასაკის სირთულეები

გააზიარე:

რას აღარ უწოდებენ ზრდა-განვითარების ამ ეტაპს: პუბერტატულ პერიოდს, სქესობრივი მომწიფების ფაზას, გარდატეხის ასაკს... ტერმინთა მრავალფეროვნების მიუხედავად, მიზეზი ერთია: მძლავრი ჰორმონული ძვრები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებს აწ უკვე ყოფილი ბავშვისა და ჯერარშემდგარი ქალისა თუ მამაკაცის ანატომია-ფიზიოლოგიაზე.
გარდა ისეთი აშკარა ნიშნებისა (მათ მეორეულ სასქესო ნიშნებს უწოდებენ), როგორიც არის თმიანობა იღლიისა და ბოქვენის არეში, სარძევე ჯირკვლების 
წამოზრდა გოგონებში და ხმის დაბოხება ვაჟებში, სქესობრივი მომწიფების ასაკში მოზარდებს ხასიათიც ეცვლებათ, აგრესიულები და ჭირვეულები ხდებიან. ამ ასაკობრივ უცნაურობებს გოგონებში 9 წლიდან უნდა ველოდეთ და, სავარაუდოდ, 16 წლამდე გასტანს, ხოლო ბიჭებში 13-დან 15 წლამდეა მოსალოდნელი.  
უფრო ადრე
ისეც ხდება, რომ სქესობრივი მომწიფება დროზე ადრე იწყება. გოგონებში ამგვარი ნაადრევი გარდატეხა – 8 წლამდე, ხოლო ვაჟებში 9 წლამდე შეინიშნება. ნაადრევად დაქალებულ-დაკაცებულები თანატოლებთან შედარებით სწრაფად იყრიან ტანს, კლასში ყველაზე მაღლები არიან, თუმცა ზრდას მალევე წყვეტენ – უფრო ადრე, ვიდრე ეკუთვნით. ისე რომ, ნაადრევად მომწიფებული მოზარდები ხშირად ტანდაბლები რჩებიან.
ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უმიზეზოდაც იწყება. მას უმეტესად იწვევს: საკვერცხეების, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ან, უბრალოდ, ჯირკვლოვანი ქსოვილის ზრდა, თავის ტვინის სიმსივნური წარმონაქმნი. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია: ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, გენეტიკური განწყობა.
განასხვავებენ ორი სახის ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას:
. გონადოტროპინდამოკიდებულს ანუ ცენტრალურ ფორმას. მიუხედავად სახელწოდების სირთულისა, ამ დროს ორგანიზმში ძალზე მარტივი ჰორმონული ცვლილება ხდება (თუმცა კი ეს უკანასკნელი, ჯამში, არცთუ მარტივად გამოსასწორებელ შედეგებს იწვევს): სქესობრივ მომწიფებაზე პასუხისმგებელი ჰორმონი გონადოტროპინი ნაადრევად გამომუშავდება. ამ ცვლილების რეალური მიზეზი მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს, თუმცა სჯერათ, რომ პრობლემის თავიდა თავი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების რგოლში უნდა იმალებოდეს. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ჰორმონი სწორედ ამ სამი ჯირკვლოვანი ორგანოს ურთიერთკავშირის საფუძველზე წარმოიქმნება.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ეს ფორმა ყველაზე ხშირია, თუმცა გოგონებში უმეტესად სწორედ გონადოტროპინის ნაადრევი სინთეზი იწვევს ადრეულ მომწიფებას, მაშინ როდესაც ნაადრევად დაკაცებულ ვაჟთა მხოლოდ ნახევარს აღენიშნება გონადოტროპინდამოკიდებული ფორმა.
. გონადოტროპინდამოუკიდებელს. როგორც თავადაც მიხვდებოდით, გონადოტროპინს ამ შემთხვევაში ბრალი არ მიუძღვის. ეს ფორმა გაცილებით იშვიათია და, წესისამებრ, ჯირკვლოვანი ქსოვილის პათოლოგიებით, მაგალითად, სიმსივნური წარმონაქმნებით არის განპირობებული.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების დროს ის ნიშნები იჩენს თავს, რომლებიც ჩვეულებრივი, დროული პუბერტატული პერიოდისთვის არის დამახასიათებელი.
გოგონებში: მკერდის ნაადრევი გაზრდა, თმის ამოსვლა ბოქვენის არესა და იღლიის ფოსოში, მენსტრუაციის დაწყება და ოვულაცია, რაც ექოსკოპიური კვლევით ვლინდება.
ვაჟებში: სასქესო ასოსა და სათესლე ჯირკვლების ნაადრევი ზრდა, თმის ამოსვლა ბოქვენის არეში, იღლიის ფოსოში და სახეზე, უნებლიე ერექციის ეპიზოდები, სპერმის წარმოქმნა, აკნე (ფერიმჭამელები და მუწუკები, უპირატესად – სახეზე, შედარებით იშვიათად – ზურგზეც), ხმის დაბოხება.
გარდა ამ ნიშნებისა, ნაადრევად მომწიფებულ მოზარდს ახასიათებს უგუნებობა, აგრესია, ჭირვეულობა და, როგორც უკვე ვთქვით, სიმაღლეში სწრაფი ზრდა.
ნაადრევი მომწიფების დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის. თუ პუბერტატული პერიოდისთვის დამახასიათებელმა ნიშნებმა დროზე ადრე იჩინა თავი, ეს იმის მაუწყებელია, რომ ბავშვი ნაადრევად შევიდა გარდატეხის ასაკში. მიუხედავად აშკარა ნიშნებისა, სპეციალისტები ხშირად დამატებით გამოკვლევას ჩატარებას ამჯობინებენ. სახელდობრ, განისაზღვრება გონადოტროპინის, ტესტოსტერონისა და თირეოიდული ჰორმონების დონე, ტარდება გონადოტროპინმასტიმულირებელი ჰორმონის სტიმულაციის ტესტი (მისი მეშვეობით ზუსტად ადგენენ, ადრეული პუბერტატული პერიოდის რომელი ფორმა აღენიშნება ბავშვს), ულტრაბგერითი და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.
ნაადრევად დაწყებული მომწიფების პროცესის შეჩერება, მეტადრე – უკუგანვითარება, არცთუ იოლია. ხშირად ჰორმონული თერაპიის გამოყენება ხდება საჭირო. კერძოდ, მოზარდს უნიშნავენ ლუთეინმასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც გონადოტროპინის სინთეზს აფერხებს. ამგვარი მკურნალობა დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. გასათვალისწინელებლია ბავშვის ასაკი, მომწიფების ხარისხი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სხვა.
მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან ნაადრევად თავჩენილი სასქესო ნიშნები მძიმე დაღს ასვამს მოზარდის ემოციურ სფეროს, გამოარჩევს მას თანატოლებისგან და უამრავი კომპლექსის ჩამოყალიბებას განაპირობებს.

როიტერი გვატყობინებს
“როიტერის” 2010 წლის აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა სტატია, რომელიც ამერიკელი მოზარდი გოგონების ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას და ძუძუს კიბოსთან ამ მოვლენის კავშირს ეხებოდა. სტატია იმის აღნიშვნით იწყებოდა, როგორ გახშირდა ამერიკელ თინეიჯერ გოგონებს შორის ბოლო 10 წლის განმავლობაში ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. კვლევა, რომელიც 1200-მდე 7-8 წლის გოგონას ანატომია-ფიზიოლოგიის შესწავლას ისახავდა მიზნად, ცინცინატის, ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოს წამყვან პედიატრიულ კლინიკებში ჩატარდა. მას ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პროფესორი ფრანკ ბირო ხელმძღვანელობდა. გოგონების მომწიფების დაწყების დროის დასაფიქსირებლად კვლევაში ჩართული სამედიცინო პერსონალი გოგონებს მკერდზე აკვირდებოდა.
აღმოჩნდა, რომ გოგონებს გარდატეხის პერიოდი გაცილებით ადრე ეწყებოდათ, ვიდრე 1997 წელს (დაკვირვება ამ წელსაც წარმოებდა). განსხვავება შეამჩნიეს სხვადასხვა რასის გოგონებს შორისაც: 7 წლის თეთრკანიან გოგონებს შორის მკერდის ნაადრევი ზრდა 10 პროცენტს დაეწყო, ხოლო შავკანიანებს  შორის – 23-ს (1997 წლისთვის ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 5 და 15 პროცენტს უდრიდა; 8 წლის გოგონებს შორის მაჩვენებლები ასე განაწილდა: თეთრკანიანების 18% და შავკანიანების 43%. შედარებისთვის: 1997 წელს მაჩვენებელი ორივე რასის წარმომადგენლებს შორის 11% გახლდათ.
მეცნიერ-დამკვირვებლებმა გადახედ-გადმოხედეს ნაადრევად მომწიფებულ გოგონებს და შეამჩნიეს, რომ მათი უმრავლესობა ჭარბწონიანი იყო. აღმოჩნდა, რომ იგივე მოსაზრება ჰქონდათ ბრიტანელ მეცნიერებსაც – რამდენიმე წლის წინ ამგვარი კვლევა მათაც ჩაუტარებიათ და შეუმჩნევიათ კიდეც კავშირი სიმსუქნესა და ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას შორის. 1997 წელთან შედარებით ნაადრევად მომწიფებულთა მოჭარბებაც ჭარბწონიანობის პრობლემის გამძაფრებას დაუკავშირეს.
როგორც ბიროს ჯგუფმა აღნიშნა, ნაადრევი მომწიფება და, შესაბამისად, ორგანიზმში თავჩენილი ჰორმონული დისბალანსი მომავალში ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად კვლავ შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ამჟამადაც მუშაობს და სჯერა, რომ მენსტრუაციის ნაადრევი დაწყება საგრძნობლად ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობას.
სანამ ამერიკელი მეცნიერები კვლევის შედეგებს მოგვახსენებდნენ, პრევენციულ რეკომენდაციებს სჯერდებიან: თვალყური ადევნეთ ბავშვის წონას, შესთავაზეთ ჯანსაღი საკვები, მეტწილად – ხილი და ბოსტნეული; არიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს და ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად სათანადოდ დაიტვირთოს.

სიმწიფის ატესტატის მოლოდინში
 
სქესობრივი მომწიფების პერიოდი ზოგჯერ იგვიანებს კიდეც. თუ მეორეული სასქესო ნიშნები გოგონას – 13 წლამდე, ხოლო ვაჟს 14 წლამდე არ განუვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ პუბერტატული ასაკი გადაიდო. მიზეზი უმეტესად მემკვიდრეობითია, თუმცა ისიც შესაძლოა, რომელიმე დაავადებას, მაგალითად, ჰიპოთალამუსის სიმსივნეს, მიუძღოდეს ბრალი. 
დაგვიანებული სქესობრივი მომწიფების შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი, გარდა იმისა, რომ მკერდი და სასქესო ორგანოები უფრო გვიან გაიზრდება, თმიანობა გვიან ჩამოყალიბდება, პირველი მენსტრუაციაც შედარებით გვიან დაიწყება.
კვლევის მეთოდები ისეთივეა, როგორიც ნაადრევი მომწიფების შემთხვევაში. მკურნალობის დროსაც ჰორმონულ თერაპიას მიმართავენ, ოღონდ ამჯერად – სხვა ჰორმონით.

თავის ტკივილის ასაკი
ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ მის შვილს თავის ტკივილი სწორედ გარდატეხის ასაკში დაეწყო. ისეც ხდება, რომ მოზარდის ჩივილებს დედ-მამა სერიოზულად არ აღიქვამს, ბავშვურ ჭირვეულობასა და სიზარმაცეს მიაწერს. მშობლებისგან განსხვავებით, ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ თავის ტკივილი ბავშვებსაც საკმაოდ ხშირად აწუხებთ. ამერიკელმა სტატისტიკოსებმა გადათვალ-გადმოთვალეს და დაასკვნეს, რომ ყველა ადამიანი 15 წლამდე ერთხელ მაინც უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს.
თავის ტკივილის მექანიზმი და მიზეზები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, მაგრამ მედიცინისთვის უკვე აშკარაა, რომ უსიამოვნება ორი სახისაა: პირველადი და მეორეული.
პირველადი ტკივილის მიზეზი თავად თავია. შესაძლოა, გაგეღიმოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი სათავე თავში უნდა ვეძებოთ. ეს შეიძლება იყოს თავის ტვინის ნერვული ქსოვილიც, სისხლძარღვებიც... პირველადად მიიჩნევა შაკიკი და მოჭერითი ხასიათის ტკივილიც, რომელიც თინეიჯერებში ძალიან ხშირია.
მეორეული ტკივილის მიზეზი უპირატესად თავში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი, ქალასშიდა წნევის მატება, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, სინუსიტი ან მაღალი არტერიული წნევაა. მეორეული ტკივილი გაცილებით იშვიათია.
თავის ტკივილი  სხვადასხვა ხასიათისაა. თუ მშობელი შეძლებისდაგვარად დააზუსტებს, რომელი სახის ტკივილი აწუხებს მის შვილს, ექიმს მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება გაუადვილდება.
. მწვავე ტკივილი, რომელიც, წესისამებრ, თავისთავად ან ტკივილგამაყუჩებლის აბის მიღების შემდეგ გაივლის.
. მწვავე განმეორებადი ტკივილი, რომლის დროსაც ტკივილის შეტევა გაივლის, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ ახსენებს ბავშვს თავს.
. ქრონიკული არაპროგრესირებადი ტკივილი, რომელიც დიდხანს გრძელდება ან თითქმის ყოველდღე იჩენს თავს. ამგვარი ტკივილი როგორც წესი, არ მძაფრდება.
. ქრონიკული პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც თანდათან უფრო და უფრო აუტანელი ხდება, ძლიერდება და ხშირდება.

შაკიკი საშიშია?
ამ კითხვით თინეიჯერთა მშობლები ხშირად მიმართავენ ექიმს. ბავშვს თავი წამოსტკივდება თუ არა, პირველ რიგში, შაკიკს იეჭვებენ ხოლმე. თანაც ჰგონიათ, რომ ეს მძიმე, უკურნებელი სენია, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე შეაწუხებს მათ შვილს.
სინამდვილსში კი შაკიკთან გამკლავება შესაძლებელია. მთავარია, თავის ტკივილის მიზეზი ზუსტად იქნეს ამოცნობილი, ხოლო თვით ტკივილი მოზარდის ფანტაზიის ნაყოფი არ იყოს.
შაკიკისთვის დამახასიათებელია: თავის შეტევითი ტკივილი, რომელიც შესაძლოა პულსირებდეს; მუცლის ტკივილი და ღებინების შეგრძნება; აურა (უცნაური შეგრძნება, – მაგალითად, ბრჭყვიალა ნაპერწკლების გაჩენა თვალწინ, ძლიერი სისუსტე, – რომელიც წინ უძღვის ტკივილის შეტევას). გამოძინების შემდეგ თავის ტკივილი ყუჩდება.
გაითვალისწინეთ: ბავშვებსა და მოზარდებს შაკიკის დროს თავი ყოველთვის ცალ მხარეს არ სტკივათ; ცალმხრივი ტკივილი უფრო მოზრდილებისთვის არის დამახასიათებელი.
საზოგადოდ, სქესობრივი მომწიფების დროს თავის ტკივილთან გამკლავება არ გახლავთ იოლი. ხშირად მოზარდები თავის ტკივილს იმიზეზებენ ან ერთი სახის ტკივილი მეორეში ერევათ. ასე, მაგალითად: მოზარდებს ხშირად აწუხებთ თავის მოჭერითი ხასიათის (სალტის მოჭერის მსგავსი) ტკივილი. მისი მიზეზი არც თავის ტვინში მომხდარი პათოლოგიური ცვლილებებია და არც სისხლძარღვების შევიწროება-გაფართოება. პრობლემის თავიდათავი, რაღა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც თავია. უფრო სწორად, თავის ქალას კუნთები, რომლებიც სტრესის, გადაღლილობის შემთხვევაში იჭიმება და ტკივილს გვაყენებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავის ტკივილის ეს მექანიზმი ყველაზე ხშირია.

სწორი სტრატეგია
თავის ტკივილთან გამკლავების საუკეთესო გზად ამერიკელი პედიატრები დისკომფორტის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლას მიიჩნევენ. მავნე ფაქტორების ნუსხა კი ასეთი გახლავთ:
. არასრულყოფილი ძილი, ღამისთევა, თუნდაც გაკვეთილების მოსამზადებლად.
. სტრესი, მათ შორის – გამოცდები, ჩათვლები, საკონტროლოები...
. ზოგიერთი საკვები, მაგალითად, შოკოლადი, წითელი ღვინო, ციტრუსი, რძის ნაწარმი, პარკოსნები, თხილეული. არ არის აუცილებელი, თავის ტკივილს ყველა ეს პროდუქტი იწვევდეს. შესაძლოა, დისკომფორტის მიზეზად მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იქცეს.
. დანამატებით გაჟღენთილი საკვები. ამ დანამატებს შორის აღსანიშნავია: მონოსოდიუმის გლუტამატი (მსგ), რომელსაც ჭარბად იყენებენ ჩინეთის კვების მრეწველობაში, ნიტრატები (ჰოთ-დოგში, ჰამბურგერში), ასპარტამი, რომელიც შაქრის შემცვლელია, თირამინი (ზოგიერთი სახეობის ღვინოში, გამოყვანილ ყველში, გამომშრალ, დაკონსერვებულ თევზში, იოგურტში, არაჟანში);
. კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი საკვები და სასმელი;
. სინათლე-სიბნელის მკვეთრი მონაცვლეობა, მძაფრი სურნელი, ამინდის შეცვლა;
. შიმშილი, ძლიერი წყურვილი;
. სიგარეტის წევა;
. დღის რეჟიმის, განრიგის შეცვლა;
. ჰორმონული ძვრები. ბევრი თინეიჯერი გოგონა თავის ტკივილს მენსტრუალური ციკლის კონკრეტულ დღეს უკავშირებს (ტკივილის შეტევა უმეტესად მენსტრუაციამდელ პერიოდში აღენიშნებათ)
. ზოგიერთი მედიკამენტი.
თავის ტკივილთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის მიღება რჩება. რეკომენდებული დოზის შესახებ ანოტაციაში ამოიკითხავთ, მაგრამ მაინც გირჩევთ, კონსულტაციისთვის ბავშვის პირად პედიატრს მიმართოთ. ნუ დაელოდებით, ვიდრე ტკივილი გამძაფრდება და გაუსაძლისი გახდება. გირჩევთ, მის გაყუჩებაზე დაწყებისთანავე იზრუნოთ.
თავის ტკივილთან, მით უმეტეს – პერიოდულთან, გამკლავება ძნელი არ გახლავთ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ექიმთან დაუყოვნებელი კონსულტაციაა საჭირო. კერძოდ, მაშინ, როდესაც მოზარდი უჩივის:
. ქრონიკულ ტკივილს, რომელიც დღითი დღე მძაფრდება;
. თავის ტკივილს, რომლის მსგავსიც, მისივე თქმით, არასოდეს განუცდია;
. ტკივილის თანმხლებ ძლიერ თავბრუხვევას, რომლის გამო ნაბიჯის გადადგმაც უჭირს;
. ტკივილის პარალელურად მხედველობის, მეტყველებისა და ფიქრის უნარის დაქვეითებას;
. ტკივილსა და პირღებინების შეგრძნებას გამოღვიძებისას;
. კისრის კუნთების ძლიერ ტკივილს, გაშეშებას, რაც ხელს უშლის თავის დახრას.

შიშით საქმეს ვერ უშველი
სწორედ ეს სიტყვები ესმის მრავალ მშობელს, რომლის შვილსაც ასთმა აწუხებს. ეს ქრონიკული პათოლოგია ყველა ასაკში საყურადღებოა, მაგრამ სქესობრივი მომწიფების პერიოდში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ამ დროს ასთმური შეტევის ეპიზოდები ხშირდება და მძაფრდება. მიზეზი ის გახლავთ, რომ მოზარდები ხშირად უარს ამბობენ მედიკამენტის მიღებაზე, რადგან თანატოლების თანდასწრებით ამის კეთება ეთაკილებათ. ისეც ხდება, რომ ხანგრძლივი მშვიდი პერიოდით გათამამებული ბავშვები წამლის მიღების აუცილებლობას ვეღარ ხედავენ და აღარც სვამენ. ცხადია, ეს გაუმართლებელია, რადგან მცირე ხნის შემდეგ ასთმური შეტევები შესაძლოა გახშირდეს და უფრო მეტად გამძაფრდეს. 
მშობლებს ვურჩევთ, თვალყური ადევნონ, რომ მათმა შვილმა რეგულარულად მიიღოს მედიკამენტი. თუ წამლის მიღება მოზარდს იმ დროს უწევს, როცა სკოლაშია, სასურველია, ექიმთან კონსულტაცია გავიაროთ და მივიღოთ ნებართვა, ბავშვმა წამალი დილაობით ან საღამოობით სხვას.
ნურც ის ფაქტი გაგათამამებთ, რომ მოზარდს დიდი ხანია ხველისა და სულხუთვის შეტევა არ ჰქონია – მედიკამენტები, რომლებიც ასთმის საკონტროლოდ არის განკუთვნილი, ნეგატიურ ეფექტს მაშინვე გამოიღებს, როგორც კი მის მიღებას შეწყვეტთ. აი, დადებითი ეფექტის დანახვა კი მანამდე, როგორც წესი, ჭირს.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასთმით დაავადებული ბავშვი საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრია, როგორებიც მისი ჯანმრთელი თანატოლები და იმის შიშით, რომ შეტევა დაეწყება, არ შეიძლება, სპორტსა და სხვა სახის აქტივობაზე უარი უთხრათ. ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ და ბავშვი სპორტში ჩააბით – ორგანიზმი მოძლიერდება და მოზარდი უფრო ადვილად მოერევა ასთმას.
***
პუბერტატული ასაკი ზრდა-განვითარების ის პერიოდია, როდესაც მრავალი პათოლოგია წამოყოფს თავს, ხოლო უკვე არსებული მწვავდება. ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, უპირატესად – ჰორმონული, მოზარდებს ამა თუ იმ პრობლემებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეს ხდის. ძალიან ხშირად სწორედ გარდატეხის ასაკში იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ფსიქიკური აშლილობა... მართლაც ძნელია დავასახელოთ ორგანოთა სისტემა, სქესობრივი მომწიფების პერიოდში თავისებურ გარდატეხას რომ არ განიცდიდეს. ამგვარი ცვლილებების შესახებ კი მშობელმა უთუოდ უნდა იცოდეს, ამიტომ ჩვენი ჟურნალის რამდენიმე ნომერს სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის დამახასიათებელ პრობლემებს დავუთმობთ.

გააზიარე: