წამალი ბუნებისგან: მწვანე ჩაი

გააზიარე:

თუ შეიძლება, მოდა ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებსაც ეხებოდეს, მწვანე ჩაის კონკურენციას ძალიან ცოტა მცენარე თუ გაუწევს. კუჭ-ნაწლავის პრობლემები, სიმსივნეები,  თავის ტკივილი – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოსაგვარებლად თუ თავიდან ასაცილებლად ნაცნობ-მეგობრები თუ მასმედია მწვანე ჩაის გვირჩევენ. გარდა იმისა, რომ სვამენ, მის საფენებს იყენებენ დაღლილი და შეშუპებული თვალების გამოსაცოცხლებლადაც...

მოდი, ერთად გადავამოწმოთ, ჩვენი წარმოდგენების რა ნაწილს ადასტურებს მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა.

შეგახსენებთ: Pharmacist
 Letter-ის ვებგვერდის ბუნებრივი მედიკამენტების მონაცემთა სრული ბაზა თითოეული წამლის ეფექტიანობას შემდეგი შკალით აფასებს: ეფექტური – სავარაუდოდ ეფექტური – ალბათ ეფექტური – ალბათ უეფექტო – სავარაუდოდ უეფექტო – უეფექტო/ეფექტურობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის. ამიტომაც თუ ამ რუბრიკაში თხრობა პირდაპირ სავარაუდოდ ან ალბათ ეფექტურიდან იწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეფექტურობის მტკიცებისთვის საკმარისი საბუთი ჯერ არ არსებობს. სარწმუნო მონაცემების დაგროვებას დრო სჭირდება, ამიტომ ფრთხილი და ყოველი სიტყვის ამწონ-დამწონი ექსპერტები მკვეთრ განცხადებებს შკალას ამჯობინებენ.

სავარაუდოდ ეფექტურია:
- გენიტალური კონდილომების დროს. ამ დანიშნულების მქონე მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი მალამო FDA-ს – ამერიკის წამლისა და პროდუქტების სააგენტოს – დარეგისტრირებული აქვს.
- გამოსაფხიზლებლად – კოფეინის შემცველობის გამო.

ალბათ ეფექტურია:
- ხანდაზმულებში ფეხზე დგომისას თავბრუხვევის (ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის) შესამცირებლად.
. შარდის ბუშტის, საყლაპავის, საკვერცხისა და პანკრეასის კიბოს თავიდან ასაცილებლად. როგორც ჩანს, ჩაის მოყვარულ ქალებს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მათზე გაცილებით ნაკლები აქვთ, ვინც ამ სასმელს იშვიათად სვამს ან საერთოდ არ ეკარება. ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, დღეში ორი ფინჯანი და მეტი მწვანე ჩაი საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს 46%-ით ამცირებს.
- პარკინსონის დაავადების ალბათობის შესამცირებლად ან მისი დაწყების გადასავადებლად. მაქსიმალური დამცავი ეფექტი, როგორც ჩანს, დღეში ერთიდან ოთხ ფინჯნამდე მწვანე ჩაის უნდა ჰქონდეს.
-  დაბალი არტერიული წნევის დროს. მწვანე ჩაი შეიძლება დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც არტერიული წნევა ჭამის შემდეგ უქვეითდებათ.
- სისხლში ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების მომატებული დონის დასაქვეითებლად.
- საშვილოსნოს ყელის უჯრედების ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციით გამოწვეული ანომალიური გადაგვარებისა და გამრავლების შესამცირებლად.

ალბათ უეფექტოა:
- მსხვილი ნაწლავის კიბოს თავიდან ასაცილებლად.

ეფექტურობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის:
. წონის დასაკლებად. მწვანე ჩაის სპეციფიკური ექსტრაქტის მიღება ზომიერად ჭარბწონიან ადამიანებს შესაძლოა წონის დაკლებაში დაეხმაროს, თუმცა, როგორც ჩანს, ნორმალური წონის შესანარჩუნებლად არ გამოგვადგება.
. მაღალი წნევის თავიდან ასაცილებლად. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მწვანე ჩაის რეგულარულად მსმელ ადამიანებს ჰიპერტენზიის განვითარების ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, თუმცა სხვადასხვა გამოკვლევის მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია.
. ინსულტის პრევენციისთვის. იაპონიაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების თანახმად, დღეში სამი ფინჯანი მწვანე ჩაი ერთ ფინჯანთან შედარებით საგრძნობლად ამცირებს ინსულტის რისკს. თანაც, როგორც ჩანს, ქალებისთვის უფრო მარგებელია.
. ძვლების დასუსტების (ოსტეოპოროზის) თავიდან ასაცილებლად. მოსახლეობის ჯანმრთელობის შესწავლის საფუძველზე გამოითქვა ვარაუდი, რომ ათი წლის განმავლობაში მწვანე ჩაის სმა ძვლებს განამტკიცებს. სამაგიეროდ, დაავადების დროს მწვანე ჩაიმ შესაძლოა შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფა გააძლიეროს. ამიტომაც გვირჩევენ, კოფეინის 300 მგ-იან ლიმიტს არ გადავაჭარბოთ (ეს  დაახლოებით 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაია).
. II ტიპის დიაბეტის თავიდან ასაცილებლად. იაპონიაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, დღეში 6 ფინჯანი ან მეტი მწვანე ჩაის მსმელ ზრდასრულ ადამიანს II ტიპის დიაბეტის განვითარების 33%-ით ნაკლები საფრთხე ემუქრება. ქალებში სხვაობა უფრო მეტად არის გამოკვეთილი.
. ძუძუს კიბოს თავიდან ასაცილებლად. როგორც ჩანს, მწვანე ჩაი აზიელებს ამ დაავადებისგან ვერ იცავს. თანაც მწვანე ჩაის გავლენის შესახებ გამოკვლევათა უმრავლესობა სწორედ აზიის ქვეყნებშია ჩატარებული. ევროპელებში ძუძუს კიბოს განვითარებაზე მწვანე ჩაის გავლენა ნაკლებად შესწავლილია. 
. ღრძილების დაავადების  ტავიდან ასაცილებლად. მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი კარამელის ღეჭვა, როგორც ჩანს, ხელს უშლის ნადების დაგროვებას და ამცირებს ღრძილების შეშუპებას.
. პროსტატის კიბოს თავიდან ასაცილებლად. მწვანე ჩაის მოყვარულ ჩინელ მამაკაცებს პროსტატის კიბოს განვითარების ნაკლები საფრთხე ემუქრებათ. რაც მეტ ჩაის მიირთმევენ, მით უფრო ნაკლებია რისკი.
. გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ასევე:
. ფაღარათის დროს;
. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს;
. თირკმლის ქვების დროს;
. ფილტვის კიბოს დროს;
. კანის კიბოს დროს;
. კარიესის დროს;
. საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს;
. კუჭის კიბოს დროს;
. ლეიკემიის დროს.

როგორ მუშაობს
თუ მწვანე ჩაი ამ მცენარის განსაკუთრებული ჯიში გეგონათ, ცდებოდით. მწვანესაც და შავსაც ერთი და იგივე ბუჩქი ისხამს. განსხვავებას კი ფოთლების დამუშავების ტექნიკა ქმნის. შავი ჩაი სრულად არის ფერმინტირებული, მწვანეს დასამზადებლად კი ნედლი ფოთლები მაღალ ტემპერატურაზე ორთქლით მუშავდება. ეს მეთოდი უზრუნველყოფს პოლიფენოლების შენარჩუნებას, მწვანე ჩაის თვისებები კი, როგორც ჩანს, სწორედ ამ ნივთიერებების დამსახურება უნდა იყოს.
პოლიფენოლები, სავარაუდოდ, ამცირებს ანთებასა და შეშუპებას, იცავს ხრტილს ძვლებს შორის და ამცირებს სახსრის დეგენერაციას, ასევე – ებრძვის პაპილომავირუსულ ინფექციებს და აბრკოლებს საშვილოსნოს ყელში ანომალიური უჯრედების გამრავლებას (დისპლაზიას), თუმცა ამის მიზეზი ჯერ არ აუხსნიათ.
მწვანე ჩაი შეიცავს 2%-დან 4%-მდე კოფეინს, რომელიც აფხიზლებს, დადებით გავლენას ახდენს აზროვნების უნარზე და, სავარაუდოდ, პარკინსონის დაავადების დროს ტვინში ინფორმაციის გადამტანების ფუნქციასაც აუმჯობესებს. ტვინში სპეციალური ნივთიერებების, ნეიროტრანსმიტერების, რაოდენობის გაზრდით კოფეინი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, გულს, კუნთებს.
მწვანე ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტები და სხვა ნივთიერებები შესაძლოა დამცველობით გავლენას ახდენდეს გულსა და სისხლძარღვებზე.

დამატებითი ინფორმაცია
უსაფრთხოების პროფილი
მწვანე ჩაი, სავარაუდოდ, უსაფრთხოა ზრდასრულთა უმრავლესობისთვის. ხანმოკლე გამოყენებისას მწვანე ჩაის ექსტრაქტი ალბათ უსაფრთხოა ადამიანთა უმრავლესობისთვის. ზოგ ადამიანს მწვანე ჩაი მუცლის ტკივილს ან ყაბზობას მართებს. ძალიან იშვიათად მწვანე ჩაის ექსტრაქტი შესაძლოა ღვიძლის დაზიანების მიზეზად იქცეს.
მეტისმეტად ბევრი, მაგალითად, დღეში 5 ფინჯანზე მეტი მწვანე ჩაი ალბათ არ არის უსაფრთხო – შესაძლოა, კოფეინისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს: მსუბუქი ან ძლიერი თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, ღებინება, ფაღარათი, გულის რიტმის დარღვევა, კანკალი, გულძმარვა, თავბრუხვევა, ყურების შუილი, კრუნჩხვები და აბნეულობა. მწვანე ჩაის მეტისმეტად დიდი დოზები შესაძლოა ფატალურიც კი აღმოჩნდეს. მწვანე ჩაიში შემავალი ფატალური დოზა, გამოთვლების თანახმად, 10-14 გ-ია (150-200 მგ/კგ-ზე), თუმცა უფრო ნაკლებსაც შეუძლია, ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს.
რაც შეეხება მწვანე ჩაიში შემავალ კოფეინს, ის ალბათ უსაფრთხოა. ორსულებისა და მეძუძურებისთვის მწვანე ჩაი მცირე რაოდენობით ალბათ უსაფრთხოა. ნუ დალევთ დღეში ორ ფინჯანზე მეტს. ეს დაახლოებით 200 მგ კოფეინია. ამაზე მეტმა კი შესაძლოა გაზარდოს მუცლის მოშლის რისკი და სხვა არასასურველი ეფექტებიც გამოიწვიოს. კოფეინი დედის რძეში გადადის და შესაძლოა ბავშვს ავნოს, ამიტომ ნუ მიეძალებით მწვანე ჩაის, თუ შვილს ელოდებით ან ძუძუს აწოვებთ.
ზოგიერთი პათოლოგიის დროს მწვანე ჩაიმ შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს. მაგალითად, იმ  დაავადებების დროს, რომელთა დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია, მწვანე ჩაიმ შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს, ამიტომ ასეთ ავადმყოფებს ურჩევენ, მწვანე ჩაის ერიდონ.
მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი საკვები დანამატების მიღებას არ ურჩევენ ღვიძლის დაავადების მქონეთ.
სიფრთხილე გმართებთ, თუ გაქვთ:
. სისხლნაკლებობა (ანემია) – მწვანე ჩაიმ შესაძლოა რკინის შეწოვა შეაფერხოს;
. შფოთვითი აშლილობა;
. გულის რიტმის დარღვევა;
. დიაბეტი – კოფეინმა შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი გაართულოს, ამიტომ სისხლში შაქრის დონის უფრო გულმოდგინე კონტროლია საჭირო;
. გლაუკომა – მწვანე ჩაი თვალშიგა წნევას ზრდის. წნევა, ჩვეულებრივ, ჩაის დალევიდან 30 წუთში იმატებს და მაქსიმუმ 90 წუთის განმავლობაში მომატებული რჩება;
. მაღალი არტერიული წნევა – შესაძლოა, მწვანე ჩაიმ წნევა ასწიოს, მაგრამ თუ ადამიანი რეგულარულად სვამს მას და კოფეინის შემცველ სხვა სასმელებს, ასეთი გავლენა ნაკლებშესამჩნევია.
. ღვიძლის დაავადება

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
საგრძნობი (არ გამოიყენოთ ამ კომბინაციით)
ამფეტამინები, კოკაინი, ეფედრინი
ეს მედიკამენტები სტიმულატორებია და ნერვული სისტემის აჩქარებას იწვევს. ამის გამო მათ ხშირად ახლავს თან კანკალი და გულის რიტმის მომატება. მწვანე ჩაიში შემავალმა კოფეინმაც, ადვილი შესაძლებელია, ნერვულ სისტემაზე ასეთივე გავლენა მოახდინოს. სტიმულატორებთან ერთად მწვანე ჩაის მიღებამ, გამორიცხული არ არის, სერიოზული პრობლემები, მათ შორის – არტერიული წნევის მომატება და გულის რიტმის აჩქარება გამოიწვიოს, ამიტომაც სჯობს ვერიდოთ.

ზომიერი (უფრთხილდით ამ კომბინაციას)
ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა ორგანიზმში კოფეინის დაშლის სიჩქარე შეამციროს, ამიტომ მწვანე ჩაისა და მათი ერთდროული მიღება ზრდის გვერდითი ეფექტების – კანკალის, თავის ტკივილის, პულსის აჩქარების და სხვათა – ალბათობას.
ანალოგიური მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს:
. ქინოლინის შემცველ ანტიბიოტიკებთან (მაგალითად, ციპროფლოქსაცინთან);
. ჩასახვის საწინაააღმდეგო აბებთან;
. ესტროგენებთან;
. ვერაპამილთან;
. ციმეტიდინთან 
მწვანე ჩაის კომბინაციის დროს.

ზოგ შემთხვევაში კი კოფეინმა შესაძლოა, პირიქით, შეამციროს სხვა მედიკამენტების დაშლის სიჩქარე, გამოიწვიოს ორგანიზმში მათი მეტი რაოდენობით დაგროვება და გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს:
. ლითიუმთან;
. კლოზაპინთან
მწვანე ჩაის კომბინაციის დროს.

კოფეინისა და ზოგიერთი ისეთი წამლის ერთდროულმა მიღებამ, რომელსაც გულზე მსგავსი ზემოქმედება ახასიათებს, შესაძლოა ჭარბი სტიმულაცია და შესაბამისი გართულებები გამოიწვიოს. ასეთი საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტების – ე.წ. ბეტა-მიმეტიკების (ალბუტეროლი, ტერბუტალინი, იზოპროტერენოლი) მიღებისას, თეოფილინის, 
მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი საკვები დანამატებისა და ჰეპატოტოქსიკური (ღვიძლის შესაძლო დაზიანების გამომწვევი) მედიკამენტების ერთდროულმა მიღებამ კი შესაძლოა ეს არასასურველი ეფექტი უფრო მეტად გააძლიეროს.
მწვანე ჩაიმ შესაძლოა სისხლის შედედების უნარი შეამციროს, ამიტომ ამგვარი მოქმედების მედიკამენტებთან (ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან) მისი მირთმევა ზრდის სისხლდენისა და სისხლჩაქცევების რისკს.
არსებობს მონაცემები, რომ მწვანე ჩაის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ვარფარინის ეფექტურობა შეამციროს, რაც თრომბების წარმოქნმნის ალბათობის გაზრდას ნიშნავს (მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია), ამიტომ მწვანე ჩაის მოყვარულებმა, თუ ეს მედიკამენტი აქვთ დანიშნული, უფრო ხშირად უნდა აკონტროლონ სისხლის შედედების უნარი. ზოგჯერ ვარფარინის დოზის შეცვლა ხდება საჭირო.

მცირე (ყურადღებით იყავით ამ კომბინაციის გამოყენებისას)
კოფეინის დაშლის სიჩქარის შემცირება და მისი გვერდითი ეფექტების ალბათობის გაზრდა შესაძლოა გამოიწვიოს ფლიკონაზოლმა, მექსილეტინმა, ტერბინაფინმა.
მწვანე ჩაი გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონეზე – ზრდის ან ამცირებს მას. კოფეინმა შეიძლება შეამციროს შაქრის დამწევი წამლების ეფექტურობა, ამიტომ მწვანე ჩაის მოყვარულებმა სისხლში შაქრის დონე გულდასმით უნდა აკონტროლონ. შესაძლოა, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტის დოზის შეცვლაც გახდეს საჭირო.
 
ურთიერთქმედება საკვებთან
რკინა
მწვანე ჩაიმ შესაძლოა შეამციროს მისი შეწოვა. ადამიანთა უმეტესობისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რკინის დეფიციტის მქონეებმა მწვანე ჩაი ჯობს შუალედებში მიირთვან და არა ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.
რძე
არსებობს მოსაზრება, რომ რძესთან ერთად მწვანე ჩაის მიღებამ შესაძლოა ანტიოქსიდანტების შეწოვა და გულისა და სისხლძარღვების დამცავი ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი შეასუსტოს, თუმცა სხვა კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს.
ალკოჰოლი
სპირტიანმა შესაძლოა კოფეინის დაშლის სიჩქარე გაზარდოს და მისი გვერდითი ეფექტები გააძლიეროს.

გააზიარე: