ახალი წელი ახალი სხეულით

გააზიარე:
სწორედ ამ დევიზით ხელმძღვანელობენ მოხდენილობით განთქმული ლამაზმანები: ცნობილი მსახიობები, მომღერლები და უბრალოდ შეძლებული დიაცები, რომლებიც გამორჩეულობის ჟინს შეუპყრია. ზოგიერთი ფსიქოლოგი იმ აზრსაც კი ემხრობა, რომ ადამიანებს, რომლებიც განუწყვეტლივ ატარებენ ექსპერიმენტებს საკუთარ გარეგნობაზე, მენტალური პრობლემები აქვთ, მარტივად რომ ვთქვათ, მთლად სტაბილური ფსიქიკის პატრონები არ უნდა იყვნენ. ასეა თუ ისე, პლასტიკურ ქირურგთა კაბინეტებთან პაციენტთა რიგი იზრდება...

პლასტიკური ოპერაციების ისტორია გაცილებით შორეული წარსულიდან იღებს სათავეს, ვიდრე ეს XXI საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს წარმოუდგენია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ძველად ასეთ ოპერაციებს არა ნებით, არამედ სამედიცინო ჩვენებით აკეთებდნენ. უმთავრესად – ომის დროს მიღებული ტრავმის შედეგების აღმოსაფხვრელად. თურმე რომაელი და ბერძენი მეომრები არაერთგზის დაწოლილან სკალპელის (უფრო სწორად, მისი წინამორბედის) ქვეშ. ჩვენი წელთაღღიცხვის დასაწყისში იტალიაში ექიმების დინასტიაც კი არსებობდა – ბრანკას დინასტია, რომელიც პლასტიკურ ქირურგიაში გახლდათ დახელოვნებული. მატიანე გვაუწყებს, რომ ბრანკას ოჯახმა ეს ცოდნა ძველინდურ ტრაქტატებში აღწერილი სუშრუტასა და შარაკისის წყალობით შეიძინა, სუშრუტა და შარაკისი კი სხვა არაფერია, თუ არა ქირურგიული მკურნალობის მეთოდები, რომლებსაც არაბულ ქვეყნებში იყენებდნენ და რომელიც პლასტიკური, უფრო სწორად, რეკონსტრუქციული ქირურგიის ელემენტებს შეიცავდა.
განსაკუთრებული პოპულარობა პლასტიკურმა ქირურგიამ ანესთეზიისა და ანტიბიოტიკების გამოგონების შემდეგ მოიპოვა. სწორედ მაშინ დაიწყეს ქალბატონებმა საკუთარი ნებით იმხანად ჯერ კიდევ საეჭვო შედეგის მქონე  ოპერაციების კეთება, თუმცა ყველაზე შედეგიანი ოპერაციები მაინც იძულებითი რეკონსტრუქციისას კეთდებოდა. მაგალითად, 1814 წელს იოსებ კარპუმ წარმატებით გაუკეთა რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკური ოპერაცია) ბრიტანული არმიის ოფიცერს, რომელმაც ეს ფრიად საჭირო ორგანო ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციის შედეგად კინაღამ დაკარგა. უკვე 1818 წელს კი გერმანელმა ქირურგმა კარლ ფერდინანდ დიფენბახმა სახელმძღვანელო გამოსცა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რინოპლასტიკის ახალი მეთოდი. თუ მანამდე ე.წ. იტალიურ მეთოდს მიმართავდნენ, რომლის თანახმადაც ცხვირის რეკონსტრუქციისთვის სკალპის კანი გამოიყენებოდა, დიფენბახისეული მეთოდით, რინოპლასტიკა ხელის კანის ქსოვილით ხორციელდებოდა.
ევროპიდან პლასტიკური ქირურგია ამერიკაშიც გავრცელდა. პირველი ამერიკელი ქირურგი ჯონ იტერ მეტაური გახლდათ, რომელმაც კარიერა ასევე ცხვირების შეკეთებით დაიწყო. მის მიერ გაკვალულ გზას გაჰყვნენ ჯონ როე, ჯეიმს ისრაელი და სხვა ქირურგები, რომლებმაც ასეულობით ამერიკელის გარეგნობას დაატყვეს ხელი. 

მთავარია ტექნიკა

ამჟამად პლასტიკური ქირურგია ნაკლის დასაფარად ათასგვარ მეთოდსა და მასალას იყენებს. ხელოვნურ მასალებთან, მაგალითად, სილიკონთან ერთად სულ უფრო წარმატებით გამოიყენება ადამიანის ქსოვილები. როდესაც ქირურგი რეკონსტრუქციისთვის თავისივე პაციენტის ქსოვილს იყენებს (მაგალითად, ცხიმოვან ქსოვილს მამოპლასტიკის ჩასატარებლად), ოპერაციულ ტექნიკას ავტოგრაფტირების სახელწოდებით იხსენიებენ. ალოგრაფტირება კი მეთოდის ის ნაირსახეობაა, როდესაც ქსოვილის დონორი სხვა ადამიანია. არსებობს მეთოდის კიდევ ერთი სახესხვაობა – ქსენოგრატფირება, რომელიც პლასტიკური ოპერაციისთვის ცხოველის ქსოვილის იმპლანტაციას გულისხმობს.
საზოგადოდ, პლასტიკური ქირურგია ორ ძირითად მიზანს ემსახურება: დაზიანებული ორგანოებისა და ქსოვილების რეკონსტრუქციას და, რაღა თქმა უნდა, გარეგნობის ესთეტიკურ დახვეწას. პირველ შემთხვევაში ოპერაციის მიზანი ტრავმისა თუ დამწვრობის დროს მიღებული დაზიანების, თანდაყოლილი სიმახინჯის, ავთვისებიანი სიმსივნის შედეგად გამოწვეული დეფექტის აღმოფხვრაა. ყველაზე ხშირად ტარდება ძუძუს რეკონსტრუქცია მასტექტომიის შემდეგ. მასტექტომიას, მოგეხსენებათ, უმთავრესად კიბოს დროს მიმართავენ. პლასტიკური ქირურგიის ამერიკული ასოციაციის დაკვირვებით, ამ ტიპის ოპერაციების რიცხვი აშშ-ში ყოველწლიურად ორმაგდება.
პლასტიკური ქირურგიის იმ ქვედარგს, რომელიც გარეგნობის დახვეწასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ესთეტიკური ქირურგიის სახელწოდებით იხსენიებენ. მომდევნო თავში სწორედ მის შესახებ მოგითხრობთ.
მშვენიერი გარეგნობისთვის
მოდი, სტატისტიკით დავიწყოთ, რომელიც უცხოეთში ასე უყვართ. სხეულისა და სახის ნაკვთების გასალამაზებლად 2010 წელს აშშ-ში 9 336 814 ადამიანმა მიმართა პლასტიკური ქირურგიის კაბინეტს. ამათგან 1 622 290-ს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, დანარჩენს კი ნაკლებინვაზიური პროცედურა – ბოტოქსის შეყვანა, ღრმა პილინგი და სხვა. წინათ თუ ასეთ პროცედურებს უფრო კავკასიური რასის წარმომადგენლები მიმართავდნენ, ბოლო ხანს გარეგნობაზე ზრუნვამ აფროამერიკელები და ლათინოამერიკელებიც გაიტაცა, თუმცა სხეულის ფორმის შეცვლის ჟინით შეპყრობილ თეთრკანიანთა ხვედრიტი წილი ჯერ კიდევ 80%-ს აღემატება.
ამერიკელებს ფეხდაფეხ მიჰყვებიან ევროპელები. პლასტიკური ქირურგია აქ ერთ-ერთ სარფიან ბიზნესად ითვლება. მიახლოებითი გამოთვლით, ის წელიწადში 2,2 მილიარდამდე მოგებას იძლევა. განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა პლასტიკური ქირურგია დიდ  ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.
აზიაში კოსმეტიკური ქირურგიის ყველაზე დიდი ბაზარი ინდოეთში ყოფილა, მას კი თურმე ჩინეთი მოსდევს. იაპონიასა და კორეაში კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაცია, რომელსაც ბავშვობაშივე მიმართავენ, თვალის ჭრილის ოპერაცია ყოფილა.
დამხმარე ტერმინოლოგია
შესაძლოა, პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას არ ვაპირებდეთ, მაგრამ თუ გვინდა, თანამედროვე ცხოვრების რიტმს ფეხი ავუწყოთ, ორიოდე მოხდენილი ტერმინის ცოდნა, თავის მოსაწონებლად მაინც, ნამდვილად არ გვაწყენს.
. აბდომინოპლასტიკა – მუცლის ფორმის შეცვლას გულისხმობს. ამ დროს ზედმეტი ქონის მოცილება და მუცლის ფარის გამკვრივება ხდება.
. ბლეფაროპლასტიკა – თვალის ქვემოთ ჩამოკიდებული ტომრების მოცილებას, ქუთუთუოების ფორმის შეცვლას გულისხმობს. ხშირად მას მიაკუთვნებენ თვალის პერმანენტულ მაკიაჟსაც.
. ფალოპლასტიკა – სასქესო ასოს ფორმის შეცვლა-აღდგენას ნიშნავს.
. მამოპლასტიკა – ეს ტერმინი რამდენიმე ტიპის ოპერაციას გულისხმობს. პირველი და ყველაზე გავრცელებული ძუძუს იმპლანტების ჩასმაა, მარტივად რომ ვთქვათ – სილიკონის პროთეზების მორგება. მეორე ადგილს იკავებს მკერდის ზომის შემცირება ჭარბი ქსოვილის მოცილებისა და კანის დაჭიმვის გზით. ამ ოპერაციას გიგანტომასტიის დროს მიმართავენ (ამ ტერმინის განმარტება, ვფიქრობთ, ზედმეტია). და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პლასტიკური ოპერაციაა მასტოპექსია ანუ მკერდის აწევა, რომელსაც დაშვებული, მომჩვარული მკერდისთვის მოხდენილობის დასაბრუნებლად აკეთებენ.
. საჯდომი ნაწილის აუგმენტაცია ანუ გაზრდა. ძალზე პოპულარული გახდა ე.წ. ბრაზილიური მეთოდი, რომლის მიხედვითაც საჯდომ არეში პაციენტისავე სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ცხიმოვანი ქსოვილი თავსდება. მასთან ერთად ხშირად ტარდება საჯდომი ნაწილის აწევაც.
. ოტოპლასტიკა ყურების ფორმის შეცვლას გულისხმობს.
. სახის ლიფტინგი – სხვა არაფერია, თუ არა სახის კანის დაჭიმვა და ნაოჭების გაქრობა. ამ დროს ოპერაცია სახის სხვადასხვა ნაწილზე კეთდება და, შესაბამისად, სხვადასხვანაირადაც იხსენიება, თუმცა ზოგადი პლასტიკურ-ქირურგიული განათლებისთვის სიტყვა “ლიფტინგის” ცოდნაც სავსებით საკმარისად მიგვაჩნია.
. რინოპლასტიკა – პლასტიკური ოპერაციის ეს სახეობა, საქართველოში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო, ალბათ ჩამონათვალის სათავეში უნდა მოგვექცია, მაგრამ გადავწყვიტეთ,  დასკვნით აკორდად მოგვეტოვებინა.
რაღა თქმა უნდა, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიასთან დაკავშირებული ტერმინი გაცილებით მეტია, მაგრამ სხვებზე, მოდი, სხვა ნომრებში ვისაუბროთ.
პლასტიკა როგორც ნარკოტიკი
თურმე ნუ იტყვით და ბევრს პათოლოგიური ლტოლვაც კი უჩნდება პლასტიკური ოპერაციების მიმართ. ერთმა ქალბატონმა “სულ რაღაც” 14 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ამ ფუფუნებას 83 000 დოლარზე მეტი დაახარჯა. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ამის მიზეზი ფსიქოლოგიური ხინჯი უფროა, ვიდრე ანატომიური. ადამიანი გამუდმებით ცდილობს სხეულის დისმორფული დარღვევის გამოსწორებას. მართლა არსებობს თუ არა ასეთი დარღვევა, კაცმა არ იცის, მაგრამ სკალპელით მასთან გამკლავებას უკვე მილიონობით ადამიანი ცდილობს. აშშ-ში ამგვარი დისმორფულობა მოსახლეობის 2%-ს აწუხებს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პლასტიკურ ქირურგიაზე გამიჯნურებულ ადამიანებს აწუხებთ, შედეგებით მუდმივი უკმაყოფილებაა. მათ თითქმის არასოდეს მოსწონთ ქირურგის ნახელავი. თუ ამას ფსიქიკური ლაბილურობაც დაემატა, შესაძლოა გაწბილებულმა პაციენტმა თავის მოკვლაც კი სცადოს.
ამ ფსიქიკური აშლილობის მიზეზი უცნობია და მისგან განკურნებაც ძნელია. თავად “პაციენტებს” მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გამოსავალი შედეგიანი ოპერაციაა, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ის თითქმის ყოველთვის “უშედეგო” აღმოჩნდება ხოლმე...
სილამაზე წარმავალია, თუმცა...
დიახ, სილამაზე, ხელოვნურიც კი, წარმავალია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესთეტიკური პროცედურა არცთუ კორექტულად არის შესრულებული. ამის მაგალითად უამრავი ცნობილი ადამიანის ისტორია შეიძლება მოვიყვანოთ. ამჯერად თქვენს ყურადღებას დონატელა ვერსაჩეზე შევაჩერებთ, რომელმაც მამოპლასტიკას მიმართა, თუმცა, როგორც ჩანს, არცთუ შედეგიანად – ნაცვლად იმისა, რომ სილიკონები კუნთსა და კუთთს შორის საიმედოდ მოეთავსებინა, ქირურგმა ისინი მეტისმეტად ზედაპირულად, კუნთების ზემოთ, თხელი კანის ქვეშ ჩადო, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ პროთეზებმა ადგილი იცვალეს და კანქვეშ ხეტიალის შემდეგ უსახურად ჩამოეკიდნენ.
ასეთ შეცდომას ბევრი ქირურგი უშვებს, თუმცა, პროფესიონალები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს უფრო პაციენტის არჩევანის ბრალია. კუნთქვეშ პროთეზების მოქცევა ძალზე მტკივნეულია და უფრო მეტ პოსტოპერაციულ დისკომფორტს იწვევს, ვიდრე ზედაპირული ვარიანტი. იმასაც ამბობენ, ბევრი ქირურგი ვერც კი ფლობს კუნთებს შორის იმპლანტაციის ტექნიკას და საქმეს ზერელედ ეკიდებაო. ასეა თუ ისე, “ზერელედ ჩადგმული” ხელოვნური მკერდი მაინცდამაინც გამძლე ვერ გამოდგა... 

გააზიარე: