ვირუსის გამოღვიძება

გააზიარე:
თუ ბავშვობისას ჩუტყვავილა გადაიტანეთ, არ გეგონოთ, რომ მასთან საბოლოოდ გაასწორეთ ანგარიში. დაავადების გამომწვევი ვირუსი, varicella zoster-ი, ხერხემლის გასწვრივ ჩაყოლებულ ნერვულ კვანძებში იბუდებს და წლების განმავლობაში პასიურ მდგომარეობაშია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, სძინავს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მისთვის ხელსაყრელი, ჩვენთვის კი ბოლომდე დაუდგენელი მიზეზის გამო უეცრად იღვიძებს, შმაგდება და მასპინძელს მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. გულმკერდის არეში ტკივილისა და გამონაყარის გამო ადამიანი რამდენიმე კვირით ეთიშება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, ხოლო გართულების შემთხვევაში (გახანგრძლივებული ტკივილის გამო) – ერთი წლითაც კი.

ჰერპეს ზოსტერი, იგივე სარტყლისებური ლიქენი, 100 000-დან წელიწადში საშუალოდ 200 კაცს ემართება. 80 წელს გადაცილებულებს შორის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – 1100.
რისკჯგუფები
ჰერპეს ზოსტერი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ მისი გამოვლენის ალბათობა მეტია, თუ:
. გადააბიჯეთ 60 წელს;
. ჩუტყვავილა ერთ წლამდე გადაიტანეთ;
. იმუნური სისტემა დასუსტებული გაქვთ იმუნოდეფიციტური დაავადების (მაგალითად, შიდსის) ან იმუნოდეპრესიული მოქმედების პრეპარატების მიღების გამო.
იმუნიტეტს ასუსტებს აგრეთვე ქიმიო- და სხივური თერაპია, სტრესი, ტრავმა, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ლიმფოიდური სიმსივნეები.
გასათვალისწინებელია, რომ ზოსტერი უფრო ხშირად ემართებათ მათ, ვისი რაციონიც დაბალკალორიულია.
სიმპტომები
წესისამებრ, თავდაპირველად კანზე წითელი ფერის ლაქები ჩნდება. გამონაყარი ყოველთვის ცალმხივია, წარმოიშობა სხეულის წინა ან უკანა მხარეს – ხერხემლიდან გულმკერდისკენ, ნერვის გასწვრივ, ზოგჯერ – სხეულის სხვა ნაწილებზეც (მათ შორის – თავზე, სახეზე – თვალის, პირისა და ყურების მიდამოში). გამონაყარი მტკივნეულია. ხშირად მას წინ უძღვის (ან თან ერთვის) წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი. ამ პერიოდში ავადმყოფი თავს სუსტად გრძნობს, მოთენთილია, უჩივის თავის ტკივილს, ტემპერატურის მატებას. შემდეგ ლაქები სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. მოგვიანებით ბუშტუკები სკდება, წარმოიქმნება მცირე ზომის წყლულები, რომლებიც ნელ-ნელა ხორცდება და ქერქით იფარება. ქერქი 2-3 კვირის შემდეგ ჩამოიფცქვნება. იშვიათად გამონაყარის ადგილას ნაწიბური რჩება (უმეტესად ასეთი რამ ხდება მეორეული ინფექციისა და გამონაყარის ქავილის შემთხვევაში). დაზიანებული ნერვის გასწვრივ შესაძლოა დარჩეს ტკივილის შეგრძნება.
შესაძლო ნიშნები
ჩამოთვლილ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს მუცლის ტკივილი, რომელიც გამონაყარის განვითარებამდე მუცლის პათოლოგიებზე ბადებს ეჭვს. კლინიკა ასევე შეიძლება წააგავდეს მიოკარდიუმის ინფარქტს, თირკმლის ან სანაღვლე გზების ამა თუ იმ პათოლოგიას. ჰერპეს-ზოსტერით შესაძლოა განპირობებული იყოს შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შესივება, სახის ზოგიერთი კუნთის მოძრაობის გაძნელება, ფთოზი – ქუთუთოს დაშვება, თვალის მოძრაობის უნარის დაკარგვა, მხედველობის პრობლემა, სმენის დაქვეითება, გემოს შეცვლა, გენიტალური დარღვევები.
დიაგნოსტიკა
ზოსტერის დიაგნოზს უმთავრესად ვიზუალურად, კლინიკური ნიშნების საფუძველზე სვამენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაავადების განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემებისა და გამონაყარის შეფასებაც. ექიმს აინტერესებს:
. გადატანილი გაქვთ თუ არა ჩუტყვავილა. ეს აუცილებელი პირობაა ჰერპეს-ზოსტერის სადიაგნოზოდ. თუმცა ხშირად პაციენტს არ ახსოვს, რომ ეს დაავადება გადაიტანა, ანდა გადაიტანა ისე მსუბუქად, რომ ჩუტყვავილას დიაგნოზი არც კი დასმულა;
. სტკიოდა თუ არა მიდამო, სადაც შემდეგ გამონაყარი გაჩნდა;
. უჩიოდა თუ არა ქავილს, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას;
. უჩიოდა თუ არა დაავადების ზოგად ნიშნებს: სისუსტეს, თავის ტკივილს.
ლაბორატორიული გამოკვლევები უმეტესად არ ინიშნება. საეჭვო შემთხვევაში იკვლევენ სისხლს და მასალას (ვირუსულ კულტურას) დაზიანებული ადგილიდან.

გართულებები
დაზიანებულ არეში ტკივილი ზოგჯერ ნახევრიდან ერთ წლამდეც კი გრძელდება, განსაკუთრებით – 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოსტჰერპესულ ნევრალგიასთან, რაც ვირუსული აფეთქებისას ნერვის დაზიანებითაა განპირობებული. ტკივილი ხშირად ძალიან ძლიერია, აუტანელიც კი.
მომდევნო გართულება – გამონაყარზე მეორეული ინფექციის განვითარება – უმეტესად სტრეპტოკოკებითა და სტაფილოკოკებითაა გამოწვეული.

ხანდაზმულებსა და იმუნოდეპრესიულ პირებში შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა მძიმე ინფექციურმა გართულებებმა, როგორებიცაა მენინგოენცეფალიტი და სეფსისი.
გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა ზოსტერმა პაციენტს ხელმეორედაც შეუტიოს.
თვალისა და ყურის ნერვების დაზიანებისას მოსალოდნელია სიბრმავე  და სიყრუე, სახის ნერვების დაზიანებისას კი ე. წ. რამსეი ჰანტის სინდრომი, რომელიც გამოიხატება ცალმხრივი მტკივნეული გამონაყარით ყურის მიდამოში და სახის ნერვის პარეზით.
მკურნალობა

მკურნალობის მიზანია ტკივილის შემსუბუქება, გამონაყარის მოსპობა და გამოჯანმრთელების დაჩქარება, მეორეული ბაქტერიული ინფექციისა და პოსტჰერპესული ნევრალგიის პრევენცია.
ზოსტერის დროს, პირველ რიგში, ინიშნება ანტივირუსული პრეპარატები (აციკლოვირი), რომლებიც ამცირებს ტკივილს, გართულებების რისკს და დაავადების ხანგრძლივობას. საუკეთესო შემთხვევაში, პაციენტმა მისი მიღება ტკივილისა და წვის აღმოცენებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა დაიწყოს. წამლის დროული გამოყენება მკვეთრად ამცირებს დაავადების სიმპტომებს და აქვეითებს გართულების რისკს. თუმცა ჩვენს სინამდვილეში ასე არ ხდება; ამის გათვალისწინებით, სასურველად მიიჩნევა, ანტივირუსული მკურნალობა გამონაყარის გაჩენიდან 72 საათის განმავლობაში დაიწყოს, რაც ასევე ეფექტურია ნევრალგიის პრევენციისთვის.
ზოსტერის დროს ანტივირუსული პრეპარატები გაცილებით დიდი დოზებით ინიშნება, ვიდრე მარტივი ან გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში. წესისამებრ, წამალს ტაბლეტებად იღებენ, თუმცა გამორიცხული არ არის, მისი ინტრავენური შეყვანაც გახდეს საჭირო.
ძლიერ ანტიანთებით საშუალებებს, ჰორმონულ პრეპარატებს კორტიკოსტეროიდებს (მაგალითად, პრედნიზოლონს), იყენებენ მწვავე სიმპტომების არსებობისას შეშუპებისა და ტკივილის გახანგრძლივების თავიდან ასაცილებლად, თუმცა იგი ყოველთვის არ არის ეფექტური, თანაც სიფრთხილეა საჭირო ძლიერი იმუნოდეპრესიის მქონე პაციენტებთან მისი გამოყენებისას.
მსუბუქი ტკივილის მოსახსნელად ზოგჯერ ჩვეულებრივი გამაყუჩებლების მიღებაც საკმარისია; ძლიერი ტკივილის დროს, განსაკუთრებით – პოსტჰერპესული ნევრალგიით გართულების შემთხვევაში, პაციენტთა უმეტესობას უფრო ძლიერმოქმედი პრეპარატები სჭირდება (კოდეინი და სხვა). შეიძლება ანტიდეპრესანტების გამოყენებაც, რომლებიც ტკივილსაც შეამსუბუქებს და დარღვეულ ძილსაც მოაწესრიგებს.
ტკივილის შესამცირებლად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ცივი წყლის საფენები (20-40 წუთის განმავლობაში დღეში 4-8-ჯერ), დამამშვიდებელი აბაზანები (მაგალითად, შვრიის კოლოიდური აბაზანები) და ლოსიონები.
 სხვა მედიკამენტებიდან იყენებენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს – ქავილის შესამსუბუქებლად – და კაპსაიცინის (წიწაკის ექსტრაქტის ) შემცველ მალამოებს, რომლებიც ამცირებს პოსტჰერპესული ნევრალგიის განვითარების რისკს.
ძლიერი ტკივილის გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართავენ ნერვების ელექტრულ სტიმულაციას.

ავადმყოფის მოვლა
ვიდრე სიცხე არ დაიწევს, რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი. ზედმიწევნით დაიცავით კანის სისუფთავე. დაბინძურებული საგნები ხელმეორედ არ გამოიყენოთ, მრავალჯერადი გამოყენების ნივთები კი მდუღარე წყალში ან სხვა სადეზინფექციო ხსნარში გაასტერილეთ. მნიშვნელოვანია ვიტამინებით მდიდარი და სრულფასოვანი საკვების მიღება. სხვა განსაკუთრებულ პირობას დაავადება, ფაქტობრივად, არ მოითხოვს.
ავადმყოფი იზოლირებული უნდა იყოს მათგან, ვისაც ჩუტყვავილა არ გადაუტანია. განსაკუთრებული სიფრთხილე ორსულებს, ბავშვებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პირებს მართებთ. ზოსტერის გამომწვევი ვირუსი გადაედება მხოლოდ მას, ვისაც ჩუტყვავილა არ გადაუტანია, მაგრამ გადადების შემთხვევაში ვითარდება არა ზოსტერი, არამედ ჩუტყვავილა.
პროგნოზი

წესისამებრ, ჰერპეს-ზოსტერი 2-3 კვირაში ალაგდება და იშვიათად თუ განმეორდება.
პრევენცია
ერიდეთ ზოსტერითა და ჩუტყვავილით დაავადებულს, თუ არ გადაგიტანიათ ჩუტყვავილა ან არ ხართ მასზე აცრილი.
რაც შეეხება იმუნიზაციას, ზოსტერის ვაქცინა მხოლოდ დაავადების პრევენციისთვისაა მოწოდებული. აშშ-ში რუტინული სამედიცინო მეთვალყურეობა გულისხმობს 60 წელს გადაცილებულთა აცრას ჰერპეს ზოსტერზე.  ვაქცინაცია არ უტარდებათ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. ვაქცინა ეფექტურია პოსტჰერპესული ნევრალგიის საპროფილაქტიკოდაც.

ექიმს მიმართეთ, თუ:
. გაქვთ იმუნოდეფიციტური მდგომარეობა და ჰერპესის ნიშნები გამოგაჩნდათ;
. პროცესში ჩაერთო სახე, გამონაყარი გაჩნდა ცხვირის წვერსა და გვერდებზე, შეინიშნება ქუთუთოების შეშუპება, განვითარდა კონიუნქტივიტი;
. 2-3 კვირაში გამონაყარი არ შემცირდა;
. გამონაყარის გაქრობის შემდეგ ტკივილი 4 კვირაზე მეტია გრძელდება.

გააზიარე: