მამაკაცობის ზღურბლთან

გააზიარე:
ალბათ ხშირად გაგიგონიათ მოზარდი ბიჭუნას მშობლების წუხილი იმის თაობაზე, რომ მათი შვილი თანაკლასელ გოგონებს სიმაღლეში ჩამორჩება, მათკენ მხოლოდ კიკინაზე მოსაქაჩად თუ გაიხედავს და კვლავაც ომობანას თამაშით ირთობს თავს, მაშინ როცა მისი ტოლი გოგონები უკვე მოწიფულ ქალიშვილებს ჰგვანან. ეს მღელვარება უსაფუძვლოა, ვინაიდან მალე მათი შვილიც შეაბიჯებს სქესობრივი მომწიფების ხანაში და როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უკან ჩამოიტოვებს სუსტ სქესს.

სქესობრივი მომწიფება ბიჭებში გოგონებთან შედარებით 2-3 წლით გვიან, 11-13 წლის ასაკში იწყება და დაახლოებით 5 წელი გრძელდება. ეს ყმაწვილის ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვანი და არცთუ იოლი პერიოდია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების თანადგომასა და დახმარებას, რაც მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია.
სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდი არა მხოლოდ სქესობრივ, არამედ ზოგად – ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებათა კასკადს გადის. საინტერესოა, რა იწვევს ცვლილებათა ამ ქარიშხალს მის ორგანიზმში.
ყველაფრის თავიდათავი მამაკაცის სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონია, რომელიც ყმაწვილის საქესო ჯირკვლებში – სათესლეებში – წარმოიქმნება. თუმცა ჯობს, დაწვრილებით აღვწეროთ, რა ხდება ამ დროს მოზარდის ორგანიზმში.
12-დან 14 წლამდე სხეული გაძლიერებული ტემპით იზრდება, ბოქვენის მიდამოში ჩნდება თმოვანი საფარველი, იმატებს გარეთა სასქესო ორგანოების (სასქესო ასოს, სათესლეების) ზომა. 14 წლიდან იცვლება – ბოხდება და მამაკაცური ხდება – ხმის ტემბრი, იღლიის ქვეშ ამოდის თმა, იცვლება სხეულის ფორმები, ყალიბდება მამაკაცური ტიპის ორგანიზმი, უხეშდება სახის ნაკვთები. ოდნავ მოგვიანებით სახის გათმიანებაც იწყება. პირველი თმა სახეზე რბილი, სუსტი და მეჩხერია, მაგრამ ვაჟი მაინც ამაყობს “წვერ-ულვაშით”, თუმცა მის ამოსვლას პრობლემებიც მოსდევს. მაგალითად, ღინღლი ხელს უწყობს ფერიმჭამელების გაჩენას, რადგან თმის ძირებთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვლები იოლად ინფიცირდება და ანთებითი ხდება.
ეს მონაცემები აბსოლუტური ნორმა არ არის, მათგან მცირედი გადახრა დასაშვებია. უკანასკნელ ხანს მრავალ ქვეყანაში სქესობრივი მომწიფების ტემპის დაჩქარება შეინიშნება, რაც ზოგად აქსელერაციას (ბავშვთა და მოზარდთა სქესობრივი მომწიფებისა და ზრდის აჩქარებას) უკავშირდება.
თუ მეორეულმა სასქესო ნიშნებმა (მთმიანობა, ხმის დაბოხებამ და ა.შ.) 10-11 წლამდე იჩინა თავი, ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებასთან, ხოლო თუ ეს ნიშნები 15-16 წლამდე არ გამოვლინდა – განვითარების შეკავებასთან. ორივე შემთხვევა ანდროლოგის კონსულტაციას მოითხოვს.
14-16 წლის პერიოდში წარმოიშობა პირველი ერექცია და პოლუციები. პოლუცია თვითნებური თესლდაღვრაა. მოზარდობის ხანაში ის კვირაში დაახლოებით სამჯერ ხდება, უმეტესად – ღამით, და სქესობრივ აქტთან ან მასტურბაციასთან არ 
არის დაკავშირებული. ღამის პოლუციები ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა. მათი გაჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ ყმაწვილი “დაკაცდა” და უკვე შეუძლია, მამა გახდეს (დაახლოებით 16 წლის ასაკში სპერმა უკვე სრულყოფილია და განაყოფიერების უნარი შესწევს). პოლუცია ბიჭებს ხშირად აშინებთ, ერიდებათ, რცხვენიათ ამის გამო და ინფორმაციის ნაკლებობა მრავალ კომპლექსს უდებს სათავეს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლი. მან მოზარდს გასაგებ ენაზე უნდა აუხსნას საქმის ვითარება, მიაწოდოს ინფორმაცია სქესობრივი ცხოვრების, სქესობრივი კონტაქტის, კონტრაცეფციის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და პირადი ჰიგიენის შესახებ.
პირველი ერექციების დროს ხშირად ვლინდება ფიმოზი – პენისის თავზე ჩუჩის გადაწევის შეუძლებლობა. ეს პრობლემა მოზარდთა 17%-ს აწუხებს და იგი უროლოგის კონსულტაციას მოითხოვს. ფიმოზი ხშირად რთულდება ასოს თავისა და ჩუჩის ანთებით, რის შედეგადაც ყალიბდება ანთებითი ნაწიბური და ფიზიოლოგიური ფიმოზი შესაძლოა პათოლოგიურ მდგომარეობაში გადაიზარდოს. ფიმოზს ქირურგიულად, ადგილობრივი გაუტკივარებით მკურნალობენ. ფიმოზის დროს ჩუჩის ძალით გადაწევა დაუშვებელია – ის შესაძლოა ჩაიჭედოს და წინ გამოცურების უნარი დაკარგოს, რაც ძლიერ კივილს და სისხლის შეგუბებას გამოიწვევს. ჩაჭედვისას საჭიროა გოპერაციული ჩარევა. სხვაგვარად განვითარდება ასოს თავისა და ჩუჩის ნეკროზი (კვდომა).
14-15 წლის ასაკში ბიჭებს ხშირად სარძევე ჯირკვლები უსივდებათ და სტკივათ. ეს ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენა – ტელარქეა. იგი დროებითია, მკურნალობას არ საჭიროებს და სქესობრივი მომწიფების დასრულების შემდეგ გაივლის.
გარდა წმინდა ფიზიკური ცვლილებებისა, სქესობრივ მომწიფებას თან ფსიქოლოგიური ძვრებიც ახლავს, რაც მოზარდის ხასიათისა და ქცევის მკვეთრი ცვლილებით ვლინდება. გოგონების მიმართ პირველი ინტერესი, ლაბილური ფსიქიკა, გაღიზიანებადობა, არამოტივირებული აგრესია, უმიზეზო დეპრესია – ეს იმ ცვლილებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ჰორმონები იწვევს. ამ პერიოდში მშობლებს დიდი მოთმინება და დელიკატურობა მართებთ. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ შვილის მომავალი სულიერი მდგომარეობა მათ სწორ მიდგომაზეა დამოკიდებული.
იმპოტენცია
იოლია, მამაკაცის სქესობრივ პრობლემებზე ირონიით თქვა: “ადრე თუ გვიან ყველა მიდის დიდი სპორტიდან”. თუმცა მას, ვისაც “დიდ სპორტთან გამოთხოვება” უწევს, სულაც არ ეხუმრება…
იმპოტენცია მამაკაცებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული სქესობრივი დარღვევაა. სხვადასხვა მონაცემებით, მას მოწიფული ასაკის მამაკაცთა 25-35% უჩივის.
რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა?
იმპოტენცია სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ძლიერ გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე. 25-55 წლის მამაკაცები ყველაზე არასასურველ პათოლოგიათა ნუსხაში მეორე ადგილზე, კიბოს შემდეგ, სწორედ იმპოტენციას აყენებენ.
არ არსებობს მამაკაცი, ერთხელ მაინც რომ არ განეცადოს ასეთი მარცხი. ბევრი ამას მშვიდად ხვდება, ზოგისთვის კი ეს სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმად და ხანგრძლივი დეპრესიის მიზეზად იქცევა.
რა შეიძლება დაეხმაროს ძლიერ სქესს ამ პრობლემასთან გამკლავებაში?
"საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო", ამიტომ ინტიმურ თემებზე საუბარი ბევრს დღესაც უჭირს, ხოლო ერექციული უკმარისობის განვითარების რეალურ მიზეზებს ცოტა თუ იცნობს.
ძვირფასო მამაკაცებო, ნუ დაუჯერებთ ქალს, რომელიც სექსის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გამშვიდებთ და გეუბნებათ, რომ ეს მხოლოდ გადაღლის ბრალია. შესაძლოა, პოტენციის დაქვეითების მიზეზი მართლაც ეს იყოს, მაგრამ ოხრახუშისა და თხილის იმედად მაინც ნუ და
რჩებით; პრობლემის ადრეულ სტადიაში მოგვარება გაცილებით იოლია, ვიდრე დაგვიანებისას, როცა იმპოტენციამდე ერთი ნაბიჯია.
ერექციული დისფუნქციის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე ექიმი სექსოლოგი გიორგი  ბეროშვილი გვესაუბრება. 
— ბატონო გიორგი, რა არის იმპოტენცია? 
— იმპოტენცია, იგივე ერექციული დისფუნქცია — ეს არის მამაკაცის უნარის დაქვეითება, ადეკვატურ, ნორმალურ სიტუაციაში მიაღწიოს ხარისხიან ერექციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება.
ერექციის განვითარებისთვის მამაკაცს სჭირდება სექსუალური სტიმული — საპირისპირო სქესის ადამიანი (ვგულისხმობ ჰეტეროგენულ წყვილს). მხედველობითი ინფორმაცია გადაეცემა ტვინს, ტვინიდან — შესაბამის ცენტრებს, რომლის შედეგად სასქესო ასოსკენ არტერიული სისხლის დიდი ნაკადი მიედინება. ასო, უხეშად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ერთგვარ რეზერვუარს, რომელიც მცირე ზომის ბალონებისგან _ ლაკუნებისგან შედგება. ერექციის დროს ხდება სწორედ ამ ლაკუნების სისხლით გადავსება. როდესაც სისავსე განსაზღვრულ დონეს მიაღწევს, აქ არსებული სპეციალური გარსები – ფასციები (ბუკის ფასცია და თეთრი გარსი) იჭიმება და მიჭყლეტს მათ შორის გამავალ ვენებს, რომელთა მეშვეობითაც სისხლი ასოდან უკან გაედინება. ამრიგად, მიიღწევა სრული ერექცია. მას შემდეგ, რაც მოხდება ეაკულაცია (სპერმის დაღვრა), დასრულდება სქესობრივი აქტი ან გაქრება გამაღიზიანებელი ობიექტი, ერექცია უკუვითარდება (ხდება დეტუმესცენცია) და ასო დუნდება.
— რა იწვევს ერექციულ დისფუნქციას?
— მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოგენურიც და ორგანულიც.
ახალგაზრდებში ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია სჭარბობს. უმთავრესად — იმის გამო, რომ ახალგაზრდებს აკლიათ საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმისა, რომ ნორმალურად ჩაატარებენ სქესობრივ აქტს, ანუ აქვთ წარუმატებლობის მოლოდინი. დისფუნქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე დეპრესია, შფოთვა, სტრესი, შიშები.
35-40 წლიდან ერ
ექციული დისფუნქციის მიზეზად უფრო ხშირად გვევლინება ორგანული პათოლოგია. წამყვანია სისხლძარღვოვანი პრობლემები (ვინაიდან სწორედ სისხლის ადექვატური მიმოქცევაა ერექციის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი), მას მოსდევს ენდოკრინული, ნევროგენული, უროლოგიური დაავადებები და სხვა.
სხვათა შორის, ერექციული დისფუნცია ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი პირველი მანიშნებელია. როდესაც ორგანიზმში იწყება ასაკობრივი ცვლილებები, კერძოდ, ათეროსკლეროზი, არასასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებში, მათ შორის — სქესობრივშიც, ხარვეზები იჩენს თავს.

მოგეხსენებათ, დიაბეტი აზიანებს წვრილ სისხლძარღვებსა და ნერვებს, ამიტომ ერექციის პრობლემები ამ დროსაც ხშირად იჩენს თავს.
ერექციული დისფუნქცია შეიძლება იყოს ამა თუ იმ მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. ნარკოტიკები და ალკოჰოლიც, თავისთავად, იწვევს ერექციის პრობლემებს, ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას და ეაკულაციის დარღვევებს.
რაც შეეხება სიგარეტს, უნდა ვიცოდეთ, რომ ის არც ისე უვნებელია. ნიკოტინიც აზიანებს სისხლძარღვებს და იწვევს მათ სპაზმს. ასე რომ, თუ მამაკაცს ერექციული დისფუნქცია განუვითარდა, სასურველია, მოწევას თავი დაანებოს.
პროსტატის, ანუ წინამდებარე ჯირკვლის პრობლემები ერექციულ ფუნქციაზე დიდ გავლენას არ ახდენს, თუმცა მასზე ჩატარებულმა ოპერაციამ შესაძლოა გამოიწვიოს იმპოტენცია. ეს ოპერაციის ხასიათზეა დამოკიდებული. ტრანსურეთრული პროსტატექტომიის დროს, როდესაც წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციული ჩარევა საშარდე მილიდან ხდება, ტრავმა ნაკლებია. ამ დროს ზიანდება სტრუქტურები, რომლებიც სპერმის წინ გამოყოფაში მონაწილეობს და ვითარდება ეგრეთ წოდებული რეტროგრადული ეაკულაცია, რომლის დროსაც სპერმა გარეთ კი არ გამოიყოფა, არამედ შარდის ბუშტში ჩაიღვრება. ეს ერთგვარ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ერექციას და, საზოგადოდ, სქესობრივ აქტს ხელს არ უშლის.

რაც შეეხება რადიკალურ პროსტატექტომიას, როცა დაავადების შორსწასული ფორმის დროს წინამდებარე ჯირკვალი მთლიანად იკვეთება, გართულებები უფრო სერიოზულია, ვინაიდან შესაძლოა დაზიანდეს ის ნერვები და სისხლძარღვები, რომლებიც ერექციას უზრუნველყოფს.
— ყველაზე ხშირად ვის ემართება ერექციული დისფუნქცია?
— სტატისტიკურად, ერექციული დისფუნქცია ყველაზე ხშირად 35-დან 50 წლამდე გამოიხატება და მომართვიანობაც სწორედ ამ ასაკშია უფრო მეტი. 18-19 წლის ყმაწვილსაც შეიძლება გაუჩნდეს მსგავსი პრობლემა, პირველივე კონტაქტის დროს ვერ მიიღოს ის, რასაც ელოდა. ეს ერექციულ დისფუნქციას არ ნიშნავს; უბრალოდ, ყმაწვილს არ მოეწონა პარტნიორი, არ ჰქონდა შესაბამისი განწყობა, რაღაც სხვას ელოდა... ამიტომ პირველ სქესობრივ კონტაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სექსისთვის საჭიროა განწყობა, სიმშვიდე, პარტნიორთან კომუნიკაცია; ქალის ერთმა ორაზროვანმა სიტყვამაც კი შეიძლება ერექციას ხელი შეუშალოს ან მისი უკუგანვითარებაც კი გამოიწვიოს, ასე რომ, სქესობრივ კონტაქტს ძალიან დელიკატურად უნდა მივუდგეთ. მნიშვნელოვანია სექსუალური კულტურის დონეც.

ასაკთან ერთად პოტენციის დაქვეითება კანონზომიერია. ჩვენ ვბერდებით, სათესლე ჯირკვლები უწინდებურად ვეღარ გამოიმუშავებენ მამაკაცის სასქესო ჰორმონებს — ანდროგენებს, სისხლძარღვები და ნერვებიც ზიანდება, სოციალური პრობლემები და საზრუნავიც მეტია და სექსისთვის ვეღარ ვიცლით.
— ერექციული დისფუნქციის განვითარებისას ვის უნდა მიმართოს მამაკაცმა? როგორ სვამენ დიაგნოზს?
— ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სექსოლოგის კომპეტენციაა. სექსოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და მრავალ სფეროს მოიცავს, ამრიგად, სექსოლოგი უნდა ერკვეოდეს უროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ნევროლოგიაში, ანგიოლოგიაში, ფსიქიატრიაში. ჩამოთვლილი სფეროების სპეციალისტებსაც შეუძლიათ კონსულტაცია გაუწიონ და უმკურნალონ ასეთ პაციენტს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სექსი მხოლოდ მექანიკა არ არის, ამიტომ სექსოლოგი უფრო კომპეტენტურია ამ სფეროში, ვიდრე რომელიმე ერთი დარგის სპეციალისტი.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ამ კუთხით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ანამნეზი. სექსოლოგისთვის საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა მამაკაცი პუბერტატულ (მომწიფების) პერიოდში, როდის გამოეხატა პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნები, როდის ჰქონდა პირველი პოლუცია (უნებლიე სპერმის გამოყოფა), პირველი სქესობრივი კონტაქტი და რა სახის დაბრკოლება შეხვდა მას.
ანამნეზის საფუძველზე ინიშნება შემდეგი გამოკვლევები:
. სასქესო ასოში სისხლის მიმოქცევის გამოკვლევა, რაც ასოს არტერიების დოპლეროგრაფიას გულისხმობს. იზომება სასქესო ასოში სისხლის მიდენის სიჩქარე.
. მედიკამენტური ტესტირე
ბა — ვიწვევთ ხელოვნურ ერექციას და ვაკვირდებით მის ხანგრძლივობას, რის საფუძველზეც ვადგენთ, ფსიქოგენურია დისფუნქცია თუ ორგანული.
. საკმაოდ ინფორმაციულია ღამის ერექციების მონიტორინგი. მამაკაცს მთელი ღამის განმავლობაში, ძილის დროს, 5-6 ერექცია უვითარდება, რომლებსაც თვითონ ვერ გრძნობს. კვლევისას ასოზე მაგრდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც იწერს პაციენტის ღამის ერექციებს.
. აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ჰორმონები.
. უნდა გაისინჯოს წინამდებარე ჯირკვალი, დანამატები. საინტერესოა სასქესო ასოს ექოსკოპიაც, რადგან პეირონის დაავადების დროს (არსებობს ასეთი დაავადებაც) ცვლილებები თვალით შესაძლოა არ ჩანდეს, მაგრამ ასოში ჩამოყალიბდეს ფოლაქი, რაც ასევე ერექციის ხელისშემშლელი ფაქტორია.
. საჭიროებისას ტარდება ფსიქოლოგიური ტესტები.
ყოველივე ეს საჭიროა ერექციული დისფუნქციის ორგანული თუ ფსიქოგენური მიზეზების დიფერენცირებისთვის.
— უნდა მიმართოს თუ არა პაციენტმა ექიმს ერექციის ერთჯერადი დისფუნქციისას?
— სასურველია, მამაკაცმა პირველივე ფიასკოს შემდეგ მიმართოს სექსოლოგს, თუნდაც მხოლოდ კონსულტაციისთვის. ხშირად პრობლემა პირველივე გასაუბრების შემდეგ გვარდება, მით უმეტეს, როდესაც პაციენტი ახალგაზრდაა. სპეციალისტი აუხსნის მას საქმის ვითარებას, გაარკვევს დისფუნქციის მიზეზებში, თუ საჭიროდ მიიჩნია, გამოკვლევებსაც ჩაუტარებს, დაამშვიდებს, დააწყნარებს და სასარგებლო რჩევებს მისცემს. ამგვარად ფსიქოლოგიური ტრავმაც ნაკლები იქნება.
— როგორ მკურნალობენ ერექციულ დისფუნქციას?
— მედიკამენტურ მკურნალობამდე, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური ფსიქოთერაპია, უბრალოდ ახსნა, ინფორმაციის მიწოდება იმ ელემენტების შესახებ, რომლებსაც კავშირი აქვს ერექციულ ფუნქციასთან. ეს შესაძლოა საკმარისიც აღმოჩნდეს.
რაც შეეხება მედიკამენტურ თერაპიას, სამკურნალო პრეპარატების არსენალი ძალიან დიდია, მაგრამ ასეთი მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ გამოკვლევების შემდეგ. ექიმი უნდა იცნობდეს პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას —რიგ შემთხვევაში მკურნალობ
ა ასევე მოიცავს სასქესო ასოში ძლიერმოქმედი პრეპარატების ინექციებს, რომელთა ბრმად დანიშვნა არ შეიძლება. 
ყველაზე ფართოდ გამოიყენება სილდენაფილის ჯგუფის პრეპარატები, რომელსაც საზოგადოება ვიაგრად იცნობს. ის არა მარტო სიმპტომური, არამედ, სწორი დოზირებისას, სამკურნალო პრეპარატიც არის. ვიაგრა აქტის წინ გამოიყენება. მისი მოქმედებისთვის აუცილებელია სქესობრივი სტიმული, სხვაგვარად ერექცია არ განვითარდება. სტიმულის არსებობისას პრეპარატი იწვევს სასქესო ასოს სისხლძარღვების გაფართოებას და ერექციის განვითარებას. 
— აქვს თუ არა იმპოტენციის სამკურნალო პრეპარატებს გვერდითი მოვლენები ან რაიმე უკუჩვენება?
— როგორც ნებისმიერ წამალს, გვერდითი მოვლენები მათაც ახასიათებთ, თუმცა ამ ჯგუფის პრეპარატები მრავალჯერ გამოსცადეს და დაადგინეს, რომ ისინი სიკვდილს არ იწვევს.
ერთადერთი, რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, ის არის, რომ არ შეიძლება ვიაგრას და მისი მსგავსი საშუალებების მიღება ნიტროგლიცერინის შემცველ პრეპარატებთან ერთად — არსებობს საფრთხე კოლაპტოიდური მდგომარეობის განვითარებისა (წნევის უეცარი მკვეთრი დაცემისა), საიდანაც პაციენტი შესაძლოა ვერ გამოვიდეს.
მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად ყალიბდება არტერიული ჰიპერტენზია და ბევრი სვამს წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მაგალითად, ბეტა-ბლოკატორებს, რომლებიც ვნებს სქესობრივ სფეროს, ამიტომ ექიმმა სექსოლოგმა უნდა იცოდეს, რას იღებს პაციენტი.
ყოველთვის აქტუალური იყო საკითხი, უნდა ჰქონდეთ თუ არა ინფარქტგადატანილ პაციენტებს სექსი. გარწმუნებთ, სექსი ამ შემთხვევაში არ ქმნის სასიცოცხლო საფრთხეს, ის კი არა, სწორი დოზირებისას ვიაგრას ტიპის მედიკამენტების მიღებაც კი შეიძლება.
— არსებობს თუ არა ერექციული დისფუნქციის მკურნალობის ქირურგიული მეთოდი?
— თუ დაზიანდა სასქესო ასოს სისხლძარღვები და ნერვები, — ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციული ჩარევის დროს, — მათი აღდგენა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. თუმცა არსებობს ერთგვარი დაავადება — ლერიშის სინდრომი, როდესაც დახშულია დაღმავალი აორტა. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა — სისხლძარღვის რეკონსტრუქციული ქირურგია, შუნტირება — გარკვეულწილად აუმჯობესებს ერექციას.
მეორე ტიპის ოპერაცია ტარდება, როდესაც ერექციული დისფუნქციის მიზეზია დაჩქარებული ვენური უკუგადინება, ანუ ასოს, ვენების საშუალებით, სწრაფად ტოვებს სისხლი. ჩვენ ამას პათოლოგიურ ვენურ დრენაჟს ვუწოდებთ. ქირურგიული გზით ხდება დაზიანებული ვენების ლიკვიდაცია, მცირდება ვენური უკუგადინება და უმჯობესდება ერექციის ხარისხი.
იმპლანტაცია ანუ ასოს ენდოპროთეზირება უკანასკნელი საფეხურია და ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, თუ ვერავითარმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. პირადად მეც და ჩემი კოლეგებიც წინააღმდეგი ვართ ახალგაზრდა ასაკში იმპლანტის ჩადგმისა, რადგან ის უცხო სხეულია, აქვს ორგნიზმში ყოფნის გარკვეული ვადა, შესაძლოა ვერ მოერგოს მღვიმოვან სხეულს, ორგანიზმმა მოიცილოს იგი... ეს ყოველივე ძალიან რთული და შრომატევადია როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვისაც და ფინანსურადაც დამაზარალებელია. ასე რომ, თუ არსებობს თუნდაც მინიმალური საშუალება, პაციენტმა თავისივე რესურსებით და მედიკამენტური მკურნალობით შეძლოს სქესობრივი ფუნქციის აღდგენა, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. იმპლანტანტის შემთხვევაში დისფუნქციის პრობლემა იხსნება, რადგან ასო მუდმივად ერეგირებულია, თუმცა პაციენტებს ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ.
არსებობს ვაკუუმხელსაწყოების გამოყენების მეთოდიც. ეს ხელსაწყოები სასქესო ასოზე მოქმედებს უარყოფითი წნევით და მასში სისხლის მიდინებას აუმჯობესებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაკუუმთერაპია მხოლოდ აქტის წინ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ის საკმაოდ რთული პროცედურაა, თუმცა პაციენტთა გარკვეულ ნაწილს მაინც შეიძლება დაენიშნოს.

— რას იტყვით იმპოტენციის მკურნალობის ხალხურ მეთოდებზე?
— კლასიკურ მედიცინამდე არსებობდა ტრადიციული მედიცინა და ყველა კულტურას ჰქონდა თავისი მეთოდები ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. საქართველოში საამისოდ წიწმატსა და ნიახურს იყენებდნენ, ჩინეთში — ჟენშენს და სხვა. ამ საშუალებებს მართლაც აქვთ ერთგვარი აფროდიზიაკული (სქესობრივი ლტოლვის გამაძლიერებელი) მოქმედება. მაგრამ დღეს, როდესაც არსებობს მკურნალობის ძალიან ეფექტური თანამედროვე მეთოდები, ხალხური მედიცინა ნაკლებად გამოყენებადია.
— რამდენად ეფექტურია თანამედროვე მეთოდები?
— თუ დროულად მოგვმართეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ათიდან 9 შემთხვევა განიკურნება. ძალიან ძნელია მკურნალობა ფსიქიკური დაავადების დროს. ძნელია ასაკოვანი პაციენტების მკურნალობაც, ვინაიდან მათ ახალგაზრდობას ვეღარ დავუბრუნებთ, თუმცა შეგვიძლია, მედიკამენტებით პოტენცია გარკვეულწილად შევუნარჩუნოთ.
სხვა პრობლემები
— ეაკულაციის რა სახის დარღვევები არსებობს?
— უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ნაადრევი ეაკულაცია — სპერმის სწრაფი დაღვრა. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა — სიხშირით მეორე ადგილს იკავებს ერექციული დისფუნქციის შემდეგ.
ეაკულაცია ანტეპორტას — სპერმის დაღვრა ასოს საშოში შესვლამდე. ეს დარღვევა შესაძლოა უშვილობის მიზეზად იქცეს.
გახანგრძლივებული ეაკულაცია — ეს ნევროგენული წარმოშობის პრობლემაა და ნერვული გამტარებლობის დაქვეითებას უკავშირდება. ხშირად აღენიშნებათ ნარკოტიკზე დამოკიდებულ პირებს. აქტი ხანგრძლივდება ალკოჰოლიზმის დროსაც.
რეტროგრადული ეაკულაცია — სპერმა ეაკულაციის დროს უკან ბრუნდება და შარდის ბუშტში ჩაიღვრება.
— ნიშნავს თუ არა ნაადრევი ეაკულაცია იმპოტენციას და თუ არა, რისი ბრალია ის?
— ნაადრევი ეაკულაცია იმპოტენციას არ ნიშნავს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანის კონსტიტუციური ტიპი — როცა მამაკაცი ადვილად აღეგზნება, მისი ნერვული გამტარებლობა დაჩქარებულია და ეაკულაციაც ნაადრევად ხდება. ასევე არასასურველი პარტნიორი. 

— როგორ მკურნალობენ ნაადრევ ეაკულაციას?
— წესისამებრ, მედიკამენტებით. უმთავრესად იყენებენ პროზაკს, რომელიც ძალიან ეფექტურია ასეთი დარღვევების დროს. არსებობს ოპერაციული მეთოდიც — ოპერაციული გადაკვეთა იმ ნერვულ დაბოლოებებისა, რომლებსაც იმპულსი ზურგის ტვინის ეაკულაციის ცენტრამდე მიაქვთ.
არსებობს აზრი, რომ ჩუჩის მოკვეთის დროს ნერვული დაბოლოებები ზიანდება, ამიტომ წინადაცვეთილ მამაკაცებს უფრო ხანგრძლივი აქტის ჩატარების უნარი შესწევთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუსლიმანებს და ებრაელებს ნაადრევი ეაკულაცია არ აწუხებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის სექსოთერაპიული მეთოდი. სექსოლოგმა წყვილს უნდა აუხსნას, როგორ მოიქცნენ სექსის დროს, რომ ეაკულაცია მეტ-ნაკლებად შეაკავონ. არსებობს ასოს ლოკალური საანესთეზიო კრემები. ზოგჯერ პრეზერვატივის გამოყენებაც შედეგიანია, რადგან ის მგრძნობელობას ამცირებს, თუმცა ქართველ მამაკაცებს ბარიერული საშუალებები მაინცდამაინც არ უყვართ.
— რა იწვევს მამაკაცში სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას?
— უმთავრესად — ჰორმონული ცვლილებები. ასაკთან ერთად სათესლეების ფუნქცია სუსტდება, მცირდება მამაკაცის სასქესო ჰორმონის — ტესტოსტერონის დონე და, შედეგად, იკლებს ლიბიდოც. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველმა პარტნიორმა, წარუმატებლობის განცდამ, სტრესმა...
ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს პროსტატის კიბოს სამკურნალო პრეპარატებიც — ანტიანდროგენები, თუმცა ამ შემთხვევაში სასწორის მეორე პინაზე სიცოცხლე დევს და არჩევანს, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ვაკეთებთ.
— სექსობრივი დარღვევების გამო რამდენად ხშირად მიმართავენ საქართველოში ექიმს?
— სხვათა შორის, საკმაოდ ხშირად. ვინაიდან ეს თემა აქტუალურია და მასმედიაც ხშირად განიხილავს, ხალხმა იცის, რომ არსებობს სპეციალისტი — სექსოლოგი, რომელსაც ასეთი პრობლემების მოგვარება შეუძლია და მასთან მისვლა არც უხერხულია და არც სამარცხვინო.
— დაბოლოს, რას ურჩევდით მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აწუხებს?
— ენდონ მედიცინას, კომპეტენტურ სპეციალისტებს. სამწუხაროდ, ხშირად ხსნას იქ ეძებენ, სადაც ზიანი უფრო მეტია...
თამარ არქანია
პროსტატის ადენომა
იმპოტენცია ძლიერი სქესის ერთადერთი საზრუნავი არ არის; როგორც აღმოჩნდა, მათთვის შარდვასთან დაკავშირებული პრობლემებიც საკმაოდ აქტუალური და მტკივნეულია. საინტერესოა, რა უშლით ხელს მამაკაცებს ამ ფრიად მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში და რატომ ხშირდება პრობლემები ასაკთან ერთად.
მეცნიერებმა დიდი ხანია მთავარ დამნაშავედ პროსტატის ჯირკვალი, უფრო სწორად, მისი დაავადებები დაასახელეს. პროსტატის ყველაზე გავრცელებული დაავადება კი ადენომა, ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა.
იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის პროსტატის ადენომა და რატომ უქმნის ეს ორგანო მამაკაცს ამდენ პრობლემას, თავად პროსტატის ელემენტარულ ანატომიას გადავავლოთ თვალი.
პროსტატა, იგივე წინამდებარე ჯირკვალი, კაკლისოდენა ჯირკვლოვანი ორგანოა, რომელიც მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას ეკუთვნის. ის ორი წილისგან შედგება და შარდსადენს (არხს, რომლითაც შარდი ტოვებს ორგანიზმს) აკრავს გარს. მეცნიერებს მისი ყველა ფუნქცია ჯერ ბოლომდე არ შეუსწვლიათ, თუმცა ცნობილია, რომ იგი გამოიმუშავებს ტუტე რეაქციის მქონე რძისფერ სეკრეტს, რომელიც სპერმის შემადგენლობის 20-30%-ს წარმოადგენს. ტუტე სეკრეტი ქალის საშოში არსებულ მჟავა გარემოს ანეიტრალებს და სპერმატოზოიდებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.
ასაკი და პროსტატის ჰიპერპლაზია
მამაკაცთა უმრავლესობა თავს არიდებს პროსტატაზე საუბარს. არადა, მისი პრობლემების მიჩქმალვა არ ღირს, რადგან ეს ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც შარდვის, ისე სქესობრივი ფუნქციის განხორციელებაში. უდიდესი მნიშვნელობის გამო მას მამაკაცის მეორე გულსაც უწოდებენ. პროსტატის ჯირკვლის ზრდა დაბერების ისეთივე თანმხლები პროცესია, როგორიც ჭაღარა. 2000 წელს აშშ-ში ამ პრობლემით 4,5-მა მილიონმა მამაკაცმა მიმართა ექიმს.
მამაკაცის სიცოცხლის განმავლობაში პროსტატა ზრდის ორ ფაზას გაივლის. პირველი ადრეულ პუბერტატულ პერიოდს მოიცავს, როცა ჯირკვლის ზომა ორმაგდება, ხოლო მეორე დაახლოებით 25 წლის ასაკში იწყება და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებს ექიმები პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას უწოდებენ.
პროსტატის ჰიპერპლაზია იშვიათად იჩენს თავს 40 წლამდე, აი, მერე კი თანდათან ხშირდება – 60 წლის მამაკაცთა ნახევარზე მეტს და 70-80 წლის მამაკაცთა 90%-ს პროსტატის პათოლოგიური ცვლილებები აღენიშნება.
რას გვერჩის პროსტატა
როდესაც ჯირკვალი იზრდება, იგი შარდსადენს აწვება და ავიწროებს. შარდის ბუშტის კედელი სქელდება და მგრძნობიარე ხდება, რის გამოც მცირეოდენი შარდის არსებობის შემთხვევაშიც კი იკუმშება. სწორედ ამის ბრალია შარდვის გახშირება. საბოლოოდ შარდის ბუშტი სუსტდება, კარგავს სრული დაცლის უნარს და მასში გამუდმებით რჩება ნარჩენი შარდი. სწორედ შარდსადენის შევიწროება და შარდის ბუშტის ნაწილობრივი დაცლა იწვევს პროსტატის ადენომასთან დაკავშირებულ სიმპტომებს.
რა იწვევს თავად პროსტატის ადენომას?
მისი განვითარების მიზეზების თაობაზე მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან. არც რისკფაქტორების შესახებ არსებობს ზუსტი მონაცემები. საუკუნეების განმავლობაში პროსტატის ადენომაზე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ იგი შუახნის ასაკში იჩენდა თავს და მამაკაცებს, რომელთაც სათესლეები პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) პერიოდამდე ჰქონდათ ამოჭრილი, არ ემართებაოდთ.
მამაკაცის ორგანიზმი ორი ტიპის სასქესო ჰორმონს წარმოქმნის: დიდი რაოდენობით – მამრობით სასქესო ჰორმონს ტესტოსტერონს და მცირე რაოდენობით – ქალის სასქესო ჰორმონს ესტროგენს. ასაკთან ერთად ტესტოსტერონის სინთეზი მცირდება, ხოლო ესტროგენისა უცვლელი რჩება. მეცნიერთა ნაწილი პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ერთ-ერთ მიზეზად ამ პროცესსაც მიიჩნევს.
მეორე თეორია დიჰიდროტესტოსტერონს უკავშირდება. ეს ნივთიერება ტესტოსტერონისგან წარმოიქმნება და პროსტატის ზრდას აკონტროლებს. ვარაუდობენ, რომ პროსტატის ჰიპერპლაზიას სწორედ მისი დაგროვება იწვევს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი პროსტატის ადენომის განვითარების მიზეზი ის არის, რომ პროსტატის უჯრედებს დაბადებიდანვე მიეწოდებათ ინფორმაცია ზრდის შესახებ; უბრალოდ, ისინი მოგვიანებით “იღვიძებენ” და იწყებენ ამ “ბრძანების” შესრულებას.
როგორ ამოვიცნოთ
სიმპტომთა უმეტესობა შარდსადენის შევიწროებითა და შარდის ბუშტის ფუნქციის ეტაპობრივი კარგვით არის გამოწვეული. ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
. შარდის მერყევი, წყვეტილი, სუსტი ნაკადი;
. შარდვის იმპერატიული (უკიდურესი აუცილებლობის) მოთხოვნილება;
. შარდვის აქტის დასრულების შემდეგ შარდის წვეთვა და ჟონვა;
. გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით – ღამღამობით;
. შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება.
პროსტატის ზომა ყოველთვის არ განსაზღვრავს შარდსადენის დახშობისა და სიმპტომების განვითარების ხარისხს – ზოგი მამაკაცი პროსტატის ზომის საკმაო მომატების დროსაც კი არაფერს უჩივის და პირიქით.
შარდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს, ვინაიდან, მართალია, ათიდან რვა შემთხვევაში მიზეზი პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდებაა, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ამ სიმპტომის უკან უფრო სერიოზული პრობლემები (პროსტატიტი, პროსტატის კიბო) იმალებოდეს, მათი დადასტურება ან უარყოფა კი მხოლოდ უროლოგს შეუძლია.
პროსტატის მნიშვნელოვანმა ჰიპერპლაზიამ, შარდის შეკავებამ და შარდის ბუშტის გადაძაბვამ დროთა განმავლობაში შესაძლოა ისეთი სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორებიცაა:
. საშარდე გზების ინფექცია;
. შარდის ბუშტის დაზიანება;
. თირკმლის დაზიანება;
. კენჭები;
. შარდის შეუკავებლობა.
გახსოვდეთ: ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში გართულებათა განვითარების რისკი მცირდება.
როგორ სვამენ დიაგნოზს
დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის – პროსტატის ადენომის სიმპტომები მამაკაცმა შესაძლოა თვითონვე შეამჩნიოს, ანდა ჯირკვლის გადიდება შემთხვევით აღმოაჩინოს ექიმმა რუტინული გასინჯვისას. უროლოგი – ექიმი, რომელიც საშარდე გზებსა და მამაკაცის სასქესო სისტემაზეა სპეციალიზებული – რამდენიმე მარტივი ტესტის ჩატარებით დიაგნოზსაც დასვამს და მკურნალობის ტაქტიკასაც განსაზღვრავს.
ძირითადი ტესტები
. დიგიტალური რექტალური გამოკვლევა კვლევის პირველი საფეხურია. ექიმი ხელთათმანიანი ხელის ორი თითით სწორი ნაწლავიდან სინჯავს პროსტატის ჯირკვალს. ეს საკმაოდ ინფორმაციული კვლევაა და ექიმს ჯირკვლის ზომისა და მდგომარეობის შესახებ ზოგად წარმოდგენას უქმნის.
. პროსტატის სფეციფიკური ანტიგენის (პსა) ტესტი პროსტატის კიბოს გამოსარიცხად ინიშნება.
. თუ ექიმმა პროსტატის კიბოს არსებობა იეჭვა, აუცილებლად გირჩევთ რექტალური ულტრაბგერის ჩატარებას. ამ პროცედურის დროს პროსტატის კვლევა ხდება სწორი ნაწლავიდან ზონდის საშუალებით, რომელზეც ულტრაბგერის აპარატია დამონტაჟებული. თუ ჯირკვალში სიმსივნურად შეცვლილი უბანი აღმოჩნდა, დანიშნავენ ბიოფსიას – ექოსკოპიური კონტროლის თანხლებით საბიოფსიე ნემსით აიღებენ შეცვლილი ქსოვილის ნიმუშს და მიკროსკოპიულად გამოიკვლევენ.
. ექიმმა შესაძლოა სპეციალურ მოწყობილობაში მოშარდვა გთხოვოთ – ამგვარად ის შარდის ნაკადის სისწრაფეს გაზომავს. შემცირებული ნაკადი პროსტატის კეთილთვისებიან ადენომაზე მიანიშნებს.
. ცისტოსკოპიის დროს მამაკაცის სასქესო ასოში შარდსადენის გავლით სპეციალურ მილს ათავსებენ. ეს პროცედურა ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება. მილი, რომელსაც ცისტოსკოპი ეწოდება, შეიცავს ობიექტივს და განათების სისტემას, რომელთა მეშვეობითაც ექიმი ათვალიერებს შარდის ბუშტს, ადგენს პროსტატის ზომას და შარდსადენის დახშობის ხარისხს.
როგორ მკურნალობენ
ექიმთა მოსაზრება პროსტატის ადენომის მკურნალობის შესახებაც იყოფა. მათი ნაწილი ადრეულ სტადიაშივე გვირჩევს მკურნალობას, ნაწილის აზრით კი პროსტატის მცირედი გადიდებისას მკურნალობა აუცილებელი არ არის, ვინაიდან საშუალო სიმძიმის სამიდან ერთ შემთხვევაში სიმპტომები თავისთავად ალაგდება. ასეთ დროს ექიმები სასწრაფო მკურნალობის ნაცვლად რეგულარულ შემოწმებას გვირჩევენ.
მედიკამენტური მკურნალობა
მკვლევრები წლების მანძილზე ცდილობდნენ პროსტატის ადენომის მკურნალობის არაქირურგიული გზების მიგნებას. 1992 წლიდან დღემდე ექვსი სამკურნალო საშუალება შეიქმნა, რომლებიც პროსტატის ჰიპერპლაზიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ამცირებს.ინასტერიდი და დუტასტერიდი პროსტატის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორის – დიჰიდროტესტოსტერონის – წარმოქმნას თრგუნავს. მათი მოქმედების შედეგად პროსტატა ზრდას წყვეტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში პატარავდება კიდეც.
მედიკამენტთა მეორე ჯგუფი – ტერაზოსინი, დოქსაზოსინი, ტამსულოზინი და ალფუზოსინი – პროსტატისა და შარდის ბუშტის ყელის გლუვ კუნთებს ადუნებს. მათი მოქმედების შემდეგ შარდვა დიდ ძალისხმევას აღარ მოითხოვს.
მინიმალური ინვაზიური თერაპია
სამწუხაროდ, მედიკამენტური თერაპია ყოველთვის ეფექტური არ არის, ამიტომ უკანასკნელ წლებში მეცნიერებმა შეიმუშავეს რამოდენიმე პროცედურა, რომლებიც დაავადების სიმპტომების ამცირებს და ჩვეულ ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით ნაკლებსაზიანოა:
. ტრანსურეთრული მიკროტალღური პროცედურები. სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით, შარდსადენის გავლით, პროსტატის შესაბამის უბანში გზავნიან სითბურ ტალღებს, იწვევენ მის გაცხელებას და ჭარბი ქსოვილის განადგურებას. სპეციალური გამაგრილებელი სისტემა საშარდე გზების დაცვაზე ზრუნავს. პროცედურა დაახლოებით ერთ საათს გრძელდება და მისი ჩატარება ამბულატორიულად, ზოგადი ანესთეზიის გარეშეა შესაძლებელი. ამგვარი თერაპია განკურნებას არ იწვევს, თუმცა შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემს შველის.
. ტრანსურეთრული აბლაცია ნემსით. ამ შემთხვევაში დაბალ რადიოსიხშირულ ენერგიას იყენებენ. პროცედურის წარმატებით განხორციელების შემდეგ უმჯობესდება შარდის ნაკადი. გვერდითი მოვლენები (შარდვის შეუკავებლობა, იმპოტენცია) არ ახასიათებს.
. წყლით გაშუალებული თერმოთერაპია. პროსტატის ჭარბი ქსოვილის გასანადგურებლად ცხელ წყალს იყენებენ. კათეტერი, რომელშიც ცხელი წყალი მიედინება, შარდსადენშია მოთავსებული და პროსტატის შუა ნაწილს ეხება. სისტემა სიცხის ფოკუსირებას პროსტატის შესაბამის უბანზე ახდენს. განადგურებული ქსოვილი ან შარდთან ერთად გამოიყოფა, ან ორგანიზმის მიერ გაიწოვება.
. მაღალი ინტენსივობის ფოკუსური ულტრაბგერა – ეს მეთოდი კლინიკური კვლევის სტადიაშია.
. ქირურგიული მკურნალობა. ექიმთა უმრავლესობა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობის საუკეთეო მეთოდად ოპერაციას მიიჩნევს. ოპერაციის დროს ჯირკვლის მხოლოდ ის უბანი ამოიკვეთება, რომელიც შარდსადენს აწვება და ახშობს. შედეგად შარდსადენის ბლოკი და შარდის ბუშტის ნაწილობრივ დაცლის პრობლემა იხსნება.
. ტრანსურეთრული რეზექცია (ტური). ათიდან ცხრა შემთხვევაში სწორედ ამ მეთოდს იყენებენ. გარეგანი განაკვეთი საჭირო არ არის, ვინაიდან ექიმი შარდსადენის გავლით ამოკვეთს პროსტატის ქსოვილს. ოპერაცია დაახლოებით 90 წუთი გრძელდება, ნაკლებტრავმულია და პოსტოპერაციული რეაბილიტაციაც სწრაფად სრულდება.
. ღია ოპერაცია. როცა პროსტატა ძლიერ არის გადიდებული ან გართულებები (შარდის ბუშტის დაზიანება) აღინიშნება, გარეგანი განაკვეთის გაკეთება ხდება საჭირო.
. ლაზერული ოპერაცია. თანამედროვე უროლოგიაში ხშირად იყენებენ ლაზერულ ოპერაციებს, რომელთა დროსაც ლაზერის სხივებით აცილებენ პროსტატის დაზიანებულ ქსოვილს.
რჩევები ოპერაციის შემდეგი პერიოდისთვის
. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
. მოერიდეთ დაძაბვას და გაჭინთვას.
. იკვებეთ ბალანსირებულად, რათა თავიდან აიცილოთ ყაბზობა.
. ნუ ასწევთ მძიმე ტვირთს.
სქესობრივი ფუნქცია ოპერაციის შემდეგ
მამაკაცთა უმრავლესობას ოპერაციით გამოწვეული სქესობრივი ფუნქციის მოსალოდნელი დარღვევა უფრო აღელვებს, ვიდრე თავად ოპერაცია.
საინტერესოა, ხომ არ მოქმედებს ოპერაცია სექსის დროს სიამოვნების განცდის უნარზე?
სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ზოგიერთ ექიმს მიაჩნია, რომ სქესობრივი ფუნქცია ოპერაციის დროს იშვიათად ზიანდება, ზოგიერთის აზრით კი დარღვევა ათიდან სამ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ დროთა განმავლობაში ფუნქცია აუცილებლად აღდგება. სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ერთი წელია საჭირო.
მოდი, განვიხილოთ, რა გავლენას ახდენს პროსტატაზე ჩატარებული ოპერაციები სქესობრივი ფუნქციის სხვადასხვა ასპექტზე:
. ერექცია. აღნიშნული ოპერაციები ერექციაზე იშვიათად ახდენს გავლენას. თუ პაციენტს ოპერაციამდე კარგი ერექციული ფუნქცია ჰქონდა, ის მას შეინარჩუნებს.
. ეაკულაცია. ოპერაციები ხშირად იწვევს მამაკაცთა უშვილობას, ვინაიდან ვითარდება მდგომარეობა, რომელიც რეტროგრადული ეაკულაციის სახელითაა ცნობილი. ამ დროს სპერმა, ნაცვლად იმისა, რომ შარდსადენის გავლით გარეთ გამოიყოს, უკან, შარდის ბუშტში ბრუნდება (და შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა). მას მედიკამენტურად მკურნალობენ.
. ორგაზმი – მამაკაცთა უმრავლესობა ორგაზმის განცდის კუთხით ცვლილებებს არ უჩივის.
!!! ოპერაციამდე აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს ყველა შესაძლო გართულების შესახებ და მიიღეთ რეკომენდაციები, რომლებიც ოპერაციის შემდგომ პერიოდში სქესობრივი ფუნქციის სწრაფ აღდგენაში დაგეხმარებათ.
 სხვაგვარი მკურნალობა საჭიროა?
ოპერაციის შემდეგ წელიწადში ერთხელ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. ქირურგიული ჩარევიდან მინიმუმ 15 წელი პაციენტებს პროსტატა, როგორც წესი, თავს აღარ ახსენებს. ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაშია მოსალოდნელი, განმეორებითი ჩარევა გახდეს საჭირო, ისიც მაშინ, თუ პირველი ოპერაცია ადრეულ ასაკში ჩატარდა.
პროსტატის სტენტი მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც შარდსადენში იდგმება, აფართოებს მას და შარდვას აუმჯობესებს. ამ მეთოდს სხვა პროცედურების უეფექტობის შემთხვევაში იყენებენ.
მართალია, პროსტატის ადენომას და კიბოს მსგავსი ჩივილები ახასიათებს, მაგრამ მათ შორის კავშირი დადასტურებული არ არის. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია არ ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
პროსტატის კიბო
პროსტატის კიბო ან, როგორც მედიკოსები უწოდებენ, წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ონკოლოგიურ დაავადებათა გამო მამაკაცთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. როგორც კვლევებმა აჩვენა, ყოველი ექვსიდან ორ ამერიკელ მამაკაცს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე პროსტატის კიბო ემართება.
პროსტატის კიბოთი დაავადებული მამაკაცის ორგანიზმში, როგორც წესი, მომატებულია პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) დონე. პსა ცილაა, რომელსაც პროსტატის კიბოს არსებობისას მისი უჯრედები ასინთეზებს. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციამ 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში პსა-ტესტი რექტალურ გამოკვლევასთან ერთად პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის საუკეთესო მარკერად აღიარა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პსა-მ პროსტატის სხვა პათოლოგიების დროსაც შეიძლება მოიმატოს, ამიტომ მისი მაჩვენებლის მომატება უთუოდ კიბოს არსებობას არ ნიშნავს.
რა იწვევს?
პროსტატის კიბო 75 წელს გადაცილებულ მამაკაცთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია, 40 წლამდე კი ის იშვიათად გვხვდება.
მაღალი რისკის ჯგუფში შედიან:
. აფროამერიკელი მამაკაცები. მათ ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოთ პროსტატის კიბო და ლეტალური დასასრულიც მათში თეთრკანიანებთან შედარებით ორჯერ ხშირია. ლათინოამერიკული და აზიური წარმოშობის მამაკაცებს პროსტატის კიბო იშვიათად ემართებათ.
. 60 წელს გადაცილებული მამაკაცები. ამ ასაკში პროსტატის კიბო გაცილებით ხშირია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ.
. პროსტატის კიბოს ოჯახური ისტორიის მქონე მამაკაცები. თუ მამას ან ძმას ჰქონდა ეს პათოლოგია, ალბათობა, რომ თქვენც დაგემართოთ, ორჯერ იზრდება.
გარდა ამისა, რისკის ქვეშ არიან:
. მამაკაცები, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებენ;
. ფერმერები;
. ნოყიერი ხორციანი კერძების მოყვარული მამაკაცები;
. მამაკაცები, რომელთაც შეხება აქვთ კადმიუმთან;
. მხატვრები.
რისკს ზრდის გეოგრაფიული ფაქტორები, მაღალცხიმოვანი დიეტა, კალორიული საკვები და ცხოვრების დუნე წესი.
საინტერესო და ყურადსაღები ფაქტია, რომ პროსტატის კიბო იშვიათად ემართებათ ვეგეტარიანელებს.
როგორ ამოვიცნოთ მტერი?
მას შემდეგ, რაც პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის პსა-ტესტი ფართოდ დაინერგა, მის დიაგნოზს ადრეულ სტადიაშივე, სიმპტომების გამოვლენამდე სვამენ.
სიმსივნური ქსოვილის ზრდა შარდსადენის შევიწოებას და შარდვისა და სქესობრივი ფუნქციის დარღვევას იწვევს. მისთვის დამახასიათებელი ჩივილები, სამწუხაროდ, დაგვიანებით (იმ სტადიაში, როცა მკურნალობა ნაკლებშედეგიანია) ვლინდება და არასპეციფიკურია (მსგავსი სიმპტომები პროსტატის სხვა დაავადებებსაც ახასიათებს), ამიტომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემჩნევისას ქვემოთ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. გთავაზობთ ამ სიმპტომების ჩამონათვალს:
. შარდვის აქტის დაწყების გაძნელება და შეფერხება;
. ხშირი და გაძნელებული შარდვა;
. მოშარდვის შემდეგ შარდის ჟონვა და წვეთვა;
. შარდის სუსტი ნაკადი;
. შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა;
. სისხლი შარდსა და სასქესო სეკრეტში;
. წელისა და მენჯის ძვლების ტკივილი (ეს სიმპტომი კიბოს გავრცობილი ფორმისას ვლინდება. გავრცობილი ფორმა ნიშნავს, რომ სიმსივნე პროსტატას გასცდა და სხვა ორგანოებსაც მოედო).
ტესტები და გამოკვლევები
პსა ტესტი რუტინული კვლევაა, რომლის საფუძველზეც ეჭვობენ დაავადების არსებობას.
დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია ბიოფსიის ჩატარება. ბიოფსიის დროს იღებენ პროსტატის ქსოვილის ნიმუშს და მას მიკროსკოპიულად იკვლევენ. ექიმმა პროსტატის ჯირკვლის ბიოფსია შეიძლება დაგინიშნოთ, თუ პსა-ს დონე მომატებული აღმოგაჩნდათ ან რექტალურმა (სწორი ნაწლავიდან) გასინჯვამ გადიდებული და უსწორმასწოროზედაპირიანი პროსტატა გამოავლინა.
იმის შესაფასებლად, რამდენად გავრცელდა სიმსივნე, გლისონის სკალას და ქულებს იყენებენ. რაც მეტია ქულა, მით მეტია ალბათობა, რომ ავთვისებიანი პროცესი წინამდებარე ჯირკვალს გასცდა და სხვა ორგანოებსაც მოედო. სიმსივნის ლოკალიზაციის შესახებ ზუსტ ინფორმაციას კომპიუტერული ტომოგრაფია გვაწვდის.
პსა ტესტი მკურნალობის შემდგომი მონიტორინგისთვისაც გამოიყენება.
მომავალში შესაძლოა დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი გახდეს გენეტიკური გამოკვლევა, ვინაიდან მეცნიერებმა აღმოაჩინეს პროსტატის კიბოს გამომწვევი გენი, რომელიც პირველ ქრომოსომაშია მოთავსებული.
შევუტიოთ მტერს
მკურნალობა მრავალ ფაქტორზე, მათ შორის – გლისონის ქულასა და ავადმყოფის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სასურველია, ექიმმა მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტი პაციენტთან ერთად განიხილოს და მათგან ყველაზე მართებული შეარჩიოს.
პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაში მკურნალობა ითვალისწინებს:
. ქირურგიულ ჩარევას – რადიკალურ პროსტატექტომიას (წინამდებარე ჯირკვლის მთლიანად ამოკვეთას);
. რადიაციულ თერაპიას – ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია, მისი რამდენიმე სახესხვაობა არსებობს და შერჩევა ინდივიდუალურად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ხდება.
ზოგჯერ (როცა პაციენტი ასაკოვანია და ქირურგიული ჩარევა სარისკოა) ექიმი უბრალო დაკვირვებას არჩევს და პსა- ტესტისა და ბიოფსიის კონტროლით შემოიფარგლება.
გავრცობილი პროსტატის კიბოს მკურნალობა ქირურგიულ ჩარევასთან ერთად ქიმიოთერაპიასა და ჰორმონოთერაპიასაც ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი ტესტოსტერონის დონის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღებას გულისხმობს.
ქირურგიულმა, რადიაციულმა და ჰორმონულმა თერაპიამ შესაძლოა პაციენტის სქესობრივ შესაძლებლობებსა და ლიბიდოზე მოახდინოს გავლენა. ასევე ხშირია შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა ოპერაციული ტექნიკა თანდათან იხვეწება და მსგავსი გართულებებიც მცირდება.
მკურნალობის შემდეგ აუცილებელია დაავადების კონტროლი. ამისთვის საჭიროა პერიოდულად ექიმთან სიარული და პსა-ტესტის ჩატარება.
პაციენტის მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გავრცობილია პროცესი. როცა დაავადება ჯირკვალს არ სცილდება, პაციენტი, როგორც წესი, სავსებით იკურნება. გავრცობილ შემთხვევებში ჰორმონული თერაპია შედარებით აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. 
როგორ ავიცილოთ თავიდან პროსტატის კიბო?
პრევენციის საუკეთესო საშუალება რისკების შემცირებაა. ექიმები გირჩევენ, სწორად იკვებოთ, მიიღოთ ნაკლები ალკოჰოლი, ერიდოთ ცხოველურ ცხიმს, რაციონი ბოსტნეულითა და ხილით გაიმდიდროთ. ამით მხოლოდ პროსტატის კიბოს პრევენციას კი არ მოახდენთ, არამედ ზოგად ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.
ძვირფასო მამაკაცებო, გახსოვდეთ, ჯობს, ჯანმრთელობას მანამდე გაუფრთხილდეთ, სანამ არაფერი გაწუხებთ. ასე ახალგაზრდობასაც გაიხანგრძლივებთ და თქვენთვის საძულველ პრობლემებსაც გადაურჩებით. ხოლო თუ დაავადებამ თავი მაინც შეგახსენათ, ექიმთან ვიზიტსაც ნუ დაიზარებთ – მედიცინა ხომ სწორედ ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად არსებობს.
მამაკაცური კლიმაქსი – მითი თუ სინამდვილე?
“მამაკაცური კლიმაქსი” – თუ სადმე ასეთ შესიტყვებას წააწყდით, ნუ გაგიკვირდებათ! კლიმაქსი დიდი ხანია აღარ მიიჩნევა წმინდა ქალურ პრობლემად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მამაკაცურ კლიმაქსს უწოდებს მდგომარეობას, როდესაც კაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების გამომუშავება მცირდება. მეორენაირად მას ანდროპაუზა ჰქვია და 45-60 წლის ასაკში იჩენს თავს.
ჩვენი დროის შუახნის ტიპური მამაკაცი საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილების, კარიერული წარმატების, გარკვეული მატერიალური და სოციალური სტატუსის მქონე პიროვნებაა. დამეთანხმებით, ასეთ დროს სიბერეზე ფიქრი არ მოგინდება... თუმცა, მოგეხსენებათ, ცხოვრება უსამართლოა და ის მამაკაცის თვალშიც კარგავს ძველებურ მომხიბვლელობას. და აი, ოდესღაც აქტიური, ინიციატივიანი პიროვნება სრულიად უმოქმედო ხდება.
50 წლიდან მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში მცირდება სასქესო ჰორმონების – ანდროგენების, კერძოდ, მისი ერთ-ერთი ნაირსახეობის – ტესტოსტერონის, პროდუქცია. ტესტოსტერონი მხოლოდ მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებს კი არ განაპირობებს, არამედ ნივთიერებათა ცვლაშიც მონაწილეობს, ამიტომ მისი გამომუშავების დაქვეითება პათოლოგიურ პროცესში სხვადასხვა ორგანოს ითრევს.
მამაკაცისთვის ყველაზე მტკივნეული სქესობრივ სფეროში მომხდარი ცვლილებებია. იგი ამჩნევს, რომ სექსუალური პოტენცია შეუმცირდა და ინტიმურ საკითხებში ისეთი “ძლიერი” ვეღარ არის, ადრე რომ იყო. თავდაპირველად მხოლოდ სქესობრივი ლტოლვის ეპიზოდური დაქვეითება და ერექციის პრობლემები იჩენს თავს. ასეთ დროს ცოლებს ხშირად შეაქვთ ეჭვი ქმრების ერთგულებაში, რის გამოც ოჯახური ურთიერთობა ფუჭდება, ხოლო სექსი ორივესთვის მოვალეობად იქცევა ხოლმე. ხშირია სქესობრივი აქტის გახანგრძლივება, იშვიათად ეაკულაციის დაჩქარება და აქტის ხანგრძლივობის შემცირებაც ხდება. ამავე დროს მცირდება სპერმის მოცულობა და მასში სპერმატოზოიდების რაოდენობა, რაც ფერტილობის (განაყოფიერების უნარის) დაქვეითების მიზეზია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ცვლილებები გამოვლინდება სიმხურვალის შეგრძნებით (ალები), სახის წამოწითლებით, პულსის აჩქარებით, წნევის ცვალებადობით და იშვიათად – გულის არეში ტკივილის გაჩენით.
ანდროპაუზის დროს ხშირად მწვავდება ქრონიკული დაავადებები.
გავრცელებული სიმპტომია ზოგადი თვითშეგრძნების გაუარესება. ამას თან მომატებული მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, უყურადღებობა, მეხსიერების გაუარესებაც ერთვის. კაცს ტანჯავს უძილობა, მცირდება ფიზიკური ტონუსი, ვითარდება გაცხიმოვნება, წონის მატება, კუნთოვანი მასის შემცირება, გამელოტება და გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების შესივება).
კლიმაქსურ პერიოდში პრაქტიკულად ყველა მამაკაცს, ისევე როგორც ქალებს, აღენიშნება ცვლილებები ფსიქოემოციურ სფეროში, ეუფლება სულიერი დისკომფორტი, დეპრესიული განწყობა, უიმედობისა და ცხოვრების ამაოების განცდა. თავს იჩენს უმიზეზო გაღიზიანებადობა, რაც ხშირად ოჯახის წევრებთან კონფლიქტის მიზეზად იქცევა.
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მამაკაცთა კლიმაქსი 2-დან 5 წლამდე გრძელდება და ჩივილები ნელ-ნელა ფერმკრთალდება. მრავალი სპეციალისტი დიდხანს კატეგორიულად კრძალავდა კლიმაქსის დროს თერაპიულ ჩარევას, რადგან ამ უკანასკნელს ბუნებრივ და ფიზიოლოგიურ პროცესად მიიჩნევდა, თანამედროვე მიდგომით კი კლიმაქსური პერიოდში, განსაკუთრებით – პათოლოგიური კლიმაქსის დროს (როცა ჩივილები მკვეთრად არის გამოხატულია), მამაკაცმა აუცილებლად უნდა მიმართოს ანდროლოგს.
მკურნალობა კომპლექსურია. ის მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, დიეტას, ფსიქოთერაპიას და მედიკამენტურ თერაპიას. სასურველია შრომისა და დასვენების ოპტიმალური რეჟიმის შერჩევა. ზოგჯერ საჭიროა ჰორმონებით (ტესტოსტერონით) მკურნალობაც. ჰორმონოთერაპია აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, რადგან აუცილებელია დოზის ზუსტი და ინდივიდუალური შერჩევა.
რას გვირჩევენ ექიმები
ანდროპაუზის დროს სასურველია:
. ბალანსირებული კვება, დაბალკალორიული დიეტა, რაციონში ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი საკვების ოდენობის გაზრდა;
. რეგულარული ფიზკულტურა, დღეში ერთი საათი ვარჯიში და სეირნობა;
. თამბაქოსა და ალკოჰოლის შემცირება;
. სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
. სრულფასოვანი ძილი.
თუ სწორად იმკურნალებს და რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს, მამაკაცი კლიმაქსურ პერიოდს ადვილად, ზედმეტი სირთულეების გარეშე გადაიტანს.

გააზიარე: