კვებითი ალერგია რას მოვარიდოთ ალერგიული ბავშვი

გააზიარე:

ამქვეყნად უამრავი ხალხია, ვისაც ამა თუ იმ საკვებზე უარის თქმა უწევს. მიზეზი მარტივი და გავრცელებულია – კვებითი ალერგია. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა ბავშვებთან, რომლებთანაც არ ჭრის დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, რატომ არ შეიძლება მიირთვან საყვარელი ნუგბარი. მათ იოლად გავუგებთ, თუ გავიხსენებთ, რომ რაციონის შეზღუდვა ხშირად ზრდასრულ ადამიანებსაც უჭირთ.

ბავშვთა ასაკში კვებით ალერგიაზე “ავერსის კლინიკის” ექიმი ალერგოლოგი მაია ხეჩოშვილი გვესაუბრება.

 

– ამბობენ, რომ დღეს მკვეთრადაა მომატებული ალერგიული ფონი. ეს კვებით ალერგიაზეც აისახება?

– ალერგიული დაავადებების რიცხვი, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე იმატებს და ახლო მომავალში კიდევ უფრო ძლიერი მატებაა მოსალოდნელი. დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს აქვს ალერგიული დაავადება. საკუთრივ კვებითი ალერგიის მაჩვენებელიც მაღალია – ავადობა მთელ მსოფლიოში 200-250 მლნ-ს აღწევს.

ადამიანის ორგანიზმი ტოლერანტულია კვებითი ალერგენების მიმართ, მაგრამ თუ ტოლერანტობა დაირღვა, იმუნური სისტემა საკვების ცილას უცხო ნივთიერებად აღიქვამს და პრაქტიკულად უვნებელ პროდუქტთან ბრძოლას იწყებს. საკვების მიმართ ალერგიული რეაქციები მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს აღენიშნება. მამაკაცებთან ამ პრობლემას ორჯერ უფრო ხშირად ვაწყდებით. მცირეწლოვან ბავშვებთან კვებითი ალერგიის მაჩვენებელი 7-8%-ს უტოლდება და უმეტესად (ათიდან 8 შემთხვევაში) წლამდე იჩენს თავს. გენეტიკური განწყობის შემთხვევაში რისკი იმატებს: თუ მხოლოდ დედა ან მხოლოდ მამაა ალერგიული – 35%-ამდე, თუ ორივე – 60-65%-მდე.

საკვებისმიერი ალერგიული რეაქციები შესაძლოა განპირობებული იყოს მისი კომპონენტების ტოქსიკური ზემოქმედებით. ასეთი კომპონენტებია, მაგალითად, ჰისტამინი, რომელსაც შეიცავს ზოგიერთი სახეობის თევზი, კოფეინი და თეობრომინი, რომლებიც მატონიზებელი სასმელების შემადგენლობაში შედის.

– რომელი პროდუქტებია ყველაზე ალერგენული?

– ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პროდუქტია აქტუალური. ყველაზე ხშირად ვაწყდებით ალერგიულ რეაქციებს ძროხის რძეზე, კვერცხზე, თევზზე, არაქისზე, თხილზე, სოიაზე, მარცვლოვნებზე, ზღვის პროდუქტებზე.

ალერგიული რეაქცია შესაძლოა ხილსა და ბოსტნეულზეც განვითარდეს, თუმცა მათი კლინიკური გამოვლენა ნაკლებად მწვავეა. ხილ- ბოსტნეულის შემადგენლობაში შემავალი ალერგენების უმეტესობა თერმოლაბილურია და თერმული დამუშავებისას იშლება, ამის კვალობაზე, მოხარშული და მოშუშული ხილ-ბოსტნეული ნაკლებალერგენულია. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ძროხის რძის ცილაზე – ის გამძლეა მაღალი ტემპერატურის მიმართ და თერმული დამუშავების შემდეგაც მაღალ ალერგიულ აქტივობას ინარჩუნებს. ბავშვთა ასაკში ძროხის რძე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ალერგენია. მის მიმართ ალერგია ჩვილების 7-8%-ს აღენიშნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ პაციენტი ალერგიულია ძროხის რძის მიმართ, სხვა ცხოველების რძის მიმართაც ალერგიული იქნება.

მძაფრ ალერგიულ რეაქციებს იწვევს მოლუსკები და კიბოსნაირები. შესაძლოა, ანაფილაქსურ შოკამდეც კი მივიდეს საქმე.

თევზს ახასიათებს ჯვარედინი რეაქცია თევზის სხვა სახეობების მიმართ.

კვერცხის ცილის ალერგენს შეიცავს ზოგი ვაქცინა, მაგალითად, გრიპისა, ამიტომ აცრების დროს სიფრთხილეა საჭირო.

ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვების არომატიზატორები, საღებავები და კონსერვანტები. ამ ჯგუფში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ყვითელი საღებავი – ტარტრაზინი. კონსერვანტებიდან და არომატიზატორებიდან ყველაზე აქტუალურია ნატრიუმის გლუტამატი, ნიტრიტები, ნიტრატები, სულფიტები.

– რა ტიპის ალერგიული რეაქცია ვითარდება საკვების მიმართ?

– კვებითი ალერგიის კლინიკური გამოვლენა საკმაოდ მრავალფეროვანია და ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მთელ წყებას მოიცავს. კანის მხრივ უმთავრესად მოსალოდნელია პოლიმორფული (სხვადასხვა ტიპის) გამონაყარი, ქავილი, კვინკეს შეშუპება, კანის სიმშრალე, სასუნთქი სისტემის მხრივ – ალერგიული რინოსინუსიტი, ბრონქოსპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება კოლიკით, ღებინებით, დიარეით ან შეკრულობით ვლინდება. როგორც მოგახსენეთ, არც ანაფილაქსიური შოკია გამორიცხული.

კვებითი ალერგიის დროს დაავადების პირველი სიმპტომები ხშირად სიცოცხლის პირველსავე თვეებში იჩენს თავს. ამას ხელს უწყობს ფაქტორთა მთელი წყება. გარდა მემკვიდრეობითი განწყობისა, განსაზღვრულ როლს ასრულებს ახალშობილთა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური თავისებურებებიც: ამ ასაკში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია დაცვის არასპეციფიკური ფაქტორები, მოუმწიფებელია ფერმენტული სისტემა, შეინიშნება სეკრეტორული Iგ A-ს ნაკლებობა, ლორწოვანი გარსების მაღალი გამავლობის გამო ალერგენები თავისუფლად ხვდება სისხლში. ალერგია ხშირად ვითარდება სასუნთქი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი ინფექციების ფონზეც.

– რომელი ალერგია გაივლის ასაკთან ერთად?

– კვებითმა ალერგიამ დროთა განმავლობაში შესაძლოა სახე იცვალოს, შემსუბუქდეს. ძროხის რძეზე ალერგია დიდხანს არ გასტანს, 2-4 წლისთვის უმეტესად გაივლის. მოწიფულობამდე კვებითი ალერგია პაციენტთა მხოლოდ 1-2%-ს მიჰყვება. ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ალერგიამ სამი წლის შემდეგ იჩინა თავი, სპონტანური განკურნების შანსი ნაკლებია.

თევზსა და არაქისზე ალერგია უფრო მეტხანს გასტანს, ვიდრე კვერცხსა და რძეზე, თუმცა მისგან სპონტანური განკურნებაც შესაძლებელია.

შესაძლოა ალერგენების “შეცვლაც” – ალერგიული რეაქციის გამოვლენა იმ პროდუქტების მიმართ, რომლებიც წინათ კონკრეტული პაციენტისთვის ალერგენული არ იყო; იმავდროულად, პროდუქტები, რომლებიც ალერგიას იწვევდა, უვნებელი ხდება.

საინტერესოა, რომ ალერგიული სინჯები ზოგჯერ მას შემდეგაც კი დადებითია, რაც კვებითი ალერგია კლინიკურად აღარ ვლინდება.

– რა როლს ასრულებს მეძუძური დედის კვება ჩვილი ბავშვის ალერგიულ რეაქციებში?

– ეს ნამდვილად საყურადღებოა. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში ალერგიის მიზეზი შესაძლოა იყოს მეძუძური დედის რაციონი (საიდანაც უნდა გამოირიცხოს თევზი, რძე, ზღვის პროდუქტები, თხილი), მაგრამ ხშირად ალერგიის ადრეული გამოვლენა განპირობებულია დამატებითი კვების ნაადრევი დაწყებით, რადგან ადაპტირებული ნარევების უმრავლესობა ძროხის რძეზეა დამზადებული, ამიტომ, სასურველია, ბუნებრივი კვება ერთ წლამდე გაგრძელდეს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები კვებითი ალერგიის განვითარების რისკჯგუფში შედიან.

– როგორ დავადგინოთ, სახელდობრ რომელი საკვების ბრალია ალერგიული რეაქცია?

– კვებითი ალერგიის დროს, განსაკუთრებით – ბავშვებთან, სასურველია კვების დღიურის შემოღება, რომელშიც უნდა აღინუსხოს პაციენტის მიერ მიღებული ყველა პროდუქტი და ყველა ალერგიული რეაქცია თარიღისა და დროის ზუსტი მითითებით, მერე კი დაკვირვებითა და გამორიცხვის მეთოდით გამოვლინდეს “დამნაშავე” ალერგენი. ამის შემდეგ ალერგენულ საკვებს რაციონიდან ვიღებთ. ამას ელიმინაციური დიეტა ეწოდება. დადებითი დინამიკის შემთხვევაში ორი-სამი წლის შემდეგ შეიძლება პროდუქტი ისევ ჩავრთოთ რაციონში.

– გარდა დაკვირვებისა, რა გზითაა შესაძლებელი კვებითი ალერგიის დიაგნოსტიკა?

– ანამნეზის სწორად შეკრებას და კვებითი დღიურის წარმოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ვიყენებთ დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებსაც. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია კანის ალერგიულ სინჯებს. უმეტესად კანის პრიკ-ტესტს (ტესტს კანზე ზედაპირული ჩხვლეტით) მივმართავთ, რადგან კანშიდა ტესტები ხშირად იწვევს ცრუ დადებით რეაქციებს, გარდა ამისა, ზოგიერთი კვებითი ალერგენის (მაგალითად, არაქისის) კანქვეშ შეყვანას შესაძლოა ანაფილაქსიური რეაქცია მოჰყვეს.

არსებობს იმუნოლოგიური მეთოდიც, რომელიც ემყარება სისხლში მოცირკულირე სპეციფიკური IgE-ს განსაზღვრას, მაგრამ ეს მეთოდი კანის სინჯებზე ნაკლებმგრძნობიარეა და უმეტესად მაშინ იყენებენ, როცა მიზეზთა გამო კანის ტესტების ჩატარება შეუძლებელია.

დიაგნოსტიკის კიდევ ერთი მეთოდია პროვოკაციული ტესტი. ამ დროს პაციენტს მზარდი დოზებით, განსაზღვრული ინტერვალით ვაძლევთ კვებით ალერგენს და ვაკვირდებით, თუმცა ეს მეთოდიც შეიცავს განსაზღვრულ საფრთხეს, ამიტომ, თუ ანამნეზში დასტურდება მძიმე ალერგიული რეაქცია, მის გამოყენებას ვერიდებით.

– როგორ ვკვებოთ ალერგიული ბავშვი?

– უპირველესად, უნდა ვეცადოთ, ექვს თვემდე არ მივცეთ დამატებითი საკვები; დამატებითი კვება დავიწყოთ ერთკომპონენტიანი პროდუქტებით და რაციონში თანდათან, მზარდი ულუფებით ჩავრთოთ. ყოველი ახალი პროდუქტი დავამატოთ ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ; შერეული კვების შემთხვევაში დამატებით საკვებად გამოვიყენოთ ჰიპოალერგენული ნარევი.

არსებობს პროფილაქტიკური ჰიპოალერგენული (HA) ნარევებიც, რომლებიც, სასურველია, ხელოვნურ კვებაზე მყოფ იმ ბავშვებს მივცეთ, რომელთა ახლო ნათესავებსაც (მშობლებს, და-ძმას) კვებითი ალერგია აღენიშნებათ.

თუ ბავშვს ძროხის რძეზე აქვს ალერგია, ალტერნატივად მიიჩნევა სოიის რძე, თუმცა ისიც არანაკლებ ალერგენულია, ჩვილების 50%-ს შესაძლოა მასზეც განუვითარდეს ალერგიული რეაქცია. ამის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა სპეციალური ჰიდროლიზებული ნარევები. არსებობს მათი რამდენიმე სახეობა: კაიზეინჰიდროლიზებული, რომლიდანაც ამოღებულია კაზეინი, შრატჰიდროლიზებული, რომელიც არ შეიცავს რძის ალბუმინურ და ლაქტოგლობულინურ ფრაქციას და ელემენტარული, რომელიც მხოლოდ ამინმჟავებს შეიცავს.

თუ ბავშვი ალერგიულა, წლამდე არ არის სასურველი მის რაციონში პოტენციურად ალერგიის გამომწვევი პროდუქტების ჩართვა, კვერცხისა – ორ წლამდე, მიწის თხილისა – სამ წლამდე. თუ ალერგიის გამომწვევს მივაგენით, ის, როგორც მოგახსენეთ, ორი-სამი წლით უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.

– საჭიროა თუ არა კვებითი ალერგიის მედიკამენტური მკურნალობა?

– ელიმინაციური დიეტის გარეშე მედიკამენტური მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს, თუმცა რაციონიდან ალერგენის სრული გამორიცხვა ძნელია, რადგან ხშირია ჯვარედინი რეაქციები პროდუქტებს შორის და დამნაშავე ალერგენის იდენტიფიცირება ზოგჯერ ვერც კი ხერხდება.

მედიკამენტურ მკურნალობას უმეტესად დაავადების მწვავე მიმდინარეობისას მივმართავთ. ვიყენებთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, საჭიროებისამებრ – კორტიკოსტეორიდებსა და ადრენალინს, საკვებით გამოწვეული ატოპიური დერმატიტის დროს – კანის მოვლის სპეციალურ საშუალებებს, სტეროიდულ და არასტეროიდულ მალამოებს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: