თავის ტკივილი

გააზიარე:
 თავის ტკივილი ფართოდ გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა. მაგალითად, შაკიკით მთელ მსოფლიოში ქალთა 20% და მამაკაცთა 10%-ია დაავადებული. მოსახლეობის 3-4%-ს თავი ყოველდღე სტკივა (ქრონიკული თავის ტკივილი).

საბედნიეროდ, თავის ტკივილის ამ ფორმების მკურნალობა, მათი მართვა შესაძლებელია. სწორედ ამ მიზნით ამოქმედდა 2012 წლის იანვარში ”ავერსის კლინიკაში” თავის ტკივილის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია ახორციელებს. ცენტრის მიზანია, ასწავლონ ადამიანებს ტკივილის სწორი მართვა.
”ავერსის კლინიკის” ექიმი ნევროლოგი გვანცა გიორგაძეც პროექტის მონაწილეა, ამიტომ თავის ტკივილის შესახებ საუბარი სწორედ მას ვთხოვეთ.
– ცენტრში მუშაობისას გამოიკვეთა, რომ პაციენტთა უმეტესობა არასწორ მკურნალობას იტარებდა – პირველად (შაკიკის, დაძაბულობის ტიპის) თავის ტკივილს მკურნალობდნენ როგორც სისხლძარღვოვან სპაზმს, ოსტეოქონდროზს და სხვა.
თავის ტკივილის ქრონიკული ფორმებიდან ყველაზე ხშირად ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ტკივილი გვხვდება.
– იქნებ საუბარიც სწორედ ამით დავიწყოთ. რას გულისხმობს მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი?
– ყოველგვარი მედიკამენტი, რომელსაც თავის ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ, ხანგრძლივი და ხშირი მიღების შემთხვევაში შესაძლოა თვითონვე იქცეს ტკივილის მიზეზად. ასეთი თვისება აქვს ასპირინს, პარაცეტამოლს, იბუპროფენს, კოდეინს – ფაქტობრივად, ყველა ტკივილგამაყუჩებელს. ამ ტიპის თავის ტკივილი შესაძლოა კოფეინის (ყავა, ჩაი, კოკა-კოლა, კოფეინის შემცველი ტაბლეტები) ჭარბმა მიღებამაც გამოიწვიოს.
მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის განვითარების ზუსტი მექანიზმი უცნობია. ფაქტია, რომ ორგანიზმი ეჩვევა წამლის ეფექტს, რის გამოც უფრო და უფრო მეტ დოზას ითხოვს.
– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გამაყუჩებლების მიღება სახიფათოა?
– ადამიანთა უმრავლესობისთვის, ვისაც თავის ტკივილი იშვიათად აწუხებს, ტკივილგამაყუჩებლები უსაფრთხო და ეფექტურია. ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილი მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, როდესაც წამალს რეგულარულად ვიღებთ კვირაში სამ დღეზე მეტხანს.
წესისამებრ, ყველაფერი იწყება დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის ან შაკიკის იშვიათი შეტევებით. მიზეზთა გამო (დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობა, სხვა ტიპის თავის ტკივილის დართვა) ტკივილი ხშირდება. პაციენტიც უფრო და უფრო ხშირად სვამს წამალს. ასე გრძელდება, ვიდრე ტკივილიც და წამლის მიღებაც ყოველდღიურ მოვლენად არ იქცევა. აქ პაციენტი ხვდება, რომ ამდენი წამლის სმა არასწორია და მათ ოდენობას ამცირებს. შედეგად ვითარდება მოხსნის სინდრომი, თავის ტკივილი ძლიერდება და მედიკამენტების უფრო დიდი ოდენობით მიღება ხდება საჭირო. ამრიგად, ადამიანი ექცევა მანკიერ წრეში, რომლისგან თავის დაღწევაც არცთუ იოლია.
– როგორ მოვიქცეთ, რომ ასეთ პრობლემას არ შევეჯახოთ?
– ამ კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წამლის არა ოდენობას, არამედ მიღების სიხშირეს: თუ იღებთ გამაყუჩებლის სრულ დოზას, მაგრამ კვირაში მხოლოდ 1-2 დღე, წამლისმიერი თავის ტკივილის განვითარების ალბათობა ნაკლებია; თუ წამალს მცირე დოზით, მაგრამ თითქმის ყოველდღე იღებთ, დიდი შანსია, მდგომარეობა დამძიმდეს.
– რა ტიპის ტკივილს იწვევს მედიკამენტების ჭარბი მოხმარება?
– ტკივილი სხვადასხვაგვარი, თუმცა უმეტესად ყრუა. დღის განმავლობაში მისი ინტენსივობა იცვლება, დროდადრო მკვეთრად ძლიერდება, გაუსაძლისი ხდება და ჩნდება შეგრძნება, რომ აღარასოდეს გაყუჩდება. ტკივილი ყველაზე ძლიერია დილით, გაღვიძებისას. ხშირად თან ახლავს დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა, გაღიზიანებადობა და ძილის დარღვევა. 
– რა გზით შეიძლება ტკივილის დამარცხება?
– ერთადერთი გამოსავალია, სულ მთლად შევწყვიტოთ თავის ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტების სმა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მდგომარეობას უმეტესად მკვეთრად აუმჯობესებს, თუმცა ვიდრე ის საბოლოოდ გამოსწორდება, ზოგჯერ სამი თვეც კი გაივლის. თუ ტკივილი გრძელდება, ნათელი ხდება სხვა მიზეზი და იგი უკეთ ექვემდებარება სწორად დანიშნულ სპეციფიკურ მკურნალობას.
წამლების მიღებას ან ერთბაშად წყვეტენ, ან 2-3 კვირის განმავლობაში თანდათანობით ამცირებენ დოზას. ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტებს ვურჩევთ, უხვად მიიღონ სითხე (ოღონდ არა კოფეინიანი სასმელები!). წამლის ერთბაშად შეწყვეტისას, წესისამებრ, თავს იჩენს მოხსნის სინდრომი – თავის ტკივილი ძლიერდება, ერთვის გულისრევა, ღებინება, შფოთვა, ძილის დარღვევა. ეს სიმპტომები 48 საათის განმავლობაში ვლინდება და შესაძლოა ორი კვირაც კი გაგრძელდეს.
პრეპარატის მოსახსნელად შესაფერისი დრო უნდა შეირჩეს, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დაგეგმვისას აჩქარება საზიანოა. ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა, რამდენიმე დღე ვერ შეძლოს მუშაობა.
– რა მოხდება, თუ პაციენტმა წამლის მიღება არ შეწყვიტა?
– ამ შემთხვევაში თავის ტკივილი უფრო მეტად გაძლიერდება და ტკივილგამაყუჩებლები და პრევენციული მედიკამენტები ვეღარ უშველის, მედიკამენტების ჭარბმა მიღებამ კი შესაძლოა პაციენტს საბოლოოდ თირკმელები ან ღვიძლი დაუზიანოს.
– ვის ემუქრება დაძაბულობის თავის ტკივილი?
– ამ ტიპის თავის ტკივილი განსაზღვრული პერიოდულობით თითქმის ყველას აწუხებს. ის თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ქალები მას უფრო ხშირად უჩივიან, ვიდრე მამაკაცები. გვხვდება ბავშვებშიც.
ამ დროს აღმოცენებულ შეგრძნებას ადარებენ მოჭერას, ზეწოლას, თავზე შემორტყმულ მჭიდრო სალტეს ან ვიწრო ქუდს. ის უმეტესად ორმხრივია და ხშირად ვრცელდება თავიდან კისრისკენ ან, პირიქით, კისრიდან მთელს თავზე. უმეტესად ყრუ ან საშუალო ინტენსივობისაა, მაგრამ გამორიცხული არ არის, ისე გაძლიერდეს, რომ საქმიანობაში ხელი შეგვიშალოს. ამ ტიპის ტკივილს სხვა სიმპტომები, წესისამებრ, არ ახლავს თან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მასთან ერთად თავს იჩენს სინათლის ან ხმაურის აუტანლობა, უმადობა.
– რა იწვევს დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილს?
– მის აღმოცენებას კუნთებს უკავშირებენ. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემოციურ (შფოთვა, სტრესი) და ფიზიკურ, უმთავრესად – თავისა და კისრის კუნთების დაძაბულობას. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს არახელსაყრელი პოზით, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობის დროს, ან მძიმე საგნების არასწორად აწევით.
–როგორ გავუმკლავდეთ მას?
– პირველ რიგში, მოეშვით: დაისვენეთ, გაიკეთეთ მასაჟი, მიიღეთ თბილი აბაზანა, გაისერნეთ. რუტინული საქმიანობისგან მოწყვეტა და რელაქსაცია ხშირად ეფექტიანია. თუ სტრესის თავიდან აცილება შეუძლებელია, ისწავლეთ მისი მართვა – ისუნთქეთ ღრმად და მაქსიმალურად მოეშვით. ივარჯიშეთ რეგულარულად – დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი ფიზიკურად პასიურ ადამიანებს უფრო აწუხებთ. ეცადეთ, მეტი იაროთ ფეხით (მაგალითად, ლიფტის მაგივრად კიბით ისარგებლოთ). საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ გამაყუჩებელი, მაგრამ თუ შეტევები ხშირად და დიდი ხანია გაწუხებთ, უმჯობესია, ეძებოთ მიზეზი და მას უმკურნალოთ.
თუ ტკივილი ხშირად გიტევთ, კარგი არჩევანი იქნება პროფილაქტიკური მკურნალობა. პრევენციული მედიკამენტები ყოველდღე უნდა მიიღოთ, რადგან მათი დანიშნულებაა, შეამცირონ ტკივილის აღმოცენებისადმი თქვენი ორგანიზმის მიდრეკილება.
ვინაიდან არახელსაყრელი პოზა ზოგჯერ გარკვეულ როლს ასრულებს დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის აღმოცენებაში და პროცესში ჩართულია კუნთოვანი სისტემა, ექიმმა შესაძლოა თავისა და კისრის არის ფიზიოთერაპია შემოგთავაზოთ. მიმართავენ აგრეთვე ტრანსკუტანეულ ელქტრულ სტიმულაციას, რელაქსაციურ თერაპიას, იოგას, აკუპუნქტურას.
ხშირად დაძაბულობის თავის ტკივილი თავისთავად გაივლის ან ქრება მისი მიზეზი და მკურნალობა საჭირო აღარ ხდება.
– რა როლს ასრულებენ ჰორმონები თავის ტკივილის განვითარებაში?
– ქალის სასქესო ჰორმონები დიდ გავლენას ახდენენ თავის ტკივილზე. პირველად ეს პუბერტატულ პერიოდში ვლინდება, როდესაც გოგონას ორგანიზმში იწყება ჰორმონების ყოველთვიური ციკლური გამომუშავება. მართალია, შაკიკი ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოცენდეს, მაგრამ მისი ყოველი მე-6 შემთხვევა სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს.
ქალები ხშირად უჩივიან მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებულ თავის ტკივილს, რომელიც სხვა პერიოდში ამოცენებულთან შედარებით უფრო ხშირი და ინტენსიურია.
ცალკე გამოვყოფ ჰორმონულ კონტრაცეფციას. ის უმეტესად უსაფრთხოა, მაგრამ, იმავდროულად, თავის ტკივილი ჰორმონული პრეპარატების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თანმხლები მოვლენაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი სახის თავის ტკივილი, წესისამებრ, რამდენიმე თვეში უკუვითარდება, ხოლო კონტრაცეფციის ისეთი მეთოდი, რომელიც მენსტრუაციის შეწყვეტას იწვევს, თავის ტკივილზე დადებით გავლენას ახდენს.
მენოპაუზის მოახლოების პარალელურად ირღვევა ჰორმონული ბალანსი და ხშირად შეინიშნება შაკიკისა და სხვა სახის თავის ტკივილების გახშირება და გაძლიერება. მენოპაუზის შემდეგ თავის ტკივილი უმეტესად კვლავ მცირდება.
განსაზღვრული მონაცემების თანახმად, საკვებში არსებული ესტროგენები (მაგალითად, იზოფლავონები სოიის პროდუქტებში) როგორც მენოპაუზის, ასევე შაკიკის სიმპტომატიკას უკეთესობისკენ ცვლის. ასე რომ, მსგავს შემთხვევებში სოიით მდიდარი პროდუქტების უხვი გამოყენება გამართლებულია.
– როგორ ვლინდება შაკიკი?
– შაკიკს შეტევითი მიმდინარეობა აქვს. შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ ერთი-ორჯერ იჩინოს თავი, შესაძლოა – თვეში რამდენიმეჯერაც კი. მისი სიმპტომია ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც ხშირად გულისრევა და ღებინება, სინათლისა და ხმაურის აუტანლობა ახლავს თან. შაკიკის შეტევის დროს თავის ტკივილს ჩვეული ფიზიკური დატვირთვაც კი (მაგალითად, კიბეზე ასვლა) ამძაფრებს. დაავადება უმეტესად ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში იწყება. ის მემკვიდრეობითია და თაობიდან თაობას გადაეცემა. ყველაზე გავრცელებული ფორმაა შაკიკი აურის გარეშე. ყოველ მეათე დაავადებულს აქვს შაკიკი აურით, ორჯერ მეტს კი – ორივე სახის შეტევები. გაცილებით იშვიათია მხოლოდ აურა, თავის ტკივილის გარეშე. აურა – თავის ტვინიდან მიღებული სიგნალია. ის, ჩვეულებრივ, 10-დან 30 წუთამდე გრძელდება, იშვიათად – უფრო მეტხანსაც. ყველაზე ხშირად აურა მხედველობითია – ვლინდება შავი ლაქის, ნათელი ან მოციმციმე წერტილების, ფერადი ზიგზაგების სახით, ჩვეულებრივ, ცალმხრივად. უფრო იშვიათია სენსორული აურა – ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, რომელიც უმეტესად რომელიმე ხელის თითებიდან იწყება, თანდათანობით ვრცელდება მთელ კიდურზე და იმავე მხარეს მოიცავს ენას და სახეს. ასეთ აურას თითქმის ყოველთვის ახლავს თან მხედველობითი სიმპტომები. აურის ნაწილი შეიძლება იყოს აგრეთვე მეტყველების დარღვევა, სიტყვების სწორად შერჩევის გაძნელება.

შაკიკის შეტევაში ოთხ სტადიას გამოყოფენ. პირველი პროდრომული სტადიაა, მეორე – აურა, მესამე – თავის ტკივილი, ბოლოს კი ტერმინალური სტადია ვითარდება. თუმცა შეტევა ყოველთვის ასე არ მიმდინარეობს – არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე სტადია არ გამოიხატება.ყველაზე მძიმე და შემაწუხებელია თავის ტკივილის ფაზა, რომელიც რამდენიმე საათიდან ორ-სამ დღემდე გრძელდება. ტკივილი საკმაოდ ძლიერია, მეტწილად – ცალმხრივი, შედარებით იშვიათად – ორმხრივი; მოიცავს უმთავრესად შუბლისა და საფეთქლის არეებს, თუმცა შესაძლოა, თავის ნებისმიერ სხვა ნაწილზეც გავრცელდეს. ტკივილი, ჩვეულებრივ, მოპულსირე ან მფეთქავია, ძლიერდება მოძრაობის დროს. უმეტესად თან ახლავს გულისრევა, ზოგჯერ – ღებინებაც (რომელიც ტკივილს ამსუბუქებს). სინათლე და ხმაური შემაწუხებელია. ყველაზე სასურველი ამ დროს ბნელ და წყნარ ოთახში განმარტოებაა.
შაკიკის შეტევებს შორის ადამიანი არაფერს უჩივის.
– რა იწვევს შაკიკის შეტევას?
– შაკიკის შეტევათა სიხშირე რამდენადმე ტრიგერებზეც არის დამოკიდებული. ტრიგერი შეტევის გამშვები მექანიზმია. შაკიკს პროვოცირებას უწევს გადაღლა, შფოთვა, საზოგადოდ, სტრესი, მენსტრუაცია, ორსულობა და მენოპაუზა.
ტრიგერების ცოდნა და თავიდან აცილება, ბუნებრივია, შაკიკის შეტევების შემცირებას უწყობს ხელს, მაგრამ მათი ზუსტად განსაზღვრა ყოველთვის არ არის ადვილი, ზოგჯერ შეუძლებელიც კია.
შაკიკის ტრიგერი შესაძლოა იყოს:
. კვება. ზოგიერთ ადამიანში შეტევის პროვოცირებას ზოგიერთი სახის საკვები და ალკოჰოლი ახდენს. შაკიკის შეტევას უმეტესად შიმშილი – საკვების დაგვიანებით ან არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ასევე – კოფეინის მიღების ერთბაშად შეწყვეტა და გაუწყლოება იწვევს.
. ძილი. მავნებელია როგორც გამოუძინებლობა, ასევე ზედმეტი ძილი;
. სხვა ცხოვრებისეული სიტუაციები: ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, შორ მანძილზე მოგზაურობა, განსაკუთრებით – დროის სარტყლის ცვლილებით; 
. გარეგანი ფაქტორები: ძლიერი ან მოციმციმე სინათლე, მძაფრი არომატები და ამინდის მკვეთრი ცვლილება;
. ფსიქოლოგიური ფაქტორები: ემოციური სტრესი ან, რა გასაკვირიც უნდა იყოს, სტრესის შემდგომი რელაქსაციის პერიოდი.
. ჰორმონული ფაქტორები ქალებში: მენსტრუაცია; ჰორმონული კონტრაცეფციის შეწყვეტა ან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია.
ყველაზე გავრცელებული ტრიგერია შიმშილი ან საკვების არასათანადო რაოდენობით მიღება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში –შაკიკისადმი მიდრეკილმა ბავშვებმა არასოდეს არ უნდა გამოტოვონ საუზმე!
ზემოთ ჩამოთვლილი და ბევრი სხვა ტრიგერი სტრესის ერთგვარი ფორმებია, რაც ადასტურებს, რომ შაკიკით დაავადებულები ცუდად ეგუებიან ცვლილებებს.
– როგორ მკურნალობენ შაკიკს?
– შაკიკის შეტევის სამკურნალოდ რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტებს იყენებენ. ყველაზე ხშირად – ტკივილგამაყუჩებლებს (ასპირინს, იბუპროფენს ან პარაცეტამოლს). მათ შორის ყველაზე ნაკლებეფექტური პარაცეტამოლია. თუ ტკივილს თან ახლავს გულისრევა ან ღებინება, გამაყუჩებელს ემატება ე.წ ანტიემეტური მედიკამენტები. გარდა პირდაპირი, გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედებისა, ისინი ხელს უწყობენ გამაყუჩებლების სწრაფ შეწოვას, რითაც აძლიერებენ მათ ეფექტს. ამ წამლების უეფექტობის შემთხვევაში ექიმი შაკიკის საწინააღმდეგო სპეციფიკურ მედიკამენტს შეგირჩევთ. ეს პრეპარატები ტკივილს არ ებრძვიან – ისინი შაკიკის დროს თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებათა უკუგანვითარებას უწყობენ ხელს.
როდესაც ხშირ ან ძლიერ ტკივილთან გამკლავება შეტევების სამკურნალო მედიკამენტებით ვერ ხერხდება, მიზანშეწონილია პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელიც ამაღლებს შაკიკის ზღურბლს, თუმცა არსითა და დანიშნულებით პროფილაქტიკური პრეპარატები წარმოადგენს მაღალი არტერიული წნევის, ეპილეფსიის ან დეპრესიის სამკურნალო წამლებს.
შაკიკის შემთხვევაში ძალზე სასარგებლოა რეგულარული ვარჯიში და ფიზიკური ფორმის შენარჩუნება.
– როგორია კლასტერული ტკივილი?
– კლასტერის ტიპის თავის ტკივილი ძალზე ძლიერი, ცალმხრივი და ხანმოკლეა და, ჩვეულებრივ, თვალბუდის არეს მოიცავს. შეტევა უმეტესად დღის ან ღამის ერთსა და იმავე მონაკვეთში ვითარდება, ზოგჯერ – დღეში რამდენჯერმეც. ხშირად პირველი შეტევა ღამით, ჩაძინებიდან დაახლოებით ერთ საათში აღვიძებს ადამიანს. თავის ტკივილის ეს ფორმა არ არის ხშირი – ყოველი 1000-დან მაქსიმუმ სამ კაცს აწუხებს. მამაკაცებში ქალებთან შედარებით 5-ჯერ მეტად გვხვდება, რაც მას თავის ტკივილის სხვა სახეობებისგან გამოარჩევს. დებიუტი მოსალოდნელია 20-დან 40 წლამდე, თუმცა დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს.
შეტევისას პაციენტს არ შეუძლია მშვიდად ყოფნა – აღგზნებული სწრაფად მიმოდის ოთახში, ხშირად სახლიდანაც გადის; მტკივან მხარეს თვალი წითლდება, დის ცრემლი, თვალის ნაპრალი შესაძლოა შევიწროვდეს; ნესტო დახშულია ან გამონადენი აღინიშნება. ყოველივე ამის ფონზე თავის მეორე მხარე სრულიად უცვლელია.
შეტევების სამკურნალოდ უმეტესად 100%-იანი ჟანგბადის ინჰალაციას მიმართავენ. კლასტერის ტიპის თავის ტკივილის დროს საუკეთესო გამოსავალი პრევენციული მკურნალობაა.
-------------
თავის ტკივილის ტიპის დადგენა ექიმისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. დიაგნოზი უმთავრესად პაციენტის მიერ აღწერილ ნიშნებსა და გასინჯვის მონაცემებს ემყარება. იშვიათად შესაძლოა სხვა გამოკვლევაც გახდეს საჭირო.
ექიმს დიაგნოზის დასმაში ძალზე ეხმარება პაციენტის დღიური, სადაც ის ტკივილის სიხშირეს, ხანგრძლივობას, სიმპტომებს და სხვა მონაცემებს აღწერს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: