კრონის დაავადება — დროულად აღმოსაჩენი პათოლოგია

გააზიარე:

დაავადებათა უმრავლესობის ეფექტური მკურნალობისთვის დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია, თუმცა ზოგიერთი დაავადების დასაწყისშივე აღმოჩენა ზოგჯერ თავად ექიმებისთვისაც ძნელი წარმოსადგენია. სამწუხაროდ, ექიმთა უმრავლესობას კრონის დაავადება დღესაც ძალიან იშვიათი და მხოლოდ საოპერაციო მაგიდაზე სადიაგნოსტიკო პათოლოგია ჰგონია. ჩვენი რესპონდენტი, თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია კი, რომელმაც 40 წელიწადზე მეტი შეალია ამ დაავადების შესწავლას, მიიჩნევს, რომ ეს პასიური და მცდარი მიდგომაა, კრონის დაავადების დიაგნოზის დასმა სწორედ მანამდეა მნიშვნელოვანი, ვიდრე აბდომინალური (მუცლისმხრივი) კატასტროფა მოხდება.

— კრონის დაავადება ავტორის სახელს ატარებს. ბერილ კრონი ებრაული წარმოშობის ამერიკელი გასტროენტეროლოგი გახლდათ, რომელმაც 99 წელი იცოცხლა (1884-1983). ის სინის მთის ჰოსპიტალში მოღვაწეობდა. 1932 წელს მან 14 ავადმყოფს ახალი, მანამდე უცნობი დაავადება გამოუვლინა, რომელიც აზიანებდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ მონაკვეთს პირის ღრუდან სწორი ნაწლავის ჩათვლით.
საინტერესოა, რომ ქართველი ექიმები მაშინვე გამოეხმაურნენ ამ აღმოჩენას, სულ ხუთიოდე წელიწადში, ვიდრე მის შესახებ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნები შეიტყობდნენ, კრონის დაავადების მქონე რამდენიმე ადამიანი აღმოაჩინეს და მალე სამეცნიერო ნაშრომიც დაწერეს.
— რა არის და რამდენად გავრცელებულია კრონის დაავადება?
— კრონის დაავადება გახლავთ მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მომცველი ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადება, რომლის მორფოლოგიური სუბსტრატია გრანულომები — კვანძოვანი ჩანართები ლორწქვეშა გარსში. დაავადება უმთავრესად აზიანებს ილიოცეკალურ არეს ანუ თეძოს ნაწლავის ტერმინალურ მონაკვეთს და ბრმა ნაწლავს (ტიფლიტი).
დაავადება შეიძლება ბავშვობაშივე დაიწყოს, მისი პიკი კი 15-30 წლის ასაკზე მოდის. ზოგჯერ დიარეის გამო პაციენტის ზრდა-განვითარება ფერხდება. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მეშვიდე-მერვეკლასელს ჰგავდა.
მსოფლიო სტატისტიკით, 100 000 კაცზე ყოველწლიურად 2-დან 10-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. დაავადება უფრო ხშირია აშშ-ში, ევროპაში, ისრაელში, სამხრეთის ქვეყნებში კი ნაკლებად არის გავრცელებული. უმეტესად თეთრკანიანები ავადდებიან. ჩვენთან წელიწადში დაახლოებით ოცამდე დაიგნოზი ისმება, მაგრამ რეალურად მეტი შემთხვევაა, ექიმებს კონსერვატიულობა ხელს უშლით, ეს დაავადება იეჭვონ. ხშირად წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზის უკან სწორედ კრონის დაავადება დგას. საკმაოდ გავრცელებულია ბავშვთა ასაკის შემთხვევებიც. 
— რას უკავშირდება ამ დაავადების გამოვლენა?
— მიუხედავად იმისა, რომ კრონის დაავადებას მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, მის შესახებ წელიწადში 500-მდე სტატია იწერება, მიმდინარეობს კოლოსალური კვლევები, — მისი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში ერთგვარ ვირუსს მიუძღვის ბრალი, რომ ხელშემწყობ როლს ასრულებს გარემო პირობები, თამბაქოს წევა, რომ არსებობს გენეტიკური მიდრეკილებაც, რასაც ახლო ნათესავებს შორის ქორწინებას უკავშირებენ (დაავადება განსაკუთრებით ებრაელებშია გავრცელებული). კრონის დაავადების შემსწავლელი ერთ-ერთი ძლიერი სკოლა ისრაელშია. მას ცნობილი სპეციალისტი რაჩმიევიჩი უდგას სათავეში.
— რა ძირითადი სიმპტომებით ვლინდება კრონის დაავადება?
— დაავადებას ახასიათებს სახსრის ტკივილები, უმიზეზო ფაღარათი, უმიზეზო ტემპერატურა (სიცხე), მუცლის მოვლითი ტკივილები. 
დაავადება შესაძლოა წინასწარი ნიშნების გარეშე, პირდაპირ გართულებებით გამოვლინდეს: ნაწლავის ნეკროზით, პერიტონიტით, პერფორაციით, გაუვალობით. ამ შემთხვევაში პაციენტი მწვავე მუცლის დიაგნოზით შემოდის კლინიკაში და დაავადების ნამდვილი მიზეზი საოპერაციო მაგიდაზეღა ირკვევა.
გართულებებიდან აღსანიშნავია მალაბსორბციის სინდრომი — საკვების მონელებისა და შეწოვის დაქვეითება, სიგამხდრე, ანემია. კრონის დაავადებას 100-მდე გართულება ახასიათებს. შესაძლოა, პრობლემა პირის ღრუდან დაიწყოს წვით, ენაზე წყლულების გაჩენით. წყლული ზოგჯერ ერთთეთრიანის ზომასაც კი აღწევს. პაციენტი მივა სტომატოლოგთან, რომელიც აფთოზური სტომატიტის დიაგნოზს დაუსვამს, მკურნალობას დაუნიშნავს, თუმცა ეს ჩივილი შესაძლოა თავისთავადაც გაქრეს. მაგრამ ხშირია რეციდივი. ახასიათებს ართრალგია ანუ სახსრების ტკივილი — სპონდილიტი, სპონდილოართროზი (ხერხემლის ანთებითი დაავადებები, ხალხში მარილების დაგროვებას რომ ეძახიან). ჩვენ გვყოლია ავადმყოფები, რომლებიც ამ მიზეზით წლების განმავლობაში რევმატიზმის ცენტრში მკურნალობდნენ. შესაძლოა, ასეთი ავადმყოფი პირველად პროქტოლოგთან მივიდეს, რადგან ეგონოს, რომ ბუასილი სჭირს. თუ პაციენტი გამოცდილმა და გონიერმა ექიმმა დაათვალიერა და უკანა ტანის შეწითლება, ხოლო მის ირგვლივ ხვრელმილები ანუ ფისტულები აღმოუჩინა, ის კრონის დაავადებას ივარაუდებს. კოლონოსკოპიური გამოკვლევა კი ავლენს უკანა ტანის ნაპრალს, ნახეთქს (ფისურას), რაც დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის.
შესაძლოა, კრონის დაავადების პრელუდია იყოს კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), გამონაყარი კიდურებზე, ტანზე, ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნა.
არსებობს გენიტალიების (სასქესო ორგანოების) ფორმაც. მახსენდება 20 წლის გოგონას შემთხვევა, რომელსაც უეცრად დაეწყო გარეთა სასქესო ორგანოების შეწითლება, ტკივილი, თეთრად შლა, დერმატოვენეროლოგმა კი ლუესის – სიფილისის დიაგნოზი დაუსვა. წარმოიდგინეთ, წესიერი ოჯახისთვის ეს რამხელა ტრაგედია იყო... მას შემდეგ, რაც მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, გოგონა ჩვენთან მოხვდა.
გავიხსენებ იშვიათ შემთხვევებსაც, როდესაც კრონის დაავადება მიმდინარეობდა წითელი მგლურას მსგავსად (სახეზე დამახასიათებელი პეპელას სიმპტომით), შოგრენის სინდრომით (თვალისა და პირის სიმშრალით, ნერწყვის გამოყოფის შეუძლებლობით), ტუჩების შესივებით, როგორც ალერგიის დროს.
ასე რომ, კრონის დაავადების კლინიკური სიმპტომების ცოდნა აუცილებელია ყველა დარგის ექიმებისთვის, განსაკუთრებით კი ოჯახის ექიმისთვის, რომელთანაც პირველად ხვდება პაციენტი. თუ ოჯახის ექიმმა ეს დაავადება არ იეჭვა, ავადმყოფი ირბენს ვიწრო სპეციალისტებთან (სტომატოლოგთან, ოფთალმოლოგთან, გინეკოლოგთან, პროქტოლოგთან) და ამასობაში მდგომარეობა გაუარესდება.
— რას ემყარება კრონის დაავადების დიაგნოზი?
— ექიმი პაციენტს პირის ღრუდან სწორ ნაწლავამდე იკვლევს. უპირველეს ყოვლისა, ხელით გასინჯავს, დაათვალიერებს, გამოჰკითხავს ჩივილებს. ანამნეზის შეკრებას ვერაფერი შეცვლის — ექიმი ჩაეძიება, ხომ არ უჩივის პაციენტი პოლიართრიტის მოვლენებს, ართრალგიებს, პირის ღრუს დაწყლულებას, დიარეას, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება, არ არის ბანალური კოლიტი და სხვა, დააკვირდება, ხომ არ შეინიშნება წონის დეფიციტი, ზრდაში ჩამორჩენა. ყველაფერი ეს ექიმს კრონის დაავადებას ავარაუდებინებს, მერე კი უკვე ინსტრუმენტული გამოკვლევები ტარდება.
მიუხედავად იმისა, რომ მედიცინას დაიგნოსტიკის კუთხით უზარმაზარი მიღწევები აქვს, ოქროს სტანდარტად კვლავ რენტგენოლოგიური გამოკვლევა რჩება. როდესაც კარგი რენტგენოლოგი თეძოს ნაწლავის ტერმინალურ მონაკვეთში დამახასიათებელ შევიწროებებს (ტერმინალური ილეიტი) ნახავს, კრონის დაავადებას იეჭვებს. ილეოტიფლიტი (თეძოსა და ბრმა ნაწლავის ანთება), ილეოკოლიტი (თეძოსა და მსხვილი ნაწლავის დასაწყისის ანთება) კრონის დაავადების ასიდან 70 შემთხვევაში ვითარდება და რენტგენოლოგიურადაც ჩანს. თუმცა 10-15%-ში ცვლილებები მოსალოდნელია მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს. იშვიათად ვითარდება საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის შევიწროება. 
ექიმს უნდა შეეძლოს კლინიკური ნიშნების კრიტიკული შეფასება. კარგი რენტგენოლოგის ხელში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგ შემთხვევაში, თუ სხვა გამოკვლევების ჩატარება ვერ მოხერხდა, დიაგნოზი შეიძლება რენტგენოლოგიურადაც დაისვას, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ტარდება ენდოსკოპიური კვლევა — კოლონოსკოპია, სპეციალისტი ნახავს, რომ პაციენტს აქვს არა დიფუზური, არამედ დიკსრეტული ანუ წყვეტილ-წყვეტილი ანთება, რითაც კრონის დაავადება წყლულოვანი კოლიტისაგან განსხვავდება (ეს უკანასკნელი მხოლოდ მსხვილი ნაწლავის დიფუზური ანთებაა). ანთებითი უბნები კუნძულებივით არის მიმოფანტული. შემდეგ ჩატარდება ასეთი ანთებითი უბნის ბიოფსია. ჰისტომორფოლოგები შესანიშნავად იცნობენ ამ პათოლოგიას. მისი მატერიალური ანუ მორფოლოგიური სუბსტრატია ლორწქვეშა გარსის ანთება, გრანულომა და ნაპრალები. დაავადებას მეტად სპეციფიკური მოვლენა ახასიათებს — ნაპრალი მიდის სეროზული გარსისკენ, ანუ შესაძლოა, მუცლის ღრუში გაიხსნას და პერიტონიტი განვითარდეს. საბედნიეროდ, ასე იშვიათად ხდება — ნაპრალი უმეტესად ნაწლავის სანათურში იხსნება ან ნაწლავ-კანის ხვრელმილების სახით გარეთ გამოდის. ასე რომ არ იყოს, პაციენტთა უმრავლესობა პერიტონიტს ემსხვერპლებოდა.
— სისხლის რა ცვლილებები ვითარდება?
— აღინიშნება ანემია, ლეიკოციტოზი და ედსის აჩქარება. ამრიგად, კრონის დაავადების დიაგნოსტიკის მოკლე სქემა ასეთია: კლინიკური ნიშნებით ვეჭვობთ, რენტეგნოლოგიურად ვიკვლევთ და საჭიროებისას კოლონოსკოპია-ჰისტოკოპიით ვადასტურებთ. რა თქმა უნდა, ყველა რგოლი გამოცდილმა ექიმმა უნდა წარმართოს.
— თქვენ ბრძანეთ, რომ მნიშვნელოვანია, კრონის დაავადების დროს ქირურგიულ გართულებამდე არ მივიდეს საქმე. როგორია მისი თერაპიული მკურნალობა?
— თერაპია მოიცავს დიეტას, ასევე — სულფასალაზინით, მეტრონიდაზოლითა და პრედნიზოლონით მკურნალობას. არსებობს ხბოს სისხლისგან დამზადებული ახალი თაობის პრეპარატებიც, რომლებიც ძალიან ძვირია და ჩვენთან არ არის დანერგილი. სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი დაავადების უშუალო გამომწვევი, როგორც მოხდა უიპლის დაავადების შემთხვევაში, რადგან ამ მიმართულებით კვლევები ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს.
— რას გულისხმობს დიეტა?
— კრონის დაავადების შემთხვევაში, წესისამებრ, ყველაზე მავნებელია რძე და მისი ნაწარმი, გარდა ყველისა. ნაწლავთა დაავადებების დროს ფერმენტ ლაქტაზის უკმარისობის გამო ორგანიზმი ვერ შლის რძეში არსებულ რძის შაქარს — ლაქტოზას. იწყება ყურყური, ძლიერდება დიარეა, რაც შეწოვას უშლის ხელს.
არ შეიძლება აჯიკა, ცხარე საკვები, საშიშია ნიგვზიანიც, ასევე — ღორის ხორცი, ციტრუსები, მწნილი — კიტრისა, პომიდვრისა (შესაძლოა, შევიწროებულ სანათურში გაიჭედოს და გაუვალობა გამოიწვიოს), ამავე მიზეზით — ხაშლამა. არ ვარგა ძეხვეული, სოსისები, ქონიანი, ცხიმიანი საკვები, ძალიან საშიშად მიიჩნევა კარაქი, მარგარინი.
კარგია ორცხობილა, ყველი, ფაფა (ბრინჯისა, მანანისა, შვრიისა), ღომი, მშრალი მჭადი. პაციენტმა საჭმელი დაქუცმაცებული, გატარებული უნდა მიირთვას. შეიძლება ორთქლზე მოხარშული კატლეტებიც.
პაციენტმა დიეტა დაავადების გამწვავების პერიოდში უნდა დაიცვას, მაგრამ უმჯობესია, სხვა დროსაც გაითვალისწინოს სწორი კვების პრინციპები.
კვების მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა გართულებათა თავიდან ასაცილებლად. როგორც მოგახსენეთ, ყველაზე საშიშია ნაწლავის სანათურის შევიწროება, გაუვალობა, პერფორაცია ანუ ნაწლავის გახვრეტა, რომელიც ნაწლავის რეზექციის სასიცოცხლო ჩვენებაა. კრონის დაავადება ძალიან ხშირად — ასიდან 30 შემთხვევაში — ავთვისებიან სიმსივნედ იქცევა, ამიტომ მისი მკურნალობა მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკაც გახლავთ — მოგეხსენებათ, ეს პათოლოგია ბოლო ხანს მეტისმეტად გავრცელდა.
— რამდენად შედეგიანია მკურნალობა?
— თუ დაავადების დროული დიაგნოსტიკა მოხერხდა, შედეგი დამაკმაყოფილებელია, რემისია დიდხანს გრძელდება და შესაძლოა, პაციენტს ოპერაცია არც კი დასჭირდეს. ოპერაცია – ნაწლავის რეზექცია, მისი დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა – გარდა გართულებული შემთხვევებისა, მხოლოდ მაშინ ტარდება, თუ შეუქცევადი ფიბროზი განვითარდა ან თერაპიული მკურნალობა უშედეგოა, ან დაავადება განსაკუთრებით აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, კრონის დაავადებას ერთი ცუდი თვისება აქვს: შესაძლოა, ერთი დაავადებული მონაკვეთი ამოიკვეთოს, მაგრამ პროცესი სხვაგან განვითარდეს. ასეთი რამ არ ახასიათებს წყლულოვან კოლიტს, რომლის დროსაც რეზექციის შემდეგ პროცესი აღარ მეორდება.
— რა ხანგრძლივობის რემისიის მიღწევაა შესაძლებელი მკურნალობით?
— რემისიის ხანგრძლივობა 2-3 თვეა, ზოგჯერ — ერთი წელიც, პრაქტიკული გაჯანსაღებაც კი გახლავთ შესაძლებელი, განსაკუთრებით — ბავშვებთან. გვყავდა პაციენტი — 10 წლის გოგონა, რომელიც გაიზარდა, დაქორწინდა, განიკურნა, ბავშვებიც შეეძინა...
ზრდასრულ ასაკში მსხვილი ნაწლავის ფორმა უფრო კარგად მიმდინარეობს. ყველაზე მძიმე და ინტენსიური დაზიანებები კი კრონის დაავადებას 15-დან 30 წლამდე ასაკში ახასიათებს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, პაციენტი წელიწადში ერთხელ მაინც ეწვიოს ექიმს და მისი რეკომენდაციით სხვადასხვა მონაცემი გაიკონტროლოს.

-----------------------------------------------
კრონის დაავადების ქართული ისტორია
1937 წელს ცნობილმა ქირურგმა პროფესორმა ეფრემ ზაქარაიამ ალადაშვილის კლინიკურ საავადმყოფოში პირველად ჩაატარა ოპერაცია კრონის დაავადების დროს — აპენდიციტის დიაგნოზით შემოსულ პაციენტს თეძოს ნაწლავის ნეკროზი აღმოუჩინა. ეფერემ ზაქარაია, ძალზე ერუდირებული ექიმი, მიხვდა, რომელ პათოლოგიასთანაც ჰქონდა საქმე, ამოკვეთა დანეკროზებული ნაწლავი და დარჩენილი ბოლოები ერთმანეთს მიაკერა.
მას შემდეგ საქართველოში კრონის დაავადების კიდევ რამდენიმე დიაგნოზი დაისვა. ერთი მათგანი 26 წლის ქირურგმა ქალმა ტატიანა ნემჩინსკაიამ აღმოაჩინა და ოპერაციაც მანვე გააკეთა. ის ცნობილი ნეიროქირურგის ბონდო ჩიქოვანის პეტერბურგელი მეუღლე გახლდათ. იმავე პერიოდში იყო რენტგენოლოგი კვალიაშვილი, რომელმაც ზუსტად ისეთივე ცვლილებები ნახა რენტგენოგრამაზე, როგორიც კრონმა. იყო პათანატომი არკადი ჯორბენაძეც, რომელმაც ასევე ზედმიწევნით ზუსტად აღწერა პათომორფოლოგიური სურათი. ეს ყველაფერი 1937 წელს მოხდა, როდესაც ჯერ მხოლოდ ხუთი წელი იყო გასული კრონის მიერ დაავადების პირველი აღწერიდან. ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, ფაქტობრივად, რუსეთში ჯერ არც კი გაეგონათ ამ დაავადების შესახებ და საბჭოთა კავშირში პირველი პუბლიკაცია კრონის დაავადებაზე ქართველ ქირურგს დავით მამათავრიშვილის მეუღლეს თამარ მიქელაძეს ეკუთვნის. მან ეს დაავადება 1941 წელს, ომამდე ორი თვით ადრე გამოაქვეყნა ლენინგრადში გამოცემულ „ქირურგიის მაცნეში“ („Вестник хирургии“), რომლის რედაქტორი გახლდათ გენიალური ქირურგი იუსტინე ჯანელიძე.
მანამდე კი საქართველოში გასტროენტეროლოგიის ფუძემდებელმა შალვა მიქელაძემ თავის ორ ტომად დაწერილ ნაშრომში, რომელიც კუჭისა და ნაწლავის დაავადებებს მიუძღვნა (პირველი ტომი 1930 წელს გამოსცა, მეორე — 1937 წელს), უკვე აღწერილი აქვს კრონის დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.
საარქივო მასალებისა და კლინკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში სადღეისოდ კრონის დაავადების 300-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: