ყელის ტკივილის ცნობილი და უცნობი მიზეზები

გააზიარე:

ცნობილია, რომ ოჯახის ექიმთან მისული ორი ათასი პაციენტიდან ას ოცი ყელის ტკივილს უჩივის, უმრავლესობა კი ყელის ტკივილის დროს საერთოდ არ მიმართავს ექიმს და თვითმკურნალობას ამჯობინებს. სტატისტიკა დამაფიქრებელია. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვავე ყელის ტკივილის ყოველი 18 შემთხვევიდან მხოლოდ ერთი იმართება ექიმის მიერ. ყელის ტკივილის გამო მიმართვიანობა განსაკუთრებით იმატებს ზამთრის მიწურულს და გაზაფხულზე. ყელის ტკივილი უმეტესად მწვავეა. გახანგრძლივებული ყელის ტკივილი შედარებით იშვიათად გვხვდება.

  • ვეძებთ დამნაშავეს

ყელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ვირუსული ინფექცია, კერძოდ, ვირუსული ფარინგიტი (85-90%). ხშირია A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ფარინგიტიც (10-30%). არაინფექციური მიზეზებით გამოწვეული ყელის ტკივილი იშვიათია. ამ დროს ბრალი მიუძღვის ზოგიერთ სისტემურ დაავადებას (კავასაკის დაავადებას, სტივენ-ჯონსის სინდრომს, ავთვისებიან ექსუდაციურ ერითემას, თირეოიდიტს და სხვა), ტრავმას ან ავთვისებიან სიმსივნეს (ენის, ხორხის, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებს, ლეიკემიას). პაციენტთა მესამედს ყელის ტკივილის მიზეზს ვერ უდგენენ.

  • კიდევ რას ვუჩივით?

ყელის ტკივილი იზოლირებულად იშვიათად გვხვდება. წესისამებრ, მას თან ახლავს ცხელება, ყლაპვის გაძნელება, მტკივნეული ყლაპვა და ჰიპერსალივაცია (ჭარბი ნერწყვდენა). არც სუნთქვის გაძნელება, სტრიდორი (ხმაურიანი სუნთქვა) და ხმის შეცვლაა გამორიცხული. ხშირია კისრის ლიმფური კვანძების გადიდებაც, ზოგჯერ – მტკივნეულობაც. გვხვდება ხველა, რინორეა და კონიუნქტივიტიც. შედარებით იშვიათია მუცლის ტკივილი, ღებინება და გამონაყარი. 

  • როდის ავტეხოთ განგაში

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყელის ტკივილი შეიძლება რომელიმე საშიში დაავადების სიმპტომიც იყოს, ამიტომ უპირველესად სწორედ მათი გამორიცხვაა საჭირო. ეს დაავადებებია ეპიგლოტიტი, პარატონზილარული აბსცესი, რეტროფარინგეალური აბსცესი, უცხო სხეული სასუნთქ გზებში, ანგიოედემა, დიფთერია, სტენოკარდია, აივ ინფექცია და ნეოპლაზია. ცხადია, მათ სხვა, უფრო აშკარა სიმპტომებიც ახასიათებთ. განგაში მაშინ უნდა ავტეხოთ, თუ შეინიშნება შემდეგი სიმპტომების ერთობლიობა:

  • სტრიდორი და სუნთქვის გაძნელება;
  • ჭარბი ნერწყვდენა, ყლაპვის გაძნელება და მტკივნეული ყლაპვა;
  • ხმის შეცვლა (დაბოხება);
  • დიფთერიისთვის დამახასიათებელი ნადები ნუშურებზე;
  • დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) ნიშნები, როდესაც პაციენტი ვერ იღებს სითხეს ან კარგავს ბევრს;
  • ჩირქოვანი გართულებები;
  • ლეთარგიული მდგომარეობა, როდესაც არის იმუნოსუპრესიის რისკი;
  • გულის იშემიური დაავადების თანხლება.

თუ ზომიერად გამოხატული ყელის ტკივილი სწრაფად დაიწყო და თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ბაქტერიული ფარინგიტი უნდა ვიეჭვოთ, ხოლო თუ ტკივილი გახანგრძლივდა ცხელებასთან ერთად, ინფექციური და სისტემური დაავადების გამორიცხვაა აუცილებელი. როცა ტკივილი უკან, ბეჭისა და კისრისკენ გადაეცემა, ხერხემლის ან რეტროფარინგეალური არის (ხახის უკანა მიდამოს) პათოლოგია უნდა გამოირიცხოს. თუ ქვედა ყბის ძვლისკენ ირადირებს, დენტალური პათოლოგიის (აბსცესი) გამორიცხვაა მართებული.
ეპიგლოტიტი ზედა სასუნთქი გზების სწრაფად პროგრესირებადი, სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებაა. მას უმეტესად Haemophilus influenzae ტიპი β იწვევს. ხშირია ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან. ამ დროს ვითარდება ხორხსარქველისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთება და შეშუპება. დაავადება უეცრად იწყება მაღალი ცხელებით, სტრიდორით, ძლიერი ნერწყვდენით, ყელის ძლიერი ტკივილით, ხმის შეცვლით. ავადმყოფი წამომჯდარია და ცდილობს, ღრმად ჩაისუნთქოს.
პერიტონზილური აბსცესი (ტონზილების მიმდებარე მიდამოს ჩირქოვანი პროცესი) უფრო ხშირად მოზარდებსა და მოზრდილებთან გვხვდება. დიაგნოზს ექიმი სვამს პაციენტის ხახის დათვალიერების შემდეგ.

ყელის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს საკმაოდ გავრცელებული პათოლოგია – ინფექციური მონონუკლეოზიც. ამ დროს ყელის ტკივილს თან ახლავს კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების სიმეტრიული გადიდება და მტკივნეულობა, მაღალი ცხელება, გადიდებული ნუშურები (გლანდებს რომ ვეძახით). ზოგიერთ პაციენტს ელენთის გადიდება და გამონაყარიც აღენიშნება. 

კავასაკის დაავადება კანის, ლორწოვანისა და ლიმფური კვანძების დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა. ის ვასკულიტის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ბავშვთა ასაკში. წესისამებრ, 12 დღეს გასტანს და თვითონვე განიცდის უკუგანვითარებას. მისთვის მწვავე დასაწყისია დამახასიათებელი: ყელის ტკივილი, ცხელება, კონიუნქტივის დაზიანება, პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანის ჰიპერემია, სიმშრალე, სისხლმდენი ნახეთქები ტუჩებზე და ჟოლოსფერი ენა. რაც მთავარია, ამ დროს მოსალოდნელია გართულებები გულის მხრივ. 
დიფთერიასაც სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ახასიათებს და ასიდან 12 შემთხვევაში სიკვდილით მთავრდება. თავდაპირველად სიმპტომები გრიპისმაგვარია, თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად ისინიც მძიმდება. უმთავრესად სასუნთქი სისტემა ზიანდება.

აშკარად გამოხატული სიმპტომები ხშირად საკმარისი არ არის – ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ექიმმა პაციენტი უნდა გასინჯოს. აუცილებელია ოროფარინგეალური (პირ-ხახის) არის გამოკვლევა, სასის ტონზილების დათვალიერება, სხეულის ტემპერატურის გაზომვა და რეგიონული ლიმფური კვანძების შეფასება. 

  • როგორ მოვიქცეთ?

როგორც უკვე გითხარით, ყელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა. ამ დროს სიმპტომები, წესისამებრ, თავისთავად ლიკვიდირდება და დამატებით ჩარევას არ მოითხოვს. ვირუსულ პათოლოგიაზე მიანიშნებს ხველა და სურდო, კონიუნქტივიტი, ხმის შეცვლა, ხახის და პირის ღრუს დაწყლულება და დიარეა. თუ სიმპტომები გახანგრძლივდა, ექიმთან მისვლა და დამატებითი გამოკვლევების ჩატარება მოგიწევთ. 
მნიშვნელოვანია, დროულად გამოვავლინოთ დაავადების გამომწვევი და თავიდან ავირიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.                                                                                                          

A ჯგუფის β ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ყელის ტკივილი ყველაზე ხშირად 3-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება. ამ დროს, წესისამებრ, ანთებადია როგორც ხახის ლორწოვანი, ისე სასის ნუშურა ჯირკვლებიც, ამიტომ ტერმინები მწვავე ტონზილიტი და მწვავე ფარინგიტი თანაბარი მნიშვნელობით გამოიყენება. განმეორებით ტონზილიტზე მაშინ საუბრობენ, როცა პაციენტს ყოველწლიურად ტონზილიტის 5 ან მეტი ეპიზოდი აქვს, რაც აუარესებს მისი ცხოვრების ხარისხს. ნუ აჩქარდებით, სტრეპტოკოკური ფარინგიტის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიზანშეწონილობას ოჯახის ექიმი განსაზღვრავს. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია A ჯგუფის β ჰემოლიზური სტრეპტოკოკის არსებობის დადასტურება ხახის ნაცხის გამოკვლევით. არსებობს აგრეთვე სწრაფი ანტიგენური ტესტი სტრეპტოკოკზე. დამატებითი კვლევების ჩატარება საჭიროა პაციენტის ასაკის, კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გათვალისწინებით.

რა მოხდება, თუ სტრეპტოკოკული ფარინგიტი გაგვირთულდა? გართულება შეიძლება ორი ტიპისა იყოს: ჩირქოვანი და არაჩირქოვანი. ჩირქოვან გართულებათაგან განსაკუთრებით საშიშია: ბაქტერიემია (ბაქტერიების არსებობა სისხლში), კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და ანთება, ენდოკარდიტი (გულის ამომფენი ენდოკარდიუმის ანთება, მასტოიდიტი (საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩის ანთება), მენინგიტი, შუა ყურის ანთება. არაჩირქოვან გართულებათაგან ხშირია პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი (სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ განვითარებული თირკმლის გორგლოვანი აპარატის ანთება) და რევმატული ცხელება. სწორედ ამ გართულებათა თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი სტრეპტოკოკული ინფექციის დროული მკურნალობა.

ყელის ტკივილის დროს მკურნალობის ზოგადი პრინციპები ასეთია:

  • გამომწვევის საწინააღმდეგო მოქმედებასთან ერთად, თითქმის ყოველთვის აუცილებელია ტკივილის გაყუჩება.
  • ანტიბიოტიკოთერაპია გამართლებულია მხოლოდ სათანადო ჩვენების არსებობისას.
  • ვირუსული ეტიოლოგიის ფარინგიტის დროს მკურნალობა სიმპტომურია.

ანალგეზიის მიზნით მიზანშეწონილია პარაცეტამოლის გამოყენება. ზოგიერთი რეკომენდაციით, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებიც (ასპირინი, სალიცილატები) საკმაოდ ეფექტურია, თუმცა მათ რუტინულ გამოყენებას არ გვირჩევენ. ბავშვებთან მათი გამოყენება არ შეიძლება რეიეს სინდრომის განვითარების საშიშროების გამო. რეიეს სინდრომი საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელიც უპირატესად ღვიძლსა და თავის ტვინს აზიანებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსული ინფექციების დროს აღნიშნული პრეპარატების გამოყენება ზრდის რეიეს სინდრომის განვითარების რისკს.

თუ ექიმმა საჭიროდ მიიჩნია მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა, სტრეპტოკოკული ტონზილიტისა და ფარინგიტის დროს პირველი 48-72 საათის განმავლობაში უკეთესობა თვალში საცემია. დამატებითი კვლევების ჩატარება მაშინ არის საჭირო, როცა აღნიშნული მკურნალობა უშედეგოა, პაციენტს კვლავ აწუხებს ყელის ტკივილი ან რომელიმე გართულება განუვითარდა. 
დღეს საქართველოში ხშირი სტრეპტოკოკური ფარინგიტის დროს პაციენტები აუცილებლად მიიჩნევენ ტონზილექტომიას – “გლანდების ამოკვეთას”. სინამდვილეში ტონზილექტომიას მკაცრად გაწერილი ჩვენებები აქვს. მისი ჩატარება მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა:

  • პაციენტს ხშირად აქვს მორეციდივე ანგინა. ხშირად მიიჩნევა 4-5 ეპიზოდი წელიწადში ან 3 და მეტი ეპიზოდი ერთი თვის განმავლობაში. ამასთან, ამ პერიოდში საგრძნობლად უნდა იყოს შეზღუდული პაციენტის ყოველდღიური აქტივობა და ეცემოდეს მისი ცხოვრების ხარისხი. 
  • ხახისა და სასის ტონზილები მკვეთრად არის ჰიპერტროფირებული – გადიდებული, რაც, წესისამებრ, აძნელებს სუნთქვას, მეტყველებასა და ყლაპვას.
  • პაციენტს გადატანილი აქვს ქრონიკულ ტონზილიტთან დაკავშირებული გართულებები (პარატონზილარული აბსცესი, ფლეგმონა, თრომბოფლებიტი, სეფსისი).
  • სასის ტონზილებში ქრონიკული ჩირქოვანი კერის არსებობის გამო გამოხატულია ცვლილებები რომელიმე შინაგანი ორგანოს მხრივ.

თუ ამგვარ გართულებებს არ უჩივით, ჯობს, ტონზილები შეინარჩუნოთ და მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდებს დასჯერდეთ. გარდა ამისა, გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ:

  • დასვენება და სითხის (წვენის, წყლის, ლიმონიანი და თაფლიანი ჩაის) დიდი რაოდენობით მიღება;
  • თბილი მარილიანი წყლის გამოვლება დღეში 4-5-ჯერ (5 გრამი მარილი ნახევარ ლიტრ წყალში);
  • თამბაქოს წევისთვის თავის დანებება და სხვა მწეველებისვის თავსი არიდება.

უფრო მალე გამოჯანმრთელდებით, თუ ოთახს დაატენიანებთ.
გაითვალისწინეთ – ყელის საწუწნი აბები 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან არ იხმარება.


თამარ არქანია

გააზიარე: