რას გვეუბნება კოაგულოგრამა?

გააზიარე:
ვფიქრობ, თქვენც არაერთხელ გაგიგონიათ სიტყვები, ხელ-ფეხი მიბუჟდება და პროთრომბინზე ანალიზი უნდა ჩავაბაროო. ის დროც გემახსოვრებათ, სისხლის საერთოსთან ერთად პროთრომბინის ანალიზსაც რომ იკეთებდნენ და ეგონათ, სისხლის შედედების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდათ. მედიცინა ვითარდება და ჩვენც ახალ-ახალი ტერმინების დასწავლა გვიწევს. წინათ თუ ყველას პროთრომბინი ეკერა პირზე, დღეს INR-ზე ლაპარაკობენ. ზოგიერთი ექიმისგანაც გამიგონია, სისხლის შედედების შესახებ ყველაზე ზუსტ ინფორმაციას სწორედ ეს მაჩვენებელი გვაწვდისო. ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს კი ნამდვილად დაეჯერება, როცა გვეუბნება, რომ კოაგულოგრამაში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრიც არის თავმოყრილი. ექიმი ლაბორანტი ეკატერინე დავითიანი აგვიხსნის, რა ინფორმაციას შეიცავს კოაგულოგრამა:

– კოაგულოგრამა ჰემოსტაზის სისტემის (სისხლის შემდედებელი სისტემის) შესაფასებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტია. მისი მეშვეობით ფასდება სისხლის შედედების უნარი და ფიბრინოლიზი. ჰემოსტაზი შედედების ორ გზას მოიცავს – თრომბოციტულს და პლაზმურს. სწორედ პლაზმური ფაქტორებით გამოწვეულ სისხლის შედედებაზე გვაწვდის ინფორმაციას კოაგულოგრამა.

როდის არის აუცილებელი კოაგულოგრამის ჩატარება? საჭიროა თუ არა მისი ჩატარება პროფილაქტიკის მიზნით?

– კოაგულოგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გავწვდის სისხლდენების, ქირურგიული ჩარევების, თრომბოზების განვითარებისა და მათი პროფილაქტიკის, სისხლძარღვოვანი დაავადებების, ღვიძლის დაავადებების, ინსულტევისა და ინფარქტების დროს. გარდა ამისა, ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ის ეხმარება ექიმს, სწორად შეურჩიოს პაციენტს ანტიკოაგულანტის დოზა. გარდა ამისა, კოაგულოგრამით ფასდება თრომბოზის რისკი ორსულობისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში. ამ დროს რეკომენდებულია კვლევის 3 თვეში ერთხელ ჩატარება.
პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგულოგრამის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის – 6 თვეში ერთხელ.

 როგორ მოვემზადოთ კოაგულოგრამის ჩასატარებლად?

– სასურველია, კოაგულოგრამისთვის პაციენტმა სისხლი აიღოს დილით, უზმოზე, ან 12-საათიანი შიმშილის შემდეგ. სისხლის აღებამდე ერთი დღით ადრე სასურველია თავი შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან, ფიზიკური დატვირთვისგან, სტრესისგან, კვებისა და ძილის რეჟიმის მნიშვნელოვანი ცვლილებისგან. ასევე სასურველია, სისხლის აღებამდე 2 საათის განმავლობაში არ მოსწიოს სიგარეტი. არ არის მიზანშეწონილი სისხლის ჩაბარება რენტგენოგრაფიისა და ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგ, აგრეთვე მენსტრუაციის პერიოდში. თუ პაციენტი ანტიკოაგულანტებს იღებს, ამის შესახებ უნდა აცნობოს ლაბორატორიას.

რა მაჩვენებლებს მოიცავს კოაგულოგრამა? 

კოაგულოგრამა მოიცავს:
1. სისხლის შედედების დროს ლი-უაიტის მეთოდით;
2. აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროს (APTT);
3. პროთრომბინის დროს (PT);
4. პროთრომბინის ინდექსს (PI);
5. საერთაშორისო ნორმალიზებულ შეფარდებას (INR);
6. ფიბრინოგენის კონცენტრაციას;
7. თრომბინის დროს (TT).

რას ნიშნავს პროთრომბინული დრო, პროთრომბინის ინდექსი, INR? რაზე მიგვანიშნებს მათი მაჩვენებლის ცვლილება? 

– რამდენიმე წლის წინ სწორედ პროთრომბინის დროისა და ინდექსის განსაზღვრა მიიჩნეოდა კოაგულაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტესტად, თუმცა პროთრომბინის დრო დამოკიდებული იყო გამოყენებული თრომბოპლასტინის მგრძნობელობაზე, ეს უკანასკნელი კი სხვადასხვა ლაბორატორიაში სხვადასხვა გახლდათ, ამიტომ ჭირდა გამოკვლევის შედეგების შედარება, მდგომარეობის დინამიკაზე დაკვირვება. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ადამიანის თავის ტვინისგან დაამზადეს თრომბოპლასტინი, მისი მგრძნობელობის ინდექსი 1-ს გაუტოლეს და ეტალონად მიიღეს. მასზე მოხდა ყველა მწარმოებლის მიერ შექმნილი თრომბოპლასტინის სწორება. სწორედ ამისთვის შემოიღეს შესწორების კოეფიციენტი – საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება ანუ INR. INR – ეს არის მცდელობა, მოვახდინოთ მათემატიკური კორექცია სხვაობისა, რომელსაც სხვადასხვა მგრძნობელობის თრომბოპლასტინი გვაძლევს. 

INR გამოითვლება შემდეგი ფორმულით: პროთრომბინის დრო შეფარდებული კონტროლის პროთრომბინის დროსთან, აყვანილი ISI ხარისხში.
INR-ის მომატება ჰიპოკოაგულაციისადმი (სისხლის შედედების უნარის დაქვეითებისადმი) მიდრეკილებაზე მიუთითებს და დამოკიდებულია სხვადასხვა მიზეზზე:
* პროთრომბინული კომპლექსის ერთი ან რამდენიმე ფაქტორის უკმარისობაზე;
* მწვავე და ქრონიკულ ჰეპატიტებზე, ღვიძლის ციროზზე, ღვიძლის ქვემწვავე დისტროფიასა და ღვიძლის პარენქიმის სხვა დაზიანებაზე – პროთრომბინის დრო შეიძლება ჩაითვალოს ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მნიშვნელოვან მაჩვენებლად;
* ენტეროპათიასა და ნაწლავურ დისბაქტერიოზებზე, რომლებიც K ვიტამინის უკმარისობას იწვევს;
* პროთრომბინული კომპლექსის ფაქტორების მოხმარებაზე მწვავე დსშ (დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების) სინდრომის დროს;
* K ვიტამინის ანტაგონისტებით (არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებით) მკურნალობაზე.
სწორედ INR-ის ცვალებადობის მიხედვით არჩევს კლინიცისტი არაპირდაპირი ანტიკოაგულანტის დოზას.

INR-ის მაჩვენებლის შემცირება ჰიპერკოაგულაციისადმი (სისხლის შედედების უნარის მომატებისადმი) მიდრეკილებაზე მეტყველებს. ასეთი რამ მოსალოდნელია ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის დაწყებით სტადიაში, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ავთვისებიანი სიმსივნის, ასევე – ზოგიერთი პრეპარატის, მაგალითად, პერორალური კონტრაცეპტივის მიღების დროს.
პროთრომბინის დრო შედედების დროა, რომელიც განსაზღვრავს შემდედებელი სისტემის II, V, VII, X და I ფაქტორების კოაგულაციურ აქტივობას.
პროთრომბინის ინდექსი გამოთვლითი პარამეტრია. გამოითვლება ნორმალური პროთრომბინის დროის შეფარდებით პაციენტის დროსთან და გამოიხატება პროცენტებით.

რას ნიშნავს აქტიური ნაწილობრივი თრომბოპლასტინური დრო, თრომბინის დრო, ფიბრინოგენის კონცერტრაცია? რა იწვევს ნორმიდან მათ გადახრას?

– აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო – APTT – ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ტესტია სისხლის შედედების სისტემაზე წარმოდგენის შესაქმნელად. იგი ავლენს შედედების I, II, V, VIII, IX, X,XI, XII ფაქტორების, ასევე კალიკრეინისა და მაღალმოლეკულური კინინოგენის დეფიციტს და ინჰიბიციას. ამ ფორმის პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება სისხლდენით გამოხატული VIII და XI ფაქტორების დეფიციტი ან ინჰიბიცია, რაც A და B ჰემოფილიისთვის არის დამახასიათებელი. APTT-ის გახანგრძლივების მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:
* ღვიძლის მძიმე დაზიანება;
* სისხლში მგლურას ანტიკოაგულანტის არსებობა;
* ჰეპარინოთერაპია. ჰეპარინოთერაპიის დროს აუცილებელია APTT-ის ცოდნა. ცნობილია, რომ პაციენტები ჰეპარინისადმი მაღალი ან დაბალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. მისდამი ტოლერანტობა შეიძლება დაზუსტდეს APTT-ის განმეორებითი განსაზღვრით ჰეპარინის განმეორებით შეყვანამდე ერთი საათით ადრე. თუ ამ დროს APTT ნორმასთან შედარებით 2,5-ჯერ გახანგრძლივდა, ჰეპარინისადმი მომატებულ მგრძნობელობასთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში ამცირებენ ჰეპარინის დოზას ან ზრდიან შეყვანის ინტერვალებს.
APTT-ის შემცირება სისხლის შედედების უნარის მომატებაზე მიუთითებს. 

ფიბრინოგენი ცილაა, რომელიც ღვიძლში სინთეზდება. სისხლში იგი ხსნად მდგომარეობაშია, მაგრამ ფერმენტული პროცესის შედეგად, თრომბინის და XIII ფაქტორის ზემოქმედებით, უხსნელ ფიბრინად გარდაიქმნება.

ფიბრინოგენის კონცენტრაციის მომატება მოსალოდნელია:
* ჰიპერკოაგულაციის დროს;
* თრომბოზის სხვადასხვა სტადიაში;
* მიოკარდიუმის ინფარქტის დროს;
* ორსულობის ბოლო ტრიმესტრში;
* მშობიარობის შემდეგ;
* ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
* ანთებითი პროცესების, კერძოდ, პნევმონიების დროს;
* ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.

ფიბრინოგენის კონცენტრაციის დაქვეითება პათოგნომურია შემდეგი დაავადებებისთვის:
* ღვიძლის მძიმე დაზიანება (მწვავე ჰეპატიტი, ციროზი);
* თანდაყოლილი აფიბრინოგენემია და ჰიპოფიბრინოგენემია;
* დსშ-ს სინდრომის (დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი) II და III სტადია.

თრომბინის დრო არის დრო, რომელიც საჭიროა ფიბრინის კოლტის წარმოქმნისთვის სტანდარტული თრომბინის დამატებისას. ის დამოკიდებულია მხოლოდ ფიბრინოგენის კონცენტრაციასა და თრომბინის ინჰიბიტორების აქტივობაზე (ანტითრომბინი III, ჰეპარინი).

თრომბინის დრო შეიძლება გახანგრძლივდეს:
* მაღალმოლეკულური ჰეპარინოთერაპიის დროს;
* აფიბრინოგენემიისა და დისფიბრინოგენემიის დროს.
კოაგულოგრამაში ცვლილებების არსებობისას პაციენტმა აუცილებლად ექიმ ჰემატოლოგს უნდა მიმართოს.

მართალია თუ არა, რომ ორსულობისას კოაგულოგრამა იცვლება? ეს ფიზიოლოგიური პროცესია თუ რაიმე ჩარევას მოითხოვს?

– ორსულობისას სისხლის შედედების სისტემა მართლაც აქტიურდება, მაგრამ ეს გააქტიურება ფიზიოლოგიურია და ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის ახალი წრის – საშვილოსნოდან პლაცენტამდე – გაჩენას უკავშირდება. გარდა ამისა, ამით ქალი ერთგვარად ემზადება მშობიარობის დროს სისხლის შესაძლო დაკარგვისთვის. ორსულმა პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგრამა ყოველ ტრიმესტრში უნდა შეიმოწმოს, რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი – უფრო ხშირადაც, ექიმის დანიშნულებისამებრ. ეს ძალიან მნიშნელოვანი გამოკვლევაა – მოგეხსენებათ, ჰემოსტაზის სისტემის დაღვევამ შესაძლოა სპონტანური აბორტი გამოიწვიოს, ფიბრინოლიზური სისტემის გააქტივებამ კი – პლაცენტის აშრევება და სისხლდენა მშობიარობის შემდეგ. შედედებასთან ერთად იმატებს პლაცენტურ სისხლძარღვებში თრომბის ჩამოყალიბების რისკი, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი) გამოიწვიოს.

ჰემოსტაზის სისტემის გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ორსულობისას, არამედ ორსულობის დაგეგმვის დროსაც. დარღვევების აღმოჩენითა და მკურნალობით შესაძლებელია ისეთი გართულებების თავიდან აცილება, როგორებიცაა სპონტანური აბორტები, ნაყოფის განვითარების შეფერხება, სისხლდენები მშობიარობის შემდგომ პერიოდში და უშვილობა.


თამარ არქანია

გააზიარე: