დაიბადა მეორე, უფროსი კი ჯერ სკოლაშიც არ მიგვიყვანია...

გააზიარე:

წარმოიდგინეთ, რომ მშვიდი, ჰარმონიული, უშფოთველი, ყველაფრით უზრუნველყოფილი (იგულისხმება მატერიალური კეთილდღეობაც და არამატერიალური სიკეთეებიც) ცხოვრება გაქვთ და ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფერში მოცილე და მოწილე გიჩნდებათ – არსება, რომელიც ითხოვს იმ ადამიანების დროსა და ყურადღებას, აქამდე მხოლოდ თქვენ რომ “გემსახურებოდნენ”, რომელიც თქვენი კუთვნილი ნივთების მისაკუთრებას იწყებს, რომელიც არად აგდებს თქვენს სურვილებს (მაგალითად, როცა თქვენ, მყუდროდ მოკალათებულს, სრულ სიმშვიდეში წიგნის კითხვა გსურთ, მას ამ დროს ტელევიზორის ყურების დაუოკებელი სურვილი უჩნდება) და თავისი კაპრიზების გატანას ცდილობს.
წარმოიდგინეთ? მაშინ არც იმ ბავშვის გულისტკივილის გაგება გაგიჭირდებათ, ვისაც მშობლებმა დაიკო ან ძამიკო “აჩუქეს”... სხვათა შორის, მის დაუკითხავად.
როგორც ხვდებით, სტატიაში ოჯახის უფროსი ბავშვებისთვის დამახასიათებელი ეჭვიანობის შესახებ გვექნება საუბარი. უფრო სწორად, სკოლამდელი ასაკის “უფროსებზე”, რომლებიც მოულოდნელად სულ სხვა, უჩვეულო რეალობაში აღმოჩნდებიან.
როდის გავაჩინოთ მეორე?
ამ კითხვას მშობლები ხშირად უსვამენ ფსიქოლოგებს. მართლაც, როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა? რამდენი წელი უნდა იყოს სხვაობა ბავშვებს შორის, რომ კონფლიქტი მინიმუმამდე დავიყვანოთ? ამ კითხვაზე არაერთგვაროვან პასუხებს მიიღებთ და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ნებისმიერი ადამიანი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გიპასუხებთ. “მცირე ასაკობრივი სხვაობა ჯობია, რადგან ბავშვები ერთად გაიზრდებიან, ერთად ითამაშებენ, ექნებათ საერთო ინტერესები, ერთნაირი მოთხოვნილებები, თუ ერთი და იმავე სქესისანი იქნებიან – ტანსაცმელიც კი, რაც მშობლებისთვის ძალიან მოხერხებულია”, – გაიგონებთ ხშირად. “როცა ბავშვებს შორის ასაკობრივი განსხვავება ათ წელზე მეტია, უფროს შვილს შეუძლია, სრულფასოვან დამხმარედ იქცეს – თავად მას ხომ უკვე ნაკლებად სჭირდება მშობლების ყურადღება. ასე ეჭვიანობასაც ავცდებით, რადგან ამ ასაკის ბავშვს გაცილებით მეტი ესმის, ვიდრე პატარას”, – ისმის საპირისპირო მოსაზრებაც. სინამდვილეში უფროსი შვილის გაჩენიდან უმცროსის გაჩენამდე იდეალური ინტერვალი არავის დაუდგენია და ამგვარი დამოკიდებულება, საზოგადოდ, არასწორია, რადგან მთავარი ასაკობრივი სხვაობა კი არა, მშობლების დამოკიდებულებაა უფროსი შვილის მიმართ.
როდის დავიწყოთ მზადება
როგორც არ უნდა აუხსნათ სკოლამდელი ასაკის ბავშვს, რას ნიშნავს ოჯახის ახალი წევრის დაბადება, როგორც არ უნდა ეცადოთ მისდამი კეთილგანწყობის გაღვივებას, ნაკლებსავარაუდოა, რამე გააწყოთ. პატარა, უბრალოდ, ვერ მიხვდება, რას მოითხოვენ მისგან და რა ევალება მას. ფსიქოლოგების რჩევით, ასეთ დროს სასურველია, მეტიც, აუცილებელია ლამაზად გაფორმებული საბავშვო წიგნების კითხვა და კითხვის პარალელურად “ლირიკული გადახვევების” კეთება: “რა საყვარელია ეს პაწაწინა, რა კარგი იქნებოდა, ჩვენც გვყავდეს ასეთი სახლში, მოუვლიდი?” – და ასე შემდეგ. ასე საშუალება მოგეცემათ, დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას, გაიგოთ მისი სურვილები და მოსაზრებები. იმავდროულად, ფსიქოლოგები დაბეჯითებით გვირჩევენ ახალშობილისთვის საჭირო სივრცის მოწყობა დავიწყოთ არა მისი დაბადების შემდეგ, არამედ მანამდე და სამზადისში უფროსი შვილიც ჩავრთოთ. მიეცით მას არჩევანის უფლება, გაითვალისწინეთ მისი რჩევები (ვთქვათ, საწოლის ფერის ან ტანსაცმლის დიზაინის შესახებ), მიაჩვიეთ პატარაზე ზრუნვას. ასე ბავშვი პასუხისმგებლობას იგრძნობს და ეჭვიანობის ნაცვლად მზრუნველობით განეწყობა უმცროსი დის ან ძმის მიმართ.
როდის ველოდეთ საფრთხეს
ბავშვური ეჭვიანობა თავს მაშინ იჩენს, როცა უფროს შვილს აღარ ჰყოფნის მშობლების სითბო, როდესაც აცნობიერებს, რომ გაუჩნდა “კონკურენტი”, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ასეთ დროს უფროსი შვილი ბრაზობს, ეჭვიანობს, ჭირვეულობს, გამოხატავს აგრესიას, მტკივნეულად განიცდის ოჯახის ახალი წევრის გაჩენას, ჰგონია, ის აღარ უყვართ, რადგან მშობლებმა ახალი შვილი “მოიყვანეს”. მშობლები ხშრად ჩივიან, რომ ვეღარ ცნობენ შვილს – მშვიდი ზნის მქონე ბავშვი უცებ უმართავი ხდება. ეჭვიანობის გრძნობა კი იმდენად ძლიერია, რომ არავითარი შეგონება და დარიგება არ ჭრის. ბავშვი ვერ ურიგდება ახალ პირობებს, თავისი საქციელით მშობლებს აჩვენებს, რომ ახალშობილი ზედმეტია და მოითხოვს, ყველაფერი ისევე იყოს, როგორც ადრე.
როგორ მოვიქცეთ
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ დასჯა (სიტყვიერი და, მით უმეტეს, ფიზიკური) ასეთ დროს დაუშვებელია. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს შენიშვნა აგრესიული კილოთი, ხმამაღლა. ცხადია, შვილის არასწორი ქცევა, მისი არასათანადო დამოკიდებულება ძმის ან დის მიმართ მშობლებისთვის გულსატკენია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა რთულ მდგომარეობაშია თავად უფროსი, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის დიდი (არადა, ხშირად სწორედ ამაზე ვსვამთ აქცენტს: “შენ ხომ დიდი ხარ, უნდა დაუთმო” და ა.შ.).
სასჯელის ან საყვედურის შიშით ბავშვმა შესაძლოა შეწყვიტოს აგრესიის აშკარა გამოხატვა, მაგრამ შინაგანი განცდა მაინც დარჩება, ეს კი არანაკლებ სახიფათოა მისი განვითრებისთვის. აუცილებელია, ბავშვს მივცეთ იმის გამოხატვის საშუალება, რასაც განიცდის და წყენის დაძლევაში დავეხმაროთ. მაგალითად, შევახსენოთ, რომ უფროსს მეტი პრივილეგია აქვს, ვიდრე პატარას, მაგალითად, შეუძლია მიირთვას ნაყინი, ტკბილეული, მეტი დრო გაატაროს ტელევიზორთან, უმცროსივით ადრე კი არ დაიძინოს, არამედ მაშინ, როცა იძინებენ “დიდები”, აქტიურად ჩართეთ უფროსი შვილის აღზრდაში ბებია-ბაბუები. სთხოვეთ, ის პერიოდი, რომელიც თქვენ პატარასთან ერთად უნდა გაატაროთ, დაუთმონ უფროსი შვილისთვის სასიამოვნო საქმიანობას. გარდა ამისა, მისი თანდასწრებით ხშირად გაიმეორეთ, რომ თქვენს პაწიას არაჩვეულებრივი დაიკო ან ძამიკო ჰყავს (მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ხვდებოდეს –ჩვილი დედიკოს და მამიკოს მეორე შვილი კი არ არის მხოლოდ, არამედ მისი და ან ძმაცაა).
დაიხსომეთ, რა არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში:
* არ აიღოთ უფროსის სათამაშოები უმცროსის გასართობად, ნუ გაეკარებით მის ნივთებს უნებართვოდ. დაელოდეთ, ვიდრე უფროსი თავად მოისურვებს საკუთარი ნივთების გაზიარებას.
* სთხოვეთ ახლობლებს, სტუმრობისას სათანადო ყურადღება დაუთმონ უფროს შვილსაც. შეგიძლიათ, წინასწარ მოიმარაგოთ მისი საყვარელი სათამაშოები ან ტკბილეული, რადგან ახალშობილთან სტუმრები ხშირად მოდიან საჩუქრებით, უფროსი კი ამ დროს ხელცარიელი რჩება.
* ნუ დააშინებთ უფროსს ამგვარი რეპლიკებით: “არ შეეხო, თორემ ატკენ!” , “არ შეაშინო!”, “არ იხმაურო, შეწუხდება” და ა.შ. ამით მტრულად განაწყობთ ბავშვს – ის იგრძნობს, რომ მისი თავისუფლება “შეიზღუდა” და ეს მისი პატარა დაიკოს ან ძამიკოს ბრალია.
საყურადღებო სიმპტომი
თუ უფროსი შვილი იმავეს მოითხოვს, რასაც პატარას უკეთებთ (მაგალითად, ხელში აყვანას, რწევით დაძინებას, საწოვარათი კვებას) ან ისევე იქცევა, როგორც უმცროსი (ხელებს პირში იდებს, კვლავ პამპერსს უბრუნდება, ითხოვს მატყუარას), აუცილებლად უნდა შევცვალოთ ქცევა მის მიმართ – ეს სიმპტომები იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს სურს, დაუბრუნდეს პატარაობას. რატომ? იმიტომ, რომ უჭირს მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების მიღება. მოიკრიბეთ მოთმინება და ერთხანს თვალები დახუჭეთ ბავშვის მავნებლობაზე, წყნარად აუხსენით ყველაფერი და აგრძნობინეთ – თქვენ ის ისევე გიყვართ, როგორც ადრე და ისევე, როგორც მისი უმცროსი და ან ძმა. თუ თქვენი პატარა მიხვდება, რომ მისი ადგილის დაკავებას არავინ ცდილობს და არავინ ეცილება მშობლების სიყვარულში, ის თანდათან მიიღებს ოჯახის ახალ წევრს.

გააზიარე: