როგორ გავუმკლავდეთ ბრონქიტს

გააზიარე:

ბავშვები ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების ინფექციებით ავადმყოფობენ. პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ზამთრის თვეებში, თუმცა არც წელიწადის სხვა დროს გვავიწყებს თავს. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ზოგჯერ ქვედა სასუნთქ გზებსაც ითრევს და მათი ანთებით – ბრონქიტით ან პნევმონიით – რთულდება. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი ხშირად ისმება, უმეტესად – ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან, თუმცა არც 9-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებშია იშვიათი.

ბრონქიტის შესახებ საუბარი “ავერსის კლინიკის” პედიატრს ირაკლი ბეგოიძეს ვთხოვეთ: 


– ბრონქები სასუნთქი გზების ნაწილია, დატოტვილი მილების სისტემა, რომლის საშუალებით ჰაერი ტრაქეიდან (სასულედან) ფილტვებს მიეწოდება. ბრონქიტი კი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება გახლავთ. 

  • რა იწვევს ბრონქიტს? 

– უმეტესად – ვირუსი. მას ავრცელებს დაავადებული ადამიანი ხველის დროს. შესაძლებელია ინფიცირება ვირუსით დაბინძურებული ხელის პირზე, ცხვირზე, თვალზე მიდებითაც. ბრონქიტის გამომწვევი ვირუსებია: რინოვირუსი, კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რს-ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი. არსებობს ბაქტერიული წარმოშობის ბრონქიტიც. ამ შემთხვევაში გამომწვევი უმეტესად მიკოპლაზმა ან ქლამიდიაა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ინფექციური აგენტი სასუნთქ გზებში ასე იოლად ვერ ხვდება. ამას ხელს უშლის ორგანიზმის დამცავი ბარიერები: ჩასუნთქული ჰაერი ჯერ ცხვირის ღრუში იფილტრება – აქ არსებულ წამწამებზე ილექება მტვერი და ჰაერში არსებული სხვა ნაწილაკები. უფრო შორს წასულ ნაწილაკებს ბრონქების ამომფენი ლორწოვანი გარსი იჭერს, რომელიც ლორწოსა და წამწამების მეშვეობით მათ ადვილად უმკლავდება. თუ რომელიმე მიკრობმა ეს ბარიერიც გადალახა, დიდია ალბათობა, დაავადება განვითარდეს.

 

  •  რა ნიშნები ახასიათებს ბრონქიტს?

– ვინაიდან მწვავე ბრონქიტი უმეტესად რესპირაციული ვირუსებით არის გამოწვეული, ხშირად მას წინ უძღვის ამ ინფექციებისთვის დამახასიათებლი სიმპტომები: შემცივნება, სუსტი ცხელება, სისუსტე, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხმის ჩახლეჩა. თავად ბრონქიტი ლორწოვანის გაღიზიანების გამო მშრალი ხველით იწყება. მისი სხვა სიმპტომებია:

  • თეთრი, ყვითელი ან მომწვანო ფერის ნახველი;
  • თავის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • 37-38-გრადუსიანი ცხელება;
  • ქოშინი;
  • მტკივნეულობა და დაჭიმულობა მკერდის არეში;
  • ხიხინი (სტვენისმაგვარი ხმიანობა სუნთქვისას).

ამ ნიშნებიდან ბრონქიტისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ხველა. ბრონქების ლორწოვანის ანთებისა და შეშუპების გამო ბრონქში ჰაერის გავლა გაძნელებულია, ჰაერის დეფიციტი აღიზიანებს ლორწოს წარმომქმნელ უჯრედებს და უფრო მეტი ლორწოს წარმოქმნას უწყობს ხელს, ამიტომ ჩნდება უხვი ნახველი. ხშირად პატარებს უჭირთ ნახველის ამოღება, ყლაპავენ მას. ჩაყლაპულ ნახველს აღებინებენ, ან ის განავალს მოყვება და ამ შემთხვევაში მცირე ფაღარათს იწვევს. 

  • რამდენ ხანს გრძელდება ბრონქიტი?

– ბრონქიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ბრონქიტისთვის დამახასიათებელია სიმპტომების სწრაფი განვითარება, მაგრამ ისინი მალე, რამდენიმე კვირაში ალაგდება. თუ ხველა სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ქრონიკულ ბრონქიტზე საუბრობენ. ეს უკანასკნელი თვეობით, წლობით გრძელდება. ქრონიკული ბრონქიტის მიზეზი უმეტესად თამბაქოს კვამლია. სახიფათოა არა მარტო აქტიური, არამედ პასიური მოწევაც. ეს იმას ნიშნავს, რომ მწეველების გარემოში ქრონიკული ბრონქიტის განვითარების საფრთხე ბავშვებსაც ემუქრებათ. 
ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებს უფრო ადვილად ემართებათ ბაქტერიული ინფექციები, პნევმონია – ფილტვების ანთება. პნევმონიით ყველაზე ხშირად სწორედ მწეველები და პასიურ მწეველები ავადმყოფობენ. ბრონქიტის განვითარებასა და მისი სიმპტომების გამწვავებას ხელს უწყობს დაბინძურებული ჰაერიც.
თუ ბავშვს ხშირად უმეორედება მწვავე ბრონქიტი, შესაძლოა, ის ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ქრონიკული ბრონქიტის დროს არ აღინიშნება შემცივნება და ცხელება, თუმცა თვალსაჩინოა ბრონქიტის სხვა ნიშნები – ხველა, ქოშინი, მკერდის დაჭიმულობა... თუ ბავშვს დროულად არ მივხედეთ, შესაძლოა ეს სიმპტომები თვეობით და წლობით გაგრძელდეს.

  • როდის ეჭვობთ ასთმურ შეტევას?


– ასთმით დაავადებულებთან ბრონქიტის შეტევები უეცარია და იწვევს გულმკერდის შებოჭილობას, ქოშინს, ხიხინს, ოღონდ არა ჩასუნთქვის, არამედ ამოსუნთქვის დროს. ასთმური ბრონქიტის დროს ჰაერის გამტარი გზა შესაძლოა ისე შევიწროვდეს, რომ ბავშვს ძალიან გაუჭირდეს სუნთქვა. ასთმა რომ ვიეჭვოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ნიშნებს: მსტვენ ხიხინს, ხველას, რომელიც უმეტესად ღამით იწყება, სუნთქვის გაძნელებას, რომელიც შექცევადია ანუ გაივლის, გულმკერდის შექცევად შებოჭილობას. ასთმა ხშირად უვითარდებათ ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებს. ზოგჯერ მას ახასიათებს სეზონურობაც. გაციების დროს სიმპტომები ხშირად გადადის ქვედა სასუნთქ გზებში და ამ დროს ბავშვის გამოჯანმრთელებას ათ დღეზე მეტი სჭირდება. 

  • რით რთულდება ბრონქიტი?

– ბრონქიტის ძირითადი გართულებებია პნევმონია, რომელიც პაციენტთა საშუალოდ 5%-ს უვითარდება, და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

 

  • რა არის საჭირო დიაგნოზის დასაზუსტებლად?

– ბრონქიტის დიანოზი ტრადიციული მეთოდით სტეთოსკოპით მოსმენითაც დგინდება. ფასდება ხიხინი, ანამნეზი – როდის დაიწყო, რას უჩივის პაციენტი, რით მკურნალობდნენ, ჰქონია თუ არა ადრე მსგავსი ეპიზოდები, ხომ არ აქვს ალერგია და ასე შემდეგ.
საჭიროებისას პნევმონიის გამოსარიცხად ვატარებთ რენტგენოგრაფიულ კვლევას, სისხლის საერთო ანალიზს, ასთმაზე ეჭვის შემთხვევაში – სპირომეტრიას. 

 

  •  როგორ მკურნალობენ ბრონქიტს?

– თუ მწვავე ბრონქიტი ვირუსული წარმოშობისაა, ანტიბიოტიკი უსარგებლოა. უპირველეს ყოვლისა, ბავშვს უნდა შევუქმნათ მშვიდი, კომფორტული გარემო. მწვავე ბრონქიტი, წესისამებრ, მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. ბავშვს უნდა მივცეთ ბევრი სითხე, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში – სიცხის დამწევი პრეპარატები. ინიშნება ამოსახველებელი საშუალებებიც, თუმცა ბავშვებთან მათი ეფექტიანობა და სარგებლიანობა არ არის დადასტურებული. მეტად საფრთხილოა ხველის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენება – კვლევების თანახმად, ასეთი საშუალებები არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, თანაც ნახველის ევაკუაციის დათრგუნვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ბაქტერიულ გართულებას. მშობლებს უყვართ ამ დროს ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, რაც ასევე არ არის რეკომენდებული – ისინი აშრობენ ნახველის და შესაძლოა ხველა გააძლიერონ. 
თუ მაინც გახდა საჭირო ამოსახველებლის ან ბრონქოდილატატორის დანიშვნა, უმჯობესია მათი მიწოდება ნებულაიზერით – მოწყობილობით, რომლის წყალობითაც წამალი ბრონქებამდე უკეთ აღწევს. ნებუალიზერით შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარის მიწოდებაც – დღეში 4-6-ჯერ 10-10 წუთის განმავლობაში. ეს ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას შეამცირებს. 
ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გამაღიზიანებელი ფაქტორის მოხსნაა.

  • როდის ინიშნება ანტიბიოტიკი?

– ანტიბიოტიკი ინიშნება მაშინ, როდესაც სავარაუდოა ბაქტერიული ინფექცია – ამაზე მიუთითებს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ცხელების გაგრძელება კვირაზე მეტხანს, ცხელების მეორე ტალღა, უხვი და ჩირქოვანი ნახველი; ასევე მაშინაც, თუ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ვეჭვობთ მიკოპლაზმურ, ქლამიდიურ ინფექციას ან ყივანახველას, ანდა მწვავე ბრონქიტის სიმპტომებთან ერთად აღინიშნება სინუსიტი ან ოტიტი.

 

  •  როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

– ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, თუ ბავშვს სუნთქვა გაუძნელდა, დაეწყო ღებინება ყოველი კვების შემდეგ, ვერ იღებს სითხეს, დათრგუნულია და ძილადაა მივარდნილი.

 

  • შესაძლებელია თუ არა ბრონქიტის პრევენცია?

– პრევენციის ზოგადი, მიღებული სქემაა დიფტერია`ტეტანუსი`ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. გარდა ამისა, ბავშვი უნდა მოვარიდოთ თამბაქოს კვამლს – პასიური მოწევაც კი ბრონქებს ვირუსებისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის და ამძაფრებს საჰაერო გზების შეშუპებას.
ვირუსებისგან თავის დასაცავად ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ხელების ხშირი და სწორი ბანა. ეს ხელს შეუშლის მიკრობების გავრცელებას, რომლებიც განსაკუთრებით მრავლად არიან წელიწადის ცივ დროს.

გახსოვდეთ: ყოველგვარი დაავადების პრევენციისთვის საჭიროა საკმარისი დასვენება, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა ანუ ჯანსაღი წესით ცხოვრება.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: