ქეთევან ყანჩაშვილის თავისუფლება და პასუხისმგებლობა
გააზიარე:
ფილოლოგი, პედაგოგი და მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი ავტობიოგრაფიას წიგნით იწყებს. წიგნით, რომელიც ხუთი წლისამ წაიკითხა. მისი პირველი მძაფრი შთაბეჭდილება სწორედ ამ წიგნს უკავშირდება. ალბათ ამიტომაც იქცა წიგნები მის ყოველდღიურობად. ქეთევანი გვესაუბრება ცხოვრების მთავარ არჩევანზე, ლიტერატურასა და მთარგმნელის მთავარ ამოცანაზე ― არ დაკარგოს ავტორის ხმა და, იმავდროულად, ქართველი მკითხველისთვის ახლობელი, მშობლიური გახადოს უცხო ენაზე დაწერილი ტექსტი.
― ჩემი პირველი მკაფიო დადებითი მოგონება ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიულერი ბავშვებია" (ახალი თარგმანის მიხედვით, "ბულერბიელი ბავშვები"), რომლითაც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიწყოს კითხვა ყველა ბავშვმა. მთელი ზაფხული გავატარე ლიზასთან, ლასესთან, ბოსესთან, ბრიტასთან, ანასა და ულესთან ერთად. ცხადია, ბიულერბიუც ჩემებურად წარმომედგინა, ამიტომ როცა დიდობაში ამ სოფლის პროტოტიპი შვედური სოფელი ვნახე, თვალებს არ დავუჯერე. ეს არის წიგნის ჯადოქრობა, რომ თითოეული მკითხველი მასში მოქცეულ სამყაროს აიღებს და თავისად აქცევს.
― ყველაზე მძაფრად ალბათ პირველი თარგმანი გახსოვთ...
― პირველი, რაც ვთარგმნე, "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი" იყო, პირველი ცდისთვის საკმაოდ სქელტანიანი წიგნი. დღემდე ვემადლიერები სულაკაურის გამომცემლობას, რომ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე მანდო და, მიუხედავად იმისა, რომ მკითხველი აწიოკებდა, ხარისხის ხარჯზე არ დავუჩქარებივარ. "ცეცხლოვანი თასი" ჰარი პოტერის ძირითადი შვიდტომეულის მეოთხე წიგნია (ამის შემდეგ მეექვსეც ვთარგმნე), ამიტომ ვიდრე საქმეს შევუდგებოდი, პირველი სამი წიგნის ქართული თარგმანის საფუძვლიანი შესწავლა დამჭირდა, რომ სტილი არ შეცვლილიყო და მკითხველისთვის საგრძნობი არ ყოფილიყო მთარგმნელის გამოცვლა. უდიდესი პასუხისმგებლობითა და ხელის კანკალით შევუდექი საქმეს და, დიდი იმედი მაქვს, ეს საბოლოო შედეგს დაეტყო.
― თარგმნა შემოქმედებაა თუ რუტინა?
― ამის თაობაზე დავაში ხშირად მიმიღია მონაწილეობა. ჩემი აზრით, თარგმნა, ერთი მხრივ, ხელობაა, უნარი, რომელსაც შეიძლება შრომით დაეუფლო, თუმცა მხატვრული თარგმნის მთავარი მიზანი, როგორც თარგმნის თეორიაში ისწავლება, არის მკითხველში იმავე ემოციის აღძვრა, რასაც აღძრავს ორიგინალი. ამ მიზნის მისაღწევად, არცთუ იშვიათად გიხდება ავტორის ტექსტის სიტყვასიტყვით, ზედმიწევნით ზუსტად თარგმნაზე უარი თქვა და შენს ენაში სრულიად ახალი ხერხები ეძებო. განსაკუთრებით საინტერესოა სიტყვების თამაშის, ანდაზების, იდიომების თარგმნა, როცა თითქმის სრულიად შენს ფანტაზიას ხარ მინდობილი. სწორი გადაწყვეტის მიგნების შედეგად არაერთხელ დამუფლებია შემოქმედებითი აღმაფრენა, ამიტომ ჩემთვის ეს უდავოდ შემოქმედებითი პროცესიც არის.
― სად გადის ზღვარი ავტორის სტილსა და მთარგმნელის სტილს შორის? ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ტექსტს თქვენი ხასიათი უფრო დასტყობია?
― ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვუღალატო ავტორს. ხშირად ვცოდავ იმით, რომ ზედმეტად ვცდილობ, არ დავშორდე პირველწყაროს და მეტისმეტად ვუკირკიტებ ორიგინალის სტილისტიკურ ხერხებსა თუ სინტაქსს. განსაკუთრებით ეს პროზას ეხება. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ როდესაც პროზაულ ნაწარმოებში ჩართული ლექსების თარგმნა მიხდება, საოცარ თავისუფლებას განვიცდი, რადგან შემიძლია, რითმები ჩემებურად დავგრიხო, თითქოს კარტბლანში მაქვს ფორმის მოძებნის მხრივ. პროზაში კი გამუდმებით ვცდილობ, ავტორის ხმა არ დავკარგო. შესაძლოა, სულაც არ ვეთანხმებოდე აზრის გამოხატვის ფორმაში და ხელი მექავებოდეს, ისე მინდოდეს მისი გაკეთილშობილება, მაგრამ თავს შევახსენებ, რომ ეს არაპროფესიონალიზმია.
― რომელ ავტორთან ისურვებდით პირისპირ საუბარს მხოლოდ იმისთვის, რომ ტექსტის კონკრეტული მონაკვეთის ქვეტექსტი გეკითხათ?
― დიდი სიამოვნებით ვესაუბრებოდი კორეელ მწერალს მინ ჯინ ლის წიგნზე "პაჩინკო", რომელსაც ახლა ვთარგმნი. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ შეიძლება მომეცეს, რადგან იმედი მაქვს, რომ სულაკაურის გამომცემლობა წელს ან გაისად მის საქართველოში ჩამოტყუებას შეძლებს. ვესაუბრებოდი მას არა კონკრეტულ პასაჟზე, არამედ ქართველებისა და კორეების, საზოგადოდ, ყველა დაპყრობილი ხალხის საზიარო ბედზე; იმაზე, რატომ არის, რომ კორეულ ოჯახზე დაწერილი საგა ასე მაგონებს ბევრი ქართული ოჯახის ხვედრს.
― როგორ იცვლება კითხვის პროცესი, როცა წიგნს პროფესიული თვალით უყურებთ? ახერხებთ თუ არა ხანდახან, იყოთ უბრალოდ მკითხველი?
― რამდენჯერ ამიღია წიგნი და პირველივე გვერდებზე გამიფიქრებია: "აუჰ, ამას რა თარგმნის!" ის, რაც სანეტარო საკითხავია მკითხველისთვის, შესაძლოა, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყოს მთარგმნელისთვის. იმას არ ვგულისხმობ, რომ მსუყე, მაღალფარდოვანი ენა ყოველთვის უფრო აძნელებს საქმეს. ხშირად პირიქითაა, სილაღისა და ბუნებრიობის ან პერსონაჟებისთვის სპეციფიკური მეტყველების ქართულ ენაზე გადმოტანა მეტისმეტად გაქართულების გარეშე დანის პირზე სიარულს ჰგავს. მაგრამ ვინაიდან უფრო მკითხველი ვარ, ვიდრე მთარგმნელი (წაკითხული და თარგმნილი წიგნების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ), საერთოდ არ მიჭირს, პროფესიული თვალი გამოვრთო და ტექსტით დავტკბე.
― თქვენი ძმა, დავით ყანჩაშვილი, პოეტია. რას ნიშნავს გყავდეს პოეტი ძმა? მოახდინა თუ არა ამან გავლენა ლიტერატურით თქვენს გატაცებაზე, თქვენს ლიტერატურულ გემოვნებაზე ან პროფესიულ არჩევანზე?
― გავბედავ და ვიტყვი, რომ გარკვეულწილად, პირიქით, მე ვიმოქმედე. სულ მცირე, კითხვისკენ წავახალისე მაინც. თუმცა დათოს პოეტობამ უფრო ადრე დამაახლოვა ლიტერატურულ წრეს. მისი ხათრით მეტი ყურადღება დავუთმე პოეზიას, რომელიც ნაკლებად მიყვარს, თუმცა, როგორც მწერლობის აღმატებულ ფორმას, დიდად ვაფასებ. დღემდე დათოს ახალი ლექსების პირველი და მკაცრი შემფასებელი ვარ და ძალიან მსიამოვნებს, როცა თავის "ახალშობილებს" მე მანდობს განსასჯელად. სხვათა შორის, გამოსაცემად მზადდება მისი ახალი კრებული და იმედი მაქვს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლიტერატურულ ცხოვრებას ზალპით დაუბრუნდება.
― როგორია ქეთევან ყანჩაშვილი ― მასწავლებელი? რას ნიშნავს თქვენთვის პასუხისმგებლობა ― ასწავლო სხვას?
― როდესაც ლექციების კითხვა დავიწყე, გამიკვირდა, რამდენად პერფორმაციულია ეს საქმიანობა. ყოველი ლექცია სცენაზე გამოსვლას ჰგავს ― უნდა დააინტერესო აუდიტორია, უნდა "დაიჭირო", წამით ვერ მოდუნდები. ეს პროცესი დიდად განსხვავდება თუნდაც წიგნის თარგმნისგან, სადაც ემოციურად ასე არ იხარჯები.
საქართველოში მასწავლებლობა სავალალოდ დაბალანაზღაურებადი პროფესიაა, მაგრამ სტუდენტების სიყვარული ყველაფერს მინაზღაურებდა. დარწმუნებული ვარ, ბევრ ლექტორს უნივერსიტეტში სწორედ ეს ფაქტორი აჩერებს.
ლექტორი ლმობიერი ვიყავი და, იმედი მაქვს, სამართლიანიც. იმავდროულად, ვცდილობდი, მკაცრი პედაგოგის ავტორიტეტის მოხვეჭის მიზნით სტუდენტების ცხოვრება არ გამერთულებინა. დღეს ჩემი ზოგიერთი სტუდენტი ჩემი კოლეგაა და ეჭვგარეშეა, მათი კიდევ უფრო დიდი წარმატების მომსწრე გავხდები.
― არც ისე დიდი ხანია, ტელემაყურებელმა ინტელექტკლუბის მოთამაშის ამპლუაშიც გაგიცნოთ, თუმცა, როგორც ვიცი, თამაში გაცილებით ადრე დაიწყეთ. რას ნიშნავს თქვენთვის "რა, სად, როდის?"
― კლუბში მეგობარმა მიმიყვანა დიდი ხნის წინ. მაშინ ჯერ კიდევ გავრცელებული იყო აზრი, რომ ერთი ქალი მაინც უნდა გეჯდეს გუნდში ქალური ინტუიციისთვის. ქალის წარმატებული თამაში არა ჭკუას, არამედ სწორედ ინტუიციას მიეწერებოდა. დღეისთვის დამოკიდებულება შეცვლილია. კლუბში ქალების რაოდენობამ იმატა და ტოლს არ უდებენ კაცებს, თუ ოჯახმა და შვილებმა ტაიმაუტის აღება არ აიძულა (კაცები თამაშს ასეთი მიზეზების გამო არ წყვეტენ). მე ნაკლებად აზარტული ვარ, ამიტომ პროცესით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ და შედეგზეც მხოლოდ იმდენად ვღელავ, რამდენადაც გუნდის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას. პროცესი კი ტურბულენტურია თავისი ბოლო წამს გამოცნობილი თუ გაფუჭებული კითხვებით, შეთამაშებით, ჩაწოდებებით, გადაფიქრებით, სწორი ვერსიის გადახაზვით და არასწორის დაწერით, კისრის მოგრეხით, რომ ტაბლოზე დაინახო, რომელ ადგილზე ხარ ან წუთის ამოწურვამდე სხვა გუნდების გამარჯვების ყიჟინის გამო დაზაფვრით.
ამ თამაშს ბევრი სპორტს უწოდებს, ჩემთვის კი ის ურთიერთობაა. ისეთ ადამიანებთან მაკავშირებს, რომლებთანაც სხვაგან ვერსად გადავიკვეთებოდი.
― როგორია წაგების ემოცია? დიდხანს ფიქრობთ ხოლმე კითხვაზე, რომლის პასუხი თითქოს იცოდით, მაგრამ ვერ გაიხსენეთ?
― ყველაზე რთულია, გაფუჭებულ კითხვაზე დარდი შეწყვიტო და თამაშის გაგრძელებაზე კონცენტრირდე. კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელიც გასწავლის, რომ წარუმატებლობა მწარე აბივით უნდა გადაყლაპო და უკანმოუხედავად გააგრძელო ცხვორება.
― ყველაზე უკეთ სად, როგორ გარემოში მუშაობთ?
― საკუთარ ოთახში, ქალის ამ უდიდეს მონაპოვარში.
― როგორია გარემო, სადაც ყველაზე უკეთ ისვენებთ?
― მარტოობა ჩემთვის დიდი კომფორტია. მშვენივრად შემიძლია, თავი გავირთო, ზოგჯერ საუკეთესო მომენტები არც კი მემეტება გასაზიარებლად, ამიტომ გულწრფელად მიკვირს, როცა მესმის, რომ სხვებს მარტოობა არ უყვართ.
― გაქვთ თუ არა სხვა, ნაკლებად "ინტელექტუალური" ჰობი?
― ოდესღაც ქარგვა მიყვარდა და დღემდე გვაქვს კედლებზე ჩამოკიდებული ჩემი ნაქარგები, მაგრამ ახლა დრო იმდენად ცოტაა, რომ მირჩევნია, წასაკითხი წიგნების გრძელი სია შევათხელო.
― რა არ გიყვართ საკუთარ თავში?
― მოთმინების არნახული უნარი. მგონია, რომ ამან ცხოვრებაში უკან დამწია.
― კიდევ რა სფეროში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
― იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ცხოვრებას სულ თავიდან რომ ვიწყებდე, საბუნებისმეტყველო საგნებს მეტ ყურადღებას მივაქცევდი, რადგან მგონია, რომ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ცოდნით სამყაროს საიდუმლოს სწვდები. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნაა, რაც ადამიანმა შეიძლება მოიპოვოს.
― რისი გეშინიათ?
― ბევრი რამის: სიმაღლის, წყლის, ფეხქვეშ მყარი ნიადაგის გამოცლის (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), სხვაზე დამოკიდებულების (ნებისმიერი ფორმით), ღამით ჩემი მშობლების ოთახში ანთებული შუქის, რაც რომელიმე მათგანის ცუდად ყოფნას ნიშნავს.
― რას უსურვებდით საკუთარ თავს?
― საკმარის ალღოსა და წინდახედულებას, რომ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.
თამარ ციბალაშვილი









