პერფექციონიზმი და თვითზრუნვა - რატომ იწვევს დასვენება დანაშაულის განცდას
გააზიარე:
ბოლო ხანს სიტყვა "თვითზრუნვა" ყველგან გვხვდება: TikTok-ზე, Instagram-ზე, ფსიქოლოგიურ პოდკასტებში, თვითდახმარების შესახებ წიგნებში. ლაპარაკობენ დასვენებაზე, საზღვრებზე, თერაპიაზე, ძილზე, ცხოვრების რიტმზე და თითქოს ყველა ვეთანხმებით, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
მაგრამ თვითზრუნვა ყველასთვის არ არის სასიამოვნო პროცესი. განსაკუთრებით უძიმთ პერფექციონისტებს.
პერფექციონისტი დასვენების დროსაც კი შინაგანად დაძაბულია. გონებაში უტრიალებს: “ახლა ამის დროა?!”; “მეტი უნდა ვიმუშაო”; “სხვები ჩემზე მეტს ასწრებენ”. საკუთარ თავზე ზრუნვაც კი მათში დანაშაულის განცდას იწვევს.
რატომ არის ასე?
სიტყვა "პერფექციონიზმის" გაგონებისას თვალწინ წარმოგვიდგება მოწესრიგებული, მოტივირებული, მაღალი სტანდარტების მქონე ადამიანი. ფსიქოლოგიაში პერფექციონიზმი ბევრად უფრო ღრმა შინაარსის მქონე ცნებაა.
პერფექციონისტი საკუთარ ღირებულებას თავისივე მიღწევებს უკავშირებს. მას სჯერა, რომ თუ წარმატებას ვერ მიაღწია, ესე იგი საკმარისად არ დაიხარჯა; რომ დასვენება სიზარმაცეა; რომ ის ზუსტად იმდენი ღირს, რამდენსაც აკეთებს.
ამიტომ თვითზრუნვა პერფექციონისტისთვის უბრალოდ თბილი აბაზანის მიღება ან ჰაერზე გასეირნება არ არის - ეს შრომისგან მოწყვეტაა, რაც მისთვის საკუთარი ღირებულების დაკარგვას ნიშნავს.
გარეშე თვალისთვის პერფექციონიზმი ხშირად შეუმჩნეველია, რადგან საზოგადოებაში ის ღირსებად აღიქმება. პერფექციონისტებს პასუხისმგებლობის გრძნობის, შრომისმოყვარეობისა და მაღალი სტანდარტებისთვის აქებენ. ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფრის უკან მუდმივი შფოთვა, თვითკრიტიკა და ემოციური გამოფიტვა იმალება.
პერფექციონისტისთვის შეცდომა უბრალოდ შეცდომა არ არის, ის პირად მარცხად აღიქმება, ამიტომ ასეთ ადამიანებს ხშირად საქმის დაწყებაც კი უჭირთ, რადგან ეშინიათ, რომ მას იდეალურად ვერ გააკეთებენ. ფსიქოლოგიაში ამას პერფექციონისტული პარალიზი ეწოდება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც შეცდომის შიში ადამიანს ხელს უშლის მოქმედებაში. შედეგად ის გამუდმებით დებს საქმის დაწყებას, მერე კი ამის გამო უფრო მეტად იდანაშაულებს თავს.
პერფექციონიზმი ძლიერ გავლენას ახდენს ურთიერთობებზეც. პერფექციონისტს უჭირს დახმარების თხოვნა, რადგან დამოუკიდებლობასა და სრულყოფილებას ერთმანეთთან აკავშირებს. მას ეშინია, რომ სისუსტე სხვის თვალში დაამცრობს, ამიტომ ცდილობს, ყველაფერს მარტო გაუმკლავდეს, მაშინაც კი, როცა უკვე გადაღლილია.
თვითზრუნვის შეუძლებლობაც აქედან მოდის. როდესაც ადამიანი მიჩვეულია საკუთარი თავის მხოლოდ მიღწევებით შეფასებას, დასვენებას "არაპროდუქტიულ" ქცევად აღიქვამს. ბევრ პერფექციონისტს დასვენების დროსაც კი არ შეუძლია ბოლომდე მოდუნება. ეს ადამიანები გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, რა აქვთ გასაკეთებელი, რას ვერ ასწრებენ ან როგორ იმუშაონ უფრო ეფექტურად.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ჯანსაღი თვითზრუნვა პერფექციონიზმს არ ეწინააღმდეგება. სინამდვილეში დასვენება, ემოციური საზღვრების დაცვა და საკუთარი შესაძლებლობების რეალისტური შეფასება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ადამიანის ღირებულება მისი შრომის ნაყოფიერებაზე არ არის დამოკიდებული. ადამიანის არსებობა საკმარისია, რომ ის პატივისცემასა და ზრუნვას იმსახურებდეს.
რატომ არ შეუძლიათ დასვენება პერფექციონისტებს
პერფექციონისტები მუდმივ შინაგან ზეწოლას განიცდიან, მაშინაც კი, როდესაც მათ არავინ არაფერს სთხოვს. მათ გონებაში მუდამ ფხიზლობს შინაგანი კრიტიკოსი.
პრობლემა ის არის, რომ პერფექციონისტული აზროვნება ადამიანს არ აძლევს სისრულის განცდის საშუალებას, რადგან ყოველთვის რჩება რაღაც, რისი უკეთ გაკეთებაც შეიძლებოდა. შედეგად საკუთარ თავზე ზრუნვა გამუდმებით სამომავლოდ იდება. პერფექციონისტი ფიქრობს: “ჯერ ამ საქმეს დავასრულებ და მერე დავისვენებ", მაგრამ ეს "მერე" არასოდეს დგება.
თვითზრუნვა როგორც პროექტი
საინტერესოა, რომ ზოგჯერ პერფექციონისტული ხდება თვითზრუნვაც.
მაგალითად, ადამიანი იწყებს დილის იდეალური რუტინის შემუშავებას, სრულყოფილი დასვენების დაგეგმვას, სწავლობს მედიტაციის "სწორად“ შესრულებას, ცდილობს, "ყველაზე ჯანსაღ" ცხოვრების წესს მისდიოს.
შედაგად თვითზრუნვა ახალ საქმედ იქცევა. დასვენება აღარ არის დასვენება — ის კიდევ ერთი სფეროა, სადაც ადამიანი ცდილობს, "საუკეთესო" იყოს.
ამ დროს თვითზრუნვა რეალურ ემოციურ საჭიროებებს კი არ ემსახურება, არამედ ისევ წარმატების, კონტროლის, იდეალურობისკენ სწრაფვით არის ნაკარნახევი.
რატომ იწვევს უმოქმედობა შფოთვას
ბევრი პერფექციონისტი ამბობს, რომ როდესაც არაფერს აკეთებს, შფოთვა იპყრობს. ეს შემთხვევითი არ არის.
თუ ადამიანი წლების განმავლობაში საკუთარ ღირებულებას მხოლოდ მიღწევებით აფასებდა, ლოგიკურია, რომ დასვენების დროს შეიძლება შინაგანად "უსარგებლოდ" იგრძნოს თავი.
ამავე დროს, გაჩერება, სიჩუმე ადამიანს საკუთარი ემოციების — დაღლილობის, შფოთვის, დაუცველობის — პირისპირ ტოვებს, მუშაობა კი ამ გრძნობებისგან გაქცევის საშუალებად იქცევა.
სოციალური მედიის ეფექტი
თანამედროვე კულტურა პერფექციონიზმს ახალისებს: თიკთოკ-სა და Iნსტაგრამ-ზე იდეალურობისკენ, სხვებზე უკეთესობისკენ მოგვიწოდებენ. ის კონტენტიც კი, რომელიც თითქოს თვითზრუნვაზეა, ხშირად პროდუქტიულობის ესთეტიკად იქცევა. მისი მოსმენის შედეგად ადამიანს უჩნდება განცდა, რომ გამუდმებით რაღაცას უნდა აკეთებდეს, გამუდმებით ვითარდებოდეს და საკუთარი თავის "საუკეთესო ვერსიად" ქცევისკენ ისწრაფვოდეს. ასეთ გარემოში დასვენება თითქმის დანაშაულად მიიჩნევა.
როგორ გამოიყურება რეალური თვითზრუნვა
რეალური თვითზრუნვა ესთეტიკური არ არის და ყოველთვის არ უკავშირდება ლამაზ ფოტოებსა და ჰარმონიულ გარემოს.
ზოგჯერ თვითზრუნვა ნიშნავს:
- დასვენებას მაშინ, როცა "ჯერ არ დაგიმსახურებია";
- საზღვრების დაწესებას;
- "არას" თქმას;
- საკუთარი არასრულყოფილების აღიარებასა და მიღებას;
- დახმარების თხოვნას
- ან უბრალოდ უსაქმოდ ყოფნას დანაშაულის განცდის გარეშე.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პერფექციონიზმის დაძლევის ერთ-ერთი გზა საკუთარი ღირებულების საკუთარი მიღწევებისგან გაცალკევებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ღირებულია მაშინაც, როდესაც ისვენებს. მაშინაც, როდესაც იდეალური არ არის. ღირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს.
პერფექციონისტს უმძიმს საკუთარ თავზე ზრუნვა, რადგან ეს ხშირად ეწინააღმდეგება შინაგან წესებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება მისდევდა. თუ წლების განმავლობაში გჯეროდა, რომ სიყვარულს და აღიარებას დამსახურება სჭირდება, შესაძლოა, დასვენება მართლაც დანაშაულის განცდას გადაეჯაჭვოს.
სინამდვილეში კი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა მაღალ პროდუქტიულობას არ ნიშნავს. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი სწორედ გაჩერებაა, არა იმიტომ, რომ ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანად ყოფნა მუშაობაზე მეტს ნიშნავს.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე









