მეგობრობა ჯგუფში და ჯგუფის გარეთ

გააზიარე:

6-7 წლის ასაკში ბავშვის სოციალური სამყარო საგრძნობლად იცვლება. მეგობრობა უკვე მხოლოდ ერთად თამაშს აღარ ნიშნავს. ჩნდება ჯგუფები, დაბადების დღის წვეულებები, პატარ-პატარა შეკრებები, საერთო საიდუმლოები და წრეები, რომლებიც ბავშვისთვის ხშირად ძალიან ბევრს ნიშნავს.

ბევრი მშობელი ამ პერიოდში ეჯახება ტიპურ სირთულეს: მის შვილს ჰყავს მეგობრების წრე, ეპატიჟებიან შეკრებებზე, თამაშებზე, გასვლებზე, მაგრამ კლასში არის მისი კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც ამ წრეში არ შედის, და ერთ დღესაც ბავშვი ასეთი კითხვებით ბრუნდება სახლში:

― ვუთხრა, რომ წავედით?

― ეწყინება?

― ის არ დაპატიჟეს და მაინც წავიდე?

მშობლისთვის ეს რთული და ემოციური თემაა. ერთი მხრივ, გვინდა, ბავშვმა ისიამოვნოს მეგობრებთან ურთიერთობით, მეორე მხრივ კი გვინდა, კეთილ და ემპათიურ ადამიანად გაიზარდოს. ყველაზე ძნელი ბალანსის პოვნაა: როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ სხვისი გრძნობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა სიტუაციაში ყველას ჩართვა ვერ ხერხდება?

სინამდვილეში ასეთი გამოცდილება ბავშვის ემოციური განვითარების ბუნებრივი ნაწილია. ამ ასაკში ის იწყებს გააზრებას, რას ნიშნავს ერთგულება, თანაგრძნობა, ჯგუფის წევრობა, სირცხვილი და პასუხისმგებლობა. მისი ემოციური სამყარო მდიდრდება და ხშირად ის გულწრფელად განიცდის, როცა ხვდება, რომ ვინმემ შეიძლება თავი გარიყულად იგრძნოს.

რატომ მოქმედებს ბავშვებზე ეს სიტუაცია ასე ძლიერ?

6-7 წლის ბავშვები სოციალურ სიტუაციებს ხშირად მეტისმეტად სწორხაზოვნად აღიქვამენ. დაპატიჟება მათთვის მეგობრობის დასტურია, ხოლო დაუპატიჟებლობა ― უარყოფა. ამიტომ ბავშვი შესაძლოა ერთდროულად ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ემოციას განიცდიდეს: უხაროდეს, რომ თავად ჯგუფის ნაწილია და ამავე დროს დანაშაულის განცდაც ჰქონდეს, რადგან მისი სხვა მეგობარი გარეთ დარჩა.

ეს შინაგანი კონფლიქტი ნორმალურია. ბავშვს შესაძლოა მართლა უყვარდეს ის მეგობარი, რომელიც ჯგუფის წევრი არ არის, მაგრამ ძალიან უნდოდეს ჯგუფში საკუთარი ადგილის შენარჩუნებაც. ამ ასაკში ადგილი კლასის სოციალურ იერარქიაში ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.

რა არ უნდა გააკეთონ მშობლებმა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა უკიდურესობაში გადავარდნაა.

ზოგი მშობელი ბავშვს ეუბნება, რომ ვალდებულია, ყველა სიტუაციაში ყველა ჩართოს, ზოგი კი არწმუნებს, რომ ეს მისი პრობლემა არ არის.

სინამდვილეში არცერთი მიდგომა არ უვითარებს ბავშვს ჯანსაღ სოციალურ უნარებს.

ბავშვმა ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაიგოს:

შეუძლებელია ყველა შეკრებაზე ყველას დაპატიჟება, მაგრამ კეთილგანწყობა მნიშვნელოვანია.

სწორედ ეს ბალანსია ემოციური ინტელექტის საფუძველი.

როგორ ავუხსნათ ბავშვს განსხვავება საიდუმლოსა და პირად სივრცეს შორის

ბევრ ბავშვს ჰგონია, რომ მხოლოდ ორი არჩევანი არსებობს: ან ყველაფერი უნდა თქვა, ან არაფერი.

მშობელს შეუძლია აუხსნას, რომ არსებობს შუალედური გზაც:

შეკრება საიდუმლოდ არ უნდა იქცეს, მაგრამ არც ისე უნდა განიხილებოდეს, რომ სხვას თავი ცუდად აგრძნობინოს. მაგალითად, საჭირო არ არის, ბავშვი მთელი შესვენება აღფრთოვანებით უყვებოდეს კლასელს წვეულების შესახებ, თუ იცის, რომ ის არ იყო დაპატიჟებული.

ეს ტყუილს არ ნიშნავს. ეს სოციალური თანაგრძნობაა.

ბავშვისთვის სავსებით გასაგები იქნება მარტივი ახსნა: "არ არის საჭირო გართობის დამალვა, მაგრამ არც ის არის აუცილებელი, სხვას თავი გარიყულად აგრძნობინო".

რა თქვას ბავშვმა, თუ პირდაპირ ჰკითხეს?

მშობელს შეუძლია, ბავშვს ასწავლოს მარტივი და მშვიდი პასუხები, რათა ის არასასიამოვნო სიტუაციაში პანიკამ არ შეიპყროს.

მაგალითად: "კი, გუშინ კლასელთან ვიყავით".

არ არის საჭირო ვრცელი ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რატომ არ იყო კონკრეტული ადამიანი დაპატიჟებული. ზედმეტი დეტალები ხშირად უხერხულობას აძლიერებს

მშვიდად ნათქვამი მოკლე და გულწრფელი პასუხი, როგორც წესი, საუკეთესო გამოსავალია.

ბავშვი ვალდებული არ არის, ყველა სოციალური სიტუაცია გამოასწოროს

განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვები ფიქრობენ: "თუ ვინმე ნაწყენი დარჩა, ეს უნდა გამოვასწორო".

მშობელმა ბავშვს ზედმეტი პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს. პირველკლასელს მთელი კლასის სოციალური ემოციების ტარება არ შეუძლია.

ჯობია, ბავშვმა ისწავლოს, რომ მისი პასუხისმგებლობა ადამიანებისადმი კეთილგანწყობა და პატივისცემაა, მაგრამ არა ჯგუფის ყველა გადაწყვეტილების მართვა.

ეს ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია, სკოლაში ისევ თბილად ესაუბროს იმ თანაკლასელს, ეთამაშოს, შეინარჩუნოს მასთან მეგობრული ურთიერთობა და ამავე დროს წავიდეს შეკრებაზე, სადაც ის არ დაპატიჟეს.

ჯგუფიდან გარიყვის შიშიც რეალურია

მშობლები ხშირად ვერ ამჩნევენ ბავშვის შიშს, თავადაც არ დაკარგოს ადგილი ჯგუფში.

ამ ასაკში მეგობრობა ბავშვებს ძალიან ემოციური და არასტაბილური ეჩვენებათ. ზოგი ფიქრობს: "თუ მას გამოვექომაგე, მეც აღარ დამპატიჟებენ"; "თუ ვთხოვე, რომ ისიც დაპატიჟონ, შეიძლება უცნაურად შემომხედონ".

ასეთი შიშების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. უმჯობესია, მშობელმა აღიაროს ბავშვის განცდა: "რთულია, როცა გინდა, რომ ყველა კარგად იყოს და თან ჯგუფის ნაწილადაც დარჩე".

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ჯანსაღი სოციალური უნარების განვითარებაში

მშობლის რეაქცია ასეთ სიტუაციებში ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი საუკეთესო გზა ემოციებზე საუბარია და არა მხოლოდ იმის გარკვევა, ვინ იყო მართალი და ვინ ― დამნაშავე.

მაგალითად, ნაცვლად ამისა: "ისიც რატომ არ დააპატიჟებინე?" "ისიც რატომ არ წაიყვანე?" ― ჯობია, ვკითხოთ: "როგორ ფიქრობ, რა მიზეზით არ პატიჟებენ მას? იქნებ მასთან ნაკლებად მეგობრობენ?"

ასეთი კითხვები ბავშვს დაფიქრებისკენ უბიძგებს და არა თავდაცვისკენ.

ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვმა მეგობრობა მხოლოდ ჯგუფურ ურთიერთობებზე არ ააწყოს. თუ მას ნამდვილად მოსწონს ის კლასელი, რომელიც ხშირად გარეთ რჩება, მშობელს შეუძლია, ხელი შეუწყოს მათ ცალკე ურთიერთობას ინდივიდუალური თამაშებით ან შეხვედრებით.

შეცდომები პროცესის ნაწილია

ყველაზე კეთილი ბავშვიც კი ზოგჯერ არასწორად იქცევა. შესაძლოა, უნებლიეთ წაიტრაბახოს, უტაქტოდ უპასუხოს ან უბრალოდ თავი აარიდოს რთულ სიტუაციას.

ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი გულცივი იზრდება.

სოციალურ უნარებს გამოცდილება აყალიბებს. ბავშვებს სწორედ ასეთი არასასიამოვნო მომენტები ასწავლის ემპათიას, საზღვრებს, პატივისცემას და ურთიერთობების მართვას.

ხშირად ის, რომ ბავშვი სვამს კითხვას: "ნეტავი ეწყინება თუ არა?" ― უკვე მნიშვნელოვანია.

ეს ნიშნავს, რომ მას თანაგრძნობის უნარი უყალიბდება. ამ ასაკში ემპათია ჯერ კიდევ მოუმწიფებელი და არასტაბილურია, მაგრამ სწორედ ასეთ სიტუაციებში ითვისებენ ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ უნარს: როგორ იყვნენ ჯგუფის ნაწილი ისე, რომ სხვების მიმართ კეთილგანწყობა არ დაკარგონ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: