კვებითი რეკომენდაციები გასტრიტის დროს

გააზიარე:

დღეს, როცა სწრაფი კვება, არარეგულარული რეჟიმი და ქრონიკული სტრესი ყოველდღიურობის ნაწილია, გასტრიტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გასტროენტეროლოგიურ პრობლემად იქცა. კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება ხშირად ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი და წვა, სიმძიმის შეგრძნება, გულისრევა, შებერილობა და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში. ბევრი ამ ჩივილებს ზერელედ ეკიდება ან თვითმკურნალობას ცდილობს, მაგრამ ავიწყდება მთავარი — კუჭი უშუალოდ რეაგირებს იმაზე, რას, როგორ და რა რეჟიმით მივირთმევთ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და “ავერსის კლინიკის” ექიმი გასტროენტეროლოგი თამარ გიგიშვილი გვესაუბრება გასტრიტის დროს კვების თავისებურებებზე, გვიზიარებს რეკომენდაციებს კვების სწორი რეჟიმისა და იმ პრაქტიკული ჩვევების შესახებ, რომლებიც კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვას, სიმპტომების მართვასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

— ქალბატონო თამარ, რა არის და როგორ ვითარდება გასტრიტი?

— გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის გავლენით ვითარდება. ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორისაა Helicobacter pylori-თ ინფიცირება და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების, მაგალითად, ასპირინისა და იბუპროფენის, ხანგრძლივი ან არასწორი გამოყენება. დაავადების განვითარებას ასევე უწყობს ხელს ჭარბი ალკოჰოლი, ზედმეტად ცხარე და მჟავე საკვები, სტრესი, ავტოიმუნური პროცესები.

გასტრიტი ან მწვავეა, ან ქრონიკული. ქრონიკული ფორმა ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მის არსებობას მხოლოდ გამოკვლევის დროს აღმოაჩენენ.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება კუჭში, მადის დაქვეითება, ღებინება და გულძმარვა.

გასტრიტს შეუძლია, გამოიწვიოს გართულებები, მათ შორის — კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა, ქრონიკული ანემია. შედარებით იშვიათად, განსაკუთრებით — H. პყლორი-სთან ასოცირებული ქრონიკული ფორმის დროს, იმატებს კუჭის კიბოს განვითარების რისკი.

კვების გავლენა გასტრიტზე

— შეიძლება თუ არა, არასწორმა კვებამ ხელი შეუწყოს გასტრიტის განვითარებას?

— საზოგადოდ, არარეგულარული კვება, ცხოვრების სწრაფი ტემპი, სტრესი, გადამუშავებული საკვების ხშირი მიღება, ჭარბი კოფეინი, ალკოჰოლი და მოწევა უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ზრდის ისეთი სიმპტომების აღმოცენების რისკს, როგორიცაა გულძმარვა, სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა, ტკივილი, გულისრევა.

კვება უმეტესად არ არის გასტრიტის უშუალო მიზეზი, მაგრამ დადასტურებულია, რომ არასწორ კვებას შეუძლია, ხელი შეუწყოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, H. pylori-თ გამოწვეული ინფექციის დროს ანთებითი პროცესის გამწვავებას და მდგომარეობის გაუარესებას.

მიუხედავად იმისა, რომ რაციონის კორექცია ყოველთვის ვერ ახდენს გავლენას დაავადების ეტიოლოგიურ ფაქტორებზე (H. pylori, მედიკამენტური აგრესია, ფსიქოემოციური სტრესი), სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სწორი კვება პრევენციის, სიმპტომების შემსუბუქებისა და მდგომარეობის მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

სწორი კვება და კვებითი ჩვევები არა მხოლოდ არსებული ჩივილების შემსუბუქებას უწყობს ხელს, არამედ განსაზღვრულ შემთხვევებში ისეთი გართულებების ალბათობასაც ამცირებს, როგორიცაა ეროზია, წყლული ან მუდმივი ანთება.

კვების ძირითადი პრინციპები

— რა ტიპის კვებაა რეკომენდებული გასტრიტის დროს?

— მთავარი პრინციპი კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვაა. კვება და კვების რეჟიმი ყოველთვის ინდივიდუალურად, სიმპტომების, დაავადების ფორმისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს.

მაგალითად, თუ პაციენტი უმთავრესად უჩივის მომატებული მჟავიანობის ნიშნებს — გულძმარვას, ბოყინს მჟავას ამოსვლით, მშიერზე წვას, რომელიც ჭამის შემდეგ იკლებს, აქცენტი კუჭის ლორწოვანის დაცვასა და აგრესიული მჟავას ნეიტრალიზებაზე დაისმის. ამ დროს მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ან რაციონიდან ამოვიღოთ ალკოჰოლი, კოფეინი, ციტრუსი, პომიდორი, ტომატიანი და ძმრიანი კერძები — ისინი ზრდიან კუჭის მჟავიანობას და უფრო მეტად აღიზიანებენ უკვე ანთებად ლორწოვანს.

თუ პაციენტი უჩივის კუჭის მიდამოში სიმძიმის შეგრძნებას, სწრაფ დანაყრებას (ორიოდე ლუკმის შემდეგ კუჭის სისავსის განცდას), შებერილობას და გულისრევას, დიდია ალბათობა, ჰქონდეს კუჭის მოტორული ფუნქციის დარღვევა — ამ დროს კუჭი საკვებს შედარებით ნელა ამუშავებს და მასის გადაადგილება ფერხდება. უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი და დამუშავებული საკვები, არც დიდი ულუფების მიღება შეიძლება, რადგან ეს ყველაფერი კუჭის დაცლას ანელებს და სიმპტომების გაძლიერებას უწყობს ხელს.

თუ მწვავე გასტრიტის დროს მთავარი მიზანი ხანძრის ჩაქრობა და ლორწოვანის სასწრაფო დამშვიდებაა, ქრონიკული ფორმის შემთხვევაში აქცენტი დაისმის ხანგრძლივ მართვასა და რეციდივების პრევენციაზე.

მწვავე გასტრიტის პერიოდში რეკომენდებულია მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი საკვები — მოხარშული, ორთქლზე მომზადებული, ჩაშუშული, თხევადი ან ნახევრად თხევადი კონსისტენციის კერძები, მაგალითად, წყალზე მომზადებული შვრიის ან ბრინჯის თხელი ფაფა, ბოსტნეულის (კარტოფილის, სტაფილოს) ნაზი კრემ-სუპები. არ არის ნებადართული უმი ხილი და ბოსტნეული, რძე, ყავა, ტკბილეული, ცხიმიანი, მძიმე და დამუშავებული საკვები, სანელებლები.

ქრონიკული გასტრიტის დროს მნიშვნელოვანია არა დროებითი მკაცრი შეზღუდვები, არამედ გრძელვადიანი და მოწესრიგებული კვებითი რეჟიმი, დამზოგველი, მაგრამ სრულფასოვანი რაციონი. ნებადართულია თერმულად დამუშავებული ბოსტნეულის უმეტესობა, მწიფე ხილი (გაფცქვნილი), რძის ნაწარმი. საკვების დაქუცმაცება აუცილებელი არ არის, მაგრამ საჭიროა საფუძვლიანი დაღეჭვა. მაშინაც კი, როცა ტკივილი არ გაწუხებთ, უარი უნდა თქვათ შებოლილ ხორცპროდუქტებზე, ცხარე სოუსებზე, გაზიან სასმელებზე, დიდი რაოდენობით ცხიმზე.

— რამდენად მნიშვნელოვანია კვებითი ჩვევები?

— კვებითი ჩვევები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასტრიტის მართვისას. კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების დროს არარეგულარული კვება, ხანგრძლივი შიმშილი და საკვების დიდი ულუფებით მიღება აძლიერებს მჟავას სეკრეციას, ტვირთავს კუჭს და სიმპტომების გამწვავებას უწყობს ხელს.

ამიტომ:

* იკვებეთ ფრაქციულად. მიიღეთ დღეში 4-5 მცირე ულუფა (3 ძირითადი და 1-2 წახემსება) — ხშირი და ზომიერი კვება ხელს უწყობს კუჭის შედარებით სტაბილურ მუშაობას და ამცირებს დისკომფორტის ალბათობას.

* დაიცავით კვების რიტმი. როდესაც ადამიანი ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იკვებება, საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო ორგანიზებულად მუშაობს, ქაოსური კვებითი რეჟიმი კი ზოგიერთ პაციენტში მჟავას არათანაბარ სეკრეციასა და სიმპტომების გაძლიერებას უკავშირდება.

* აკონტროლეთ ულუფის ზომა. ულუფა ისეთი მოცულობის უნდა იყოს (დაახლოებით 200-300 გ/მლ), რომ კუჭი არ გადაიტვირთოს. დიდი ულუფებით კვება იწვევს კუჭის კედლების გადაჭიმვას, ანელებს დაცლას და აძლიერებს სიმძიმის, შებერილობისა და გულისრევის შეგრძნებას.

* საუზმე მნიშვნელოვანია ღამის განმავლობაში დაგროვილი მჟავის დასაბალანსებლად. რაც შეეხება ვახშამს, ის უნდა მიირთვათ დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე, რათა თავიდან აიცილოთ საკვების დაყოვნება და ღამის რეფლუქსი (მჟავას ამოსვლა საყლაპავში).

გასტრიტის დროს მნიშვნელობა აქვს საკვებისა და სასმლის ტემპერატურასაც. ძალიან ცხელი საკვები და სასმელი აღიზიანებს ანთებად ლორწოვანს და შესაძლოა, ტკივილი და წვა გააძლიეროს, ხოლო ძალიან ცივი პროდუქტები ზოგიერთ პაციენტთან ანელებს მონელების პროცესს, იწვევს სიმძიმის შეგრძნებასა და სპაზმს, ამიტომ რეკომენდებულია, მიიღოთ ზომიერად თბილი.

რეკომენდებული და არარეკომენდებული საკვები

— რომელი საკვები აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და ამწვავებს სიმპტომებს და პირიქით, რომელი უწყობს ხელს ლორწოვანის აღდგენას და ამსუბუქებს მდგომარეობას?

— გასტრიტის დროს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და სიმპტომების გამწვავება შეუძლია:

* ცხიმიან და შემწვარ საკვებს — ცხიმი ანელებს კუჭის დაცლას, რის შედეგადაც ძლიერდება სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა და გულისრევა;

* ცხარე და ზედმეტად შესუნელებულ კერძებს — დამატებით აღიზიანებს ლორწოვან გარსს და აძლიერებს წვისა და დისკომფორტის შეგრძნებას;

* მჟავე პროდუქტებს — ძმრიან კერძებს, პომიდვრის კონცენტრირებულ ნაწარმს, ტომატ-პასტას, მწნილს და ზოგიერთ მჟავე ხილს: ციტრუსებს, ანანასს, კივის, ბროწეულს, ვაშლს;

* დამუშავებულ საკვებს — ნახევარფაბრიკატები, სწრაფი კვების პროდუქტები, დანამატებით, არომატიზატორებითა და ტრანსცხიმებით მდიდარი საკვები ხშირად ძნელი მოსანელებელია;

* ცომეულს — თეთრ და უხეში ბოჭკოს შემცველ პურს, ახალ პურს, ტოსტს, კრუასანს და თეთრი ფქვილის სხვა ნაწარმს;

* ზოგიერთ ბოსტნეულს — პომიდორს, წიწაკას, უმ ხახვს, ნიორს. მწვავე პერიოდში უმი და უხეშბოჭკოვანი ბოსტნეული უნდა შემცირდეს;

* პარკოსნებს — მუხუდოს, ლობიოს და სოიას. მათი შეზღუდვა აუცილებელია, თუ მათი მიღების შემდეგ პაციენტი უჩივის მუცლის შებერილობასა და მეტეორიზმს;

* ცხიმიან და მაღალი მჟავიანობის მქონე რძის ნაწარმს — ნაღებს, ცხიმიან / ძალიან მარილიან ყველს, მაღალცხიმიან რძეს, მომჟავო მაწონს, ხაჭოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს კუჭის მჟავიანობა მომატებული აქვს;

* ტკბილეულს, რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმსა და შოკოლადს შეიცავს — კრემიანი ნამცხვრებს, ტორტს. საშიშია ნაყინიც — ცივი ტემპერატურისა და მაღალი ცხიმიანობის კომბინაცია ხშირად იწვევს სპაზმს.

უნდა ითქვას, რომ პროდუქტი, რომელიც ერთ პაციენტთან სიმპტომების მყისიერ გამწვავებას იწვევს, მეორისთვის შესაძლოა სრულიად უვნებელი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ მკაცრი, ბრმა და ხანგრძლივი კვებითი შეზღუდვები სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე არც ეფექტურია და, ამასთანავე, კვებითი დეფიციტის განვითარების რისკსაც ზრდის.

რეკომენდებულია:

მარცვლეული: კარგად მოხარშული და რბილი კონსისტენციის შვრიის, ბრინჯის, წიწიბურას, მანანის ფაფა, განსაკუთრებით დილის საათებში, ასევე — ამარანტი, კინოა. წყალზე მომზადებულ ბლანტ ფაფებს შემომგარსველი თვისება აქვთ: ისინი ეკვრიან კუჭის შიდა კედლებს და იცავენ მას მარილმჟავას აგრესიული ზემოქმედებისგან;

თერმულად დამუშავებული ბოსტნეული: კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ბადრიჯანი, გოგრა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფურცლები, ისპანახი;

ნაკლებად მჟავე და კარგად დამწიფებული ხილი: ბანანი, ტკბილი ვაშლი, მსხალი, ატამი. ხშირად კუჭი გაცილებით უკეთ ინელებს თერმულად დამუშავებულს, მაგალითად, გამომცხვარ ვაშლს, ხილის პიურეს;

მჭლე და ადვილად მოსანელებელი ცილა: ქათმისა და ინდაურის ფილე (კანგაცლილი), საქონლის მჭლე ხორცი, ასევე — წყალში ან ორთქლში მოხარშული თევზი. კარგად აიტანება თოხლოდ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული კვერცხი. ნაკლებად რეკომენდებულია შემწვარი;

რძის ნაწარმი: დაბალცხიმიანი და ნაკლებად მჟავე რძის პროდუქტები, მაგალითად, მაწონი და იოგურტი დანამატების გარეშე, ხაჭო და ნაკლებად მარილიანი ყველი, თუმცა რძის ნაწარმის მიმართ მგრძნობელობა ინდივიდუალურია;

თხილეული და თესლეული: ნებისმიერი სახის დაუმარილებელი თხილეული ინდივიდუალური თავსებადობის მიხედვით;

ცხიმები: სასურველია მცირე რაოდენობით ჯანსაღი მცენარეული (ზეითუნის, რაფსის, სელის) ზეთის გამოყენება.

რეკომენდებული და არარეკომენდებული სასმელები

— რომელი სასმელია ნებადართული და რომელი — არა?

— ბევრი ყურადღებით ეკიდება კვებას, მაგრამ ავიწყდება, რომ დილით დალეული ფინჯანი ყავა ან გაზიანი წყალიც შეიძლება მთელი დღის დისკომფორტის მიზეზად იქცეს.

რეკომენდებულია:

წყალი. საუკეთესო არჩევანია ოთახის ტემპერატურის, არაგაზირებული. დღის განმავლობაში უნდა სვათ საკმარისი ოდენობით, განსაკუთრებით — კვებიდან კვებამდე.

ზოგიერთი მცენარეული ჩაი — გვირილის, ცაცხვის, კამის (თუ პაციენტი კარგად იტანს). ცერეცოს, ანისის და კვლიავის ჩაის კარგია შებერილობის დროს. ნებადართულია ასევე სუსტი შავი ან მწვანე ჩაი.

კისელი და განზავებული ნატურალური წვენები. განსაკუთრებით რეკომენდებულია კისელი, რომელიც ბლანტი კონსისტენციის წყალობით საუკეთესოდ შემოგარსავს კუჭის კედლებს.

მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ან გამოირიცხოს:

ალკოჰოლი — ნებისმიერი სახის ალკოჰოლი სასმელი (განსაკუთრებით ლუდი და ღვინო) ასტიმულირებს მარილმჟავას სეკრეციას და აზიანებს ლორწოვან ბარიერს;

გაზიანი სასმელები — ხშირად აძლიერებს შებერილობასა და ბოყინს;

კოფეინიანი სასმელები — მაგარი ყავა, მუქი ჩაი და ენერგეტიკული სასმელები, რომლებიც ზოგიერთ პაციენტს გულძმარვასა და მჟავიანობასთან დაკავშირებულ სიმპტომებს უძლიერებს;

მჟავე წვენები — ფორთოხლის, გრეიპფრუტის, ბროწეულის, პომიდვრის და სხვა.

სასმელების მიმართ მგრძნობელობა ინდივიდუალურია. ზოგი პაციენტი მცირე რაოდენობით ყავას ან ჩაის კარგად იტანს, ზოგიერთს კი ეს სასმელები სიმპტომებს უმწვავებს.

რეკომენდებულია სითხის ნელა, მცირე ყლუპებით მიღება, რათა შემცირდეს ჰაერის გადაყლაპვის (აეროფაგიის) და ბოყინის რისკი.

დანამატები

— უწყობს თუ არა ხელს გამოჯანმრთელების პროცესს საკვები დანამატები, პრე- და პრობიოტიკები?

— საკვები დანამატების, პრე- და პრობიოტიკების როლი გასტრიტის მართვაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. განსაზღვრულ შემთხვევებში მათ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას და ისეთი სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა შებერილობა და დისკომფორტი, თუმცა ეს დამხმარე საშუალებებია და არა ძირითადი, მათი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა თვითნებურად.

თუ გასტრიტის მიზეზი H. pylori-სთან დაკავშირებული ინფექციაა, მკურნალობის კურსში აუცილებლად რთავენ ანტიბიოტიკებს. ამ დროს პრობიოტიკული დანამატები გამოიყენება ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსის შესანარჩუნებლად და ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული თანმხლები ეფექტების შესამცირებლად.

მართალია, პრებიოტიკები ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, რითაც ამცირებს ანთებით პროცესებს და აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, მაგრამ ზოგიერთი ტიპის ბოჭკომ (მაგალითად, ინულინმა), შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის შებერილობა და დისკომფორტი, რაც გასტრიტის სიმპტომებს გაამწვავებს, ამიტომ ასეთი დანამატები უფრო ეფექტურია გამოჯანმრთელებისა და აღდგენით ფაზაში, როდესაც მწვავე ტკივილი და წვა უკვე ჩამცხრალია.

რაც შეეხება ვიტამინებსა და მინერალებს, გასტრიტის ზოგიერთ ფორმას, განსაკუთრებით — ატროფიულ გასტრიტს, შესაძლოა თან ახლდეს რკინისა და ვიტამინ B12-ის დეფიციტი. ამ შემთხვევაში დანამატების მიღება აუცილებელია დეფიციტის კორექციისთვის. ზოგიერთი კვლევა იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შესაძლოა ჰქონდეს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, თუმცა მათი მიღება ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს, მაგალითად, ზეთოვანმა ფორმამ შესაძლოა გულძმარვა გამოიწვიოს.

რჩევები

— პაციენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა საკუთარ სიმპტომებზე დაკვირვება და ისეთი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. ხშირად სწორედ ყოველდღიური ჩვევების შეცვლა ეხმარება პაციენტებს სიმპტომების უკეთ კონტროლსა და გამწვავების თავიდან აცილებაში.

ძირითადი რეკომენდაციები ასეთია:

  • იკვებეთ რეგულარულად, მცირე ულუფებით. ერიდეთ ხანგრძლივ შიმშილს.
  • საკვები მიიღეთ ნელა, მშვიდ გარემოში, და საფუძვლიანად დაღეჭეთ, განსაკუთრებით — შებერილობის დროს.
  • ერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს სიმპტომების პროვოცირებას.
  • ერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინით მდიდარ სასმელებს.
  • დღის განმავლობაში მიიღეთ საკმარისი სითხე.
  • ერიდეთ მედიკამენტების, განსაკუთრებით — ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, თვითნებურად ხანგრძლივ გამოყენებას.
  • ერიდეთ ზედმეტად მკაცრ დიეტებს. თუ პროდუქტი დისკომფორტს არ იწვევს, რაციონიდან მისი ამოღება აუცილებელი არ არის.

მნიშვნელოვანია, პაციენტმა თვითმკურნალობა არ სცადოს და ხანგრძლივი ან ხშირად განმეორებადი სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართოს ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უჩივის წონის კლებას, ყლაპვის გაძნელებას, ღებინებას, სისხლიან განავალს ან მუდმივ ტკივილს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: