ფეხების შეშუპება
Share:
ფეხების შეშუპება საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. მართალია, ზოგჯერ ის მხოლოდ ფეხზე დიდხანს დგომის ან ცხოვრების მჯდომარე წესის შედეგია, მაგრამ მედიცინაში მას მნიშვნელოვან კლინიკურ სიმპტომად განიხილავენ, რომელიც შესაძლოა ორგანიზმში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებზე მიანიშნებდეს.
შეშუპება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ქსოვილებში ჭარბი სითხე გროვდება. ზოგჯერ ის მხოლოდ ტერფებსა და წვივებზეა ლოკალიზებული, ზოგჯერ მთელ ქვედა კიდურს მოიცავს. ექიმს უნდა შეეძლოს, ერთმანეთისგან განასხვაოს მისი გამომწვევი მდგომარეობები. სწორი დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ცალმხრივია შეშუპება თუ ორმხრივი, ახლავს თუ არა თან ტკივილი, კანის ფერის ცვლილება ან სუნთქვის გაძნელება.
რა არის შეშუპება
მედიცინაში შეშუპებას ედემა ეწოდება. ეს არის რბილი ქსოვილების მოცულობის მატება, რაც მათში ჭარბი სითხის დაგროვებით არის გამოწვეული. საინტერესოა, რომ ეს სითხე მეტწილად წყლისგან შედგება, თუმცა ინფექციების ან ლიმფური სისტემის დაზიანების დროს ის შესაძლოა ცილებითა და უჯრედული ელემენტებითაც გამდიდრდეს.
როგორ ვითარდება პროცესი
შეშუპება შეიძლება იყოს გენერალიზებულიც და ლოკალურიც (მაგალითად, შემოიფარგლებოდეს ერთი კიდურით ან კიდურის ნაწილით). ის ზოგჯერ მოულოდნელად ვითარდება: პაციენტი უეცრად ამჩნევს, რომ კიდური გაუსივდა, რაც საყურადღებო ნიშანია, ― მაგრამ უფრო ხშირად პროცესი ეტაპობრივია, ფარული. ის იწყება წონის მატებით, დილაობით თვალების გარშემო უმნიშვნელო შესივებით, დღის ბოლოს კი ― ფეხსაცმლის მოჭერით. ბევრი ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც შეშუპება უკვე თვალსაჩინო და მასიურია. მწოლიარე პაციენტებს შესაძლოა შეუშუპდეთ არა ფეხები, არამედ წელისა და დუნდულების არე, რადგან სითხე ყოველთვის სხეულის ყველაზე დაბალ წერტილში გროვდება.
მექანიზმი
იმისთვის, რომ სითხე სისხლძარღვიდან ქსოვილებში გადავიდეს, რამდენიმე ძირითადი მექანიზმი ირთვება:
* ჰიდროსტატიკური წნევის მომატება ― როდესაც სისხლძარღვში წნევა იმატებს, სითხე გარეთ გამოჟონავს;
* პლაზმის ონკოზური წნევის შემცირება ― სისხლში არსებული ცილები (განსაკუთრებით ალბუმინი) სითხეს სისხლძარღვში აკავებს. როდესაც ცილების დონე იკლებს (მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებების დროს), სითხე ადვილად გამოდის გარეთ. ასეთ დროს შუპდება არა მხოლოდ ფეხები, არამედ მთელი სხეული, მათ შორის სახეც.
* კაპილარების შეღწევადობის მატება ― ჯანმრთელი სისხლძარღვის კედელი ნატიფი, მაგრამ მტკიცეა. ანთებისა და ტოქსინების ზემოქმედების შედეგად ის უფრო ფოროვანი ხდება და ადვილად ატარებს სითხეს.
* ლიმფური სისტემის ბლოკირება ― ლიმფური სისტემა ორგანიზმის დრენაჟს უზრუნველყოფს. როდესაც მისი მუშაობა ფერხდება, ქსოვილებში გროვდება ცილებით მდიდარი სითხე. ეს ცილები იზიდავს და აკავებს წყალს, რაც მკვრივ და ძნელად მოსახსნელ შეშუპებას განაპირობებს.
თავად შეშუპება უმეტესად უმტკივნეულოა და მხოლოდ დაჭიმულობის შეგრძნებას იწვევს, მაგრამ თანმხლები სიმპტომები ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგალითად, თუ შეშუპებას თან ახლავს ქოშინი, სავარაუდოა გულის უკმარისობა. თუ შეშუპება მხოლოდ ცალ ფეხზეა და თან ახლავს ტკივილი, ეს შესაძლოა ვენების თრომბოზის ნიშანი იყოს.
მიზეზები
იმის გასაგებად, რამდენად საშიშია ფეხების შეშუპება, უპირველეს ყოვლისა, მისი გამომწვევი ფაქტორის იდენტიფიცირებაა საჭირო. შეშუპების მიზეზების სპექტრი საკმაოდ ფართოა ― უწყინარი დაღლილობიდან სერიოზულ ორგანულ დაზიანებებამდე.
ყველაზე გავრცელებულ მიზეზად მაინც ისეთი ცხოვრების წესი მიიჩნევა, რომელიც დიდხანს ჯდომას (მაგალითად, ფრენისას) ან დგომას მოითხოვს. პრობლემას ამწვავებს ჭარბი წონა და მჭიდრო ტანსაცმელი ― ზედმეტად ვიწრო ჯინსები ან წინდები, რომლებიც ხელს უშლის სითხის თავისუფალ ცირკულაციას. აქვე უნდა ითქვას, რომ ფეხების შეშუპება ორსულობასაც ახასიათებს – ამ დროს ფიზიოლოგიური ცვლილებები ბუნებრივად განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული შეშუპება შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობამ (როდესაც ორგანო სისხლს ეფექტურად ვეღარ ტუმბავს) და ვენების ქრონიკულმა უკმარისობამ. ამ დროს ზიანდება ვენებში არსებული სპეციალური სარქველები, რომლებიც სისხლს მხოლოდ ერთი მიმართულებით — გულისკენ ― ატარებს და ხელს უშლის მის უკან დაბრუნებას. როდესაც სარქველები ფუნქციას კარგავს, სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, სისხლძარღვებში წნევა იმატებს და სითხე ქსოვილებში ჟKონავს.
კიდევ უფრო საყურადღებოა ღრმა ვენების თრომბოზი და თრომბოფლებიტი, რომლის დროსაც სისხლძარღვში არსებული თრომბი სისხლის ცირკულაციას აბრკოლებს.
ორგანიზმში სითხისა და ცილების ბალანსის დარღვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები. თირკმლის მწვავე თუ ქრონიკული უკმარისობა, ისევე როგორც ნეფროზული სინდრომი, იწვევს ფილტრაციის პროცესის მოშლას და სასიცოცხლო ცილების კარგვას. ასეთივე ეფექტი აქვს ღვიძლის ციროზსაც, რომელიც ერთდროულად აფერხებს სისხლის მიმოქცევასაც და ცილების წარმოქმნასაც.
სურათი განსხვავებულია ანთებითი პროცესებისა და ტრავმების დროს. აქ შეშუპება, წესისამებრ, ლოკალიზებულია და თან ახლავს ტკივილი. მიზეზთა ამ ჯგუფში შედის ინფექცია (მაგალითად, ცელულიტი), მოტეხილობა, აქილევსის მყესის გაწყვეტა, დამწვრობა, ასევე ― სახსრების დაავადებები: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, ბეიკერის ცისტა.
ხშირად მიზეზი მედიკამენტურ და ჰორმონულ ფაქტორებშია საძიებელი. ზოგიერთი წამლის თანმხლები ეფექტი სწორედ სითხის შეკავებაა. ასეთი რამ ახასიათებს პოპულარულ ტკივილგამაყუჩებლებს (იბუპროფენს, ნაპროქსენს), წნევისა და დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს, ჰორმონულ და ქიმიოთერაპიულ საშუალებებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ლიმფური სისტემის პათოლოგიები, კერძოდ, ლიმფედემა, როდესაც ლიმფური სადინარების ბლოკირების გამო ქსოვილებში ცილებით მდიდარი სითხე გროვდება, ძილის აპნოე (სუნთქვის შეფერხება ძილის დროს), რომელიც გავლენას ახდენს გულზე, ალერგიული რეაქციები, რომელთა დროსაც ჰისტამინის გამოყოფა კაპილარების შეღწევადობას ზრდის.
როდის არის შეშუპება საშიში
სანამ დიაგნოსტიკის დეტალებზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ სიმპტომები, რომელთა შემჩნევისას დროის დაკარგვა არ შეიძლება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
- შეშუპება განვითარდა სწრაფად, რამდენიმე საათში;
- შეშუპებული კიდური შეხებისას მტკივნეულია;
- შეშუპებული არე ცხელია;
- განვითარდა ქოშინი ან ჰაერის უკმარისობა;
- დაგეწყოთ სისხლიანი ხველა;
- მხოლოდ ცალი ფეხია შესივებული.
ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადონ ორსულებმა და იმ პირებმა, რომლებსაც ანამნეზში გულის, ფილტვის ან თირკმლის დაავადებები აქვთ. სხვა შემთხვევებში, თუ შეშუპება სისტემატურია, აუცილებელია გეგმური ვიზიტის დანიშვნა.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა დეტალური გამოკითხვითა და დათვალიერება-გასინჯვით იწყება. ხშირად სწორედ ამ ეტაპზე ხდება გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება.
ექიმი ეცნობა დაავადების ისტორიას და პაციენტის ცხოვრების წესს: რამდენად არის დამოკიდებული შეშუპება მენსტრუალურ ციკლზე, რამდენ მარილს მოიხმარს და რომელი წამლებით მკურნალობს პაციენტი (მაგალითად, ხომ არ იღებს წნევის დამწევ საშუალებებს, ამლოდიპინს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს და სხვ.). ამის შემდეგ აფასებს შეშუპების სიმკვრივეს, ფერსა და ტემპერატურას; სტეთოსკოპით უსმენს გულსა და ფილტვებს, რათა გამოირიცხოს გულის უკმარისობა, რომელიც ხშირად ფეხების შეშუპებით ვლინდება.
დიაგნოსტიკის დროს ექიმი რამდენიმე წამის განმავლობაში თითით აწვება შეშუპებულ ადგილს. თუ დაჭერის შემდეგ კანზე დარჩა შესამჩნევი ღრმული (ფოსოვანი შეშუპება ― Pitting Edema), ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქსოვილებში დაგროვილია დაბალი სიმკვრივის სითხე (ძირითადად წყალი). ასეთი ფოსოს გაჩენა დამახასიათებელია გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებებისთვის, ვენური უკმარისობისთვის. ფოსოს გაქრობის დრო (რამდენ წამში სწორდება კანი დაჭერის შემდეგ) მნიშვნელოვანი ინდიკატორია შეშუპების სიმძიმის შესაფასებლად.
თითის დაჭერისას ღრმული ზოგჯერ არ ჩნდება, კანი კი უჩვეულოდ მკვრივი და დაჭიმულია (არაფოსოვანი შეშუპება ― Non-pitting Edema). ეს ნიშნავს, რომ სითხე ცილებით მდიდარია ან ქსოვილში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. ასეთი რამ ახასიათებს ლიმფედემას (ლიმფური სადინარების დაზიანების ან დაბლოკვის შედეგად ცილებით მდიდარი სითხე ქსოვილში გადადის) და მიქსედემას. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მკვეთრი დეფიციტის ფონზე კანქვეშ გროვდება სპეციფიკური ნივთიერებები (მუკოპოლისაქარიდები) და ქსოვილს სიმკვრივეს მატებს.
მიზეზის დასაზუსტებლად შესაძლოა დაინიშნოს:
* სისხლისა და შარდის ანალიზი ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად (განსაკუთრებით – ანალიზები შარდოვანაზე, კრეატინინზე, ალბუმინზე ცილის კარგვის გამოსავლენად);
* ანალიზი სპეციფიკურ მარკერებზე, მაგალითად, BNP ტესტი გულის უკმარისობის გამოსარიცხად ან D-დიმერზე, თუ ეჭვობენ თრომბოზს;
* გულმკერდის რენტგენი და ექოკარდიოგრაფია გულის მუშაობის შესამოწმებლად;
* ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია). თუ შეშუპებულია ცალი ფეხი, ექიმი აუცილებლად შეამოწმებს ვენებს, რათა გამორიცხოს თრომბოზი ― სისხლძარღვის დახშობა.
ქრონიკული შეშუპებისას პაციენტმა უნდა აკონტროლოს წონა. მისი უეცარი მატება (მაგალითად, 1-2 კგ-ისა რამდენიმე დღეში) ხშირად სითხის ფარული შეკავების პირველი ნიშანია და მანამდე ვლინდება, სანამ თვალსაჩინო გახდება თავად შეშუპება.
მკურნალობა და მართვა
უნდა გვესმოდეს, რომ შეშუპება თავისთავად არ არის დაავადება, ის ორგანიზმის პასუხია შინაგან დარღვევებზე. მაშასადამე, ძირითადი მიზეზის აღმოფხვრის გარეშე მისი დაცხრობა შეუძლებელია.
მკურნალობაც დიაგნოზზეა დამოკიდებული. მაგალითად, თრომბოზის დროს ინიშნება სისხლის გამათხელებლები (ანტიკოაგულანტები); თუ შეშუპება რომელიმე წამლის ბრალია, ექიმი მას ალტერნატიული პრეპარატით ცვლის.
მარილის როლი
სითხის შეკავებისას აუცილებელია ნატრიუმის (მარილის) შეზღუდვა. ის ორგანიზმში სითხის მთავარი დამჭერია.
გულის უკმარისობის დროს საკვები უნდა მოამზადოთ და მიირთვათ მარილის გარეშე. რაციონიდან უნდა ამოიღოთ გადამუშავებული პროდუქტები, რადგან მათში, წესისამებრ, ბევრი მარილია.
მძიმე მდგომარეობაში (ციროზი, ნეფროზული სინდრომი) მარილის მიღება შესაძლოა დღეში 1 გრამამდეც კი შეიზღუდოს.
ხშირად ნატრიუმს კალიუმის მარილით ანაცვლებენ, მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო. თირკმლის დაავადებების ან წნევის ზოგიერთი წამლის (ACE ინჰიბიტორების) მიღების ფონზე კალიუმის სიჭარბემ შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა ― ჰიპერკალიემია გამოიწვიოს.
შარდმდენები
ბევრს ჰგონია, რომ ნებისმიერი შეშუპებისას გამოსავალია შარდმდენის მიღება. ეს მცდარი და სახიფათო მიდგომაა.
შარდმდენი საშუალებები ინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა ამას მოითხოვს შეშუპების გამომწვევი დაავადება (მაგალითად, გულის უკმარისობა). თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება კომბინირებული საშუალებები, რომლებიც სითხესთან ერთად ორგანიზმიდან არ გამოდევნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კალიუმს (კალიუმშემნახველი დიურეზული პრეპარატები).
სიახლეები მკურნალობაში
ბოლო ხანს ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ჯგუფის მედიკამენტები (SGLT2 ინჰიბიტორები), რომლებიც თავდაპირველად დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. აღმოჩნდა, რომ ისინი ეფექტურად ეხმარებიან ორგანიზმს ზედმეტი სითხისა და ნატრიუმის გამოყოფაში, რაც, მიუხედავად დიაბეტისა, დიდ შვებას ჰგვრის გულის უკმარისობისა და თირკმლის პათოლოგიების მქონე პაციენტებს.
პრაქტიკული რჩევები
არსებობს რამდენიმე ეფექტური მეთოდი, რომლებიც ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად შეშუპების შემცირებასა და მისი ხელახალი განვითარების პრევენციაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდების გამოყენებამდე სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
* კომპრესიული თერაპია. სპეციალური კომპრესიული წინდების ტარება ― ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. ეს წინდები მუდმივ ზეწოლას ახდენს კიდურზე და სითხეს ქსოვილებში დაგროვების საშუალებას არ აძლევს. კომპრესიული წინდები მას შემდეგ უნდა ჩაიცვათ, რაც შეშუპება შედარებით დაცხრება. ორსულების მიერ ფრენის დროს კომპრესიული წინდების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს შეშუპების რისკს.
* მოძრაობა. კუნთების აქტიური მუშაობა სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის საუკეთესო ხელშემწყობია. შეშუპებული კიდურის მოძრაობა სითხეს გულისკენ გადაადგილებაში ეხმარება. სპეციალისტს შეუძლია, შეგირჩიოთ კონკრეტული ვარჯიშები, რომლებიც სითხის დრენაჟს შეუწყობს ხელს.
* კიდურის აწევა. დღეში რამდენჯერმე მოათავსეთ შეშუპებული ფეხი გულის დონეზე მაღლა. ბევრ პაციენტს შვებას ჰგვრის ძილის დროს წვივის ქვეშ ბალიშის ამოდება – ეს ხელს უწყობს სითხის უკუდენას გრავიტაციის ხარჯზე.
* თვითმასაჟი. ნაზი, მაგრამ მტკიცე მოძრაობები შეშუპებული არიდან გულისკენ სითხეს ქსოვილებიდან გამოსვლას უადვილებს. გაითვალისწინეთ: მასაჟი მტკივნეული არ უნდა იყოს.
* კანის მოვლა. შეშუპებული არე განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. კანის სიმშრალე და ბზარები ინფექციის (მაგალითად, ცელულიტის) კარიბჭეა. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი ლოსიონები და კრემები.
* ტრავმებისა და ნაკაწრებისგან კანის დაცვა. თუ შეშუპება ტერფებზე გაქვთ, ყოველთვის ატარეთ წინდები ან რბილი დახურული ფეხსაცმელი, რათა კანის დაზიანება თავიდან აიცილოთ.
* მარილის შეზღუდვა. როგორც უკვე ვთქვით, მარილი ხელს უწყობს სხეულში სითხის შეკავებას. კვების რაციონში მისი წილის შემცირება შეშუპების მართვის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია.
ფეხების შეშუპება ორგანიზმის სიგნალია, რომლითაც ის დახმარებას გვთხოვს. დროული ყურადღება და სწორი დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია.
***
შეშუპების ვენური მიზეზები
ფეხების შეშუპების მიზეზის ძიებისას ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ვენურ სისტემას აფასებს: ქვედა კიდურებიდან გულამდე სისხლის მიტანა ორგანიზმისთვის ნამდვილი გამოწვევაა ― სისხლს გრავიტაციის დაძლევა და ქვემოდან ზემოთ დენა უწევს.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება
ვენების ვარიკოზული გაგანიერება (ვარიკოზი) არის ქვედა კიდურების ზედაპირული სისხლძარღვების ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ვენები კარგავს ელასტიკურობას, ფართოვდება და გრძელდება. იმისთვის, რომ გაწელილი ვენა დაეტიოს იმავე სივრცეში, რომელშიც მანამდე იყო, ის იკლაკნება და კანზე გველისებრ ამობურცულობას წარმოქმნის.
ვარიკოზი არ არის უბრალო ვიზუალური დეფექტი; ეს სისხლძარღვოვანი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ირღვევა ვენური სარქველების მუშაობა, რაც სისხლის უკუდენას (რეფლუქსს) და ფეხებში მის შეგუბებას იწვევს.
ვარიკოზის ზუსტი მიზეზი უცნობია. წამყვან ფაქტორად ზედაპირული ვენების კედლების თანდაყოლილ (გენეტიკურ) სისუსტეს მიიჩნევენ.
ვენის დეფორმაციას მოჰყვება უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური დარღვევები: სარქვლის კიდეები ერთმანეთს სცილდება და ვეღარ იკეტება. როდესაც ადამიანი ფეხზე დგება, გრავიტაცია სისხლს ქვემოთ ქაჩავს და ვინაიდან სარქველები ღიაა, სისხლი თავისუფლად მიედინება უკუმიმართულებით. უკუდენილი სისხლი სწრაფად ავსებს და უფრო მეტად ჭიმავს თხელკედლიან, დაკლაკნილ ვენებს. პროცესში ერთვება ზედაპირული და ღრმა ვენების შემაერთებელი (პერფორანტული) ვენებიც: როდესაც წვივის კუნთები ღრმა ვენებს კუმშავს, სისხლი, ნაცვლად ზემოთ წასვლისა, ამ სისხლძარღვებში გადადის და უფრო მეტად აზიანებს მათ.
ქალებს ვარიკოზის განვითარების ალბათობა გაცილებით დიდი აქვთ. პირველად ის ხშირად ორსულობისას გამოვლინდება. ვარიკოზის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ობობასებრი ვენებიც - გაფართოებული კაპილარების ქსელის ვიზუალიზაცია კანზე.
სიმპტომები
საინტერესოა, რომ ზოგჯერ ძალიან დიდი ზომის ვარიკოზული ვენებიც კი უმტკივნეულოა, თუმცა უმეტესად პაციენტები უჩივიან:
* ფეხების ყრუ ტკივილს და მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას;
* წვივებისა და კოჭების არეში ძლიერ ქავილს (განსაკუთრებით - წინდების გახდის შემდეგ). ქავილს ხშირად თან ახლავს სიწითლე, რასაც პაციენტები შეცდომით კანის სიმშრალეს მიაწერენ.
ვარიკოზი სხვა, ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე მასიურ შეშუპებას (ედემას) არ იწვევს. თუ პაციენტს კოჭები მკვეთრად უსივდება და კანის სტრუქტურა ეცვლება, ეს იმის ნიშანია, რომ პროცესი გაღრმავდა და ქრონიკულ ვენურ უკმარისობაში გადაიზარდა ან ზიანი მიადგა ღრმა ვენების სისტემას.
შესაძლო გართულებები
მძიმე გართულებები პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება, მაგრამ მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია. საყურადღებო ნიშნებია:
* დერმატიტი - წითელი, აქერცლილი, მქავანა გამონაყარი ან ყავისფერი პიგმენტაცია კოჭის შიგნითა მხარეს. კანის ასეთი დაზიანებისას უბრალო ნააკწრმა ან პარსვისას მიღებულმა მცირე ჭრილობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა ან ძნელად შეხორცებადი, მტკივნეული ტროფიკული წყლული.
* ზედაპირული ვენების თრომბოზი და ფლებიტი (ვენის ანთება) - ხშირად ვითარდება ტრავმის შედეგად, მტკივნეულია, თუმცა იშვიათად არის საშიში სიცოცხლისთვის.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ვარიკოზი ადვილად იდენტიფიცირდება ვიზუალური დათვალიერებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი ფეხზე დგას. სიმპტომების არსებობისას დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა დოპლეროგრაფია (ულტრაბგერითი კვლევა), რომელიც მკაფიოდ აჩვენებს სარქველთა დეფექტებს, სისხლის უკუდენას (რეფლუქსს), სისხლძარღვის დახშობას.
უნდა ვიცოდეთ, რომ ვარიკოზული დაავადება არ იკურნება. მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისკენ, ვიზუალური დეფექტების შემცირებისა და გართულებების პრევენციისკენ. დაზიანებული ვენის ამოკვეთა არ ნიშნავს, რომ ახალი ვარიკოზული კვანძები აღარ წარმოიქმნება.
ორსულობისას განვითარებული ვარიკოზი მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ, წესისამებრ, თავისთავად გაივლის, ამიტომ ამ პერიოდში აგრესიული მკურნალობა არ არის რეკომენდებული.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია:
* კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება - ელასტიკური წინდები მექანიკურად უჭერს ვენებს, არ აძლევს მათ გაფართოების საშუალებას და ხსნის ტკივილს. ეს საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც ოპერაცია არ სურს ან ვისთვისაც ქირურგიული ჩარევა უკუნაჩვენებია. დასვენებისას ფეხების მაღლა აწევაც საგრძნობლად ამსუბუქებს მდგომარეობას.
* ლაზერული და რადიოსიხშირული აბლაცია - მაღალი სიზუსტის ენერგიის ნაკადით შიგნიდან ანადგურებენ დაზიანებულ ვენას. ხშირად გამოიყენება კოსმეტიკური მიზნით.
* ინექციური თერაპია (სკლეროთერაპია) - ვენაში შეჰყავთ სპეციალური ხსნარი, რომელიც ვენის კედელს აღიზიანებს; კედლები ერთმანეთს ეწებება, ვენაში სისხლის მიმოქცევა წყდება და დროთა განმავლობაში ეს სისხლძარღვი უსაფრთხო ნაწიბუროვან ქსოვილად გარდაიქმნება. პროცედურა ანესთეზიას არ მოითხოვს.
* ქირურგიული ოპერაცია (სტრიპინგი) - დღესდღეობით ის რუტინულად აღარ გამოიყენება. ოპერაციული ჩარევის დროს მაქსიმალურად უფრთხილდებიან სხეულის ყველაზე გრძელ ზედაპირულ სისხლძარღვს ― კანქვეშა დიდ ვენას, რადგან შესაძლოა, მომავალში ის შუნტირებისთვის გამოდგეს. როცა მისი ამოკვეთა გარდაუვალია, კეთდება ორი განაკვეთი (საზარდულთან და კოჭთან) და ვენის ამოღება ზონდის მეშვეობით ხდება. სხვა ვარიკოზული ვენების ამოსაღებად ქირურგი აკეთებს ჭრილობებს სხვა ადგილებზე. ვინაიდან ზედაპირულ ვენებს მცირე როლი აკისრია სისხლის მიმოქცევაში (მთავარი დატვირთვა ღრმა ვენებზე მოდის), მათი ამოკვეთა ცირკულაციას არ აზიანებს.
ვარიკოზული ვენების ამოკვეთა ხანგრძლივი პროცედურაა, ამიტომ, წესისამებრ, ზოგადი ანესთეზიის ფონზე ტარდება. ოპერაცია ამსუბუქებს სიმპტომებს და თავიდან გვაცილებს გართულებებს, მაგრამ ნაწიბურებს ტოვებს. როგორც უკვე ვთქვით, ვარიკოზული ვენების ამოკვეთა ახალი ვარიკოზული ვენების გაჩენას არ გამორიცხავს.
***
ქრონიკული ვენური უკმარისობა
თუ ვარიკოზი ვენების ფიზიკური, ხილული დეფორმაციაა, ქრონიკული ვენური უკმარისობა (CVI) უკვე ფუნქციური დარღვევაა. ეს ნიშნავს, რომ ვენური სისტემა სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის მთავარ მოვალეობას - გულამდე სისხლი ეფექტურად ვეღარ მიაქვს.
ქრონიკული ვენური უკმარისობა ერთ დღეში არ ყალიბდება. მის განვითარებას აქვს გარკვეული წინაპირობები, რომელთა შორის წამყვანია:
* დაბერება – ასაკის მატების კვალდაკვალ სისხლძარღვთა კედლები და სარქველები ბუნებრივად კარგავს ტონუსს;
* სიმსუქნე და ჭარბი წონა – ამ დროს იმატებს მუცელშიდა წნევა, რაც სისხლის ქვემოდან ზემოთ დენას ართულებს;
* ცხოვრების წესი, რომელიც ხანგრძლივ ჯდომას ან დგომას მოითხოვს (ოფისის თანამშრომლები, მძღოლები, პარიკმახერები) – ამ მდგომარეობაში წვივების კუნთოვანი ტუმბო არ მუშაობს;
* ფიზიკური ფაქტორები - ფეხების დაზიანება, ტრავმა ორსულობა.
თრომბის როლი
ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია ფეხებში ადრე წარმოქმნილი სისხლის კოლტი ― ღრმა ვენების თრომბოზი.
როდესაც ვენაში თრომბი ჩნდება, ორგანიზმი ებრძვის მას და დროთა განმავლობაში მის ადგილას ყალიბდება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელსაც შეუძლია, შეუქცევადად დააზიანოს ვენების სარქველები. შედეგად ზოგიერთ ადამიანს უვითარდება პოსტთრომბოზული სინდრომი (PTS). ეს მდგომარეობა არსითა და სიმპტომებით (მუდმივი შეშუპება, სიმძიმე, კანის დაზიანება) იგივე ქრონიკული ვენური უკმარისობაა, ოღონდ გამოწვეული არა ვენების ბუნებრივი მოდუნებით, არამედ ძველი თრომბის მიერ დატოვებული ნაწიბურებით.
სიმპტომები
ქრონიკული ვენური უკმარისობის პირველი კლინიკური სიმპტომია ვენური შეშუპება, რაც ვენებში მზარდი წნევის პირდაპირი შედეგია. ამ დროს შეშუპება პიკს აღწევს დღის ბოლოს, განსაკუთრებით - ხანგრძლივი ჯდომის ან ფეხზე დგომის შემდეგ. დილით, გაღვიძებისას, ფეხები აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წნევა დაბლა იწევს და ორგანიზმი სითხის უკან გაწოვას ასწრებს.
ქრონიკული ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელია ფოსოს ფენომენი: კოჭის არეში თითის დაჭერის შემდეგ კანზე რამდენიმე წამით რჩება პატარა ჩაღრმავება (ფოსო).
თუ საწყის ეტაპზე (შეშუპების ფაზაში) პაციენტმა არ შეიცვალა ცხოვრების წესი და არ დაიწყო კომპრესიული წინდების ტარება, ვენური უკმარისობა პროგრესირებას განაგრძობს. სისხლის მუდმივი შეგუბება იწვევს ქსოვილების ქრონიკულ ჰიპოქსიას (ჟანგბადოვან შიმშილს), რასაც მოჰყვება კანის სტრუქტურული ცვლილებები:
* პიგმენტაცია ― კანი კოჭების ირგვლივ მუქ ყავისფერ ან ჟანგისფერ შეფერილობას იღებს. ეს იმიტომ, რომ კაპილარებიდან გამოსული ერითროციტები იშლება და მათში არსებული რკინა (ჰემოსიდერინი) ფერს უცვლის კანს;
* ვენური დერმატიტი და ეგზემა ― კანი შრება, თხელდება, იწყება ქავილი და აქერცვლა;
* ტროფიკული წყლულები ― ეს ქრონიკული ვენური უკმარისობის მძიმე სტადიაა. კანი იმდენად მოწყვლადია, რომ უმცირესი ტრავმაც კი აჩენს ღია, მტკივნეულ წყლულს, რომელიც თვეების განმავლობაში არ ხორცდება.
როდესაც ვენური უკმარისობა წლობით ნებაზეა მიშვებული, პროცესში ერთვება ლიმფური სისტემაც. ქსოვილებში მუდმივად დაგროვილი სითხე მექანიკურად ტვირთავს და აზიანებს ლიმფურ სადინარებს. შეშუპება მუდმივი ხდება (დილაობითაც აღარ ქრება). კანი კარგავს ელასტიკურობას, საგრძნობლად სქელდება და უხეშდება (ვითარდება ფიბროზი) ― თითის დაჭერისას ფოსო აღარ წარმოიქმნება.
***
ზედაპირული ვენების თრომბოზი
ზედაპირული ვენების თრომბოზი (თრომბოფლებიტი) არის ანთებითი პროცესი და სისხლის კოლტის (თრომბის) წარმოქმნა ზედაპირულ ვენებში. ის ყველაზე ხშირად მოიცავს ფეხების კანქვეშა, ზედაპირულ ვენებს, თუმცა შეიძლება, საზარდულის ან ხელის ვენებშიც განვითარდეს. ხელებზე ზედაპირული თრომბოზი, წესისამებრ, ინტრავენური კათეტერის გამოყენების შედეგია.
დაავადების რისკფაქტორებს მიეკუთვნება ვარიკოზი, ორსულობა, ონკოლოგიური დაავადებები (კიბო), სიმსუქნე და უმოძრაობა (იმობილიზაცია). მიუხედავად ამისა, ვარიკოზული დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობას თრომბოზი არ უვითარდება.
რატომ არის ის ღრმა ვენების თრომბოზზე ნაკლებად საშიში?
ღრმა ვენების თრომბოზისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან სუსტ ანთებით რეაქციას იწვევს, ზედაპირული ვენების თრომბოზს მწვავე, უეცარი ანთებითი პასუხი ახასიათებს. ამის გამო სისხლის თრომბი მყარად ებჯინება და ეწებება ვენის კედელს, რაც საგრძნობლად ამცირებს მისი მოწყვეტის ალბათობას.
გარდა ამისა, ზედაპირულ ვენებს, ღრმა ვენებისგან განსხვავებით, გარს არ აკრავს კუნთები, რომელთა შეკუმშვისას თრომბი შეიძლება მოწყდეს, ამიტომ ზედაპირული ვენების თრომბოზი იშვიათად იქცევა თრომბის მოწყვეტისა და ემბოლიის (მაგალითად, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის) მიზეზად.
მიგრირებადი თრომბოფლებიტი არის ზედაპირული თრომბოზის ფორმა, რომელიც განმეორებით ვითარდება სრულიად ჯანსაღ ვენებში. მისი არსებობა მიუთითებს შინაგან ორგანოთა მძიმე ფარულ პათოლოგიაზე, მაგალითად, პანკრეასის კიბოზე.
სიმპტომები
- ანთების არეში სწრაფად ვითარდება ტკივილი და შეშუპება.
- ღია ფერის უბანზე ვენის ზემოთ არსებული კანი წითლდება. მუქ კანზე ანთების უბანი იისფერი ჩანს ან თითქმის შეუმჩნეველია.
- დაზიანებული ადგილი შეხებისას ცხელი და ძალიან მტკივნეულია.
- თრომბის გამო ვენა შეხებისას მკვრივი თოკის შეგრძნებას ტოვებს. ასეთი სიმაგრე შესაძლოა ვენის მთელ სიგრძეზე იგრძნობოდეს.
დიაგნოსტიკა
ექიმი ზედაპირულ თრომბოზს ვიზუალური დათვალიერებითა და პალპაციით (ხელით შეხებით) ამოიცნობს. აპარატული გამოკვლევა, წესისამებრ, არ არის საჭირო. თუ პაციენტს ზედაპირული თრომბოზი განუვითარდა მუხლის ზემოთ, უეცრად და ისეთ ზონაში, სადაც მანამდე ვარიკოზული ვენები არ ჰქონია, ინიშნება ულტრაბგერითი გამოკვლევა (დოპლეროგრაფია), რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს თანმხლები თრომბის არსებობა ღრმა ვენებში.
მკურნალობა
ზედაპირული ვენების თრომბოზი უმეტესად თავისთავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე გაივლის. ტკივილს ამსუბუქებს თბილი საფენები და ანალგეტიკები (მაგალითად, ასპირინი და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები). თუ თრომბოზის კერასთან ახლოს ჩადგმულია ინტრავენური კათეტერი, მას სასწრაფოდ იღებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მწვავე ანთება რამდენიმე დღეში ცხრება, კანქვეშა სიმაგრისა და მტკივნეულობის გაქრობამდე შესაძლოა რამდენიმე კვირა გავიდეს. როდესაც ზედაპირული თრომბოზი ძალიან ვრცელია, შესაძლოა დაინიშნოს ჰეპარინი ან სხვა ანტიკოაგულანტი (სისხლის გამათხელებელი), რათა სისხლის შემდგომი შედედება შეჩერდეს.
***
ღრმა ვენების თრომბოზი
ღრმა ვენების თრომბოზი (DVT) არის სისხლის თრომბის წარმოქმნა სხეულის ღრმა ვენებში, რომლებიც, წესისამებრ, კუნთების სიღრმეში მდებარეობს. უმეტესად ზიანდება ქვედა კიდურები (წვივი ან ბარძაყი), თუმცა თრომბი შესაძლოა მენჯის ან ზედა კიდურების ვენებშიც განვითარდეს.
რატომ არის ღრმა ვენების თრომბოზი საშიში სიცოცხლისთვის?
ზედაპირულისგან განსხვავებით, ღრმა ვენების თრომბოზი გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობად მიიჩნევა ორმხრივი საფრთხის გამო.
ერთია ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია: ღრმა ვენებს გარს აკრავს კუნთები, რომელთა შეკუმშვისას თრომბი შეიძლება მოწყდეს. სისხლის ნაკადს მოწყვეტილი თრომბი (ემბოლი) გულისა და ქვედა ღრუ ვენის გავლით პირდაპირ ფილტვის არტერიისკენ მიაქვს, ფილტვის სისხლძარღვის დახშობა კი ხშირად ფატალურია.
მეორეა ქრონიკული ვენური უკმარისობა (პოსტთრომბოზული სინდრომი): თრომბი აზიანებს ვენის სარქველებს, რაც თანდათან ფეხების მუდმივ შეშუპებას, ტკივილს და ტროფიკული წყლულების გაჩენას იწვევს.
მიზეზები
თრომბის ფორმირებას იწვევს სამი ძირითადი ფაქტორი:
1. სისხლის ნაკადის შენელება (სტაზი) ― ხანგრძლივი უმოძრაობა: წოლითი რეჟიმი ოპერაციის ან მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, დიდ მანძიLლზე ფრენა ან სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრობა;
2. სისხლის გაძლიერებული შედედება (ჰიპერკოაგულაცია) ― თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევები (თრომბოფილია), ორსულობა, ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება, ონკოლოგიური დაავადებები;
3. სისხლძარღვის კედლის დაზიანება ტრავმის, მოტეხილობის, კიდურზე ქირურგიული ჩარევის შედეგად.
სიმპტომები
ღრმა ვენების თრომბოზით გამოწვეული შეშუპება რადიკალურად განსხვავდება ვარიკოზული შეშუპებისგან. ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევათა თითქმის ნახევარი ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს. დანარჩენ შემთხვევებში მოსალოდნელია:
* უეცარი ცალმხრივი შეშუპება ― სივდება მხოლოდ ერთი ფეხი (წვივი ან მთელი კიდური). ვარიკოზისგან განსხვავებით, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (ღამით) შეშუპება არ ქრება;
* მზარდი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც სიარულისას ან ფეხზე დგომისას ძლიერდება. ხშირად მას კრუნჩხვის ან კუნთის დაჭიმვის თანმხლებ ტკივილს ამსგავსებენ;
* ადგილობრივი ჰიპერთერმია ― დაზიანებული ფეხი შეხებისას უფრო თბილია, ვიდრე ჯანსაღი; კანი შესაძლოა იყოს წითელი, ციანოზური (ლურჯი) ან ფერმკრთალი;
* ზედაპირული ვენების შებერვა ― კანქვეშა ვენები შესაძლოა უფრო თვალსაჩინო გახდეს, რადგან სისხლი ცდილობს, შემოვლითი გზებით აუაროს გვერდი ჩაკეტილ ღრმა ვენას.
დიაგნოსტიკა
დიაგნოზს სვამენ კლინიკური შეფასებისა და ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის შედეგების საფუძველზე (ეს უკანასკნელი დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა). გარდა ამისა, განსაზღვრავენ სისხლში D დიმერს ― თრომბის დაშლის პროდუქტს. თუ ეს მაჩვენებელი ნორმაშია, ღრმა ვენების თრომბოზის არსებობა პრაქტიკულად გამოირიცხება.
მკურნალობა
ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობის მთავარი მიზანია ფილტვის ემბოლიის თავიდან აცილება და თრომბის ზრდის შეჩერება. სამკურნალოდ გამოიყენება:
* ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები). საწყის ეტაპზე ― ინექციური ფორმები (ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინები), რასაც მოჰყვება პერორალური (დასალევი) ანტიკოაგულანტების (მაგალითად, ვარფარინის ან თანამედროვე პრეპარატების ― რივაროქსაბანის, აპისაბანის) ხანგრძლივი (არანაკლებ 3-6-თვიანი) კურსი. ეს წამლები კი არ შლის არსებულ თრომბს, არამედ ხელს უშლის მის გაზრდას და საშუალებას აძლევს ორგანიზმს, თავად და უსაფრთხოდ დაშალოს ის.
* თრომბოლიზური თერაპია. სპეციალური ძლიერი პრეპარატები, რომლებიც შლის თრომბს, შეჰყავთ მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევებში, რადგან თან ახლავს სისხლდენის მაღალი რისკი.
* ქვედა ღრუ ვენის ფილტრი. თუ ანტიკოაგულანტების მიღება პაციენტისთვის უკუნაჩვენებია (მაგალითად, აქტიური სისხლდენის გამო), ქვედა ღრუ ვენაში ქირურგიულად თავსდება სპეციალური ფილტრი, რომელიც ფეხიდან მოწყვეტილ თრომბებს იჭერს და ფილტვებამდე არ უშვებს.
* კომპრესიული თერაპია. მაღალი კლასის სამედიცინო კომპრესიული წინდების ტარება აუცილებელია შეშუპების შესამცირებლად და პოსტთრომბოზული სინდრომის პრევენციისთვის.
***
ლიმფედემა
ლიმფა გამჭვირვალე სითხეა, რომელიც სისხლძარღვებიდან უჯრედშორის სივრცეში გამოჟონილი წყლის, სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების), ცილებისა და ცხიმებისგან შედგება. სითხის ნაწილს სისხლძარღვები უკანვე იწოვს, ნაწილი კი ლიმფურ ძარღვებში გადადის და აღწევს კისერში, იღლიებში, საზარდულში მდებარე ლიმფურ კვანძებს, სადაც ხდება მავნე ბაქტერიებისა და დაზიანებული უჯრედების გაფილტვრა და განადგურება.
როდესაც ლიმფური ძარღვები დაზიანებული ან დაბლოკილია, ლიმფა ვეღარ მიმოიქცევა, ქსოვილებში გროვდება და შეშუპებას იწვევს. სწორედ ეს შეშუპებაა ლიმფედემა.
რა იწვევს
პირველადი ლიმფედემა გამოწვეულია ლიმფური სისტემის თანდაყოლილი განუვითარებლობით, მეორეული ― შეძენილი ბლოკადით.
მეორეული ლიმფედემა უფრო ხშირია. ის უმეტესად მასშტაბური ქირურგიული ჩარევის, განსაკუთრებით ― სიმსივნის მკურნალობისას ლიმფური კვანძების ამოკვეთის შემდეგ ვითარდება. ასეთივე შედეგია მოსალოდნელი ლიმფური კვანძების დასხივების შემდეგაც. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია ლიმფური სადინარების დანაწიბურება განმეორებითი ინფექციის გამო.
როგორ ამოვიცნოთ
ლიმფედემა უმეტესად ცალმხრივია ― ერთი ფეხი მეორეზე შესამჩნევად დიდია. შეშუპება მოიცავს ფეხის თითებსაც, რომლებიც სოსისისებურ ფორმას იღებს. თუ ამ დროს ფეხის ზურგზე, მეორე თითის გასწვრივ, კანის ნაოჭის აღებას ეცდებით, ვერ შეძლებთ, რადგან კანი ზედმეტად მკვრივი და გადაჭიმულია. ამას სტემერის დადებითი ნიშანი ეწოდება და ლიმფედემაზე მიუთითებს (ვენური შეშუპების შემთხვევაში ნაოჭის აღება თავისუფლად არის შესაძლებელი).
ლიმფედემის საწყის ეტაპზე შეშუპებულ ადგილზე თითის დაჭერისას რჩება ფოსო (ღრმული), რომელიც მალევე ამოივსება. მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად კანი სქელდება, უჩნდება მცირე ფოსოები (ემსგავსება ფორთოხლის ქერქს) და ისე მკვრივდება, რომ თითის დაჭერისას აღარ იდრიკება.
ვენური შეშუპება დილისთვის თუ თითქმის ქრება, ლიმფური შეშუპება მუდმივია ― არც წოლისას ცხრება ბოლომდე და პაციენტი დილით შეშუპებული ფეხით იღვიძებს.
დიაგნოსტიკა
დიაგნოზი უმთავრესად სიმპტომებსა და ვიზუალურ შეფასებას ეყრდნობა. ღრმა ვენების თრომბოზის გამოსარიცხად ინიშნება ულტრაბგერითი კვლევა. საჭიროებისამებრ, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ), მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა (MღI) ან ლიმფოსცინტიგრაფია ― სპეციალიზებული კვლევა რადიაქტიური იზოტოპებით, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს ძარღვებში ლიმფის მოძრაობას.
მკურნალობა
ლიმფედემა არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სითხის დაგროვების შემცირება და კონტროლი. ამისთვის ტარდება დეკონგესტიური (შეგუბების საწინააღმდეგო) კომპლექსური თერაპია, რომელიც მოიცავს:
* ლიმფურ დრენაჟს ― კიდურის მაღლა აწევას და სამედიცინო მასაჟს სითხის გამოსადევნად;
* კომპრესიულ თერაპიას ― კომპრესიული წინდების ან ბანდაჟის ტარებას. ზოგიერთ შემთხვევაში იყენებენ პერიოდული პნევმატური კომპრესიის აპარატს, რომელიც დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მექანიკურად წურავს კიდურს.
შეშუპების შემცირების შემდეგ პაციენტმა მუდმივად, გაღვიძებიდან დაძინებამდე, უნდა ატაროს გრადუირებული ელასტიკური წინდები, რომლებიც ფეხის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა წნევას წარმოქმნის (კოჭის არეში – ყველაზე მაღალს).
საჭიროა სპეციალური ვარჯიშები და კანისა და ფრჩხილების ზედმიწევნით მოვლა ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
ზოგჯერ ქირურგიულ მკურნალობასაც მიმართავენ – ამოკვეთენ შეშუპებულ კანქვეშა ქსოვილს ან ქმნიან ახალ ლიმფურ სადრენაჟო გზებს.
პრაქტიკული რჩევა: ერიდეთ გადახურებას (ცხელ აბაზანას, საუნას), ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას და მჭიდრო ტანსაცმელს.
***
გულისმიერი შეშუპება
გულის უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც გულს სისხლის გადატუმბვა უჭირს. ის შესაძლოა გამოიწვიოს როგორც გულისმიერმა (კორონარული არტერიების დაავადება, მიოკარდიტი, სარქვლის პათოლოგიები), ისე არაგულისმიერმა (ჰიპერტენზია, დიაბეტი, სიმსუქნე, ანემია) მიზეზებმა.
გულის უკმარისობისას (განსაკუთრებით ― მარჯვენა პარკუჭის დასუსტებისას) სისხლი მთელ სხეულში გუბდება. მომატებული ჰიდროსტატიკური წნევის გამო სისხლძარღვებიდან სითხე რბილ ქსოვილებში ჟონავს.
ამას ერთვის თირკმლისმიერი ფაქტორიც: ვინაიდან გული ნაკლებ სისხლს ტუმბავს, თირკმელებში სისხლის მიწოდება (პერფუზია) მცირდება. თირკმელები ამას აღიქვამენ როგორც ორგანიზმში სისხლის დეფიციტს და საპასუხოდ აკავებენ მარილსა და წყალს, ჭარბი სითხე კი სისხლის საერთო მოცულობას ზრდის და ფეხები უფრო მეტად შუპდება.
სიმპტომები
გულის უკმარისობის სიმპტომებმა შეიძლება მოულოდნელად იჩინოს თავი (მწვავე უკმარისობა), განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზეზი გულის შეტევაა (ინფარქტი), მაგრამ უმეტესად თანდათან, დღეების, თვეების, წლების განმავლობაში ვითარდება (ქრონიკული უკმარისობა).
როგორ ამოვიცნოთ
გულისმიერი შეშუპება ყოველთვის ორმხრივი და თანაბარია ― ორივე ფეხი ერთნაირად სივდება. შეშუპება კოჭებიდან და ტერფებიდან იწყება და დაავადების პროგრესირებასთან ერთად ზემოთ, წვივებისა და ბარძაყებისკენ მიიწევს.
შეშუპებას თითქმის ყოველთვის ახლავს თან ქოშინი (მცირე ფიზიკური დატვირთვისა და წოლის დროსაც კი), ქრონიკული დაღლილობა, საერთო სისუსტე და გახშირებული გულისცემა.
საღამოსთვის შეშუპება შესამჩნევად იმატებს. ღამით, წოლისას, შესაძლოა ოდნავ დაიკლოს, მაგრამ ბოლომდე არ ქრება. ამ დროს ფეხებში დაგროვილი სითხე სისხლის მიმოქცევაში ბრუნდება და თირკმელები აქტიურად იწყებს მის გამოდევნას, რის გამოც პაციენტს ღამით ხშირი შარდვის (ნიქტურია) მოთხოვნილება უჩნდება.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
გულისმიერი შეშუპების თაობაზე ეჭვი ხშირად პირველი გასინჯვისთანავე ჩნდება. სტეთოსკოპში ისმის გულის სპეციფიკური, დამახასიათებელი ტონები, რასაც ერთვის თვალსაჩინო ნიშნებიც: ფეხების შეშუპება და კისრის ვენების დაბერვა. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ჩანს გადიდებული მარჯვენა პარკუჭი და ფილტვის არტერიები. გულის ფუნქციის შეფასების ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ექოკარდიოგრაფია (გულის ულტრაბგერა) და გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (MRI).
მკურნალობა იწყება იმ მიზეზის ძიებითა და აღმოფხვრით, რომელმაც უკმარისობა გამოიწვია. სხეულიდან ჭარბი სითხის გამოსადევნად და ფეხების შეშუპების მოსახსნელად ინიშნება დიურეტიკები (შარდმდენები), მაგრამ მათი მიღება უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგან სხეულში არსებული სითხის ზედმეტად შემცირებამ შესაძლოა უფრო მეტად დაასუსტოს მარჯვენა პარკუჭის ფუნქცია.
ინიშნება წამლები, რომლებიც გულის კუნთს შეკუმშვაში ეხმარება, წნევის დამწევი და არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
როდესაც გულის მარჯვენა ნაწილის დაზიანება ფილტვის პრობლემით არის გამოწვეული, ტარდება ფილტვის დაავადების საწინააღმდეგო მკურნალობა. ვინაიდან ასეთ დროს დიდია ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის რისკი, ექიმმა შესაძლოა ხანგრძლივი ვადით დანიშნოს ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები).
***
თირკმლისმიერი შეშუპება
თირკმლის პათოლოგიების დროს ორგანიზმი შარდთან ერთად კარგავს დიდი რაოდენობის ცილას (ალბუმინს) ან სათანადოდ ვერ ახერხებს ორგანიზმიდან ნატრიუმისა და წყლის გამოდევნას. სისხლში ცილის მკვეთრი კლების გამო სისხლძარღვი ვეღარ აკავებს სითხეს და ეს უკანასკნელი მასიურად გადადის ქსოვილებში. პრობლემის მთავარი მიზეზია ნეფროზული სინდრომი ― თირკმლის ფილტრაციული ერთეულების (გლომერულების) დაზიანება.
ნეფროზული სინდრომის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია შაქრიანი დიაბეტი, სისტემური წითელი მგლურა და ზოგიერთი ვირუსული ინფექცია. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია:
* თირკმლის პირველადი ანთება (გლომერულონეფრიტი);
* თირკმელებისთვის ტოქსიკური მედიკამენტების (განსაკუთრებით -ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, ტკივილგამაყუჩებლების) მიღება;
* მწვავე ალერგია, მაგალითად, მწერის ნაკბენზე.
ნეფროზული სინდრომის ზოგიერთი სპეციფიკური ტიპი მემკვიდრეობითია.
როგორ ამოვიცნოთ
ნეფროზული სინდრომის დროს შეშუპებას აქვს უნიკალური, კლასიკური მახასიათებლები, რომლებიც მას სხვა მიზეზით გამოწვეული შეშუპებისგან განასხვავებს:
* ვენური შეშუპებისგან განსხვავებით, რომელიც დილისთვის გაივლის, თირკმლისმიერი შეშუპება გაღვიძებისას თვალსაჩინოა, ყველაზე მეტად ― სახეზე, ქუთუთოების მიდამოში (თვალების გარშემო). დღის განმავლობაში, ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნის გამო, გრავიტაციას სითხე ქვემოთ ჩააქვს და ფეხებიც სივდება ― სიმეტრიულად, ორივე მხარეს.
* შესივებულ ადგილებში კანი ფერმკრთალი, ცივი და ცომისებრი ტექსტურისაა. თითის დაჭერისას რჩება ღრმა, ხანგრძლივი ფოსო.
* ვინაიდან შარდში ბევრი ცილაა, პაციენტები ხშირად ამჩნევენ, რომ შარდი უჩვეულოდ ქაფიანი გახდა.
* შეშუპებას ხშირად თან ახლავს არტერიული წნევის მატება, საერთო სისუსტე, უმადობა და წონის სწრაფი მატება (ორგანიზმში ჩარჩენილი წყლის ხარჯზე).
დიაგნოსტიკა
ნეფროზული სინდრომის დიაგნოზს სიმპტომებზე, გასინჯვით მიღებულ და ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით სვამენ. ხანდაზმულ პაციენტებთან ნეფროზული სინდრომი ზოგჯერ შეცდომით გულის უკმარისობად აღიქმება, რადგან სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს.
შარდში (განსაკუთრებით ― 24-საათიანში) დიდი რაოდენობის ცილის აღმოჩენა ნეფროზული სინდრომის პირდაპირი დასტურია.
ტარდება სისხლის ანალიზი ნეფროზული სინდრომის გამომწვევი ინფექციის კვალისა და ავტოანტისხეულების აღმოსაჩენად (ავტოანტისხეულების არსებობა ავტოიმუნურ დაავადებაზე მიუთითებს). შესაძლოა, ჩატარდეს თირკმელების ულტრაბგერითი გამოკვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფიაც (CT).
თუ პაციენტმა წონა უმიზეზოდ დაიკლო ან ხანდაზმულია, უტარდება გამოკვლევა კიბოზე (ვინაიდან ნეფროზული სინდრომი ზოგჯერ სიმსივნის ფონზეც ვითარდება). ზოგჯერ აუცილებელია თირკმლის ბიოფსია ― ქსოვილის მცირე ნიმუშის აღება და მიკროსკოპის ქვეშ შესწავლა თირკმლის ფილტრების დაზიანების ზუსტი მიზეზის დასადგენად.
მკურნალობა
მკურნალობის მიზანია არა მხოლოდ სიმპტომების მოხსნა, არამედ თირკმლის ფილტრების გადარჩენაც:
- აუცილებელია მარილის (ნატრიუმის) მკაცრი შეზღუდვა, რათა ორგანიზმმა წყალი არ შეაკავოს. დგება რაციონი, რომელიც შეიცავს ცილისა და კალიუმის ნორმალურ რაოდენობას, მაგრამ ღარიბია ნაჯერი ცხიმებით, ქოლესტეროლითა და ნატრიუმით.
- წამყვანი როლი ეკისრება დიურეტიკებს (შარდმდენებს), რომლებიც თირკმელებს ჭარბი სითხისა და ნატრიუმის გამოდევნაში ეხმარება.
- ინიშნება აგფ-ინჰიბიტორები (წნევის წამლები, რომლებიც პარალელურად ამცირებს შარდთან ერთად ცილის კარგვას).
თუ მიზეზი ავტოიმუნურია, მკურნალობაში რთავენ კორტიკოსტეროიდებს.
***
ღვიძლისმიერი შეშუპება
ფეხების შეშუპების კიდევ ერთი სისტემური მიზეზი ღვიძლის მძიმე დაზიანებაა (ციროზი ან უკმარისობა), რომლის დროსაც ორგანო ვეღარ აწარმოებს საკმარის ცილას (ალბუმინს) და სისხლძარღვები სითხის შეკავების უნარს კარგავს. თირკმლისა და გულისმიერისგან განსხვავებით, ღვიძლისმიერი შეშუპება თითქმის ყოველთვის იწყება მუცლის ღრუში სითხის დაგროვებით ― ასციტით (მუცლის მკვეთრი ზრდით) და მხოლოდ ამის შემდეგ ან პარალელურად ვრცელდება სიმეტრიულად ორივე ფეხზე. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს კანისა და თვალების სიყვითლე, კანის ქავილი და მუცელზე გაფართოებული ვენების ქსელი (“მედუზას თავი”). დიაგნოსტიკა ექოსკოპიასა და სისხლის ანალიზებს ეყრდნობა, მკურნალობა კი მარილის მკაცრ შეზღუდვას, სპეციფიკურ შარდმდენებს (სპირონოლაქტონი), ხოლო რთულ შემთხვევებში მუცლიდან სითხის მექანიკურ გამოტანას (პუნქციას) ან ღვიძლის ტრანსპლანტაციას გულისხმობს.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა







