წვეულების ფარული სტრესი

გააზიარე:

დაბადების დღის წვეულებები თითქოს სიხარულთან ასოცირდება: ბუშტები, მუსიკა, ტორტი, ფოტოები... ამიტომ ბევრ მშობელს უკვირს, როდესაც მათი ჩვეულებისამებრ თავდაჯერებული, კომუნიკაბელური და აქტიური ბავშვი წვეულებაზე მოულოდნელად მორცხვობს, ტირილს იწყებს, იმალება ან უბრალოდ კატეგორიულ უარს ამბობს გასართობ სივრცეში შესვლაზე.

ეს ბავშვი არ არის მორცხვი ბაღში, თავისუფლად ეთამაშება თანატოლებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებთან ურთიერთობაც არ უჭირს.

მაშ, რა ხდება?

მოკლე პასუხი ასეთია: ეს არ არის მორცხვობა – ეს ნერვული სისტემის გადატვირთვაა. როგორც კი მშობლები ამას მიხვდებიან და გაგებით მოეკიდებიან, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება.

მაშ, ასე: რით აიხსნება წვეულებებზე ბავშვის უეცარი მორცხვობა, კოსტიუმირებული პერსონაჟების შიში და როგორ მოიქცნენ (ან არ მოიქცნენ) მშობლები?

არა ხასიათის, არამედ გარემოს ბრალია

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა იმის ფიქრია, რომ წვეულებები არ მოსწონთ მხოლოდ ინტროვერტ ან სოციალური შფოთვის მქონე ბავშვებს. სინამდვილეში ამ ბავშვების დიდი ნაწილი ძალიან სოციალურია, ემოციურად ღია და ცნობისმოყვარე.

პრობლემის წყარო თავად წვეულების ფორმატია.

დაბადების დღე აერთიანებს ბევრ ძლიერ სტიმულატორს – ისეთებს, როგორიცაა:

  • ხმაური და არაპროგნოზირებადი ხმები;
  • ბევრი ბავშვი ერთ სივრცეში;
  • ვიზუალური ქაოსი (ბუშტები, განათება, დეკორაციები);
  • მხიარულის როლის შესრულების წნეხი;
  • კოსტუმირებული პერსონაჟების მაღალი ხმები და გადაჭარბებული მოძრაობები;
  • მისკენ მიმართული უეცარი გადაჭარბებული ყურადღება.

ბავშვის განვითარებადი ნერვული სისტემისთვის ეს მეტისმეტია.

თავდაჯერებულ ბავშვებსაც კი შეუძლიათ ქცევასა და ემოციებზე კონტროლის დაკარგვა, როცა სტიმულატორები მათ შესაძლებლობებს აჭარბებს.

რატომ აშინებთ ბავშვებს კოსტუმირებული პერსონაჟები

ბევრს ჰგონია, ბავშვებს იმიტომ არ უყვართ კოსტუმირებული პერსონაჟები, რომ საშიშები ან მეტისმეტად დიდები არიან. ზოგჯერ მართლაც ასეა, მაგრამ უმეტესად მიზეზი გაცილებით სიღრმისეულია.

კოსტუმირებული პერსონაჟები ბავშვის ტვინისთვის დამაბნეველია:

  • სახე ბუნებრივად არ მოძრაობს;
  • ხმა არ ემთხვევა სახის ` სხეულის მოძრაობას;
  • ზომა არარეალურია;
  • მოძრაობები გადაჭარბებულია;
  • კოსტიუმში გამოწყობილი პერსონაჟები არღვევენ ბავშვის პირად სივრცეს.

ეს ადამიანია? სათამაშოა? ცოცხალია? ცოცხალი სათამაშოა? – ფიქრობს ბავშვი. კატეგორიზაცია განსაკუთრებით უჭირთ 6 წლამდე ასაკის პატარებს.

ეს გაურკვევლობა იწვევს შიშის აქტივაციას, თუნდაც ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებაში მამაცი და მშვიდი იყოს.

მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ შიში ყოველთვის ტირილით არ გამოიხატება. ის შესაძლოა გამოვლინდეს გაშეშებით, დუმილით, დამალვით ან მშობელზე მიწებებით.

რატომ ხდება თავდაჯერებული ბავშვი უეცრად მორცხვი

დაბნეული მშობლები ამბობენ:

“სახლში ისეთი ხმაურიანია!”

“ეზოში ყველას ელაპარაკება!”

“ბაღში საერთოდ არ რცხვენია!”

საქმე ის არის, რომ ყოველდღიური გარემო პროგნოზირებადია, წვეულება – არა.

წვეულებაზე ბავშვი აწყდება:

* გაურკვეველ სოციალურ წესებს;

* ერთდროულად ძალიან ბევრი არჩევანის გაკეთების აუცილებლობას;

* ზეწოლას სწრაფი ინტერაქციისთვის;

* უფროსების მოლოდინს, რომ აუცილებლად კარგად უნდა გაერთოს.

ბავშვს ადამიანები არ აშინებს. მას აშინებს ის, რომ მისგან მეტისმეტად ბევრს ელიან და მან მოლოდინი უნდა გაამართლოს.

უხილავი ზეწოლა

მაშინაც კი, როცა მშობლები ხმამაღლა არაფერს ამბობენ, ბავშვები გრძნობენ ასეთ მესიჯებს:

* „მიდი, მიესალმე!“

* “წადი, ითამაშე”.

* “ჯამბაზი შენთვის მოვიდა!”

* “ყველა შენ გელოდება”.

* “ნახე, სხვა ბავშვები როგორ ერთობიან!”

ბავშვები ემოციურად ძალიან მგრძნობიარენი არიან. როცა მათგან სიხარულის გამოხატვას ელიან და არ აცდიან, რომ ეს ბუნებრივად მოხდეს, ჩნდება წინააღმდეგობა.

უარი ბავშვის ენაზე ნიშნავს:

“მადროვეთ!”

“ახლა თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ”.

“ჩემთვის ეს მეტისმეტად ბევრია”.

უნდა აიძულონ თუ არა მშობლებმა შვილებს წვეულებაზე დასწრება ან გართობაში მონაწილეობა?

მოკლე პასუხია “არა”.

ბავშვის იძულება მაღალსტიმულირებულ სოციალურ სიტუაციაში იშვიათად ზრდის თავდაჯერებას. უფრო ხშირად ის თავის დაძვრენის ინსტინქტს აღვიძებს.

ემოციური რეგულაციის კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები გამძლეობას სწავლობენ მაშინ, როცა მხარდაჭერას გრძნობენ და არა იძულებას.

რა ზრდის თავდაჯერებას?

* არჩევანის თავისუფლება;

* პროგნოზირებადი გარემო;

* საზღვრების პატივისცემა;

* ეტაპობრივი შეჩვევა.

რა ამცირებს?

* იძულება;

* შერცხვენა (“ნუ სულელობ!”)

* შედარება (“ნახე, სხვა ბავშვებს არ ეშინიათ!”)

* დისკომფორტის იგნორირება.

პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის

1. მოამზადეთ ბავშვი, წინასწარ აუხსენით, რა მოხდება ეტაპობრივად. აჩვენეთ ფოტოები ან ვიდეოები. მოუყევით, ვინ იქნება იქ და რა ელოდება.

2. მიიღეთ მისი ყველა ემოცია

უთხარით:

“ზოგ ბავშვს უყვარს წვეულებები, ზოგს – არა”.

“თუ გინდა, ჯერ უბრალოდ უყურე”.

“თუ არ გინდა, არ ხარ ვალდებული, ვინმეს ჩაეხუტო”.

ეს ხსნის ზეწოლას.

3. შესთავაზეთ წასვლის გეგმა

როცა ბავშვმა იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია, დატოვოს სივრცე, ხშირად უფრო მეტხანსაც რჩება და უფრო მშვიდადაცაა.

4. მიდით ადრე

წვეულების დასაწყისში სივრცე ნაკლებად ქაოსურია და ბავშვს ადაპტაციის დრო ეძლევა.

5. იყავით საყრდენი და არა მენეჯერი

*იტრიალეთ ბავშვის ახლოს.

*ნუ უბიძგებთ.

*აცადეთ მის ცნობისმოყვარეობას, თავისით იმუშაოს.

6. მოერიდეთ საჯაროდ წაქეზებას. სხვა ადამიანების გასაგონად ნათქვამი “მიდი, ითამაშე!” შესაძლოა დამცირებად აღიქვას.

7. პატივი ეცით “არას”

ბავშვი, რომლის საზღვრებსაც პატივს სცემენ, საკუთარ თავსაც ენდობა და ახლობლებსაც.

რა არ უნდა...

* არ უნდა აიძულოთ ჩახუტება, ფოტოს გადაღება, თამაშში მონაწილეობა.

* არ მიაწებოთ “მორცხვის” იარლიყი;

* არ გააუფასუროთ მისი შიში („"ეს უბრალოდ კოსტიუმია”)

* არ შეადაროთ სხვა ბავშვებს

გაივლის თუ არა ეს ეტაპი?

უმეტესად – კი.

ნერვული სისტემის მომწიფებასთან ერთად სტიმულების მიმართ ტოლერანტობაც იმატებს. ბავშვები, რომლებსაც საკუთარი ტემპით განვითარების საშუალებას აძლევენ, ხშირად უფრო და უფრო თავდაჯერებულები ხდებიან.

პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად ვაიძულებთ, მით უფრო სწრაფად გადალახავენ ამ ეტაპს.

გაითვალისწინეთ:

ბავშვი, რომელსაც არ უყვარს წვეულებები, არ არის ანტისოციალური ან სუსტი.

ის უბრალოდ გულწრფელად რეაგირებს საკუთარ ემოციურ და სენსორულ ზღვარზე.

როცა მშობლები კითხვას “როგორ შევაყვარო წვეულებები?“ შეცვლიან კითხვით “როგორ დავეხმარო, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს?”, ყველაფერი გამარტივდება.

ემოციურ უსაფრთხოებაში გაზრდილი ბავშვები მხოლოდ წვეულებებს კი არ უმკლავდებიან – ისინი სამყაროს ენდობიან, ეს კი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბუშტები და ტორტი.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: