თირკმლის ცისტა

გააზიარე:

სხეულში გაჩენილი წარმონაქმნები, როგორც წესი, იწვევს სიმპტომებს და ადამიანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ექიმს მიმართავს, მაგრამ ისეც ხდება, რომ ჩივილების გარეშე, პრევენციული კვლევის ჩასატარებლად მისულს, მოულოდნელად აღმოაჩნდება ხოლმე თირკმლის ცისტა.

რა არის

თირკმლის ცისტა თირკმლის ზედაპირზე ან მის პარენქიმაში გაჩენილი მრგვალი, სითხით სავსე, თხელი გარსით დაფარული წარმონაქმნია. წესისამებრ, კეთილთვისებიანი. მისი განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იმატებს. აშშ-ის სტატისტიკური მონაცემებით, 50 წელს გადაცილებულთა ნახევარზე მეტს თირკმელში ერთი ცისტა მაინც აქვს. ეს წარმონაქმნი უმეტესად ერთეული და ცალმხრივია, თუმცა გვხვდება მრავლობითი და ორმხრივიც. ცისტების ზომა და რაოდენობა ზოგჯერ ასაკის მატების კვალდაკვალ იზრდება.

თირკმლის ცისტის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია. ვინაიდან ახალგაზრდა ქალებთან ის იშვიათად გვხვდება, მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ცისტის განვითარებას ესტროგენების დამცველობით ეფექტს და ანდროგენების სიმცირეს უკავშირებს. მათი განმარტებით, ამიტომ არის, რომ მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ქალის ორგანიზმში ჰორმონული გამოფიტვა იწყება, დაავადების გავრცელება ორივე სქესის პირებში თითქმის თანაბრდება.

როგორ ვლინდება

როგორც უკვე ვთქვით, თირკმლის ცისტას ხშირად ექოსკოპიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ, რადგან მას უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. თუ წარმონაქმნი გაიზარდა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებს მიაწვა, გასკდა ან დაინფიცირდა, თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:

  • ყრუ ტკივილი წელის, ფერდის ან მუცლის ზედა მიდამოში;
  • შემცივნება და ცხელება;
  • მაღალი დიასტოლური (ქვედა) წნევა;
  • შარდვის გახშირება;
  • სისხლი შარდში;
  • შარდის შეკავება და თირკმლის შეშუპება.

კლასიფიკაცია

მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ მარტივ, მრავალკამერიან და დერმოიდულ ცისტებს. ეს უკანასკნელი ემბრიონული განვითარების ანომალიაა. მისი შიგთავსი ხშირად შეიცავს თმას, ფრჩხილებს, ცხიმოვან ან ძვლოვან ქსოვილს. ამგვარი ცისტის დიაგნოსტირება კვლევის ვიზუალური მეთოდებით ხდება, მკურნალობას კი უმეტესად ქირურგიულს მოითხოვს.

მარტივი ცისტა მცირე ზომის თხელკედლიანი წარმონაქმნია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობას არ მოითხოვს. მას საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კლევით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩენენ.

რაც შეეხება კომპლექსურ ცისტას, ის შედარებით სქელკედლიანი, დაღარული ღრუა, რომელსაც რამდენიმეკამერიანი შიგთავსი აქვს. ასეთ ცისტას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, რადგან შესაძლოა, გაიზარდოს და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. იშვიათად მრავალკამერიანი ცისტა ავთვისებიან წარმონაქმნად გარდაიქმნება, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ არის რეკომენდებული.

მარტივი ცისტები არ უნდა აგვერიოს თირკმლის პოლიცისტურ დაავადებაში – ამ ორს ერთმანეთისგან განსხვავებული ეტიოლოგია და მიმდინარეობა აქვს.

თირკმლის პოლიცისტური დაავადება გენეტიკური პათოლოგიაა, რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში ვითარდება. ახასიათებს სითხით სავსე მრავალი ბუშტუკის არსებობა არა მხოლოდ თირკმელებში, არამედ ღვიძლში, კუჭქვეშა ჯირკვალსა და ტვინშიც.

აღწერილია პოლიცისტური დაავადების ორი ტიპი:

1. ავტოსომურ-დომინანტური. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაავადების განმსაზღვრელ გენს ბავშვი ერთ-ერთი მშობლისგან იღებს. ამ დროს ჯანმრთელობის პრობლემები უმეტესად მოწიფულ ასაკში, 30-40 წლისთვის იჩენს თავს.

2. ავტოსომურ-რეცესიული. ამ შემთხვევაში პათოლოგიური გენი ბავშვს ორივე მშობლისგან გადაეცემა. თავად მშობლები ჯანმრთელები არიან, მაგრამ ორივე მათგანი პათოლოგიური გენის მატარებელია. საბედნიეროდ, აღნიშნული მდგომარეობა იშვიათია და ყოველი 20 000 ახალშობილიდან ერთთან გვხვდება, თუმცა, პირველი ტიპისგან განსხვავებით, კლინიკურად დაბადებიდან მალევე გამოვლინდება, გაცილებით აგრესიულად მიმდინარეობს და ხშირად ლეტალურად სრულდება.

თირკმლის პოლიცისტურ დაავადებას სიმპტომურად მკურნალობენ. წვრილი სითხოვანი ბუშტუკები მნიშვნელოვნად აქვეითებს ორგანოს ფუნქციას და საბოლოოდ თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ. პაციენტს ამ დროს დიალიზი და ორგანოს ტრანსპლანტაცია სჭირდება.

მკურნალობა

თუ თირკმლის უსიმპტომო მარტივი ცისტა 5 სმ-ზე ნაკლები დიამეტრისაა, არ არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, მიმართავენ წარმონაქმნზე დაკვირვების ტაქტიკას.

ქირურგიული ჩარევის საკითხი დღის წესრიგში მაშინ დგება, როდესაც თირკმლის ცისტა დიდ ზომას აღწევს, აწვება მეზობელ ორგანოებს, იწვევს ტკივილს, სისხლდენას და წარმოიშობა მისი გასკდომის საფრთხე.

დღეისთვის ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდია აქტუალური:

1. ცისტის პუნქცია და სითხის დრენირება. ეს არის მცირეინვაზიური პროცედურა, რომლის დროსაც ცისტის კედელს სპეციალური ხელსაწყოთი ჩხვლეტენ, შიგთავსს ამოტუმბავენ, ცარიელ ღრუში კი ისეთ ნივთიერებას შეიყვანენ, რომელიც ხელს უწყობს ნაწიბურების წარმოქმნას და კისტის ხელახლა სითხით შევსების პრევენციას ახდენს.

2. ლაპაროსკოპიული ოპერაცია. დახურული წესით ხდება ჯერ ცისტის შიგთავსის დრენირება, მერე კი დარჩენილი ქსოვილის მოწვა ან მოკვეთა.

ღია წესით ოპერაცია ტარდება დიდი ზომის ან სიმსივნურად გადაგვარებული ცისტის მოსაშორებლად, როდესაც წარმონაქმნის სპეციფიკური ლოკალიზაციის გამო ან სხვა მიზეზით ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენება ვერ ხერხდება. იშვიათად ასეთი ცისტების ოპერაციული მკურნალობა თირკმლის ნაწილობრივ ან სრულ ამოკვეთას მოითხოვს.

გახსოვდეთ, ცისტის "გასაქრობი" წამალი არ არსებობს. მედიკამენტური თერაპია მხოლოდ ისეთი თანმხლები პროცესების სამკურნალოდ ინიშნება, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და ინფექცია.

მარი მარღანია

გააზიარე: