ბავშვი და საჭმლის მონელება

გააზიარე:

ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის ზრდასრული ადამიანის ამავე სისტემის მინიატურული ასლი. ისევე როგორც ბავშვის მთელი სხეული, ეს სისტემაც მუდმივი ზრდისა და განვითარების რთულ გზას გადის და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ორგანოების რთულ კომპლექსს წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლები იცნობდნენ იმ ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, რომლებიც ჩვილობიდან პუბერტატულ ასაკამდე ახასიათებს ამ სისტემას და წარმოდგენა ჰქონდეთ იმ დარღვევების შესახებაც, რომლებიც ხშირად გვხვდება ბავშვობის ასაკში.

რა ევალება

საჭმლის მომნელებელი სისტემა მიღებულ საკვებს უმცირეს ნაწილაკებად შლის, რათა ენერგია და სიცოცხლისთვის აუცილებელი ნუტრიენტები გამოათავისუფლოს. საკვების დაშლისას ჩვენ ვიღებთ:

* ამინმჟავებს – ცილებისგან;

* მარტივ შაქრებს – რთული ნახშირწყლებისგან (სახამებლისგან);

* ცხიმოვან მჟავებსა და გლიცერინს – ცხიმებისგან.

საჭმლის მომნელებელი სისტემა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

1. საჭმლის მომნელებელი ტრაქტისგან. ეს არის გრძელი კუნთოვანი მილი, რომელიც იწყება პირით და მთავრდება ანუსით. მასში შედის საყლაპავი მილი, კუჭი და ნაწლავები. ზრდასრული ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიგრძე დაახლოებით 9 მეტრია.

2. დამხმარე ორგანოებისგან, რომლებიც მონელების პროცესში ფერმენტებსა და ქიმიურ ნივთიერებებს ამატებენ საკვების მასას. ესენია სანერწყვე ჯირკვლები, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი).

როგორ მუშაობს

პირი: საჭმლის მონელება მანამდე იწყება, სანამ საკვებს გემოს გავუსინჯავთ – საჭმლის დანახვისთანავე ან მისი სურნელის შეგრძნებისთანავე სანერწყვე ჯირკვლები ნერწყვის გამოყოფას იწყებენ. კბილები აქუცმაცებენ საკვებს, ნერწყვი კი არბილებს მას. ნერწყვში არსებული ფერმენტი ამილაზა იწყებს ნახშირწყლების დაშლას. ენის კუნთების დახმარებით საკვები ხახაში, იქიდან კი საყლაპავ მილში გადადის. ყლაპვის პროცესში ხორხსარქველი ეფარება ხორხს, სასუნთქ გზას, რათა საკვები ფილტვებში არ მოხვდეს.

საყლაპავი მილი კუნთოვანი ორგანოა. მისი ტალღისებური შეკუმშვები (პერისტილტიკა) საკვებს კუჭისკენ უბიძგებს.

კუჭი: საყლაპავის ბოლოს მდებარეობს სარქველი – სფინქტერი, რომელიც საკვებს კუჭში უშვებს, მერე კი იკეტება, რომ კუჭის შიგთავსი უკანვე, საყლაპავში არ ამოვიდეს. კუჭის კუნთები საკვებში ურევს მჟავებსა და ფერმენტებს, სანამ მასა სქელ სითხედ – ქიმუსად – არ გადაიქცევა.

წვრილი ნაწლავი: აქ ნუტრიენტების უმეტესობა სისხლში შეიწოვება. წვრილი ნაწლავი სამი ნაწილისგან შედგება:

1. თორმეტგოჯა ნაწლავი – აქ ქიმუსს ემატება ფერმენტები პანკრეასიდან და ნაღველი ღვიძლიდან;

2. მლივი ნაწლავი – აგრძელებს მონელების პროცესს და იწყებს ნუტრიენტების შეწოვას;

3. თეძოს ნაწლავი (ილეუმი) – ბოლო მონაკვეთი, რომელიც მსხვილ ნაწლავში გადადის. აქ სრულდება ნუტრიენტების შეწოვის პროცესი. ამ მონაკვეთს გადამწყვეტი როლი ენიჭება ვიტამინ B12-ისა და ნაღვლის მჟავების ათვისებაში, რის შემდეგაც გადაუმუშავებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში გადაინაცვლებს.

წვრილი ნაწლავის შიგნითა მხარე დაფარულია ხაოთი – მილიონობით მიკროსკოპული წანაზარდით, რომლებიც ზრდის ნაწლავის ზედაპირს საკვები ნივთიერებების უკეთ შესაწოვად.

დამხმარე ორგანოების როლი:

* ღვიძლი გამოიმუშავებს ნაღველს ცხიმების დასაშლელად.

* ნაღვლის ბუშტი ინახავს ნაღველს, სანამ საჭირო არ გახდება მისი ჩართვა მონელების პროცესში.

* პანკრეასი წარმოქმნის ფერმენტებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მოსანელებლად.

ფერმენტები და ნაღველი სპეციალური სადინარებით გადადის წვრილ ნაწლავში, სადაც საკვების დაშლაში მონაწილეობს.

საკვების მოუნელებელი ნარჩენები და წყლის განსაზღვრული ნაწილი მსხვილ ნაწლავში გადადის კუნთოვანი რგოლის, ილეოცეკალური სარქვლის, გავლით. ეს სარქველი ხელს უშლის მასის წვრილ ნაწლავში დაბრუნებას. როდესაც საკვების ნარჩენები მსხვილ ნაწლავში ხვდება, ნუტრიენტების შეწოვის პროცესი თითქმის დასრულებულია.

მსხვილი ნაწლავის მთავარი ფუნქციაა წყლის შეწოვა და დარჩენილი მასისგან ფეკალიების ფორმირება. მისი ნაწილებია:

* ბრმა ნაწლავი – ეს მსხვილი ნაწლავის საწყისი მონაკვეთია, საიდანაც გამოდის პატარა, თითისებრი წანაზარდი – აპენდიქსი (ჭიაყელა დანამატი);

* კოლინჯი – საკუთრივ მსხვილი ნაწლავი, რომელიც მოიცავს ასწვრივ, განივ, დაღმავალ და სიგმოიდურ მონაკვეთებს;

* სწორი ნაწლავი – აქ გროვდება ნარჩენები გარეთ გამოსვლამდე (დეფეკაციამდე).

საკვების მიერ მთელი ტრაქტის გავლას შესაძლოა 2-3 დღე და მეტიც კი დასჭირდეს, თუმცა ბავშვებთან, განსაკუთრებით ჩვილებთან, ეს პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს (ზოგჯერ 2-10 საათი ჰყოფნის), ვიდრე ზრდასრულებთან. ეს განპირობებულია როგორც ბავშვების კვების სპეციფიკური რეჟიმით, ისე საკვების კონსისტენციითაც (რადგან მათი საკვები ძირითადად თხევადია).

ზრდისა და განვითარების ეტაპები

ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა დაბადებიდან ზრდასრულობამდე მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის.

0-დან 6 თვემდე ის ერთგვარი სტარტაპის რეჟიმშია:

ახალშობილის კუჭი ძალიან პატარაა (დაბადების პირველ დღეს ალუბლისოდენაა, პირველ კვირას – ფორთოხლისოდენა). სწორედ ამიტომ სჭირდებათ ჩვილებს ხშირი და მცირე ულუფებით კვება.

ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია:

* სუსტი სფინქტერი – კუჭის სარქველი ჯერ კიდევ მოდუნებულია, რაც იწვევს ფიზიოლოგიურ რეფლუქსს (ამოქაფებას). ეს ნორმაა.

* ფერმენტების შერჩევითობა – ორგანიზმი გამოიმუშავებს მხოლოდ იმ ფერმენტებს (მაგალითად, ლაქტაზას), რომლებიც რძის მოსანელებლად არის საჭირო.

6-დან 12 თვემდე, დამატებითი კვების პერიოდი – ეს ერთგვარი სავარჯიშო პერიოდია ნაწლავებისთვის:

* ფერმენტული აქტივობა – იწყება ამილაზისა და სხვა ფერმენტების აქტიური გამოყოფა, რაც ბავშვის ორგანიზმს საშუალებას აძლევს, დაშალოს სახამებელი და რთული ნახშირწყლები (ფაფები, ბოსტნეული).

* მიკრობიომის ცვლილება – როგორც კი რაციონში მყარი საკვები შემოდის, ნაწლავის ბინადარი ბაქტერიების შემადგენლობა მკვეთრად იცვლება – უფრო მრავალფეროვანი ხდება.

* იმუნური ტოლერანტობა – 4-დან 7 თვემდე პერიოდში სხვადასხვა ცილის (ალერგენების) გაცნობა იმუნურ სისტემას ასწავლის მათთან “მეგობრობას” და ამცირებს მომავალში ალერგიის რისკს.

* ღეჭვითი რეფლექსი – კბილების ამოჭრასთან ერთად ყბა-სახის კუნთები იწყებს მზადებას საკვების მექანიკური დამუშავებისთვის, რაც მონელების პირველი ეტაპია.

1-დან 3 წლამდე – ამ ასაკში მომნელებელი სისტემა უკვე საგრძნობლად ჰგავს ზრდასრულისას:

* სტაბილური მიკრობიომი – 3 წლისთვის ბავშვის ნაწლავური ფლორა უკვე ჩამოყალიბებულია.

* კონტროლის მექანიზმი – ბავშვი სწავლობს სწორი ნაწლავის სფინქტერის კონტროლს (ქოთანზე მიჩვევის პერიოდი), რაც ნიშნავს, რომ ნერვული სისტემა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი უკვე სინქრონულად მუშაობს.

* ფუნქციური ყაბზობა – ეს არის დიაგნოზი, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ ქოთანზე მიჩვევის პერიოდს ემთხვევა. ფუნქციური ყაბზობა აიხსნება ნებაყოფლობითი შეკავების რეფლექსით, რაც ფსიქოსომატური მოვლენაა.

4-დან 10 წლამდე:

* ამ პერიოდისთვის ტიპობრივია სწრაფი მეტაბოლიზმი.

* ენერგეტიკული მოთხოვნა – დადასტურებულია, რომ ბავშვის ბაზალური მეტაბოლიზმი წონასთან შეფარდებით ბევრად ინტენსიურია, რადგან ენერგია იხარჯება არა მხოლოდ არსებობისთვის, არამედ ქსოვილების მშენებლობისთვისაც (ანაბოლიზმი).

* პანკრეასის რეაქტიულობა – ბავშვის პანკრეასს ნაკლები რეზერვი აქვს. გემრიელი, მაგრამ არც ისე სასარგებლო სასუსნავი, ე.წ. ჯანქ-ფუდი, იწვევს ინსულინის მკვეთრ ნახტომებს და ფერმენტულ გადატვირთვას, რაც, ზრდასრულთაგან განსხვავებით, ბავშვებში სწრაფად იწვევს ფუნქციურ დარღვევებს (მაგალითად, დისპეფსიას).

მოზარდი ასაკი – ჰორმონული ცვლილებები გავლენას ახდენს მონელებაზეც:

* მეტაბოლიზმის აჩქარება – სქესობრივი მომწიფებისას ჰორმონული ქარიშხალი მოქმედებს ნაწლავის მოტორიკაზე. ესტროგენი და პროგესტერონი გავლენას ახდენს ნაწლავში საკვების გადაადგილების სიჩქარეზე.

* მგრძნობელობა – კვებითი ჩვევების ცვლილებამ ამ ასაკში შესაძლოა დროებითი ფუნქციური დარღვევები (მაგალითად, გასტრიტის ნიშნები) გამოიწვიოს.

* ემოციური კვება – ნეირობიოლოგიურად დასაბუთებულია, რომ მოზარდობისას ტვინის ჯილდოს სისტემა (დოფამინური გზები) უფრო მგრძნობიარეა, რაც იწვევს მაღალკალორიული საკვებისკენ ლტოლვას სტრესის დროს.

მიკრობიომი – შინაგანი ეკოსისტემა

საჭმლის მონელება არ არის უბრალოდ "დაშლა და შეწოვა"; ეს ბავშვის იმუნიტეტის, ზრდისა და ტვინის განვითარების საფუძველია.

საჭმლის მომნელებელ სისტემაზე საუბრისას ხშირად შეხვდებით ტერმინებს: მიკრობიოტა და მიკრობიომი.

* მიკრობიოტა არის ყველა იმ მიკროორგანიზმის (ბაქტერიების, ვირუსები, სოკოების) ერთობლიობა, რომელიც ჩვენს ნაწლავებში ბინადრობს,

* მიკრობიომი კი არის მთლიანი გარემო – ერთგვარი ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ბაქტერიებს, არამედ მათ გენეტიკურ მასალას და იმ პირობებსაც, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ.

ნაწლავები უზარმაზარი სამყაროა, სადაც 100 ტრილიონამდე მიკროორგანიზმი ცხოვრობს. ეს ეკოსისტემა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც სხვადასხვა ქვეყნის ბუნება და ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია.

როდის და როგორ ყალიბდება

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დაბადებამდე, ფაქტობრივად, სუფთა დაფაა. მისი დასახლება სიცოცხლის პირველივე წამებიდან იწყება. ნაწლავების მიკროფლორაზე გავლენას ახდენს:

* დაბადების გზა – ბუნებრივი მშობიარობისას დედა ბავშვს გადასცემს სასარგებლო ბაქტერიებს, ამიტომ ბუნებრივად დაბადებული ბავშვის მიკრობიოტა განსხვავდება საკეისრო კვეთით დაბადებულის მიკრობიოტისგან.

* კვების ტიპი – დედის რძით ნაკვები ჩვილების მიკრობიომი განსხვავდება იმ ბავშვების მიკრობიომისგან, რომლებიც დაბადებიდანვე ხელოვნურ კვებაზე ჰყავდათ.

* ასაკი – უკვე 2-3 წლის ასაკში ბავშვის მიკრობიოტა ისეთივე მრავალფეროვანი და ჩამოყალიბებულია, როგორიც ზრდასრული ადამიანისა.

რა საჭიროა

ნაწლავის ბაქტერიები ჩვენი ორგანიზმის უწყინარი, მაგრამ უსარგებლო ბინადრები არ არიან – ისინი დიდ როლს ასრულებენ:

1. ვიტამინების წარმოქმნაში – ნაწლავის ბაქტერიები გვეხმარებიან ზოგიერთი საჭირო ვიტამინის სინთეზში;

2. იმუნიტეტის წვრთნაში – მიკრობიომი “ასწავლის” იმუნურ სისტემას, როგორ განასხვაოს მავნე ბაქტერია სასარგებლოსგან;

3. მეტაბოლიზმის რეგულირებაში – გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლასა და წონის კონტროლზე;

4. დაცვა – ქმნიან ბარიერს და არ აძლევენ დაავადების გამომწვევ მიკრობებს გამრავლების საშუალებას.

მიკრობიოტის ცვლილებები

ჩვეულებრივ, მიკრობიოტა სტაბილურია. მისი ბალანსი შესაძლოა დაარღვიოს:

* მედიკამენტებმა (განსაკუთრებით – ანტიბიოტიკებმა);

* კვების რაციონის მკვეთრმა ცვლილებამ;

* ასაკმა (სიბერეში მიკრობიომის მრავალფეროვნება მცირდება).

ბალანსის რღვევამ (დისბიოზმა) შესაძლოა ხელი შეუწყოს ალერგიის, სიმსუქნის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარებას და ნევროლოგიური პრობლემების (მაგალითად, აუტიზმის) ჩამოყალიბებასაც კი.

ადრეულ ასაკში მრავალფეროვანი კვება და გარემოსთან (მათ შორის – შინაურ ცხოველებთან, ბუნებასთან) კონტაქტი ჯანსაღი და ძლიერი მიკრობიომის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ბაქტერიული პროგრამირება

ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღე (ჩასახვიდან 2 წლამდე) უმნიშვნელოვანეს ეპიგენეტიკურ ფანჯარად მიიჩნევა.

რა არის ეპიგენეტიკა? მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიბადებით განსაზღვრული გენეტიკური ინსტრუქციით, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი აღჭურვილია ეპიგენეტიკური მექანიზმითაც, რომელიც წყვეტს, ამ ინსტრუქციიდან რომელი ამუშავდეს და რომელი – არა. წარმოიდგინეთ, რომ გენები ნათურებია, ხოლო ეპიგენეტიკა – მათი ჩამრთველი. სწორედ გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული (კვებაზე, მიკრობიომზე, სტრესზე), რომელი “ნათურა” აინთება – ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თუ დაავადებისკენ მიდრეკილების განმაპირობებელი.

რატომ არის ეს პერიოდი კრიტიკული მიკრობიომისთვის? სწორედ ამ დროს ხდება ბავშვის ორგანიზმის “ბაქტერიული დათესვა” და იმუნური სისტემის “დაპროგრამება”. სამეცნიერო კვლევები მოწმობს, რომ ამ წლებში ჩამოყალიბებული ნაწლავური მიკრობიოტა განსაზღვრავს, როგორ გადაამუშავებს ორგანიზმი საკვებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამასთან, ადრეულ ასაკში მიკრობული მრავალფეროვნების დარღვევა (მაგალითად, ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენების გამო) პირდაპირ კავშირშია მომავალში სიმსუქნის, დიაბეტი ტიპი 2-ისა და ავტოიმუნური ალერგიების განვითარების რისკთან.

ამ 1000 დღის განმავლობაში ნაწლავის ბაქტერიები “ასწავლიან” იმუნურ უჯრედებს, იყვნენ ტოლერანტულები გარემოს მიმართ, რაც ამცირებს ასთმის რისკს ზრდასრულ ასაკში.

დისბიოზი

სამედიცინო ტერმინი დისბიოზი (მიკრობიომის დისბალანსი) აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ნაწლავში მობინადრე მიკროორგანიზმების (ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების) ბუნებრივი თანაფარდობა დარღვეულია.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ეკოსისტემის მოშლა, რომელიც ორგვარი შეიძლება იყოს:

1. რაოდენობრივი დარღვევა, როდესაც სასარგებლო ბაქტერიების საერთო რიცხვი მცირდება (მაგალითად, ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ);

2. თვისებრივი დარღვევა, როდესაც “მეგობარი” ბაქტერიების ადგილს იკავებენ პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკრორგანიზმები, რომლებიც ნაწლავში ანთებით პროცესებს უწყობენ ხელს.

ადამიანის ნორმალური მიკრობიომი ერთგვარი ფარია. დისბიოზის დროს ეს ფარი ირღვევა, რაც გზას უხსნის ტოქსინებსა და მოუნელებელი საკვების ნაწილაკებს, დააზიანონ ნაწლავის კედელი და შეაღწიონ სისხლის მიმოქცევაში.

ნიშნები და სიმპტომები

მიკრობიომის დისბალანსის სიმპტომებია:

  • მუცლის ტკივილი ან სპაზმები;
  • B12 ვიტამინის, ასევე სხვა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი;
  • მუცლის შებერილობა, აირები და მონელების შენელება;
  • ყაბზობა ან დიარეა;
  • წონის კლება, მიუხედავად სათანადო კვებისა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GEღD) და გულძმარვა;
  • კუჭის აშლილობა ჭამის შემდეგ.

დისბიოზის მქონე ბავშვებს ზოგჯერ აღენიშნებათ თანმხლები მდგომარეობებიც:

  • სახსრების ტკივილი;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ფსიქიატრიული დარღვევები;
  • წონის კლების სირთულეები.

დისბიოზის გამომწვევი მიზეზები

* დაავადებები: ცელიაკია, კრონის დაავადება, დიაბეტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დივერტიკულიტი

* ინფექციები: ბაქტერიული გასტროენტერიტი ან საკვებით მოწამვლა

* ცხოვრებისეული ფაქტორები: ბავშვის კვებითი არჩევანი სიცოცხლის განმავლობაში და ბაქტერიებთან კონტაქტი დაბადებისას

* ზემგრძნობელობა, კერძოდ, კვებითი აუტანლობა (გლუტენისა, კაზეინისა, ლაქტოზისა, ფრუქტოზისა)

* მედიკამენტები: ზოგიერთი (როგორც რეცეპტული, ისე ურეცეპტოდ გასაცემი) წამლის მიღება

* ფიზიკური ფაქტორები: ქირურგიული ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები ან სკლეროდერმია

დიაგნოსტიკა

თუ ეჭვობთ, რომ თქვენს შვილს მიკრობიომის დისბალანსი აქვს, ექიმს უნდა მიმართოთ, რათა ჩატარდეს გამოკვლევა და დადგინდეს დარღვევის ტიპი.

ექიმმა შესაძლოა დაუნიშნოს:

* სუნთქვითი ტესტი – გამოიყენება წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების (შIBO) დასადგენად. ბავშვი სვამს შაქრიან ხსნარს, რის შემდეგაც იზომება მის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის ან მეთანის დონე.

* განავლის ანალიზი – ამ გზით ექიმი გაიგებს, რომელი ბაქტერიები ჭარბობენ ნაწლავში და არიან თუ არა იქ პარაზიტები, საფუარი სოკო ან ანთების მარკერები.

* ორგანული მჟავების ტესტი (შარდის ანალიზი) – ზოგჯერ გამოიყენება მიკრობული მეტაბოლიზმის პროდუქტების შესასწავლად.

მკურნალობა

დისბიოზის მკურნალობა კომპლექსურია და მიზნად ისახავს არა მხოლოდ სიმპტომების მოხსნას, არამედ მიზეზის აღმოფხვრასაც.

1. კვების მოდიფიკაცია მკურნალობის საფუძველია. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ:

  • ანთების საწინააღმდეგო დიეტა – შაქრისა და გადამუშავებული ნახშირწყლების, ანუ იმ ნივთიერებების შეზღუდვა, რომლებიც “კვებავენ” მავნე ბაქტერიებს;
  • ელიმინაციური დიეტა – რაციონიდან იმ პროდუქტების ამოღება, რომლებზეც ბავშვს ჭარბი მგრძნობელობა აქვს (მაგალითად, გლუტენისა ან კაზეინისა).

2. პრობიოტიკები და პრებიოტიკები

  • პრობიოტიკები არიან ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც ხელს უწყობენ ეკოსისტემის აღდგენას.
  • პრებიოტიკები უჯრედისის (ბოჭკოს) ტიპია, რომელიც წარმოადგენს სასარგებლო ბაქტერიების საკვებს.

3. მედიკამენტური ჩარევა – თუ სახეზეა ბაქტერიების ან სოკოების მკვეთრი ჭარბი გამრავლება, ექიმმა შესაძლოა დაუნიშნოს ბავშვს სპეციფიკური ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც მხოლოდ ნაწლავის არეში მოქმედებს.

ბავშვებისთვის ბუნებრივი პრებიოტიკების საუკეთესო წყაროებია:

* ბანანი, განსაკუთრებით - ნაკლებად მწიფე, რადგან მდიდარია რეზისტენტული (მონელების მიმართ მდგრადი) სახამებლით;

* შვრია - დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტა-გლუკანებს, რომლებიც ხელს უწყობენ “კარგი” ბაქტერიების ზრდას;

* ვაშლი - შეიცავს პექტინს, ბოჭკოს, რომელიც ნაწლავში სასარგებლო ცხიმოვან მჟავებად გარდაიქმნება;

* პარკოსნები (ოსპი, მუხუდო) - ბოჭკოსა და პრებიოტიკების ნამდვილი საბადოა უფროსი ასაკის ბავშვებისთვის;

* ხახვი და ნიორი (თერმულად დამუშავებული) - შეიცავს ინულინს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრებიოტიკია;

* ისპანახი და მწვანე ბოსტნეული - ეხმარება ნაწლავის მოტორიკას და კვებავს ფლორას.

აღსანიშნავია, რომ დედის რძე შეიცავს HMO-ებს (Human Milk Oligosaccharides) – ეს არის ბუნებრივი პრებიოტიკების ყველაზე სრულყოფილი სახეობა, რომელიც კვებავს ნაწლავში არსებულ ბიფიდობაქტერიებს და ამ გზით იცავს ბავშვის ჯანმრთელობას.

***

ლაქტოზის აუტანლობა

ლაქტოზის აუტანლობა მდგომარეობაა, როდესაც ბავშვის ორგანიზმს უჭირს რძესა და მის ნაწარმში არსებული შაქრის, ლაქტოზის, მონელება. ეს საშიში არ არის, მაგრამ დისკომფორტულია.

ლაქტოზის მონელებაზე პასუხისმგებელია ფერმენტი ლაქტაზა, რომელიც წვრილ ნაწლავში გამომუშავდება. როცა გამომუშავებული ლაქტაზა საკმარისი არ არის, მოუნელებელი ლაქტოზა გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც ბაქტერიებთან ურთიერთქმედებისას უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს.

ნიშნები და სიმპტომები

ლაქტოზის მოუნელებლობის ნიშნები და სიმპტომები, წესისამებრ, რძის ან მისი პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იჩენს თავს. ესენია:

  • დიარეა;
  • გულისრევა, ზოგჯერ – ღებინება;
  • მუცლის სპაზმები (ჭვალი);
  • მუცლის შებერილობა და აირები.

რატომ ვითარდება

ლაქტაზა რძის შაქარს ორ მარტივ შაქრად – გლუკოზად და გალაქტოზად გარდაქმნის. ეს შაქრები ნაწლავის ლორწოვანი გარსის მეშვეობით შეიწოვება სისხლში. როცა ორგანიზმი საკმარის ლაქტაზას ვერ გამოიმუშავებს, საკვებში არსებული ლაქტოზა წვრილ ნაწლავში ვერ შეიწოვება და მსხვილში გადადის, იქ არსებული ბაქტერიები კი მოუნელებელ ლაქტოზასთან ურთიერთქმედებენ. სწორედ ამ ურთიერთქმედების შედეგია ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები.

ლაქტოზის აუტანლობის სამი ტიპი არსებობს. სამივე მათგანს სხვადასხვა მიზეზი აქვს.

* პირველადი აუტანლობა (ყველაზე გავრცელებული ტიპი): ადამიანი ლაქტაზის მაღალი დონით იბადება, რადგან ჩვილ ასაკში რძე მისი ერთადერთი საკვებია. როდესაც ბავშვი იზრდება და მის რაციონში სხვა საკვებიც შემოდის, ლაქტაზის დონე ბუნებრივად იკლებს. ზოგიერთ ბავშვთან კლება იმდენად მკვეთრია, რომ რძის პროდუქტების მონელება პრობლემური ხდება.

* მეორეული აუტანლობა: ვითარდება ავადმყოფობის, ტრავმის ან ნაწლავზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ. მაგალითად, ნაწლავურმა ინფექციამ, ცელიაკიამ ან კრონის დაავადებამ შესაძლოა დროებით შეამციროს ლაქტაზის გამომუშავება.

* თანდაყოლილი აუტანლობა: ძალიან იშვიათად ადამიანი ლაქტაზის გარეშე იბადება. ეს გენეტიკური დარღვევაა, რომელიც ბავშვს ორივე მშობლისგან გადაეცემა. გარდა ამისა, ლაქტოზის აუტანლობა ხშირია დღენაკლულ ბავშვებთან, რადგან ნაწლავები მათ ბოლომდე არ აქვთ განვითარებული.

ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში (აფრიკელების, აზიელების, ესპანელების, მკვიდრი ამერიკელიების შთამომავლებთან) ლაქტოზის აუტანლობა უფრო ხშირია. დარღვევა უმეტესად ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს, ბავშვებთან კი 2-3 წლიდან ვლინდება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ყველაზე გავრცელებული სადიაგნოსტიკო კვლევაა წყალბადის სუნთქვითი ტესტი. ბავშვი სვამს ლაქტოზით მდიდარ სითხეს, რის შემდეგაც იზომება წყალბადის შემცველობა მის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში. წყალბადის მაღალი დონე მიუთითებს, რომ ლაქტოზა სწორად ვერ შეიწოვება.

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს მდგომარეობა?

რძის პროდუქტებზე უარის თქმა უმეტესად არ არის აუცილებელი. საკმარისია

* ულუფების შემცირება;

* რძის მიცემა სხვა საკვებთან ერთად;

* სხვადასხვა პროდუქტის მოსინჯვა და რეაქციაზე დაკვირვება. მაგალითად, მაგარი ყველი (ჩედერი, შვეიცარიული ყველი) ნაკლებ ლაქტოზას შეიცავს, იოგურტში არსებული ბაქტერიები კი თავად ეხმარებიან ორგანიზმს ლაქტოზის დაშლაში;

* ლაქტაზის დამატებით მიცემა: არსებობს ურეცეპტოდ გასაცემი წვეთები და ტაბლეტები, რომლებიც ხელს უწყობს ლაქტოზის მონელებას.

კვება რძის გარეშე: კალციუმის წყაროები

როცა რძის ნაწარმი შეზღუდული აქვს, ბავშვმა კალციუმი სხვა წყაროებიდან უნდა მიიღოს. ესენია:

* ბროკოლი და მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული;

* ფორტიფიცირებული (მინერალებით, კერძოდ, კალციუმით გამდიდრებული) მარცვლეული და წვენები;

* ორაგული, სარდინი;

* სოიის ან ბრინჯის რძე;

* ფორთოხალი, ნუში, ლობიო.

არ დაგავიწყდეთ D ვიტამინი, რომელიც კალციუმის ასათვისებლად არის საჭირო. ის მოიპოვება კვერცხში, თევზის ღვიძლსა და იოგურტში. გარდა ამისა, ორგანიზმი მას თვითონაც გამოიმუშავებს მზის სხივებთან კონტაქტის დროს.

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ პრობიოტიკები, ცოცხალი ბაქტერიები, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ორგანიზმს ლაქტოზის ათვისებაში ეხმარება.

***

ალერგია ძროხის რძეზე

რძის ალერგია არის იმუნური სისტემის ატიპური რეაქცია რძესა და მის შემცველ პროდუქტებზე. ეს ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგიაა. მას უმთავრესად ძროხის რძე იწვევს, მაგრამ არც ცხვრის, თხის, კამეჩისა და სხვა ძუძუმწოვრების რძეზე რეაქციისგან ვართ დაზღვეული.

სიმპტომები

სიმპტომები თავს იჩენს რძის მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ და ყოველთვის ერთნაირი არ არის.

მყსიიერი სიმპტომები:

  • ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი (ჭინჭრის ციება);
  • ხიხინი;
  • ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება ტუჩებისა და პირის გარშემო;
  • ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
  • ხველა ან სუნთქვის უკმარისობა;
  • ღებინება.

შედარებით გვიანი სიმპტომები:

  • თხელი განავალი ან დიარეა (ზოგჯერ -სისხლნარევი);
  • მუცლის სპაზმები;
  • სურდო და ცრემლიანობა;
  • ჩვილებში – კოლიკა (მუცლის ჭვალი).

ალერგია თუ აუტანლობა?

მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ რძის ალერგია, რძის ცილის აუტანლობა და ლაქტოზის აუტანლობა. ალერგია იწვევს იმუნურ პასუხს და ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშია, ხოლო აუტანლობა – არა. აუტანლობის სიმპტომებია შებერილობა, აირები და დიარეა. მას სხვაგვარი მკურნალობა სჭირდება.

ანაფილაქსია

რძის ალერგიამ შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსია – სიცოცხლისთვის საშიში იმუნური რეაქცია, რომელიც ავიწროებს, ზოგჯერ კი სრულიად ახშობს სასუნთქ გზებს. არაქისისა და სხვა თხილეულის შემდეგ რძე ყველაზე ხშირად იწვევს ანაფილაქსიას. მისი სიმპტომებია სასუნთქი გზების შევიწროება, სახის აწითლება, ქავილი და შოკი (არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნით). ასეთ დროს აუცილებელია ეპინეფრინის (ადრენალინის) ინექცია და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

გამომწვევი მიზეზები

ალერგიული რეაქცია განპირობებულია იმუნური სისტემის შეცდომით, რომელიც რძის ცილას საფრთხედ აღიქვამს და მის წინააღმდეგ IgE ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ძროხის რძეში ორი მთავარი ცილაა: კაზეინი (რძის მყარი ნაწილი) და შრატის ცილა. ბავშვი შეიძლება ალერგიული იყოს ერთ-ერთ მათგანზე ან ორივეზე ერთად.

ალერგიის რისკფაქტორებია:

* სხვა ალერგიები – რძის ალერგიას ხშირად თან სდევს სხვა სახის ალერგიებიც;

* ატოპიური დერმატიტი – კანის ქრონიკული ანთების მქონე ბავშვებს უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ კვებითი ალერგიისკენ;

* გენეტიკა – რისკი იმატებს, როცა მშობლებს აქვთ ალერგია, ასთმა ან ეგზემა;

* ასაკი – ბავშვებში უფრო ხშირია, რადგან მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება.

მოსალოდნელი გართულებები

ბავშვებს, რომლებსაც აქვთ რძის ალერგია, შესაძლოა განუვითარდეთ:

* კვებითი დეფიციტი. მკაცრი დიეტური შეზღუდვებისა და კვებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო რძის ალერგიის მქონე ბავშვებს ზოგჯერ აღენიშნებათ ზრდის შეფერხება, ასევე – ვიტამინებისა და მინერალების (მაგალითად, კალციუმისა და D ვიტამინის) ნაკლებობა.

* ცხოვრების ხარისხის გაუარესება. ბევრი გავრცელებული პროდუქტი შეიცავს რძეს (მაგალითად, სალათის სოუსები და სოსისები). როცა ბავშვს ძლიერი ალერგია აქვს, რძესთან კონტაქტის მუდმივი შიში ზრდის სტრესისა და შფოთვის დონეს საკვების არჩევისას.

პრევენცია და ალტერნატივა

ალერგიის თავიდან აცილების ერთადერთი გზა რაციონიდან რძისა და მისი ნაწარმის ამოღებაა, მაგრამ რძე, როგორც გითხარით, ზოგჯერ სრულიად მოულოდნელ ადგილას იმალება. მაგალითად, დაკონსერვებულ თევზში, ძეხვეულში, ნახევარფაბრიკატებში.

ალტერნატივა ჩვილებისთვის:

* ძუძუთი კვება – საუკეთესოა პრევენციისთვის. რეკომენდებულია ძუძუთი კვება რაც შეიძლება მეტხანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვილს რძეზე ალერგიის განვითარების მაღალი რისკი აქვს;

* ჰიპოალერგენული ფორმულები, რომლებშიც რძის ცილის დასაშლელად ფერმენტებია გამოყენებული (ჰიდროლიზებული ფორმულები);

* ამინმჟავური ფორმულები – ყველაზე ნაკლებალერგენულია;

* სოიის რძეზე დამზადებული ნარევები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ბავშვს სოიაზეც აქვს ალერგია.

თუ ქალს, რომელიც ძუძუს აწოვებს, აქვს ალერგია რძეზე, ძროხის რძის ცილებმა, რომლებიც დედის რძეში გაივლის, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში დედასაც მოუწევს, რაციონიდან ამოიღოს რძის შემცველი ყველა პროდუქტი და მიიღოს დანამატები რძეში არსებული კალციუმისა და საკვები ნივთიერებების, მაგალითად, D ვიტამინისა და რიბოფლავინის, დანაკლისის ასანაზღაურებლად.

დიაგნოსტიკა

როდესაც საკვები ალერგიულ რეაქციას იწვევს, დამნაშავის პოვნა ყოველთვის არ არის ადვილი. რძის ალერგიის დასადგენად პედიატრი ან ალერგოლოგი დეტალურად გამოკითხავენ სიმპტომებს და გასინჯვით შეაფასებენ ბავშვის ზოგად მდგომარეობას. შესაძლოა, დედას სთხოვონ კვების დღიურის წარმოება (ჩანაწერებში დაწვრილებით უნდა იყოს აღნუსხული ყველაფერი, რასაც ბავშვი ჭამს), დაუნიშნონ ელიმინაციური დიეტა – რაციონიდან სრულიად ამოაღებინონ რძის პროდუქტები და შემდეგ ეტაპობრივად დააბრუნებინონ, რათა რეაქციას დააკვირდნენ.

რეკომენდებული კვლევებია:

* კანის სინჯი (Skin Prick Test) – კანზე ათავსებენ ცოტაოდენ რძის ცილას და კანს მსუბუქად ჩხვლეტენ. ალერგიის შემთხვევაში ამ ადგილას ჩნდება მცირე გამონაყარი.

* სისხლის ანალიზი – იზომება იმუნური სისტემის პასუხი რძეზე სპეციფიკური IgE ანტისხეულების რაოდენობის განსაზღვრით.

არცერთი ეს კვლევა არ არის 100%-ით ზუსტი. თუ შედეგები ბუნდოვანია, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს პერორალური პროვოკაციული ტესტი – მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ბავშვს აძლევენ რძის შემცველ და ურძეო სხვადასხვა საკვებს, რათა რეალური რეაქცია დაინახონ.

მკურნალობა და მართვა

ალერგიული რეაქციის პრევენციის ერთადერთი გზა რძისა და მისი ცილებისთვის თავის არიდებაა.

ინდივიდუალური ტოლერანტობა: ზოგიერთი ბავშვი, რომელსაც აქვს რძის ალერგია, შესაძლოა კარგად იტანდეს თერმულად დამუშავებულ რძეს (მაგალითად, გამომცხვარ ნაწარმში) ან მაწონსა და იოგურტს, მაგრამ ეს ექიმმა უნდა შეაფასოს და რაციონში ასეთი საკვების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებაც მანვე მიიღოს.

გადაუდებელი დახმარება: მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის) შემთხვევაში აუცილებელია ეპინეფრინის (ადრენალინის) ინექცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თუ თქვენს შვილს მძიმე რეაქციის რისკი აქვს, მუდამ თან იქონიეთ ეპინეფრინის ავტოინექტორი (EpiPen ან სხვა). დარწმუნდით, რომ თქვენც და ბავშვის გარემოცვაც (ბაღი, სკოლა, ოჯახის წევრები) ფლობთ მისი გამოყენების ტექნიკას.

***

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS)

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) ქრონიკული დარღვევაა, რომელიც იწვევს დისკომფორტს ან ტკივილს მუცლისა და ნაწლავების არეში. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები აშკარაა, ნაწლავის ვიზუალური და მიკროსკოპული დათვალიერებისას ქსოვილის დაზიანების კვალი არ ჩანს.

ძირითადი სიმპტომები

ნაწლავური გამოვლინებები:

* მუცლის მორეციდივე (განმეორებადი) ტკივილი – ტკივილი ქრონიკულად მიიჩნევა, თუ სამ თვეზე მეტია გრძელდება;

* კუჭის მოქმედების რეჟიმის შეცვლა – მონაცვლეობითი დიარეა და შეკრულობა, რაც ნაწლავის მოტორიკის (მოძრაობის) პრობლემებზე მიანიშნებს;

* ქრონიკული ან პერიოდული დიარეა;

* ქრონიკული ან პერიოდული შეკრულობა;

* მუცლის შებერილობა და სპაზმები (კრამპები);

* დეფეკაციის (კუჭის მოქმედების) ძლიერი და გადაუდებელი მოთხოვნილება;

* ნაწლავების არასრული დაცლის შეგრძნება;

* განავალში ლორწოს არსებობა.

თანმხლები ზოგადი სიმპტომები:

* გულისრევა;

* თავბრუხვევა;

* უმადობა.

როგორ იცვლება სიმპტომები ბავშვის ასაკთან ერთად

IBS-ის კლინიკური სურათი ყოველთვის ერთნაირი არ არის და ხშირად დამოკიდებულია იმაზე, რამდენი წლისაა ბავშვი. მაგალითად:

* ჩვილობის კოლიკა გვხვდება 4 თვემდე ასაკის ჩვილებთან;

* გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD) ან გულძმარვა – 2 წლამდე ასაკის ბავშვებთან, თუმცა შესაძლოა, მოზარდ ან ზრდასრულ ასაკში კვლავ გამოვლინდეს;

* ქრონიკული არასპეციფიკური დიარეა – 4 წლამდე ასაკის ბავშვებთან;

* შეკრულობა – ნებისმიერ ასაკში;

* კლასიკური გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – უმეტესად მოზარდებსა და ზრდასრულებთან.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მუცლის ტკივილი და კუჭის მოქმედების ცვლილება მხოლოდ IBშ-ისთვის არ არის დამახასიათებელი – ეს სიმპტომები შეიძლება ბევრ სხვა დაავადებაზეც მიუთითებდეს, ამიტომ ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებლად მიმართეთ თქვენი შვილის პედიატრს ან გასტროენტეროლოგს.

მიზეზები

ბავშვებთან IBS-ის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამ სინდრომის მქონე ადამიანების მსხვილი ნაწლავი ნორმაზე მეტად მგრძნობიარე და რეაქტიულია. ეს აიძულებს ნაწლავს, მძაფრად უპასუხოს ისეთი გამღიზიანებლების ზემოქმედებას, რომლებიც სხვებზე გავლენას არ ახდენს. შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მაკონტროლებელი ნერვებიც ზედმეტად მგრძნობიარე იყოს. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ბავშვები უფრო მძაფრად გრძნობენ აირების დაგროვებას და ნაწლავების ყურყურს. ეს დისკომფორტი მათთვის უფრო შესამჩნევი და შემაწუხებელია.

სიმპტომებს შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს:

* საჭმლის მომნელებელ სისტემაში საკვების გადაადგილების პრობლემებმა;

* ნაწლავის შიგნითა გარსის ჰიპერმგრძნობელობამ გაჭიმვისა და მოძრაობის მიმართ;

* სტრესმა;

* ნაწლავში ბაქტერიების ჭარბმა გამრავლებამ.

რაკი ანალიზები და კვლევები ყოველთვის არ აჩვენებს ორგანულ დაზიანებას, ბავშვებს ხანდახან ჰგონიათ, რომ მათ ტკივილს სერიოზულად არ აღიქვამენ, ამიტომ ექიმები მშობლებს ურჩევენ, ხაზგასმით დაუდასტურონ შვილს, რომ მისი მუცლის ტკივილი რეალურია და არა მოგონილი. ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს და ფიზიკურ დისკომფორტს ფსიქოლოგიური სტრესი აღარ დაემატება.

ვინ ავადდება

სინდრომი გვხვდება როგორც ბავშვებთან, ისე მოზრდილებთანაც. გოგოები და ბიჭები თანაბრად ავადდებიან. IBშ-ის გამომწვევი კონკრეტული გენი არ არსებობს, თუმცა ის უფრო ხშირად გვხვდება იმ ოჯახებში, სადაც მშობელს ან შვილს უკვე აქვთ ეს დიაგნოზი.

რითია საყურადღებო IBS

IBS-ის მქონე ბავშვი ხშირად თავს ცუდად გრძნობს. დიარეის დროს მას შესაძლოა ძალიან ცოტა დრო ჰქონდეს ტუალეტამდე მისასვლელად. ეს იწვევს უხერხულობას, სკოლისთვის თავის არიდებას, თანატოლებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვას, რასაც დეპრესია და შფოთვა დაერთვის. ბავშვების უმეტესობა აგრძელებს ნორმალურ ზრდას, მაგრამ ზოგიერთმა შესაძლოა ტკივილის შიშით ნაკლების ჭამა დაიწყოს, რაც წონის კლებას გამოიწვევს.

დიაგნოსტიკა

ექიმი შეკრებს დეტალურ ანამნეზს და გასინჯავს პაციენტს. ინფექციისა და ანთების გამოსარიცხად შესაძლოა დაინიშნოს:

* სისხლის ანალიზი – ანემიის, ინფექციის ან ანთებითი პროცესის გამოსავლენად;

* შარდის ანალიზი – შარდგამომყოფი გზების ინფექციის გამოსარიცხად;

* განავლის ანალიზი – ბაქტერიებზე, პარაზიტებზე ან ფარულ სისხლდენაზე (რაც ანთების ნიშანია) შესამოწმებლად;

* წყალბადის სუნთქვითი ტესტი – ლაქტოზის აუტანლობის დასადგენად;

* რენტგენი და ულტრაბგერა (ექოსკოპია) – შინაგანი ორგანოების დასათვალიერებლად;

* ენდოსკოპია და კოლონოსკოპია – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიგნიდან დასათვალიერებლად და საჭიროების შემთხვევაში – ბიოფსიისთვის ქსოვილის ნიმუშის ასაღებად.

მკურნალობა

მკურნალობის მთავარი მიზანია ბავშვის ნორმალური ყოველდღიური ფუნქციონირების აღდგენა. მას შემდეგ, რაც დიაგნოზი დაისმება, მას უნდა ავუხსნათ, რომ ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ცვლილებები რაციონში – თუ ბავშვს აქვს ლაქტოზის აუტანლობა, რძის შაქარი უნდა შეიზღუდოს, რადგან ის IBS-ის სიმპტომების გამშვებია (ტრიგერია). ბავშვებისთვის ბოჭკოვანი საკვების (უჯრედისის) მიცემა საკამათოა – შესაძლოა, აირების დაგროვება გამოიწვიოს, თუმცა სასარგებლოა შეკრულობის დროს. ინიშნება მედიკამენტები და პრობიოტიკები სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. მნიშვნელოვანია სტრესის მართვა – მშობლებს შეუძლიათ, დაეხმარონ შვილებს ყურადღების სხვა რამეზე გადატანით ტკივილის ეპიზოდის დროს. იშვიათად ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება ალტერნატიული მეთოდები (ბიოუკუკავშირი, აკუპუნქტურა).

***

პანკრეასის უკმარისობა

ზოგჯერ ბავშვის პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) საკმარისად არ გამოიმუშავებს ფერმენტებს. ამ მდგომარეობას პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა (EPI – exocrine pancreatic insufficiency) ეწოდება.

ფერმენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილებია, რომლებიც ორგანიზმს საკვების მონელებაში, ნივთიერებების ათვისებასა და ზრდაში ეხმარება, ამიტომ EPI-ს დროს ბავშვებს ხშირად უჭირთ წონის მომატება ან ასაკის შესაბამისი ჯანმრთელი წონის შენარჩუნება.

ყურადსაღები ნიშნები და სიმპტომები:

  • მუცლის ტკივილი და შებერილობა;
  • ხშირი დიარეა და გაზები;
  • "ცხიმიანი" განავალი, რომელიც ძნელად ჩაირეცხება და სპეციფიკურად პრიალებს;
  • წონის მატების გაძნელება ან უეცარი კლება.

მიზეზები

პანკრეასის უკმარისობის ცნობილი მიზეზებია:

1. მუკოვისციდოზი – ეს გენეტიკური მდგომარეობა არღვევს ორგანიზმში ლორწოს წარმოქმნას, რის შედეგადაც იბლოკება პანკრეასის სადინარები;

2. სხვა გენეტიკური სინდრომები: შვახმანის, პირსონის, იოჰანსონ-ბლიზარდის;

  • იზოლირებული ფერმენტული დეფიციტი, როცა ორგანიზმს აკლია მხოლოდ ერთი კონკრეტული ფერმენტი;
  • ქრონიკული პანკრეატიტი – კუჭქვეშა ჯირკვლის ხანგრძლივი ანთება.

დიაგნოსტიკა

ექიმი სინჯავს ბავშვს, აფასებს მის წონას, ამოწმებს შებერილობას. მოწმდება ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A-ს, D-ს, E-სა და K-ს) დონე სისხლში – მათი ნაკლებობა პირდაპირ მიუთითებს, რომ ცხიმების მონელება დარღვეულია. განავლის ტესტით მოწმდება საჭმლის მონელებაში მონაწილე ფერმენტების არსებობა. ენდოსკოპიური გამოკვლევისას იღებენ სითხეს უშუალოდ წვრილი ნაწლავიდან მისი შემადგენლობის ანალიზისთვის.

მკურნალობა

EPI-ს მართვა შესაძლებელია. მისი სათანადო მართვის შემთხვევაში ბავშვს შეუძლია, სრულფასოვნად იცხოვროს.

ინიშნება:

* ფერმენტული თერაპია – სპეციალური აბები და კაფსულები, რომლებიც ფერმენტებს შეიცავს. მათ იღებენ ყოველი ჭამის დროს, რათა ორგანიზმს საკვების დაშლაში დაეხმარონ;

* ვიტამინოვანი დანამატები A, D, E და K ვიტამინების დეფიციტის შესავსებად;

* მაღალკალორიული კვება – დიეტოლოგის დახმარებით დგება გეგმა, რომელიც ბავშვს წონის მატებაში ეხმარება და მის საყვარელ პროდუქტებსაც ითვალისწინებს.

***

ცელიაკია: როცა იმუნური სისტემა გლუტენს ებრძვის

ცელიაკია მძიმე ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა არაადეკვატურად რეაგირებს გლუტენზე. ცილა გლუტენს შეიცავს ხორბალი, ქერი, ჭვავი და მათი პროდუქტები. საინტერესოა, რომ ის შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ნივთებშიც, როგორიცაა კბილის პასტა, შამპუნი, მედიკამენტები და ბავშვების სათამაშო პლასტილინიც კი, ამიტომ ცელიაკიის მქონე ბავშვებმა პლასტილინით ძერწვის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანონ, თუმცა საშიშია მხოლოდ ხელის პირში ჩადება – კანიდან გლუტენი არ შეიწოვება.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ცელიაკია გენეტიკის, გარეგანი ფაქტორების (მაგალითად, ვირუსული ინფექციები, სტრესი) და ნაწლავის ბაქტერიული დისბალანსის კომბინაციის შედეგია. ის მოსახლეობის თითქმის 1%-ს აქვს.

რა ხდება ორგანიზმში

ცელიაკიის დროს გლუტენი აიძულებს იმუნურ სისტემას, გამოიმუშაოს ანტისხეულები, რომლებიც უტევენ წვრილი ნაწლავის შიგნითა გარსს. ამის შედეგად ზიანდება ხაო – ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე არსებული პატარა, თითისებრი სტრუქტურები, რომლებიც აუცილებელია საკვებიდან ნუტრიენტების შესაწოვად. მკურნალობის გარეშე ცელიაკიამ შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, ვიტამინების დეფიციტი და ნაწლავის ქრონიკული დაზიანება.

ცელიაკიის ტიპები

სიმპტომების მიხედვით განასხვავებენ:

* კლასიკურ ცელიაკიას – ყველაზე გავრცელებულ ფორმას. მისთვის დამახასიათებელია დიარეა, სტეატორეა (ღია ფერის, მძაფრი სუნის მქონე ცხიმიანი განავალი), წონის კლება და ზრდის შეფერხება;

* არაკლასიკურ ცელიაკიას – ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომები შესაძლოა მსუბუქი იყოს, მაგრამ წინა პლანზე წამოიწევს სხვა პრობლემები: რკინადეფიციტური ანემია, ქრონიკული დაღლილობა, შაკიკი, კიდურების დაბუჟება და ქცევითი ცვლილებები;

* ასიმპტომურ (ჩუმ) ცელიაკიას. ამ დროს ხილული სიმპტომები არ აღინიშნება, პათოლოგიას ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ რისკჯგუფში მყოფი ბავშვის სკრინინგის დროს (რისკის ჯგუფში შედიან, მაგალითად, ის ბავშვები, რომელთა ოჯახის წევრს ეს დაავადება აქვს).

სიმპტომები

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა:

  • მუცლის ტკივილი და შებერილობა;
  • ქრონიკული დიარეა ან შეკრულობა;
  • კბილის მინანქრის დაზიანება და წყლულები პირის ღრუში;
  • ანემია;
  • ზრდის შეფერხება ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება;
  • კვების შეუძლებლობა ან წონის მატების მკვეთრი შენელება (განსაკუთრებით – ახალშობილებთან);
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • თავის ტკივილი;
  • ლაქტოზის აუტანლობა (ის ხშირად თან ახლავს ცელიაკიას, რადგან დაზიანებული ნაწლავი ლაქტაზას ვეღარ გამოიმუშავებს);
  • კალციუმის დეფიციტი და ძვლის სიმკვრივის შემცირება;
  • გაღიზიანებადობა და ქცევითი ცვლილებები;
  • ღია ფერის, მძაფრი, არასასიამოვნო სუნის მქონე განავალი;
  • გამონაყარი კანზე (ხშირად – მქავანა).

დიაგნოსტიკა

ცელიაკია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს მას შემდეგ, რაც ბავშვის რაციონში გლუტენის შემცველ პროდუქტებს (ფაფებს, პურს, ორცხობილას) შევიტანთ. ცელიაკიაზე ბავშვის ტესტირება ორი წლიდან არის რეკომენდებული, თუმცა მკვეთრად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში დიაგნოსტიკა შეიძლება უფრო ადრეც ჩატარდეს.

რა ართულებს დიაგნოზის დასმას?

ცელიაკიის დიაგნოსტიკა ხშირად რთულია რამდენიმე მიზეზის გამო:

* სიმპტომების მრავალფეროვნება – დაავადება ყველა ბავშვთან სხვადასხვანაირად ვლინდება;

* ანტისხეულების ფორმირება – სისხლის ტესტი ეყრდნობა სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომლებიც ბავშვის ორგანიზმში 2 წლამდე საკმარისი რაოდენობით არ არის წარმოდგენილი;

* გლუტენის ზემოქმედება – იმისთვის, რომ ავტოიმუნური რეაქცია ჩამოყალიბდეს და ანალიზში გამოჩნდეს, ბავშვი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა იღებდეს გლუტენის შემცველ საკვებს.

ცელიაკიის ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ შორეული გართულებები და ბავშვს ჯანსაღი ზრდისა და განვითარების საშუალება მივცეთ.

დიაგნოსტიკის ეტაპები

სისხლის ანალიზით აღმოაჩენენ გლუტენზე იმუნური რეაქციის მაჩვენებელ ანტისხეულებს. გენეტიკური ტესტირებით მოწმდება გენები (HLA-DQ2 და HLA-DQ8). თუ ეს გენები არ არსებობს, ცელიაკიის განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია. ტარდება ენდოსკოპია და ბიოფსია: ექიმი მიკროსკოპით ათვალიერებს ნაწლავის ქსოვილს, რათა ხაოს დაზიანება დაინახოს.

გამოკვლევის პერიოდში ბავშვი ჩვეულებრივად უნდა იკვებებოდეს გლუტენის შემცველი საკვებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ცრუ უარყოფით პასუხს.

მკურნალობა

ცელიაკის მკურნალობის ერთადერთი გზაა გლუტენის სრულიად ამოღება რაციონიდან და მოშორება გარემოდან. ეს მოითხოვს კვების რაციონის მკაცრ კონტროლს, ეტიკეტების კითხვას და სპეციალისტების (გასტროენტეროლოგის, დიეტოლოგის) მუდმივ მეთვალყურეობას.

***

ნაწლავის ანთებითი დაავადება (IBD)

ნაწლავის ანთებითი დაავადება (IBD) – ეს სახელწოდება აერთიანებს მდგომარეობათა ჯგუფს, რომელთა დროსაც იმუნური სისტემა საჭმლის მომნელებელ სისტემას ესხმის თავს. ეს იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკულ ანთებას, მუცლის ტკივილს და მადის დაქვეითებას, რომლებიც მთელი სიცოცხლე გრძელდება. IBD მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

ძირითადი ფორმები

არსებობს IBD-ის ორი გავრცელებული ფორმა:

1. წყლულოვანი კოლიტი – ამ დროს ზიანდება მსხვილი ნაწლავი და მასზე პატარ-პატარა წყლულები ჩნდება;

2. კრონის დაავადება – მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, თუმცა ყველაზე ხშირად წვრილ ნაწლავს აზიანებს.

განურჩევლად ანთებითი დაავადების ტიპისა, ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ უსიმპტომო პერიოდები (რემისია) და პერიოდები მწვავე სიმპტომებით (გამწვავება).

ნიშნები და სიმპტომები

ნაწლავის ანთებითი დაავადების ძირითადი სიმპტომებია:

  • მუცლის ტკივილი;
  • დიარეა;
  • რექტალური სისხლდენა და სისხლიანი განავალი;
  • დაღლილობა;
  • მადის დაქვეითება და წონის კლება;
  • ზრდის შეფერხება.

IBD-მ შესაძლოა სხვა ორგანოებსა და სისტემებზეც მოახდინოს გავლენა და გამოიწვიოს:

  • ანემია;
  • თვალის ანთება;
  • კანის პრობლემები; სახსრების ტკივილი.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა სიმპტომებისა და დაავადების ოჯახური ისტორიის შესწავლით იწყება. ამას მოჰყვება სისხლისა და განავლის ანალიზები ანთების მარკერების შესამოწმებლად და ინფექციის გამოსარიცხად. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ენდოსკოპია საჭმლის მომნელებლი ტრაქტის ზედა, ქვედა ან ორივე ნაწილის დასათვალიერებლად, გამოსახვითი გამოკვლევები (MღI ან ჩთ) ანთების კერების ზუსტი ლოკალიზაციის დასადგენად.

გამომწვევი მიზეზი

მიიჩნევა, რომ ნაწლავის ანთებით დააადებას განაპირობებს იმუნური სისტემის მიერ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე შეცდომით განხორციელებული შეტევა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკაც – დაავადება უფრო ხშირად აქვთ ბავშვებს, რომელთა ოჯახის წევრებსაც იგივე პრობლემა აღენიშნებათ.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, გამწვავებათა შემცირება და ხანგრძლივი რემისიის მიღწევა. მკურნალობის სქემა, როგორც წესი, მოიცავს:

* მედიკამენტებს, ნუტრიციულ თერაპიასა და ვიტამინებს;

* დამხმარე მეთოდებს – იოგას და ბიჰევიორულ (ქცევით) თერაპიას ტკივილის სამართავად;

* ქირურგიულ ჩარევას – როცა სხვა მეთოდები არ მუშაობს, რეკომენდებულია დაზიანებული სეგმენტების ამოკვეთა. ეს განსაკუთრებით ეფექტურია მძიმე კოლიტის, ფისტულების და ნაწლავის შევიწროების დროს.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: