ანა მიქაძე-ჩიკვაიძე – ყველის დედოფალი

Поделитесь:

საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის ქვეყანაც არის, კავკასიაში მისი დამზადების ტრადიცია ათასწლეულებს ითვლისო, გვითხრა საქართველოში ყველის მწარმოებელთა გილდიის ხელმძღვანელმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია ამ პროდუქტს იკვლევს და სწავლობს: შემოიარა კავკასიის რეგიონები, უამრავი აქამდე უცნობი ყველის სახეობა აღმოჩინა, საერთაშორისო ფესტივალებზე გაიტანა და დღეს როგორც ექსპერტი ქართული ყველის პოპულარიზაციის არაერთ პროექტშია ჩართული.

ელექტრონული ანა

– წლების განმავლობაში ვმონაწილეობდი მსოფლიო ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების პიარპროექტებში. დევიზით “ყველაფერი ელექტრონული” ვნერგავდით ინტერნეტს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ელექტრონული მართვის სისტემებს მედიცინაში, ვაჭრობაში, განათლებაში... როდესაც “საქართველოს განვითარების კარიბჭის” პროექტის ხელმძღვანელად დამასახელეს, მსოფლიო ბანკის მეცხრე პრეზიდენტისგან, ჯეიმზ დევიდ ვულფერსონისგან, ასეთი სიტყვები მოვისმინე: “თქვენ სანთელივით ანთიხართ და გადამდები ხართ – თქვენზე შეიძლება ცეცხლის წაკიდება, თქვენგან შეიძლება ცეცხლის წაღება”. ეს იყო შეფასება, რომელიც თითქოს გულში ჩავიბეჭდე და მთელი ცხოვრება თან დამაქვს. თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველა პროექტი დამიხურეს. არ ვიცი, როგორ გადავრჩი სამი შვილით... ერთ დღეს სატელევიზიო სიუჟეტი ვნახე: ბაზარში, მოსახლეობასთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა დანანებით აღნიშნა, რომ ქართულ ყველს აკლდა მოვლა და დაფასება. ამის გაგონება იყო და ისევ ავენთე ენთუზიაზმით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები ჩემგან ფეთქებად სიახლეებს მიჩვეულები არიან, მაინც ბევრი იცინეს, როცა ვუთხარი, რომ ყველის კვლევას, მის დაპატენტებას და ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად მუშაობას ვგეგმავდი. ვერ წარმოიდგინეს, რომ ადამიანი, რომელსაც ერთ დროს “ელექტრონული ანა” შეარქვეს, სრულიად განსხვავებულ როლს მოირგებდა და “ყველის დედოფალი” გახდებოდა.

სამეურნეო კულტურა

– ავენთე იდეით, საუკეთესო დიზაინით შეფუთული ხარისხიანი ყველი ქართული ეკონომიკის ღირსეულ წარმომადგენლად მექცია. ყველაფერი ყველის როგორც ქართული სამეურნეო კულტურის კვლევით დავიწყე და საბოლოოდ ამ პროდუქტმა საერთაშორისო ექსპერტებისა და მედიის – ბი-ბი-სის და "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" – ყურადღება მიიპყრო. გადაღებულია დოკუმენტური ფილმები, სადაც ჩვენი ბრენდული ყველით მსოფლიოს 9 ქვეყანას შორის დაგვასახელეს. მუდმივად ვხვდები გენიალურ ბლოგერებსა და შეფებს, რომლებიც ქმნიან ამინდს მსოფლიო გასტრონომიაში და რომლებიც დღესაც ხშირად ჩამოდიან საქართველოში, საუბრობენ ქართული ყველის ნაირსახეობებზე. ჩემი ინიციატივით გამოიცა წიგნები, შეიქმნა რუკები, სადაც რეგიონების მიხედვით ქართული ყველის შესახებ ინფორმაციას მოვუყარეთ თავი, ვმართავთ ფესტივალებს, ქართულ ბრენდულ ყველს მსოფლიო ასპარეზზე წარმოვაჩენთ.

ყველის სახეობები

– მხოლოდ ოთხი სახეობის ყველს ვიცნობდი – სულგუნს, იმერულს, გუდისას და ქარხნისას. დღეს რეგისტრირებული გვაქვს 14 ყველი: დამბალხაჭო, ტენილი, ჩოგი, კალტი, კობი, აჭარული და მესხური ჩეჩილი, სელეგინი (სულგუნი), მეგრული და სვანური სელეგინი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული ყველი, – თუმცა თითოეულ მათგანს კიდევ რამდენიმე ნაირსახეობა აქვს. მაგალითად, სელეგინი თეთრი, გადაზელილი, თერმულად დამუშავებული ყველია და ცნობილია მისი თექვსმეტამდე ვერსია: შებოლილი, პიტნაში გადაზელილი, გებჟალია, გამხმარი, როლებად შექმნილი...

მეგრული გუდის ყველის არსებობა სამეგრელოშიც კი ერთი-ორმა ადამიანმა თუ იცოდა. ახლა ის უკვე პრესტიჟული და მოთხოვნადია, თუმცა დღემდე კამათობენ მისი მომზადების ტექნოლოგიაზე – ზოგს მიაჩნია, რომ ის მაწვნისგან კეთდება, თუმცა მე ვემხრობი მოსაზრებას, რომ მეგრული გუდის ყველი აჭრილი ნედლი რძის ბაზაზე შექმნილი პროდუქტია. დავარგებისას თხის გუდაში ინახება, ბოლის სუნი დაჰკრავს, ხოლო წიწაკა ნარინჯისფერს აძლევს.

სამყაროს საჩუქრები და რეპუტაცია

სამყარომ ყველაფერი გაიმეტა ჩემთვისო, გვითხრა ანამ: ჰქონდა გრანტებიც, ბიზნესპარტნიორობაც, მაღაზიის შექმნის მცდელობაც, დააარსა “ყველის სახლი”, რომელიც მეგობრებს გადასცა – ბიზნესმენი ჩემგან ვერ გამოვიდაო, ამბობს:

– საბოლოოდ დამრჩა რეპუტაცია – ვარ მკვლევარი და მოთხოვნადი საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც შეუძლია, უნაკლოდ ააწყოს ყველის საწარმო და შექმნას გემო. მიცნობენ როგორც სპეციალისტს, რომელიც ნატურალურ ხაზზე ვსვამ აქცენტს და არსოდეს ვუშვებ ფხვნილისა და ტრანსცხიმების გამოყენებას – რეპუტაცია ძალიან ძვირფასია ჩემთვის და იაფფასიან პროდუქტს ვერ გავაფუჭებინებ. მიწვევენ ჩეხეთში, ესპანეთში, იტალიაში, აზერბაიჯანში... ვთანამშრომლობ უკრაინული წარმოშობის მსხვილ ბიზნესთან. სამი წელიწადი ვიმუშავე საქართველოში ჰიპერმარკეტების ქსელ "გუდვილთან". არა მარტო ვასწავლი – თავადაც ვსწავლობ და ამას დღემდე სიხარულით ვაკეთებ.

ყველის ფესტივალები

ყველის პირველი ფესტივალი 2010 წელს ჩაატარა. ამბობს, რომ შეხვედრების ეს მოდელი საუკეთესოა მომხმარებლისა და ფერმერ-მწარმოებლის დასაკავშირებლად:

– როდესაც სამეურნეო კულტურის პოპულარიზაცის ეწევი, ფესტივალი პროექტის საუკეთესო ნაწილი ხდება. ის გულისხმობს კარგ პრეზენტაციას – გაფორმებულ დახლებს, სახალისო გარემოს, სადაც იდება სიტყვიერი შეთანხმებები და ხელშეკრულებები. ფესტივალი იმდენად მოთხოვნადია, რომ ზოგჯერ წელიწადში ოთხჯერაც კი მიწევს მისი ორგანიზება. და მაინც, მეჩვენება, რომ, მიუხედავად აქტიური მუშაობისა, ქართული ყველის ცნობადობის ვაკუუმი ჯერ კიდევ ვერ ამოვავსეთ.

ახალი კონცეფცია – ყველის მუზეუმი

– პირველები ხართ, ვისაც ახალ მასშტაბურ პროექტზე ვესაუბრები. ჩემი ახალი კონცეფცია ყველის მუზეუმის შექმნას გულისხმობს, სადაც თავს მოვუყრი ჩემ მიერ აღმოჩენილ და რეგისტრირებულ ყველა სახეობას. გავხსნი სკოლას ყველის მომზადება-დავარგების შესწავლის მსურველთათვის. ამავე სივრცეში მომზადდება ყველი არტიზანული წესით და არა ინდუსტრიული საწარმოს ფორმატში. ამასთან, სეზონურად გავაკეთებთ ყველს რეგიონებიდან სპეციალური მაცივრებით ჩამოტანილი რძით. ჩემი მიზანია თითოეული სახეობის მომზადების ტრადიციის დაცვა და ყველა ეტაპის თანმიმდევრულად გავლა.

ყველის იმპორტ-ექსპორტი

– ქართული ყველის დასავლურ ბაზარზე გატანა, მისი საგემოვნო თვისებების მიუხედავად, არარეალისტურია, რადგან რძით საკუთარ ბაზარსაც კი ვერ ვავსებთ, სამოცდაათი პროცენტი იმპორტირებულ პროდუქტებზე მოდის. აჭარელი ბიზნესმენი ცეზარ კახაძე ერთადერთი მეყველეა, რომელიც პროდუქციას ამერიკასა და კანადაში ყიდის.

ჩვენი ბაზარი სავსეა ბელორუსიული და თურქული ნაწარმით. უხვად შემოდის სომხური ყველიც. რძის ფხვნილზე ყველის დამზადებას კი ხმალამოღებული ვებრძვი. თავისთავად რძის ფხვნილი არ გახლავთ მავნე ნედლეული – მაღალ ტემპერატურაზე გაუწყლოებული პროდუქტია, რომელიც მისაღებია თუნდაც ნაყინის წარმოებაში, მაგრამ ყველის დასამზადებლად მისი გამოყენება შეურაცხმყოფლად მიმაჩნია. ეს იგივეა, რომ ღვინო ფხვნილისგან დააყენო. ეს ორი პროდუქტი – ღვინო და ყველი – პარალელურ გზას გადის ნედლეულის მოპოვებიდან საბოლოო დავარგებამდე.

არტთერაპია – ყველის ნატურმორტები

– ჩემ გარშემო ბევრი მხატვარია, განსაკუთრებით – დედის ხაზით ნათესავებში. ჩემი და გობელენისტია, ძმა – მოქანდაკე, შვილიც ხატავს... შემოქმედება არც ჩემთვის გახლავთ უცხო – ლექსებს, ნოველებს ვწერ, მუსიკალური განათლებაც მაქვს, მაგრამ ხატვა არ მეხერხებოდა – ბუზი რომ დამეხატა, სპილოს მიამსგავსებდით. ერთ დღეს ზოომაღაზიაში მოხუცის დატოვებული ორლარიანი გუაშები და ფუნჯი აღმოვაჩინე. შინ მივიტანე და ხატვა დავიწყე. სახუმაროდ დახატული თხა ინტერნეტში გამოვფინე და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ვერ დავიჯერე.

ამერიკელი მხატვრის ბობ როსის შვიდასივე ინტერნეტგაკვეთილი ორ კვირაში ავითვისე. ღამე არ მეძინა. ნაბიჯ-ნაბიჯ შევისწავლე ხატვა. საოცარია: ეს სიახლეც მაშინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როცა პარტნიორებთან უთანხმოების გამო უმუშევრად და უიმედოდ დავრჩი.

აღმოვაჩინე, რომ ქართულ მხატვრობაში ყველი არ იყო და მისი ნატურმორტების ხატვა დავიწყე. ფინანსური კრიზისის ფონზე ჩემი პირველივე ნახატი 1500 ლარად გაიყიდა. ნამუშევრების დადებას ვერ ვასწრებდი, ისე სწრაფად იყიდებოდა. ორ წელიწადში ჩემს ცხოვრებაში კვლავ დაბრუნდა ყველთან დაკავშირებული პროექტები. უახლოესი მომავლისთვის კიდევ ერთი საინტერესო გეგმა მაქვს: გამოფენა "დახატე ყველი", რომელიც ჩემს ორ დიდ გატაცებას გააერთიანებს და სიურპრიზებით გააოცებს დამთვალიერებელს.

ცოცხალი მაგალითი ვარ იმისა, თუ როგორ მოქმედებს არტთერაპია ადამიანის ჯანმრთელობაზე: დიაბეტი მაქვს და როდესაც ინტენსიურად ვხატავ, შაქარი და წნევა თავისთავად მირეგულირდება.

სამი ვაჟის დედა გახლავართ. ლუკა, როგორც გითხარით, შესანიშნავად ხატავს, ბექა წარმატებული მორაგბეა და სამშენებლო ბიზნესშიც საქმიანობს. ალექსანდრე ჩემი ბიზნესპარტნიორი, მეგობარი და მესაიდუმლეა. მართავს ჩემს სოციალურ მედიას, აქვეყნებს ვიდეობლოგებს და, ამასთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო მეყველეა.

მინდა, ყველას საკუთარი თავის პოვნით გამოწვეული განუსაზღვრელი ბედნიერება ვუსურვო. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ეს შეძლო – იპოვა საყვარელი საქმე!

თამარ ციბალაშვილი

Поделитесь: