სოციალური მედია და ცრუ მოლოდინები
გააზიარე:
ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი კლიენტი მოდის ჩემთან სოციალურ მედიასთან დაკავშირებული პრობლემებით. საქართველოში სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ის არ არის მხოლოდ კავშირის მთავარი წყარო (დიახ, ბევრი აღარც კი ხმარობს სატელეფონო ქსელს და კავშირისთვის რომელიმე მესენეჯერს იყენებს) – სოციალური ქსელი ახალი ამბების გაზიარების, მიმდინარე მოვლენების განხილვისა და მყისიერი რეაგირების სივრცეა. ხშირად სოციალურ ქსელში უფრო ადრე ჟღერდება ახალი ამბავი, ვიდრე ონლაინ მედიაში. გარდა ამისა, ბევრს სამუშაოდაც სჭირდება გვერდებისა თუ მესიჯების შემოწმება. მათთვის ციფრული დეტოქსის შეთავაზების იდეა იმთავითვე განწირულია.
სოციალური მედიის წნეხი
როგორ მოვიქცეთ, რომ სტრესულ გარემოში სოციალური ქსელი დამატებით პრობლემად არ გვექცეს? უპირველეს ყოვლისა, ჩავუღრმავდეთ, რა კუთხით არის მავნე მისი ჭარბი მოხმარება.
სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების იმდენ მხარეს გადასწვდა, შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ, რამხელა გავლენას ახდენს ის ჩვენს მსოფლმხედველობაზე, კარიერაზე, ურთიერთობებზე, დასვენებაზეც კი.
ხშირად სოციალური მედია მისაბაძი, სასურველი, “კარგი” ცხოვრების სტანდარტებს აწესებს. ის საგანგებოდ შერჩეულ და გაზიარებულ ინფორმაციას ნორმად წარმოგვიჩენს, ამკვიდრებს არარეალისტურ ქცევას, არომანტიზებს და აიდეალიზებს მრავალ მოვლენას, შთაგვაგონებს განსაზღვრული რუტინებისა და ჩვევების აუცილებლობას.
როდესაც "სრულყოფილი" სურათებისა და ამბების მუდმივ ნაკადში ვხვდებით, გვავიწყდება, როგორ გამოიყურება რეალური, პრაქტიკული, ნამდვილი საქციელი, ხოლო გამონაკლისი (მაგალითად, ძვირად ღირებული ვახშამი) იქცევა სტანდარტად, რომელსაც თუ ვერ მივაღწიეთ, საკუთარი თავი აღარ მოგვწონს. სინამდვილეში მრავალი ჩვევა, ქცევა, რუტინა, რომელსაც სოციალური მედია ლამის აუცილებლობად წარმოგვიჩენს, რეალურ ცხოვრებაში არც ისე ხშირია და ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი ყოველდღიურობის მთავარ პრიორიტეტს, მით უმეტეს – ეკონომიკურად არასტაბილურ გარემოში, სადაც აუცილებელი გახდა ფინანსების რეალისტური და პრაქტიკული განაწილება.
განსაკუთრებით მავნებელია ორი ტრენდი:
1. მუდმივი მოგზაურობა
ყველამ ვიცით, რომ მოგზაურობა გონების გადატვირთვისა და ახლის შეცნობის საუკეთესო გზა, ცხოვრებით კმაყოფილების უხვი წყაროა. ახალი გამოცდილება ასაზრდოებს შემოქმედებითობას, ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას.
მაგრამ სოციალურმა მედიამ მოგზაურობის არსი შეცვალა: ის უკვე აღარ არის პირადი გამოცდილება, ის საჯარო პერფორმანსია. მკვლევრებმა ახალი ცნებაც კი შემოიღეს: “მოგზაურობის დისმორფია”, როდესაც, რამდენიც არ უნდა იმოგზაურო, გაქვს განცდა, რომ სხვებთან შედარებით ეს საკმარისი არ არის.
რამდენიმე კვლევის თანახმად, ახალგაზრდები წუხან, რომ სოციალური მედიის ინფლუენსერებთან შედარებით ცოტას მოგზაურობენ და, საზოგადოდ, ეჩვენებათ, თითქოს ცხოვრებას ჩამორჩნენ. მათ, ვისაც გაცილებით რთულ ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ვიდრე თუნდაც ხუთი წლის წინ, რცხვენიათ საკუთარი “წარუმატებლობის”. ისინი ხედავენ, რამდენს მოგზაურობენ სხვები და თუ არ დაეწივნენ, თავს წარმატებულად ვერ გრძნობენ.
ტურიზმის შესახებ ჩატარებულ კვლევებს ერთი საინტერესო დასკვნაც მოჰყვა: მეტი მოგზაურობა მეტ ბედნიერებას არ უდრის. როდესაც იშვიათად ვმოგზაურობთ, ჩვენ გვახარებს ეს პროცესი, ვაფასებთ მას, მეტ დროს ვუთმობთ კულტურის შესწავლას, სიახლეებით ტკბობას, დასვენებულები ვბრუნდებით შინ. როდესაც მოგზაურობის სიხშირე იმატებს, სიამოვნება უფასურდება, დასვენების ნაცვლად ვიღლებით, ვშფოთავთ. ასე რომ, ის ინფლუენსერები, რომლებსაც ვედრებით, სიამოვნებისათვის კი არ მოგზაურობენ, – ეს მათი სამსახურია, რომელიც, რა დაუჯერებელიც უნდა იყოს ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, მოსაწყენი და დამღლელია, ისევე როგორც ნებისმიერი სამსახური.
სოციალური მედია გვიბიძგებს, მუდამ ვმოძრაობდეთ, მუდამ ვიცვლიდეთ ფონს, მუდამ "ჩემოდანზე ვისხდეთ"; გვაჯერებს, რომ ყველა ყოველთვის სადღაც მიფრინავს, ყველა ყოველთვის ლამაზია, ყველას კარგად აცვია, სადაც არ უნდა ჩავიდნენ, გამოძინებული სახეებითა და ბედნიერი ღიმილით გვახსენებენ, რა მოსაწყენია ჩვენი ცხოვრება.
ჩემს თავსაც ვატყობ: თუ წინათ მოგზაურობისას, უპირველეს ყოვლისა, კომფორტს ვაქცევდი ყურადღებას, ახლა იმაზეც ვფიქრობ, სურათებზე როგორი გამოვჩნდები. თუ წინათ მაკიაჟს არ ვისვამდი, იმიტომ რომ, დილიდან საღამომდე შინიდან გასულს, სახეზე ხან წვიმა მეცემოდა, ხან ქარი, ხანაც ვოფლიანდებოდი და გაცილებით მოხერხებული (ელეგანტურიც!) მეჩვენებოდა მხოლოდ მზისგან დამცავის წასმა და ქუდის დახურვა, ახლა ჩანთაში წყალთან ერთად სულ მიწყვია პომადა და სარკე. ღმერთმა დამიფაროს, სადმე წავიდე და ამის დამამტკიცებელი ფოტო არ მქონდეს! ისეთი განცდა მრჩება, თითქოს იქ არც ვყოფილვარ.
მაგრამ ეს მაინც არ არის მთავარი გზავნილი. მთავარი გზავნილია, რომ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, მოგზაურობა და, მით უმეტეს, ხშირი მოგზაურობა უბრალოდ ვერ იქნება მისაბაძი და ჯანსაღი საქციელი. ინფლუენსერების ეს წნეხი ხელს გვიშლის, მივიღოთ სინამდვილე, რომელიც ჩვენს აწმყოს წარმოადგენს, ხელს გვიშლის, ვადაპტირდეთ და იმ ემოციების წყარო, რომლებსაც აქამდე რუტინის შეცვლა თუ მუზეუმში სტუმრობა გვანიჭებდა, ჩვენ გარშემო ვეძებოთ.
2. სამსახურიდან წასვლა და თავისუფლება
სოციალური მედია სავსეა ადამიანებით, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე რუტინული შრომა ჩვენს თავისფულებას იმდენად ზღუდავს, ბედნიერების საპოვნელად აუცილებლად უნდა მოვიშოროთ ეს კორპორაციული ხელბორკილი და საკუთარი საქმე წამოვიწოთ. თუ ეს საქმე ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება ანუ ნებისმიერი ადგილიდან კეთდება და, იმავდროულად, მუდმივი მოგზაურობის საშუალებასაც გვაძლევს, მთლად უკეთესი.
ინფლუენსერები ინდივიდუალურ გრაფიკსა და ეგზოტიკურ სამუშაო ლოკაციებზე გვესაუბრებიან. მათი გამოსახედიდან, ჩვეულებრივი საოფისე სამუშაო ნიშნავს, რომ ადამიანმა ვერ მოახერხა, გაჰქცეოდა მიღებულ ნორმებს, ვერ გაშალა ფრთები და ვერ მოარგო სამუშაო თავის ცხოვრებას. ამ ინფლუენსერებს თუ დავუჯერებთ, სტანდარტული სამუშაო ჩარჩოში გვსვამს და სულს გვპარავს.
რასაკვირველია, თუ თქვენი სამუშაო ადგილი ტოქსიკურია, თუ ის, რასაც აკეთებთ, არავითარ სიამოვნებას არ გგვრით, თუ მუდამ გადამწვარი ხართ, თუ წინსვლის არავითარი პერსპექტივა არ გაგაჩნიათ ან უბრალოდ განვითარება და ცვლილება გინდათ, სამსახურიდან წასვლა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უცებ ყველამ პროგრამირება ან ონლაინ-ქოუჩინგი ვისწავლოთ და ოკეანის პირას გადავსახლდეთ.
საკუთარი თავის უფროსობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ უამრავი პასუხისმგებლობაც ახლავს. სამსახურიდან წასვლა და საკუთარი საქმის წამოწყება არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. დიახ, თავისუფლება მეტია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისეთი საკითხები, როგორიც არის გრაფიკის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების სირთულე (მე, მაგალითად, ხშირად ვაგვიანებ, რადგან ყოველდღე თავიდან მიწევს პრიორიტეტებისა და დროის განაწილება), ავადმყოფობის დროს ანაზღაურების გარეშე დარჩენა, სირთულეებთან მარტო გამკლავება და დღე-ღამის იმ მონაკვეთში მუშაობა, რომელიც თქვენი სხეულის რიტმს ეწინააღმდგება. მიუხედავად იმისა, რომ ათი წელია, თვითდასაქმებული ვარ, ხანდახან ძალიან მენატრება ის დრო, როდესაც გარკვევით ვიცოდი, დღეში რამდენ საათს ვიმუშავებდი და კონკრეტულად რის გაკეთებას მოითხოვდნენ ჩემგან. მენატრება წინასწარ განსაზღვრული დასვენების დღეები, სტაბილურობა და ლანჩზე თანამშრომლებთან ერთად ჭორაობა.
"მოსაწყენი" სამსახურიდან უეცრად წამოსვლა სამაგალითო ქცევა არ არის, ეს გამონაკლისი ქცევაა. საკუთარი საქმის კეთება ისევე მოითხოვს ძალისხმევას, სხვადასხვა უნარის ათვისებას და თავდაუზოგავ შრომას, როგორც რუტინულ სამსახურში სიარული. ეს რეალური და პრაქტიკული ნაბიჯები სოციალურ მედიაში არ ჩანს, რადგან არც გლამურულია და არც ლამაზი. ნაცვლად იმისა, რომ ვეცადოთ, ისე შევცვალოთ სამუშაო პირობები, არც თავად დავზარალდეთ და არც შესრულებული სამუშაოს ხარისხი, სოციალური მედია უეცარი, იმპულსური და რომანტიკული გადაწყვეტილებებისკენ მოგვოწდებს, რადგან ასეთი მინი-სენსაციები უფრო საინტერესო საყურებელია.
დაფიქრდეით: იქნებ ცხოვრებით თქვენც იმიტომ იმიტომ ხართ უკმაყოფილო, რომ ვიღაც თქვენზე მეტს მოგზაურობს, უფრო მზრუნველი პარტნიორი ჰყავს, უფრო თავისუფალია, უფრო ლამაზად აცვია, უკეთესი კანი აქვს, სპორტდარბაზშიც დადის და თან სითბოსა და პოზიტივს გასცემს? თავი შორს დაიჭირეთ ასეთი "სამაგალითო" ინფლუენსერებისგან ან შეხედეთ მათ კონტენტს როგორც დადგმულ სცენარს, რომელიც შეიძლება საინტერესო საყურებელი იყოს, მაგრამ ნამდვილი ცხოვრებისგან შორსაა.
ეცადეთ, ცხოვრებით კმაყოფილება აწმყოში ეძებოთ. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ თავს, იზრუნეთ ფინანსურ სტაბილურობაზე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ძალიან რთული ამოცანაა.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე











