რუსუდან ბოლქვაძე: სცენა ამბიონია, საიდანაც ქადაგების მორალური უფლება უნდა მოიპოვო
გააზიარე:
ორმოცდახუთი წელია, რუსუდან ბოლქვაძე მიხეილ თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში იყო მრავალი დაუვიწყარი კინოროლი, სხვა თეატრების სცენის მტვერი და ბევრი, ძალიან ბევრი საინტერესო ჰობი და პროექტი... ქალბატონი რუსუდანი თეატრის ცხოვრებაზე, კულისებში განცდილ ემოციებზე, თავის გატაცებებსა და გასტროლებიდან ჩამოტანილ ფოტორეპორტაჟებზე გვესაუბრა.
მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა. ოცნებობდა ისე ძლიერ, რომ მშობლების წინააღმდეგობაც კი გადალახა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.
– ჩემდა ბედად, მოვხვდი გენიალური ქალბატონის – ლილი იოსელიანის ჯგუფში. მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოცნების პროფესია მხოლოდ ცეკვა-თამაში არ ყოფილა. ქალბატონი ლილი იყო ძალიან მკაცრი და მომთხოვნი პედაგოგი და რაღაც მომენტში ისე გამიჭირდა, რომ, ცოტა არ იყოს, ვინანე კიდეც არჩევანი, მაგრამ თეატრალურში ჩასაბარებლად ისეთი ბრძოლა გადავიტანე ოჯახთან, უკან დახევის შემრცხვა. დღეს ვხვდები, რომ ქალბატონი ლილის მხრივ ეს ერთგვარი პედაგოგიური სვლა იყო – უპირველესად საკუთარ თავთან უნდა გაგვერკვია, რამდენად გააზრებულად ავირჩიეთ მსახიობის პროფესია. სამაგიეროდ, 90-იანებში, როცა ყველას და მათ შორის მსახიობებსაც ფიზიკური გადარჩენისთვის მოგვიხდა ბრძოლა, უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ სცენა იყო ის, რაც ნამდვილად მინდოდა და მიყვარდა. სწორედ ამ სიყვარულმა გადამატანინა სირთულეებით სავსე წლები. თავგანწირვისა და თავდადების პიროვნულ მაგალითს გვაძლევდა მიხეილ თუმანიშვილიც, რომელიც სწორედ იმ დროს დგამდა თავის საუკეთესო სპექტაკლს – "ზაფხულის ღამის სიზმარს". სიცივეში, უშუქობაში ერთი რეპეტიციაც კი არ გაუცდენია. ეს იყო ნამდვილი სამოქალაქო გმირობა, რომელმაც ჩვენ, ახალგაზრდა მსახიობებიც აგვანთო. კულისებში პალტოს გახდა და სიფრიფანა კაბით სცენაზე გასვლა ბრძოლის ველზე ტანკის ქვეშ შევარდნას არაფრით ჩამოუვარდებოდა, მრავალ ჩვენგანს ასეთ პირობებში მუშაობა ჯანმრთელობის ფასადაც კი დაუჯდა, მაგრამ ეს წლები მაინც ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდად მახსენდება. დარბაზშიც გათოშილი ადამიანები ისხდნენ. ტაშიც კი არ ისმოდა, რადგან ყველას ხელთათმანები ეცვა. მოგვიანებით ერთმა მაყურებელმა მითხრა, იმ რთულ დროში თქვენმა სპექტაკლმა გადაგვარჩინა – ღამით ბავშვს რომ ვაძინებდი, შიმშილსა და სიცივეზე რომ არ გვეფიქრა, თქვენი სპექტაკლიდან სცენებს ვიხსენებდითო. და მაინც, წუთითაც არ დამიშვია, სხვა ქვეყანაში წავსულიყავი საცხოვრებლად, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონიდანაც და ვაშინგტონიდანაც მქონდა შემოთავაზება. მახსოვს, ერთხელ გასტროლებიდან დავრეკე შინ და მითხრეს, ჩემი ოთხმოცდაათი წლის ბებია პურის რიგში ღამეს როგორ ათევდა. ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა, შინ დაბრუნება მომინდა. ვერ დავტოვებდი ჩემთვის ძვირფას ადამიანებს უჩემოდ.
მოქალაქეობრივი, პროფესიული, პიროვნული პასუხისმგებლობის გასაოცარ მაგალითს გვაძლევდა ლილი იოსელიანიც თავისი ყოველდღიური ცხოვრებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაკვეთილებსა თუ რეპეტიციებზე მისი სიარული გმირობის ტოლფასი იყო. ჩვენც ასე გვზრდიდა – არა მხოლოდ პროფესიონალებად, არამედ პიროვნებებად.
როცა ასეთი მაგალითები გაქვს თვალწინ, სხვანაირად ვერ მოიქცევი. სხვანაირად შეუძლებელია, მათ მოწაფედ იწოდებოდე. როგორც ქალბატონი ლილი იტყოდა, თეატრი ამბიონია, საიდანაც ქადაგების მორალური უფლება უნდა მოიპოვო.
რა არის მსახიობის მთავარი სათქმელიო, მკითხეთ. ცხოვრება გრძელია და სათქმელს რა გამოლევს, მაგრამ სცენიდან ნათქვამი ყოველი სიტყვა სიკეთესა და სიყვარულზე უნდა იყოს.
რეჟისორის ამპლუაში
– რეჟისორობაზე არასოდეს მიფიქრია. შემთხვევით ჩამივარდა ხელში თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა "ზვავი", რომელიც პატარა ბიჭის ამბავს მოგვითხრობს. ბიჭისა, რომელიც დაძლევს შიშს და პიროვნებად შედგება. ისე მომეწონა, დავიწყე რეჟისორის ძებნა, რომელიც ამ პიესის დადგმას ითავებდა. ჩამოვიარე ნაცნობი რეჟისორები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველას რაღაც უშლიდა ხელს. ერთხელ, როცა სპექტაკლის ჩემეულ ხედვას მეგობრებს ვუზიარებდი, მითხრეს: ბარემ თვითონვე დადგიო. თავიდან ვიუარე – რეჟისორობა ძალიან რთულია, არ ვიყავი ამისთვის მზად, მაგრამ ისე მინდოდა, ეს სათქმელი სცენიდან თქმულიყო, რომ, პიესის პერსონაჟივით, მეც დავძლიე შიში.
პირველ ნაბიჯს რომ გადადგამ, მეორეც მოგინდება და ასე, წავიდა და წავიდა...
ამავე პერიოდს დაემთხვა კიდევ ერთი შიშის დაძლევის ამბავიც. ბავშვობიდან მქონდა ცურვის ფობია. როდესაც სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე, საკუთარ თავს ვუთხარი, სანამ სხვებს მოვუწოდებ, ჯერ საკუთარ შიშებს უნდა შევებრძოლო-მეთქი და იმ ზაფხულს პირველი ნაბიჯი გადავდგი. ახლა, დიდი გაჭირვებით, მაგრამ ვცურავ.
საიუბილეო საჩუქარი
– წლების წინ ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ფსიქოლოგმა ქეთი მაყაშვილმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებთან არტთერაპიის პროგრამაში თანამშრომლობა შემომთავაზა. საუბარი იყო ეგრეთ წოდებულ მითოდრამის მეთოდზე, რომელიც შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
მესმოდა, რამდენად რთული და საპასუხისმგებლო იყო ეს საქმე, მაგრამ მაინც გავბედე. ნორვეგიაშიც ვიყავი ვორქშოფებსა და ტრენინგებზე. ჩვენს ბენეფიციარებთან ერთად რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ. ამასობაში კორონამაც მოგვისწრო და დამთრგუნველი განწყობის დასაძლევად ონლაინ-რეპეტიციები ჩავატარეთ. სახალისო პროექტში ოჯახის წევრებიც ჩავრთეთ, ვიდეოსკეტჩებიც ჩავწერეთ. ახლა გადაღებული სცენების ერთ სპექტაკლად გაერთიანება გვაქვს ჩაფიქრებული.
ამასობაში ჩვენმა მეგობრებმა სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით უკვე კარგი გამოცდილება დააგროვეს და შარშან, როდესაც თუმანიშვილის თეატრმა ჩემი საიუბილეო თარიღის აღნიშვნა გადაწყვიტა, ინკლუზიური სპექტაკლის დადგმა შევთავაზე.
ამერიკელი დრამატურგის ჯონ პატრიკის პიესაში “უცნაური ქალბატონი სევიჯი” პერსონაჟები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან, მოქმედებაც კლინიკაში ხდება. ვიფიქრე, რომ სპექტაკლში ჩვენი მსახიობების ჩართვა შესანიშნავი იქნებოდა მათი განვითარებისთვის, რადგან თამაში მოუწევდათ არა სააქტო დარბაზში, ერთჯერად ღონისძიებაზე, შინაურების თანდასწრებით, არამედ პროფესიულ სცენაზე, პროფესიონალი მსახიობების გვერდით. იდეა გავანდე ჩემს ახალგაზრდა მეგობარს, რეჟისორ ლუკა ინწკირველს, რომელმაც სპექტაკლი შესანიშნავად შეკრა, მე კი მთავარი როლი შევასრულე.
პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. ყოველი სპექტაკლის ბოლოს გულაჩუყებული მაყურებლისგან აპლოდისმენტებს ვიღებთ. გასტროლებზეც ვიყავით. დღეს ჩვენი ბენეფიციარები თუმანიშვილის თეატრში არიან დასაქმებულები. მადლობელი ვარ, რომ თუმანიშვილის თეატრი ამ ექსპერიმენტზე დამთანხმდა. ასეთ საჩუქარს არც ველოდი.
გაბედული ფოტომონადირე
– 80-90-იან წლებში თუმანიშვილის დასთან ერთად ლამის მთელი მსოფლიო მოვიარე. საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისთვის გასტროლებზე სიარული დიდი ბედნიერება იყო, ყოველი გასვლისას სამყაროს ჩვეული სურათი თითქოს ყირავდებოდა... უცხოელებიც ინტერესით, ეგზოტიკური ცხოველებივით გვიყურებდნენ და, თავისდა გასაკვირად, აღმოაჩენდნენ ხოლმე, რა მაღალი დონის სპექტაკლები გვქონდა... ბევრმა ჩვენით აღმოაჩინა საქართველო და მოინდომა ამ ქვეყანაში მოგზაურობა, ჩვენი კულტურის გაცნობა. მაგრამ რაც მეტ ქვეყანას ვნახულობდი, მით მეტად ვგრძნობდი, რომ ჩემი პატარა საქართველო ყველას მერჩივნა.
მამა ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ფოტოგადაღებით და შინ პატარა სახელოსნოც კი ჰქონდა მოწყობილი. ჩვენთვის ერთგვარი რიტუალი იყო შუქის ჩაქრობა, ხსნარში ფირების ამოვლება... ვაკვირდებოდით, ნელ-ნელა როგორ ჩნდებოდა ქაღალდზე გამოსახულება... თუმანიშვილის თეატრთან ერთად გასტროლებზე სიარული რომ დავიწყე, მეგობარმა ფოტოაპარატი მათხოვა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საინტერესო ფოტოსლაიდები ჩამომქონდა, კედელზე ზეწარს ვჭიმავდით, კადრებს ვუშვებდით, თან ისტორიებს ვყვებოდით. ასე “მოვატარე” ჩემს მეგობრებს ლათინური ამერიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ევროპა, შეერთებული შტატები...
ჩემ ბავშვობაში იყო ასეთი გადაცემა – "გაბედული ფოტომონადირე". თითქოს მეც ეს როლი მოვირგე. მიმავალი ავტობუსიდანაც კი გადამიღია უნიკალური კადრი... უამრავი ფოტო დამიგროვდა. ერთხელაც თავი მოვუყარე არქივს და გამოფენა მოვაწყვე. პირველ ნაბიჯს მეორე მოჰყვა და ახლა კულისებში დავიწყე საუკეთესო კადრებზე "ნადირობა". ბევრი პორტრეტიც გადავიღე და თეატრშიც გამოვფინე ნამუშევრები.
ერთხანს ძალიან მოვინდომე ვიოლინოზე დაკვრა. რთული ინსტრუმენტია და მაინცდამაინც კარგად არ გამომდიოდა, თუმცა სპექტაკლშიც კი ვაწრიპინებდი. შემდეგ აკორდეონზე დაკვრაც ვისწავლე. ზურაბ ვადაჭკორიამ რამდენიმე ფოკუსიც მასწავლა. გასართობად მყოფნის, თუმცა ამ საქმეს გაწვრთნილი ხელი სჭირდება. ასე ვიხალისებ ცხოვრებას და ვცდილობ, სხვა ადამიანებიც გავახარო.
თამატ ციბალაშვილი











