თეთრი კომბოსტოს სასარგებლო თვისებები
Share:
თეთრი კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეული და მრავალი კერძის მთავარი ინგრედიენტია. კულინარიულ მრავალფეროვნებასთან ერთად ის ჯანმრთელობისთვისაც ფასდაუდებელია. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები აძლიერებს სხეულს და ხელს უწყობს არაერთი დაავადების პრევენციას.
კვებითი ღირებულება
თეთრი კომბოსტო დაბალკალორიულ ბოსტნეულად მიიჩნევა – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 25 კილოკალორიაა. ის თითქმის არ შეიცავს ცხიმს, სამაგიეროდ, მდიდარია ბოჭკოთი და წყლით, რაც მას დიეტური კვებისთვის იდეალურ პროდუქტად აქცევს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, 100 გრამი უმი კომბოსტოს კვებითი ღირებულება ასეთია:
წყალი – 92.2 გ
ცილა – 1.3 გ
ცხიმი – 0.1 გ
ნახშირწყლები – 5.8 გ
ბოჭკო – 2.5 გ
ვიტამინოვანი და მინერალოვანი შემადგენლობა
ვიტამინი C– 36.6 მგ (დღიური ნორმის 41%)
ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
ვიტამინი K – 76 მკგ (დღიური ნორმის 63%)
დიდ როლს ასრულებს სისხლის შედედებაში, ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღეს.
ვიტამინი B6 – 0.124 მგ (დღიური ნორმის 7%)
აუცილებელია მეტაბოლიზმისა და ნერვული სისტემის გამართული ფუნქციობისთვის.
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 43 მკგ (დღიური ნორმის 11%)
საჭიროა უჯრედების ზრდისა და განვითარებისთვის.
კალიუმი – 170 მგ (დღიური ნორმის 4%)
არეგულირებს სისხლის წნევას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას.
მანგანუმი – 0.16 მგ (დღიური ნორმის 7%)
აუცილებელია ძვლების ფორმირებისა და მეტაბოლიზმისთვის.
კალციუმი – 40 მგ (დღიური ნორმის 4%)
აუცილებელია ძვლებისა და კბილების სიჯანსაღისთვის.
თეთრი კომბოსტო მდიდარია მეორეული მცენარეული ნივთიერებებითაც – გლუკოზინოლატებით, ფლავონოიდებითა და ფენოლური ნაერთებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ანტიოქსიდაციურ დაცვასა და ანთების საწინააღმდეგო პროცესებში.
რა სარგებლობა მოაქვს თეთრ კომბოსტოს?
* ხელს უწყობს ქოლესტეროლის დაქვეითებას
რა თქმა უნდა, თეთრი კომბოსტო "ქოლესტეროლის დამწევი" მედიკამენტი არ არის, მაგრამ მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ქოლესტეროლის დონის კონტროლს და გულის ჯანმრთელობას.
კომბოსტო მდიდარია ბოჭკოთი. ბოჭკო ნაწლავებში უკავშირდება ნაღვლის მჟავებს, რომლებიც, თავის მხრივ, ქოლესტეროლით არის გაჯერებული, და გარეთ გამოაქვს. შედეგად მცირდება სისხლში ქოლესტეროლის დონე. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ამ მხრივ უფრო ეფექტურია მოხარშული და ორთქლზე მოწალული კომბოსტო, რადგან თერმული დამუშავება ნაღვლის მჟავებთან ბოჭკოს შეკავშირებას აადვილებს.
გარდა ამისა, ახალი ნაღვლის მჟავების წარმოსაქმნელად ღვიძლს სჭირდება ქოლესტეროლი, რომელსაც საკუთარი მარაგიდან იღებს და ეს უფრო მეტად ამცირებს ამ ნივთიერების დონეს.
ქოლესტეროლის რეგულირებაში მონაწილეობენ ასევე თეთრ კომბოსტოში შემავალი გლუკოზინოლატები, ფლავონოიდები, ჩ ვიტამინი, პოლიფენოლები.
*ხელს უწყობს კიბოს პრევენციას
475-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ კომბოსტო კიბოს პრევენციისა და თერაპიის უნიკალური ბუნებრივი საშუალებაა. ამის მიზეზია:
1. ანტიოქსიდანტების სიუხვე
ანტიოქსიდანტები ის ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმს ჟანგვითი (ოქსიდაციური) სტრესისგან იცავს. ჟანგვითი სტრესი ვითარდება, როდესაც თავისუფალი რადიკალები თავს ესხმიან და აზიანებენ უჯრედებს, რაც საბოლოოდ მათ სიკვდილს იწვევს. ეს მავნე მოლეკულები განუწყვეტლივ წარმოიქმნება ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესში ან გარეგანი ფაქტორების (დაბინძურებული ჰაერი, არაჯანსაღი კვება, სტრესი, მოწევა) ზემოქმედებით.
თუ ჟანგვითი სტრესი გახანგრძლივდა და ქრონიკული ფორმა მიიღო, მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოს, მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად იქცევა.
ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების გაუვნებლება და მათი მავნე ზემოქმედების შეჩერება. ამ გზით ისინი ხელს უშლიან ჟანგვითი სტრესის განვითარებას და იცავენ უჯრედებს დაზიანებისა და ავთვისებიანი გადაგვარებისაგან.
2. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი
ქრონიკული ანთება, ისევე როგორც ჟანგვითი სტრესი, მრავალი ქრონიკული დაავადების, მათ შორის – კიბოს, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა. თეთრ კომბოსტოში შემავალი ანტიოქსიდაციური თვისებების მქონე ნივთიერებები ანთების საწინააღმდეგო ძლიერ ეფექტსაც ავლენს, რითაც იცავს ორგანიზმს როგორც თავისუფალი რადიკალების, ისე ქრონიკული ანთების მავნე ზემოქმედებისგან.
3. გლუკოზინოლატების სიუხვე
თეთრი კომბოსტოს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს აძლიერებს მასში შემავალი გლუკოზინოლატები (მდოგვის ზეთის გლიკოზიდები). ესენია მეორეული მცენარეული ნივთიერებები, რომლებიც გოგირდის შემცველი ნაერთებისგან შედგება.
როდესაც კომბოსტოს ვჭამთ და მასში შემავალი გლუკოზინოლატები იშლება, წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები – იზოთიოციანატები და ინდოლები. ეს ნაერთები აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციის უნარს და ამ გზით ამცირებს თითოეული უჯრედის ტოქსინებით დატვირთვას, ეს კი, თავის მხრივ – კიბოს მიმართ მგრძნობელობას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინდოლ-3-კარბინოლის (Indole-3-carbinol, I3C) დაშლისას წარმოქმნილი ნივთიერება დიინდოლილმეთანი (DIM) აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას და იმავდროულად არეგულირებს ჰორმონების დონეს, რის გამოც ის რეკომენდებულია კიბოს თერაპიის დამხმარე საშუალებად (განსაკუთრებით – ისეთი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების დროს, როგორიცაა სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბო), ასევე – მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
თეთრი კომბოსტო ასევე შეიცავს გლუკოზინოლატ სინიგრინს, რომელიც კიბოსთან მებრძოლ ძლიერ ბუნებრივ ნაერთად მიიჩნევა. ორგანიზმში სინიგრინი გარდაიქმნება ე.წ. ალილიზოთიოციანატად (AITC). რამდენიმე კვლევამ აჩვენა მისი უნიკალური ეფექტი ავთვისებიანი სიმსივნის პრევენციის კუთხით, განსაკუთრებით – შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს მიმართ.
გარდა ამისა, კომბოსტოში შემავალ გლუკოზინოლატ გლუკორაფანინისგან წარმოიქმნება სულფორაფანი – იზოთიოციანატი, რომელსაც კიბოსა და ართრიტის საწინააღმდეგო ძლიერი ეფექტი აქვს.
მწარე გემო
თეთრი კომბოსტოს მომწარო გემო არა მხოლოდ ბუნებრივია, არამედ სასარგებლოც. სიმწარეს იწვევს გლუკოზინოლატები – ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს არა მხოლოდ კიბოსთან, არამედ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან ბრძოლაშიც ეხმარება.
მოხარშულ კომბოსტოს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი არ აქვს
ერიდეთ კომბოსტოს დიდხანს ხარშვას – მაღალი ტემპერატურა საგრძნობლად ამცირებს გლუკოზინოლატების და, შესაბამისად, იზოთიოციანატების ოდენობას, მაგრამ ამ ნივთიერებების დიდი ნაწილი ნახარშში გადადის და დანაკარგის ასანაზღაურებლად შეგიძლიათ, ეს ნახარში გამოიყენოთ.
კვლევების მიხედვით, კომბოსტოს მომზადების ყველაზე ეფექტური მეთოდი ორთქლზე მოწალვაა – ამ შემთხვევაში გლუკოზინოლატები ნაკლებად იშლება და მიროზინაზა ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებს აქტივობას. საკვები ნივთიერებებისა და არომატის უდიდესი წილის შენარჩუნების საუკეთესო გზა კი უმი ან თერმულად მინიმალურად დამუშავებული კომბოსტოს ჭამაა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ
ტრადიციულ ნატუროპათიაში თეთრი კომბოსტო ცნობილია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო საშუალებად. ამისთვის ხშირად ახალგამოწურულ კომბოსტოს წვენს იყენებენ.
ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო კვლევა, რომელმაც წყლულებზე თეთრი კომბოსტოს სამკურნალო ეფექტი აჩვენა, 1950-იან წლებში კალიფორნიაში, სან-კვენტინის ციხეში ჩატარდა. ეს იყო პლაცებოკონტროლირებადი კვლევა, რომელშიც თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებული პატიმრები მონაწილეობდნენ. მათი ნაწილი სამი კვირის განმავლობაში ყოველდღე იღებდა განსაზღვრული ოდენობის კომბოსტოს ექსტრაქტს. ექსტრაქტის მიმღებ პატიმართა 93%-ს სამი კვირის შემდეგ წყლული შეუხორცდა, მაშინ როდესაც პლაცებოს ჯგუფში შეხორცების მაჩვენებელი მხოლოდ 32% იყო.
მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, ვარაუდობენ, რომ მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს არაერთი ფაქტორი, მათ შორის დიეტაც, თუმცა ამის დასამტკიცებლად აუცილებელია უფრო მასშტაბური კლინიკური კვლევა.
წყლულის შეხორცებას, სავარაუდოდ, ხელს უწყობს გლუკოზინოლატები და მათი მეტაბოლიტები – იზოთიოციანატები. მათ მოქმედებას აძლიერებს კომბოსტოში არსებული სხვა სასარგებლო ნივთიერებები:
* ანტიოქსიდაციური თვისებების მქონე პოლიფენოლები;
* გლუტამინი – ამინმჟავა, რომელიც იცავს და აღადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს.
იზოთიოციანატებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვთ: ისინი არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ფლორას და ხელს უშლიან Hელიცობაცტერ პყლორი-ს ჭარბ გავრცელებას – ბაქტერიისა, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მთავარ გამომწვევად მიიჩნევა.
თუ წყლულის სამკურნალოდ კომბოსტოს წვენის სმას აპირებთ, ფიტოთერაპევტები გირჩევენ, მიიღოთ დღეში 1 ლიტრი – 200 მლ დღეში ხუთჯერ, ძალიან ნელა, პატარა ყლუპებით, სამი-ოთხი კვირის განმავლობაში. წვენს საკმაოდ მძაფრი გემო აქვს და თუ ერთბაშად დალევთ, შესაძლოა, გულისრევა გამოიწვიოს. პროფილაქტიკისთვის დღეში ერთი ჭიქაც (150 მლ) საკმარისია.
კომბოსტოს შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კომბინაცია სასარგებლოა არა მხოლოდ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დროს, არამედ კუჭ-ნაწლავის უფრო მსუბუქი პრობლემების, მაგალითად, გულძმარვის ან ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, თეთრ კომბოსტოს ნაწლავის პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს.
თეთრი კომბოსტოს წვენით თერაპიის დაწყებამდე სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან ან დიეტოლოგთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან რეგულარულად იღებთ წამლებს.
როდის არ არის რეკომენდებული
* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს – კომბოსტო შეიცავს სტრუმოგენულ (გოიტროგენულ) ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები აფერხებს იოდის შეწოვას, რამაც შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამდე მიგვიყვანოს. ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიში არ არის, იოდის დეფიციტის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში კი მათი ჭარბი მოხმარება სარისკოა;
* გასტროენტეროლოგიური დაავადებების, მაგალითად, გასტრიტის, კოლიტის ან ნაწლავის ანთებითი დაავადების გამწვავებისას – შესაძლოა, სიმპტომები დაამძიმოს;
* ოპერაციის შემდეგ, რადგან ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში აირების წარმოქმნას;
* ანტიკოაგულანტების (მაგ. ვარფარინის) მომხმარებლებისთვის – კომბოსტო მდიდარია K ვიტამინით, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს წამლის ეფექტზე.
როგორ შევარჩიოთ
იდეალურ შემთხვევაში კომბოსტოს გარეთა ფოთლები მწვანე უნდა ჰქონდეს. თუ კომბოსტოს თავი მეტისმეტად თეთრია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარეთა ფოთლები მას არაერთხელ მოაცილეს, რაც იმის ნიშანია, რომ კომბოსტო დიდი ხნის მოკრეფილია.
ფოთლები არ უნდა იყოს დაზიანებული და არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები, რომლებიც ობის ნიშანია. თავი უმჯობესია იყოს მკვრივი და მძიმე.
დაჭრილ კომბოსტოს ნუ შეიძენთ, რადგან ჟანგბადისა და სინათლის ზემოქმედებით აქტიური ნივთიერებები მასში სწრაფად ნადგურდება. რამდენიმე დღით ადრე დაჭრილ კომბოსტოს, ჰერმეტულად შეფუთულსაც კი, ხშირად ოდნავ მოყვითალო ფერი დაჰკრავს.
შენახვის წესები
კომბოსტო უმჯობესია პოლიეთილენის პარკში შეახვიოთ და მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში შედოთ. ასე ორ კვირამდე გაძლებს.
რეგულარულად შეამოწმეთ, რომ არ დალპეს ან არ დაობდეს.
დაჭრილი კომბოსტო ჰერმეტულად დახურული ჭურჭლით შეინახეთ და ერთი ან ორი დღის განმავლობაში გამოიყენეთ.
მომზადების მეთოდები
თეთრი კომბოსტო ყველაზე სასარგებლოა უმი. თუ თერმულად დამუშავებას ამჯობინებთ, მოწალვას გირჩევთ:
1. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გააცხელეთ 5 სუფრის კოვზი ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი.
2. როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ შიგ 250 გ დაჭრილი კომბოსტო.
3. დაახურეთ თავსახური და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე ზუსტად 5 წუთით.
4. შემდეგ ცეცხლი ჩააქრეთ და კიდევ 2 წუთით დატოვეთ თავდახურული.
ამ გზით კომბოსტოს არომატსაც და საკვებ ნივთიერებებსაც მაქსიმალურად შეუნარჩუნებთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე







