კერამიდები თავის მოვლის საშუალებებში

Share:

კერამიდები (Ceramides) ცხიმოვანი მოლეკულების (ლიპიდების) ერთ-ერთი ტიპია, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით კი კანის ზედა შრეში (ეპიდერმისში) გროვდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ბარიერული ფუნქციის დაცვასა და ტენიანობის შენარჩუნებაში.

კერამიდები კანის ზედა შრის დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანის სიჯანსაღისთვის, ამიტომ მათი დეფიციტი ყველაზე მეტად კანზე აისახება.

კანის დაავადებისა თუ გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად, ასევე ასაკის მატებასთან ერთად კერამიდების სინთეზი იკლებს. ამის შედეგად კანი შრება, ხდება მგრძნობიარე და გარეგანი ზემოქმედებისადმი უფრო მოწყვლადი.

დღეს კანის მოვლის საშუალებებს – ლოსიონებს, შრატებს – ხშირად ამატებენ კერამიდებს. მოდი, გავიგოთ, როგორ მოქმედებენ ისინი და რა სარგებლობა მოაქვთ კანისთვის.

კერამიდები წარმოშობის მიხედვით

კანის მოვლის საშუალებები ხშირად შეიცავს ფიტოკერამიდებს – მცენარეულ კერამიდებს, რომლებსაც იღებენ სიმინდისგან, ბრინჯისგან, ხორბლისგან და სხვა. ეს მოლეკულები წყალში არ იხსნება, ამიტომ მათ, წესისამებრ, ცხიმზე დაფუძნებული კრემების წარმოებაში იყენებენ სხვა ნივთიერებებთან ერთად. კანის მოვლის საშუალებებში გვხვდება სინთეზური კერამიდებიც – ლაბორატორიულად მიღებული მოლეკულები, რომლებსაც ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული სტრუქტურა აქვს.

როგორ მოქმედებს

კერამიდების შემცველი მოვლის საშუალებები მრავალმხრივ და ძალიან მიზანმიმართულად მოქმედებს კანზე. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, მგრძნობიარე და მოწიფული კანისთვის. კიდევ უფრო ძლიერ ეფექტს ახდენს ისეთ თანმხლებ ინგრედიენტებთან ერთად, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, ნიაცინამიდი, რეტინოლი, პეპტიდები და სხვა. კერამიდებს თანმხლები მოვლენები უმეტესად არ ახასიათებს, თუმცა საბოლოო შედეგი ცალკეული კრემის ან შრატის ფორმულაზეა დამოკიდებული, ამიტომ სასურველია, შეძენამდე შეამოწმოთ ინგრედიენტების სია.

კერამიდები ხელს უწყობს

  • კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენას,
  • ღრმა დატენიანებას და ტენიანობის შენარჩუნებას,
  • მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის დამშვიდებას,
  • კანის სტრუქტურისა და ბუნებრივი რეგენერაციის გაუმჯობესებას

და ხელს უშლის კანის ნაადრევი დაბერების ნიშნების განვითარებას.

რეტინოიდული პროცედურის შემდეგ კერამიდებიანი კრემი ამცირებს გაღიზიანებას და აჩქარებს კანის ბუნებრივი ბარიერის აღდგენას. ამქერცლავი მჟავების (AHA, BHA, PHA) ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კერამიდების შემცირება კანში, რასაც ტენის დაკარგვა და მგრძნობელობის მომატება მოჰყვება. ამგვარი ჩარევის შემდეგ კერამიდებიანი კრემი ტენიანობის აღდგენაში ეხმარება კანს.

რა და რა სახისა არსებობს

კოსმეტიკაში სხვადასხვა სახის კერამიდებს იყენებენ, რომლებიც ქიმიური სტრუქტურითა და წარმოშობით განსხვავდება ერთმანეთისგან. თითოეული მათგანი სპეციფიკურ როლს ასრულებს კანის სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებაში. კანის მოვლის საშუალებები ხშირად მათ კომბინაციასაც შეიცავს, რათა უფრო მეტად მიუახლოვდეს კანის ბუნებრივ შემადგენლობას და მისი ეფექტური რეგენერაცია უზრუნველყოს.

მოვლის საშუალებების შემადგენლობაში ყველაზე ხშირად გვხვდება:

* კერამიდი 1 (EOS) – აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას და ხელს უწყობს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების კანის ზედაპირზე შეკავშირებას, რითაც ხელს უშლის ტენის დაკარგვას;

* კერამიდი 2 (NS/NH) – ცნობილია ტენიანობის შემანარჩუნებელი თვისებებით, აღადგენს ლიპიდურ ბალანსს და ტენიანობისა და ელასტიკურობის შენარჩუნებაში ეხმარება კანს;

* კერამიდი 3 (NP) – ამშვიდებს კანს, აუმჯობესებს მის ელასტიკურობას და ბარიერულ ფუნქციას. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის;

* კერამიდი 6-II (AP) – აქვს მსუბუქი ამქერცლავი თვისება და ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, ასტიმულირებს მის რეგენერაციას.

* კერამიდი 9 (EOP) – ჯანსაღი სტრუქტურის შენარჩუნებაში ეხმარება კანს და კერამიდ 1-თან ერთად ხელს უწყობს მის ღრმა დატენიანებას.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: