კედლები, რომლებიც ამბებს ჰყვებიან
Поделитесь:
ციხესიმაგრეები არქიტექტურული ხელოვნების შთამბეჭდავი ნიმუშებია. დღეს უკვე ისტორიულ ძეგლებად მიჩნეული ეს მონუმენტური ნაგებობები თავის დროზე კონკრეტული მიზნით – თავდაცვისთვის – შეიქმნა. ისტორიულმა მოვლენებმა ღრმა კვალი დააჩნია მათ არქიტექტურულ სტილსა და ფორმას.
ციხესიმაგრეებისა და ციხე-ქალაქების წინამორბედებად უძველეს საფორტიფიკაციო ნაგებობებს მიიჩნევენ. იმ დროს მათი მთავარი დანიშნულება მტრის შემოტევის დროს თავის შეფარება იყო. წესისამებრ, ციხე შემაღლებულ ადგილას შენდებოდა და სქელი მაღალი გალავნით იყო გარშემორტყმული. ზოგჯერ გარშემო წყლის ზღუდესაც ავლებდნენ, სათვალთვალო კოშკები და ღრმა თხრილებზე გადებული ასაწევი ხიდები კი საიმედო დაცვას უზრუნველყოფდა. მოგვიანებით მათ საბრძოლო კოშკები, ქონგურები, სალოდეები და შესასვლელი კარიბჭეები დაემატა.
პირველი სიმაგრეები ხისა იყო, IX საუკუნიდან კი ხე ქვამ ჩაანაცვლა და ციხესიმაგრე ფეოდალისა და მისი ოჯახის, მისი ერთგული მეომრებისა და მსახურების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იქცა.
თავდასხმისა და თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ციხესიმაგრეებიც განიცდიდა ევოლუციას.
XIV-XVII საუკუნეებში ნაგებობათა არქიტექტურას ახალი შტრიხები შეემატა. საკუთარი ძლევამოსილების ხაზგასასმელად ფეოდალებმა უფრო წარმოსადეგი და მდიდრული სიმაგრეების შენება დაიწყეს. გაჩნდა მაღალი კოშკები, ფრთები, ვესტიბიულები, შიდა ეზოები და ბაღები. გახშირდა ქვასა და ხეზე ნაკვეთი ორნამენტები, კედლების მოხატულობა, ვიტრაჟები.
შუა საუკუნეების მიწურულიდან, დენთისა და ახალი საარტილერიო საშუალებების გამოგონების შემდეგ, ციხესიმაგრეებმა დაკარგა თავდაცვითი ნაგებობების პირვანდელი ფუნქცია და მხოლოდ ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოებად დარჩა. XVII საუკუნის შუა წლებში, არარენტაბელურობისა და ადამიანური რესურსის უკმარისობის გამო, მრავალი მათგანი საერთოდ განადგურდა, მრავალმა კი დღემდე მოაღწია და უამრავ ტურისტს იზიდავს.
XIX საუკუნიდან კვლავ შეიძინა პოპულარობა გოთურმა სტილმა, რაც, გარკვეულწილად, შუა საუკუნეების არქიტექტურის გამოძახილია. ამ პერიოდის შენობებთან მიმართებით ტერმინი “ნეოგოთიკა” გამოიყენება.
ციხესიმაგრეების უმრავლესობა დღეს UNEშჩO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და სათანადოდ დაცული, რაც ჩვენი საერთო ისტორიის შესწავლისა და დროში მოგზაურობის უნიკალურ საშუალებას გვაძლევს.
ციხესიმაგრეები აზიაშიც მრავლად გვხვდება. განსაკუთრებით მდიდარია ამ თვალსაზრისით იაპონია. აქაც, ევროპის მსგავსად, ისინი უმთავრესად ფეოდალებს შორის ომების დროს თავდაცვის საჭიროებამ წარმოშვა. ნაწილი ციხესიმაგრეებისა განადგურდა, ბევრმა კი რესტავრაციის შემდეგ ახალი – ტურისტული – სიცოცხლე შეიძინა.
ციხესიმაგრეებთან უამრავი ლეგენდა და ტყუილ-მართალია დაკავშირებული. ასოციაციას მეყსეულად ზღაპრების გმირებთან, უშიშარ მებრძოლებთან, რაინდებსა და სამურაებთან, აუღებელ ციხე-კოშკებში გამომწყვდეული მზეთუნახავების ტყვეობიდან დახსნის რომანტიკულ ისტორიებსა და მოჩვენებებთან მივყავართ.
სწორედ აქ, ამ კედლებში, საუკუნოდ შენახული საიდუმლოები მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყოველი კუთხიდან.
მოდი, ჩვენი ჟურნალის მეშვეობით რამდენიმე მათგანი მოვინახულოთ.
ნოიშვანშტაინი
ბავარია, გერმანია
ეს შთამბეჭდავი ნაგებობა, როგორც ამბობენ, “დისნეის” მძინარე მზეთუნახავის ზღაპრული სასახლის პროტოტიპია და თვით კომპანიის ლოგოტიპიც მისით არის შთაგონებული.
მდებარეობს ალპებში, სოფელ ჰოენშვანგაუს მახლობლად, და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ობიექტად მიიჩნევა.
მშენებლობა ლუდვიგ II ბავარიელის ბრძანებით 1869 წელს დაიწყო. სატახტო დარბაზი რელიგიურ, ისტორიულ და მითურ სიუჟეტებზე შექმნილი ფრესკებითა და ბარელიეფებით არის გაფორმებული, საკონცერტო დარბაზში კი არაერთხელ აჟღერებულა რიჰარდ ვაგნერის მუსიკა – ლუდვიგ II დიდ კომპოზიტორს მეგობრად მიიჩნევდა.
ბილეთის ფასი:
დიდებისთვის – 20.5 ევრო
18 წლამდე პირებისთვის – 2,5 ევრო
ბრანის ციხესიმაგრე
რუმინეთი
ციხესიმაგრე (1226-1388 წ.წ.) რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთში, ტრანსილვანიაში, პატარა ქალაქ ბრაშოვთან მდებარეობს და ისტორიის, არქიტექტურისა და მისტიკის უნიკალურ სინთეზს წარმოადგენს. ლეგენდის თანახმად, აქ იყო თავად ვლად III ცეპეშის – გრაფ დრაკულას პროტოტიპის – რეზიდენცია. სინამდვილეში ცეპეშს აქ არასდროს უცხოვრია. დრაკულასთან ციხესიმაგრის ასოცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ირლანდიელი მწერლის ბრემ სტოკერის რომანის მიხედვით საკულტო ფილმი გადაიღო და ტრანსილვანიელი ვამპირის ისტორია კიდევ ერთხელ გააცოცხლა. სწორედ გადაღებებისთვის მოხდა ციხის რესტავრაცია.
შენობაში ბევრი დერეფანია ერთმანეთში გამავალი დიდი დარბაზებითა და პატარა ოთახებით, რომლებიც იდუმალ ლაბირინთს ქმნის. პირველ და მესამე სართულებს კი აკავშირებს საიდუმლო გასასვლელი, რომელიც სასახლეში სწრაფი გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა.
ბილეთის ფასი:
დიდებისთვის – 8 ევრო
სტუდენტებისთვის – 5 ევრო
მოსწავლეებისთვის – 2 ევრო
მონ-სენ-მიშელის ციხესიმაგრე
ნორმანდია, საფრანგეთი
პატარა კლდოვანი კუნძული მონ-სენ-მიშელი (ფრანგ. მიქაელ მთავარანგელოზის მთა) ატლანტის ოკეანის წყლებით არის გარშემორტყმული და დამბით უერთდება მატერიკს. სააბატო აქ VIII საუკუნეში დაარსდა და მოსალოც ადგილად და საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ღირსშესანიშნაობად იქცა.
საუკუნეების განმავლობაში მონ-სენ-მიშელი არა მხოლოდ მონასტრის, არამედ ციხესიმაგრის ფუნქციასაც ასრულებდა. ბუნებრივი და ხელოვნური ზღუდეების წყალობით ის პრაქტიკულად აუღებელი დარჩა. შუა საუკუნეებში ციხესიმაგრემ მრავალ ალყასა და თავდასხმას გაუძლო, მათ შორის – ცნობილ “ასწლიან ომს”.
დღეს მონ-სენ-მიშელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
ბილეთის ფასი:
დიდებისთვის – 11 ევრო
18 წლამდე პირებისთვის და 18-დან 25 წლამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებისთვის – უფასო
ჰოენცოლერნების ციხესიმაგრე
გერმანია
ეს უძველესი ციხესიმაგრე ბადენ-ვიურტემბერგში, შტუტგარტის სამხრეთით, მისგან 50 კილომეტრზე მდებარეობს. მთის თხემზე, ზღვის დონიდან 855 მეტრზე აღმართული ნაგებობა შუა საუკუნეებიდან პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე პრუსიისა და ბრანდენბურგის მმართველი დინასტიის, ჰოენცოლერნების, სამემკვიდრეო მამულს წარმოადგენდა.
ამ ადგილას მდგარი უძველესი ციხესიმაგრე 1423 წელს, ალყის დროს დაინგრა. ამჟამინდელი ნაგებობა XV საუკუნის შუა წლებში აშენდა, ხოლო საბოლოო იერსახე XIX საუკუნის შუა წლებში, პრუსიაში ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის მეფობისას მიიღო.
ციხესიმაგრე მასიური გალავნით, კოშკებითა და ზღუდეებით არის გარშემორტყმული. შიგნით მდიდრული ავეჯით გაწყობილი მეფის პირადი კაბინეტი და გრაფების დარბაზია, რომელიც ჰოენცოლერნების ოჯახის წევრების პორტრეტებით არის მორთული. შემონახული და დაცულია საგანძურიც, რომელიც პრუსიის მეფეების გვირგვინს, სამკაულებსა და უძველეს რელიკვიებს შეიცავს. ტერასებიდან შვაბიის ალპების განსაცვიფრებელი ხედები იშლება.
ბილეთის ფასი:
დიდებისთვის – 23 ევრო
12-დან 17 წლამდე პირებისთვის – 11 ევრო
11 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო
საოჯახო ბილეთი – 47 ევრო
მერცხლის ბუდე
ყირიმი, უკრაინა
ნეოგოთური სტილის ციხე-კოშკი, შუა საუკუნეების არქიტექტურის მიბაძვით, 1911-1912 წლებში აიგო. ის იალტასთან, სოფელ გასპრაში, ძველი რომაული ციხესიმაგრის (ძვ. წ. I-III ს.ს.) სიახლოვეს მდებარეობს და აი-ტოდორის კონცხიდან, ავრორას კლდის 40-მეტრიანი სიმაღლიდან, შავ ზღვას გადაჰყურებს.
1927 წლის სექტემბერში, ყირიმში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს, მერცხლის ბუდე საგრძნობლად დაზიანდა და დაიხურა, 2002 წელს კი, რეკონსტრუქციის შემდეგ, ის კვლავ გაიხსნა ვიზიტორებისთვის. ერთხანს შენობაში იტალიური რესტორანი იყო განთავსებული, ხოლო სასახლის კედლებთან – სუვენირების დიდი ბაზრობა.
2013 წელს საძირკველში აღმოჩენილი ბზარების გამო, გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად, ციხე-კოშკი სტუმრებისთვის კვლავ დაიხურა.
ბილეთის ფასი:
მხოლოდ გარშემო ტერიტორიის დათვალიერება, ღია ცის ქვეშ:
დიდებისთვის – 2 ევრო
16-დან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის – 1 ევრო
7 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო
ალკასარის ციხე-დარბაზი
სეგოვია, ესპანეთი
პირინეის ნახევარკუნძულზე, მდინარეების ერესმასა და კლამორესის შესართავთან, ქალაქ სეგოვიის ისტორიულ ნაწილში აღმართულ კლდეზე, ზღაპრული ციხე-დარბაზი დგას – ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი არქიტექტურული ძეგლი. ისტორიულ წყაროებში ის პირველად 1120 წელს იხსენიება.
“ალკასარი” არაბული წარმოშობის სიტყვაა. ასე უწოდებდნენ ესპანეთსა და პორტუგალიაში არაბთა მმართველობის წლებში (VIII-XIV ს.ს.) აშენებულ საცხოვრებელ და თავდაცვით ნაგებობებს. არაბები პირენეის ნახევარკუნძულიდან ჯერ კიდევ XV საუკუნეში განდევნეს, მაგრამ მავრიტანული სტილის ციხესიმაგრეებს, ციხე-დარბაზებსა და სასახლეებს დღესაც ამ სახელით მოიხსენიებენ.
სეგოვიის ალკასარი თავდაპირველად ციხესიმაგრე იყო, შემდეგ სასახლედ გადაკეთდა, მოგვიანებით იქ სატუსაღო იყო, მერე კი სამეფო საარტილერიო აკადემია განთავსდა.
შენობაში უამრავი საიდუმლო გასასვლელია, რომელიც მდინარესთან ჩადის და ქალაქის ზოგიერთ სასახლეს უკავშირდება.
ბილეთის ფასი:
დიდებისთვის – 15 ევრო
სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის – 8 ევრო
14 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო
სტალკერის ციხესიმაგრე
შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო
შუა საუკუნეების შოტლანდიური ციხესიმაგრეების ფოტოებს ხშირად გადააწყდებით საფოსტო ბარათებსა და კალენდრებზე. სტალკერი ულამაზესი ციხესიმაგრეა. ის თვალწარმტაც ადგილას – არგაილის რეგიონში, ლოხ-ლეიჩის სრუტეში, კუნძულზეა აშენებული. ცნობილი ლოხ-ნესის ტბა, სადაც ლეგენდარული მოუხელთებელი ურჩხული ბინადრობს, ამ ადგილიდან 100 კილომეტრზე მდებარეობს.
ციხე მე-14 საუკუნის დასაწყისში აშენდა და თავდაპირველად საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა.
სიმაგრე ტბით არის გარშემორტყმული და მასთან ნავით შეუმჩნევლად მიახლოება შეუძლებელია. არსებობის განმავლობაში სტალკერმა მრავალი მფლობელი გამოიცვალა. დღეს ციხე სტიუარტებს ეკუთვნის და პოპულარულ ტურისტულ ობიექტად ითვლება. მეგზურობას თავად ციხესიმაგრის მეპატრონე გაგიწევთ.
ადგილობრივი ბუნების სილამაზემ და ციხესიმაგრის იდუმალებამ სტალკერი მთიანი შოტლანდიის სიმბოლოდ აქცია.
ბილეთის ფასი:
დიდებისთვის – 20 გირვანქა სტერლინგი
16 წლამდე ბავშვებისთვის – 10 გირვანქა სტერლინგი
კეიშლ როკის ციხესიმაგრე
ირლანდია, გაერთიანებული სამეფო
ლეგენდის თანახმად, ეშმაკის მიერ მოგლეჯილ და მერე უკან გადმოგდებულ კლდის ნაჭერზე მიუნსტერის მეფე კონალ კორკმა ციხესიმაგრის აშენება გადაწყვიტა. კეიშლ როკის ისტორია IV საუკუნიდან იწყება. ის ქალაქ კეიშლის ცენტრის მახლობლად, ამავე სახელწოდების კლდეზე (ღოცკ ოფ ჩასჰელ, იგივე წმინდა პატრიკის კლდე) დგას.
XII საუკუნეში კეიშლი რელიგიური ცენტრი და ეპისკოპოსების რეზიდენცია იყო.
დღეს კეიშლის კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. ის XII საუკუნის რომანული სტილის სამლოცველოს, XIII საუკუნის გოთურ ტაძარს, მგალობელთა დარბაზს და კლდეზე შემორჩენილ უძველეს ნაგებობას, 1100 წელს აშენებულ მრგვალ კოშკს აერთიანებს. ციხესიმაგრეში 800 წლის უნიკალური ფრესკებია დაცული.
28-მეტრიანი კოშკიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება.
აქვეა მუზეუმიც, სადაც კეიშლ როკის შესახებ საინტერესო ფაქტებს შეიტყობთ.
ციხე დღემდე ირლანდიელთა სიმამაცისა და სიმტკიცის სიმბოლოდ რჩება. ირლანდიაში მისი გამოსახულებით 999 სინჯის ოქროს მონეტაც კი მოიჭრა. მისი დიამეტრი 11 მმ-ია, წინა – 0.5 გრამი, ტირაჟი კი – 10 000. მონეტის ფასი 70 ევროა.
ბილეთის ფასი:
დიდებისთვის – 8 ევრო
ბავშვებისთვის – 4 ევრო
ჰიმეძის ციხესიმაგრე
იაპონია
ქათქათა კედლებისა და აპრეხილი სახურავების გამო, რომლებიც ფრინველის გაშლილ ფრთებს წააგავს, მას თეთრი ყანჩის ციხესიმაგრესაც უწოდებენ. ის იაპონიის ერთ-ერთი უძველესი და საუკეთესოდ შემონახული არქიტექტურული ძეგლია.
ჰიმეს მთის ძირას ციხესიმაგრე 1333 წელს აშენდა, მაგრამ თანამედროვე იერსახე მან მხოლოდ XVII საუკუნის დასაწყისში მიიღო. ციხე არაერთხელ გადავიდა ხელიდან ხელში, მრავალი ბრძოლა, მიწისძვრა და მეორე მსოფლიო ომიც კი გადაიტანა. ომის დროს ქალაქი ჰიმეძი თითქმის განადგურდა, ნაგებობა კი გადარჩა და იაპონური სულის დაუმორჩილებლობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.
ჰიმეძი 83 შენობისგან შემდგარი, ერთმანეთთან საგუშაგო კოშკებით, დერეფნებითა და კარიბჭეებით დაკავშირებული ხუთდონიანი, ექვსსართულიანი კომპლექსია. დაკლაკნილი შიდა ბილიკები, ვიწრო გასასვლელები, ორიგინალური ხის კონსტრუქციები, სვეტები და მშვილდოსნებისა და არკებუზერებისთვის განკუთვნილი ჭრილებიც კი აქ პირვანდელი სახით არის შემონახული და მათი ნახვა ნებისმიერ ტურისტს შეუძლია.
ბილეთის ფასი:
დიდებისთვის – 1000 იაპონური იენა (≈ 6 ევრო)
6-დან 17 წლის ბავშვებისთვის – 300 იაპონური იენა (≈ 2 ევრო)
* ფასები ცვალებადია.
ირაკლი კარტოზია







