აღმოვაჩინოთ ბავშვის ნიჭი - როგორ გავიგოთ რა გამოსდის ჩვენს შვილს საუკეთესოდ

Поделитесь:

ადრე თუ გვიან ყველა მშობელს უჩნდება კითხვა: "ნეტავი რისი ნიჭი აქვს ჩემს შვილს?" მცირე ასაკში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. ბავშვის ქაოსური ენერგია, ყველასა და ყველაფრისადმი ინტერესი მისი განსაკუთრებული ნიჭის აღმოჩენას ხელს უშლის. მაგრამ თუ მოთმინებასა და ნებისყოფას გამოიჩენთ, შვილთან ერთად დროს ხარისხიანად გაატარებთ და მის ინტერესებზე სათანადოდ იქნებით კონცენტრირებული, აუცილებლად გამოიკვეთება კონკრეტული გატაცება, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიქცევს.

დააკვირდით, ყველაზე მეტად რისკენ მიილტვის ბავშვი

კვლევების მიხედვით, თუ პატარა ბავშვი კონკრეტული სათამაშოთი ყოველდღე თამაშობს, ეს მისი გაძლიერებული ინტერესის პირველი ნიშანია.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ბავშვს მუდამ ხელში უჭირავს სათამაშო თოფი, აუცილებლად სნაიპერი გამოვა. იგულისხმება, რომ თუ პატარას სიამოვნებს ველოსიპედის მართვა ან ბურთის, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ტიპის აქტივობები მას სხვებზე მეტად აინტერესებს.

რას უნდა დააკვირდეთ:

* ხატვას თვითონ გთხოვთ თუ მხოლოდ თქვენი შეთავაზების შემდეგ გთანხმდებათ?

* რამდენად ბედნიერია, როდესაც მუსიკას ისმენს, ცეკვავს, მღერის?

* ადვილად იმახსოვრებს სიმღერის ტექსტსა და მელოდიას?

* ეზოში ჩასვლისას ბურთი ყოველთვის მიაქვს თან?

* ველოსიპედი და თვითგორია სიამოვნებას ჰგვრის თუ მალე ბეზრდება?

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ არა მარტო იმას, რომელ თამაშს რა სიხშირით ირჩევს, არამედ იმასაც, რამდენ ხანს არის ამ აქტივობაში ჩართული. პატარებს ყურადღების კონცენტრაციის უნარი ჯერ კიდევ სუსტი აქვთ, ამიტომ რაც უფრო მეტ დროს უთმობს ბავშვი კონკრეტულ აქტივობას, მით უფრო მნიშვნელოვანია ის მისთვის.

დააკვირდით, რა გზებს ირჩევს პრობლემის მოსაგვარებლად

ზოგ ბავშვს თავსატეხები უყვარს, ზოგს პრობლემასთან შეჯახებისას მისი გადაჭრის მარტივი გზის პოვნა ეხერხება, ზოგი მშობლებს უსვამს კითხვებს და ისე პოულობს გამოსავალს,მდე, ზოგი დაუფიქრებლად იწყებს დაბრკოლებასთან ჭიდილს და მერე თავისივე შეცდომებზე სწავლობს – პრობლემის მოგვარების ყველა ეს სტილი სხვადასხვა სახის ინტელექტზე მიუთითებს.

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის თანახმად, არსებობს არა მარტო აკადემიური, არამედ არაერთი სხვა ტიპის "გონიერებაც":

  • ლოგიკურ-მათემატიკური;
  • მოძრაობითი;
  • მუსიკალური;
  • სოციალური;
  • ინტერპერსონალური;
  • ვიზუალური;
  • ენობრივი.

რჩევა: დააკვირდით, როგორ ცდილობს თქვენი შვილი რაღაცის გაგებას. ხმამაღლა მსჯელობს? ბევრ კითხვას სვამს? თუ საკუთარ თავთან განმარტოვდება და ისე იღებს გადაწყვეტილებას? იცოდეთ, რომ გზა, რომლითაც ბავშვი შედეგამდე მიდის, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თვითონ შედეგი.

დააფასეთ მათი ცნობისმოყვარეობა

ბავშვები ინტერესს ხშირად გაუთავებელი კითხვებით გამოხატავენ. ზოგჯერ ერთსა და იმავე კითხვას ძალიან ბევრჯერ სვამენ. თუ ყურადღებით მოვუსმენთ, ფასეულ დასკვნებს გამოვიტანთ. მაგალითად:

* მუდმივი "რატომ?" ანალიტიკური აზროვნების უნარზე მიუთითებს.

* ყველა მანქანის სახელი აინტერესებს? – ეს კატეგორიზაციის სიყვარულია.

* გრძნობების შესახებ სვამს კითხვებს? – ეს განვითარებული ემპათიის ნიშანია.

რჩევა: ნუ იჩქარებთ ბავშვის კითხვაზე პასუხის გაცემას, მიეცით საშუალება, თავადაც გამოთქვას აზრი. ჰკითხეთ: "თავად რას ფიქრობ ამის შესახებ?" რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უფრო გამოიკვეთება მისი ინტერესები.

არ აგერიოთ აღტაცება ნიჭში

ხდება ისეც, რომ ბავშვს რომელიმე აქტივობა იზიდავს, მაგრამ არ გამოსდის, ხოლო ის, რაც ეადვილება, არ აინტერესებს. გახსოვდეთ, რომ ნამდვილი ნიჭი შესაძლოა იმთავითვე თვალში საცემი არ იყოს.

რჩევა:

ჰკითხეთ საკუთარ თავს:

* მიუხედავად სირთულისა, გამუდმებით უბრუნდება კონკრეტულ აქტივობას?

* როცა ამ აქტივობაშია ჩართული, სახე გაცისკროვნებული აქვს? ენთუზიაზმით აღსავსე საუბრობს ამ აქტივობაზე?

* ეს მისი შინაგანი მოთხოვნილებაა თუ მარტო იმიტომ აკეთებს, რომ შევაქეთ?

რომელიმე აქტივობასთან დაკავშირებული დადებითი ემოციები და მუდმივობა ხშირად უფრო მკაფიოდ მიგვანიშნებს ნიჭზე, ვიდრე ნაადრევად განვითარებული უნარი.

შესთავაზეთ მრავალფეროვნება

ბავშვი ვერ მიგანიშნებთ და თავადაც ვერ მიხვდება, რა უყვარს და რა გამოსდის, თუ მწირი გამოცდილება ექნება.

რჩევა: მიეცით საშუალება, გამოიკვლიოს საკუთარი ინტერესები და უნარები. მოუწყვეთ სივრცე, სადაც შეეძლება, თავისუფლად აირჩიოს:

  • მუსიკა, ცეკვა;
  • ბუნებაში ხეტიალი, ცოცვა, თხრა;
  • ხატვა, ძერწვა, დაწებება, გამოჭრა;
  • თოჯინების შოუ, როლური თამაშები;
  • დახარისხება, გაზომვა, კუბებით თამაში, კონსტრუქციების აგება;
  • ფეხბურთი, კალათბურთი, ველოსიპედი და ა.შ.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი შესაძლებლობები უსაზღვროა, ისევე როგორც მისი ფანტაზია. მას უნდა ჰქონდეს საშუალება, ყველაფერი მოსინჯოს და თავად გაარკვიოს, რა გამოსდის და რა – არა, მაგრამ იმდენად დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რომ თავს არ დაზოგავს, რათა გამოუვიდეს.

თქვენ კი იქვე იყავით და დააკვირდით, დაეხმარეთ, თუ საჭიროდ მიიჩნევთ; არ ჩაერიოთ, თუ დაინახავთ, თავადაც გაუმკლავდება. თუ რამე მართლაც ფენომენალურად გამოსდის, შეიყვანეთ ამ ნიჭის განმავითარებელ წრეზე, მაგრამ არ შეზღუდოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნიჭს ფართო გზა სჭირდება.

ნაადრევად ნუ მიაკრავთ იარლიყს

ნუ დაუძახებთ შვილს "პატარა მხატვარს“ ან "პატარა სპორტსმენს“. ასეთი იარლიყები ბავშვს ზღვარს უწესებს და მასზე ზეწოლას ზრდის. უბრალოდ შეაქეთ იმისთვის, რაც კარგად გამოსდის და გაამხნევეთ, როდესაც გამხნევება სჭირდება.

რჩევა: იარლიყების მიწებების ნაცვლად აღწერეთ ის, რაც ცხადია:

* „ხატვის დროს სულ პატარა დეტალებსაც კი აქცევ ყურადღებას".

* "დავინახე, როგორ ცდილობდი, რომ კუბები სწორად დაგეწყო".

* "მთელი სიმღერა დაგიმახსოვრებია!"

ეს აუმაღლებს ბავშვს თვითშეგნებას და შემატებს თავდაჯერებას ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: